„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას“
თამარ სანაძე
ქართული საზოგადოების ბოლო დროის თავსატეხია რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირი ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა აფხაზეთის გავლით.
საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროპელი სოციალისტების პოლიტიკური ოჯახის კარი დემონსტრაციულად გაიხურა, პუტინის ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის გაკეთებულ საჩუქრად გამოაცხადა და საკუთარი, პრაგმატული პოლიტიკის შედეგად გაასაღა.
პარალელურად, საქართველოში ქორწილის აღსანიშნად ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახი ჩამოვიდა. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად გამოსულ მოქალაქეებს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიცია დაუპირისპირა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეცვა რუსი „სტუმრების“ უსაფრთხოება.
ყვარელში განვითარებულ მოვლენებს ამერიკელი სენატორი, ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული პოლიცია საქართველოს უნდა ემსახურებოდეს და არა _ რუსეთს:
„ჰეი, ქართულო პოლიცია… თქვენ საქართველოს უნდა ემსახურებოდეთ, არა რუსეთს“, _ დაწერა ადამ კინზინგერმა.
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეს:
_ ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით არსებულ რეალობას? მარტის პროცესები უფრო მძლავრი და საფრთხის შემცველი იყო, თუ ის, რაც დღეს ხდება? ვგულისხმობ სავიზო რეჟიმის გაუქმებას რუსეთის მხრიდან და პირდაპირი ავიარეისების აღდგენას. რამდენად შედეგის მომცემი შეიძლება იყოს ფრენებთან მიმართებით მასობრივი აქციები?
_ ეს არის იმ დიდი გეგმის პირდაპირი განხორციელება, რომელსაც ჰქვია საქართველოს რუსიფიკაცია. ამ გეგმას კი ასრულებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აღადგინოს კრემლთან, რადგან მოსკოვმა პირდაპირი გავლენა გააძლიეროს თბილისზე, სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს და მაქსიმალურად დამოკიდებული გაგვხადოს თავის ნებაზე. შესაბამისად, ამ მდგომარეობიდან არის კონკრეტული გამოსავალი, რომ რუსული კანონი არ მიიღონ, რუსული ფრენები არ განხორციელდეს, არ გაიხსნას რკინიგზა, დიპლომატიური ურთიერთობების თემა რომ არ გაჩარხონ რუსებმა, ბიძინა ივანიშვილმა და კრემლმა, ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, დავამარცხოთ რუსული ხელისუფლება, რომელსაც ახლა, ამ ეტაპისთვის, ხელმძღვანელობს და მართავს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით.
_ რამდენად შედეგის მომცემი შეიძლება იყოს ფრენებთან დაკავშირებით მასობრივი აქციები? წავა „ქართული ოცნება“ დათმობებზე?
_ იმართება აქციები, არ უნდა მივცეთ მათ მოსვენება. ამ პროტესტის მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ აქციები და პროტესტი მთლიანად იყოს გამოყენებული ამ ხელისუფლების კავშირების დასასრულებლად ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ღეალურად უნდა გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს ინტერესებია ევროკავშირისაკენ და ნატოსკენ სწრაფვა და ქართველი ხალხის ევროპულ ოჯახში დაბრუნება.
პროტესტი ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ კონკრეტული შედეგები არ დაიდება. სხვანაირად არ გამოვა. ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება სწორედ ამას უფრთხის, _ მათ ეშინიათ ხალხისა და მასშტაბური პროტესტის, ამ შემთხვევაში იხევენ ისინი უკან. ერთადერთი, რაც მათ აშინებთ, ეს არის ხალხის თავგანწირული და დაუღალავი ბრძოლა ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
_ როგორ ფიქრობთ, მოიტანს ეს პროტესტი შედეგს? დაიხევს უკან ხელისუფლება?
