„რუსთავი 2-ის“ 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე და მისი ბიზნესპარტნიორები
ნინო ნიჟარაძე გიორგი გეგეშიძის მეუღლეა, რომელმაც ბიზნესწილები, ფაქტობრივად, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.
თავად გიორგი გეგეშიძე „რუსთავი 2-ში“ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 2008 წელს მისი წინამორბედი დირექტორი, ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც მისი ბიზნესპარტნიორი იყო, მარეგულირებელი კომისიის წევრი გახდა.
ნინო ნიჟარაძის ერთ-ერთი საინტერესო კომპანიაა შპს „სამკუთხედი“. მისი დირექტორია ზურაბ პერტაია (რუსეთის ფედერაცია/საქართველო), ხოლო მფლოებლი _ Mega Solutions Holding Corp., 1937586/ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) _ 100%.
2016 წლის მონაცემებით, დირექტორიც და 100%-ის მფლობელიც ნინო ნიჟარაძე იყო.
შემდეგ წილის მფლობელი გახდა ედპროჯექტს ინკ., ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.). დირექტორები კი იყვნენ: ნიკა ურუშაძე, ტარიელ ჩოჩიშვილი.
ყველა ეს პირი დაკავშირებულია შპს „აუთდორ.ჯისთან“.
„აუთდორ.ჯის“ დირექტორიც ზურაბ პერტაიაა, ხოლო მფლობელები არიან: შპს „სამკუთხედი“ (20%), შპს „ჯეო-ტეკი“ (10%) და Mega Solutions Holding Corp., 1937586/ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.)/ (70%).
„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ წარმომადგენელი მათიას ჰუთერი 2011 წელს აცხადებდა, რომ სარეკლამო ბაზარზე დომინანტის პოზიცია აქვთ კომპანიებს: „ჯენერალ მედიასა“ და „აუთდორ. ჯის“.
2010 წლის ბოლომდე სატელევიზიო რეკლამების ბაზარზე ორი გაყიდვების სახლი დომინირებდა. „თაჩ მედია“ ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგური კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ნაწილი იყო და სარეკლამო დროს ტელეკომაპანია „იმედზე“ ყიდდა. ჰოლდინგს გიორგი არველაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მანამდე ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო. „თაჩ მედიას“ „რაკ ჯორჯია ჰოლდინგი“ ფლობდა, რომელიც პანამაშია რეგისტრირებული.
სარეკლამო ბაზარზე მეორე გაყიდვების სახლს კი წარმოადგენდა „მედია ჰაუსი“, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობდა. ეს კომპანია სარეკლამო დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“, „მზესა“ და „პირველ სტერეოზე“ ყიდდა.
კომპანია „მედია ჰაუსის“ ერთ-ერთი თანამფლობელი ირაკლი ჩიქოვანი იყო. ჩიქოვანი 2009 წელს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გახდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში ისევ „მედია ჰაუსის“ თანამფლობელად რჩებოდა. 2010 წელს ირაკლი ჩიქოვანმა „მედია ჰაუსი“ გაყიდა. სამშენებლო კომპანია „ბედეგში“ მისი ბიზნესპარტნიორი იყო გიორგი გეგეშიძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი. გეგეშიძესთან ერთად ჩიქოვანი სამშენებლო კომპანია „მაგი სტილს“ ფლობდა, რომელმაც ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობა ააშენა. ასევე ფლობს სარეკლამო სააგენტო „მაგი სტილი მედიას“, რომელიც მომხმარებელს გარე რეკლამას, სამაუწყებლო დიზაინს, სატელევიზიო რეკლამის შექმნასა და განთავსებას სთავაზობდა.
2009 წელს თბილისის მერიამ აუქციონის წესით ორი ნებართვა გასცა, რომელიც გარე რეკლამის განთავსებას 12 წლით ითვალისწინებდა. მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აბრები „აუთდორ.ჯის“ გადაეცა, მარცხენა სანაპიროზე კი შპს „სმოდ ედვერთაისინგს“, რომლის მფლობელია Milarm International corp., (ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), დირექტორი კი ისევ ზურაბ პერტაიაა.
ირაკლი ჩიქოვანის კომპანიებია: შპს „მაგი სტილი“, შპს „ლაგი“, შპს „საგა ბიზნეს ცენტრი“
შპს „მენო ინტერნეიშნლი“, შპს „ბედეგი“, შპს „მაგი სტილი მედია“, შპს „ყაზბეგი ტობაკო“, შპს „ქართული საგამომცემლო სახლი +“.
ამავე დროს, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს სარეკლამო ასოციაციის გამგეობის წევრი და საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტია.
ძალიან საინტერესოა შპს „ფილიმასკა ჯი“.
ამ კომპანიას დღეის მდგომარეობით ხუთი მფლობელი ჰყავს:
ნინო ნიჟარაძე _ 12.5%; დავით კურცხალია _ 12.5%; ნიკოლოზ ჩიქოვანი _ 25%; ნაილი მესხი (საქართველო, რუსეთის ფედერაცია) _ 25%; ვახტანგ ნიკოლეიშვილი (საქართველო, რუსეთის ფედერაცია) _ 25%.
ნინო ნიჟარაძე კურცხალიასთან ერთად კიდევ ერთი კომპანიის, „ქვაჩის“ მფლობელი იყო (33%-ით) 2019 წლის მარტამდე. მარტის შემდეგ ამ კომპანიის 50-50%-ს ფლობენ მხოლოდ კურცხალია და ჩიქოვანი.
კურცხალია საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ვერა ქობალიას მეუღლეა.
ნიკოლოზ ჩიქოვანის კომპანიებია:
• შპს „ფუდ იმპექსი“ (გიორგი სარარაძესთან ერთად);
• შპს „ჯეო რეალ გრუპ“ (გიორგი კურცხალიასთან და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად);
• შპს „სი თი ენ ჯორჯია“ (იოსებ და გელა ჯიღიტაშვილებთან და ვახტანგ ზერეკიძესთან ერთად);
• შპს „ასკოტ ტექნოლოჯი“ (დირექტორი გრიგოლ ბრეგვაძე);
• შპს „ავლაბრის საგა“;
• შპს „მშენინვესტ ჰოლდინგი“ (შპს „ჯორგიან ბიზნეს გრუპთან“ ერთად);
• საქართველოს მშრომელთა პროფესიული კავშირი „სოლიდარობა“;
• შპს „ჯორჯიან მანგანეზი“
სამეთვალყურეო საბჭო:
თავმჯდომარე/წევრი: მორდეხაი კორფი /აშშ/;
წევრი: ურიელ ლაბერი /აშშ/;
წევრი: ბარი ნასი /აშშ/
დირექტორი: ვოლოდიმირ ლოზინსკი /უკრაინა/;
ნიკოლოზ ჩიქოვანი _ სპეციალური მმართველი;
მესაკუთრე: „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“, ბ175619 /ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო/ _ 100%.
ნიკოლოზ ჩიქოვანი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, 3 წლის ვადით დანიშნეს კომპანიაში სპეციალურ მმართველად.
დადგენილება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ჩიქოვანი წლების განმავლობაში იყო ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის გენერალური დირექტორი და „ფეროს“ მართავდა ილია კოკაიასთან და გიორგი კაპანაძესთან ერთად. ასევე ჩიქოვანი „ფეროსთან“ დაკავშირებული ყველა იურიდიული პირის დამფუძნებელია.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელმა ამერიკულმა კომპანია Georgian American Alloys-მა განაცხადა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნამ ქარხნის პარალიზება გამოიწვია.
მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კი 2019 წლის მარტში განაცხადა, რომ ჭიათურაში მცხოვრებთა მდგომარეობა სავალალოა. სამინისტრო მუშაობს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან, რათა სამინისტროს გეგმა გადაიხედოს და დაჩქარდეს.
„ამ თემაზე რბილ შეფასებებს არ და ვერც გავაკეთებთ. სახელმწიფოს რეაგირება, როდესაც „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა და მას კონკრეტული გეგმა დაესახა, გამოესწორებინა ეკოლოგიური მდგომარეობა, გარკვეულწილად, სრულდება, მაგრამ ჩვენთვის ეს მისაღები არ არის. ვფიქრობ, როგორი ნაბიჯებიც გადავდგით „არემჯისთან“ დაკავშირებით, სწორედ მსგავსი უნდა მოხდეს ჭიათურაშიც. შეგახსენებთ: ჩვენ კომპანიას საკმაოდ მკაცრად და მკაფიოდ მივწერეთ, რომ კონკრეტულ კრიტიკულ წერტილებზე მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ. შედეგები კი პირველად მივიღეთ ბოლო 50 წლის განმავლობაში. ანალოგიურად უნდა მოხდეს „ჯორჯიან მანგანეზთანაც“.