_ 7-8 მარტს პროტესტმა შედეგი გამოიღო, ყველამ ნახა ეს. თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანები, ძლიერები, შეუპოვრები და თუ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ეს პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
საქართველოში იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი და მისი ოჯახი. ყველამ ვნახეთ, რა ხდებოდა ყვარელში, თუ როგორ ეპყრობოდნენ სამართალდამცველები მათ, ვინც ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნის ოჯახის იქ ყოფნას აპროტესტებდა. ჩვენ ვნახეთ დაპატიმრებების სერია, ვნახეთ ოკუპანტების დასაცავად მობილიზებული პოლიცია ყვარელში _ ვის იცავს „ქართული ოცნება“?
„ქართულმა ოცნებამ“ მთელ სამართალდამცავ სისტემას გაუწია მობილიზება ისე, რომ დაეცვა ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახი, დაეცვა ის ხალხი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მტერია, ოკუპირებული აქვთ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიის 20% და ყოველდღიურად ახორციელებენ მცოცავ ოკუპაციას, უკანონოდ იტაცებენ, აპატიმრებენ და გვიკლავენ თანამოქალაქეებს. ეს არის რუსული რეჟიმი და დახვდნენ თავისიანებს. დახვდნენ ისე, როგორც დაავალეს კრემლიდან. ჩვენ კი მათ დავხვდით ისე, როგორ მტერს, ვაიძულეთ ისინი, ყოფილიყვნენ შიშის ქვეშ და მაქსიმალურად ვეცადეთ, შევიწროებულიყვენ და დისკომფორტი ეგრძნოთ იმ ქვეყანაში, რომლის მტრებიც არიან.
_ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, რომ ლავროვის ოჯახმა დატოვა საქართველო. მან გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და თქვა, რომ არ შეიძლება, ხელისუფლება ასე აღიზიანებდეს თავის ხალხს. როგორ შეაფასებთ მის განცხადებას?
_ პრეზიდენტი არაფერს გააკეთებს, ეს განცხადებებიც არის ბლეფი მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, შეიწყალოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია იმისთვის მაინც, რომ რეალურად შეამციროს ქვეყანაში დეპოლარიზაცია, უზრუნველყოს სტაბილურობა და პოლიტიკური პროცესი ნორმალურად წარმართოს.
_ ბატონო გიორგი, როგორ წარიმართება პროცესები? ვხედავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მიმართ. რა იქნება ახლო მომავალში?
_ ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ დროა რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისა, ერთად უნდა დავდგეთ რუსიფიკაციის წინააღმდეგ. აი, ეს არის ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება, ეს ქვეყანა არის ყველასი, ჩვენია, ქართველებისაა. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არასოდეს დამყარდეს რუსული გავლენები და რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს რუსეთისგან ხელდასხმული ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას. საქართველო არასოდეს უნდა გახდეს რუსეთი.
_ ბოლო დღეებში გვესმის ევროპარლამენტარების კრიტიკული შეფასებები ფრენებთან დაკავშირებით. ისინი ღიად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას და ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში. როგორ შეაფასებთ მათ გზავნილებს და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას პარტნიორების მიმართ?
_ ცივილიზებული სამყაროს გზავნილია, როდესაც რუსეთი აღიარებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ, ვლადიმირ პუტინი 130 ქვეყანაში ძებნილია, როგორც ომის დამნაშავე, ამ ფონზე რამე ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება ასეთ დამპყრობელ, ტერორისტ იმპერიასთან არის დამღუპველი და გვაშორებს პროგრესულ სამყაროს, დასავლეთს, ევროპას.
„ქართულ ოცნებას“, იგივე რუსებს, არ მოსწონთ დასავლეთი, არ ეთანხმებიან მათ პოზიციას, თუმცა ქართველი ხალხის მყარი და ურყევი არჩევანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ისინი საქართველოს რუსეთისკენ მიათრევენ, ამიტომ თუ გვინდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს და ჩვენ მიგვიღონ ევროპულ ოჯახში, ეს ხელისუფლება უნდა დამარცხდეს.