„ჯორჯიან მაგნეზის“ დირექტორი ვოლოდიმირ ლოზინსკი რამდენიმე კომპანიას ფლობს:
შპს „ჯი-ეი-ეი ნეტ“
საქართველოს კომუნიკაცების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა, რომ შპს „თი-ნეტის“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“, შპს „მაქსტელკომ+“-ს, შპს „ფლაი ვეი ჯორჯიას“, შპს „ჯი-ეი-ეი ნეტსა“ და შპს „ევრაზიასელს“ ავტორიზაციები შეუჩერდათ;
შპს „ჭიათურის წყლის კომპანიის“მფლობელი „ჯორჯიან მანგანეზია“;
შპს „ჯი-ეი-ეი მენეჯმენტი“;
შპს „რადიო ეფ-ემ“;
• შპს „თრეიდინგ თრასთ“;
• შპს „რიჩემა“;
• შპს „ნიუ ტექნოლოჯი“ (ლაშა ჩხენკელთან ერთად).
ლაშა ჩხენკელი, TV 3-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თანაშემწე რომან ჩხენკელის ძმაა.
2015 წელს გაზეთ PRIME TIME-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია.
გთავაზობთ ამონარიდს:
„ირანელი ბიზნესმენი, ფურია ნაიები, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის, რომან ჩხენკელის ძმებს, აკაკი და ლაშა ჩხენკელებს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ოთარ ნადარაიას, კახა ბაინდურაშვილსა და მინდია ჯანელიძეს „კაპიტალ ბანკის“ (ყოფილი „ინვესტ ბანკის“) 70%-იანი წილის წართმევაში ადანაშაულებს. როგორც ნაიების ადვოკატმა ლოლა კურკუმულმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული წილი შეადგენდა მილიონ 198 400 აქციას. მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა ზეწოლის შედეგად ეს წილები გადაუფორმეს მათთან დაახლოებულ ერთ-ერთ იურიდიულ ფირმას, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოძიების საფრთხე იგრძნეს, წილები სრულიად დარღვევით და უკანონოდ გადააფორმეს ასევე მათთან დაახლოებულ მესამე პირზე, ახლა კი ცდილობენ, უკვე მეოთხე პირის ჩართვას და ამ წილების მასზე გადაფორმებას“.
არსებობს სხვა შეკითხვებიც სხვადასხვა ბიზნესთან დაკავშირებით.
მაგალითად, „სურხაი ჰუსეინოვის“ საქმე, რომელზედაც დღემდე არ არის პასუხი გაცემული.
• საქართველოს ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაცია _ ნიკოლოზ ჩიქოვანი ამავე დროს გვევლინება სს „რეალ ინვესტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
თავმჯდომარე ილია კოკაიაა, ხოლო ერთ-ერთი წევრი _ გიორგი კაპანაძე (შპს „ჟურნალი ჯორჯია XXI“, შპს „ლაურელ ჯორჯია“, შპს „გულაბი“, შპს „იმმო ჯგუფი“).
სს „რეალ ინვესტის“ თემა განსაკუთრებით საინტერესოა ამ კომპანიის ერთი საკუთრების გამო. ასევე ცნობილია, რომ „რუსთავი 2-ის“ 9%-იან წილს, რომელიც ნინო ნიჟარაძეს ეკუთვნის, ზოგიერთი ინფორმაციით, სწორედ გიორგი კაპანაძე განკარგავს.
ყველასთვის ცნობილი და გაჭიანურებული თბილისის განვითარების გენგეგმის პროექტში ვკითხულობთ: „ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის რელოკაცია მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქეთევან დედოფლის გამზირის გასწვრივ, ორ მეტროსადგურს _ ისანსა და სამგორს (ქვედა) _ შორის“. აქ აშკარად ქეთევან წამებულის გამზირი იგულისხმება, რომელსაც გენგეგმის ავტორები, რატომღაც, „ქ. დედოფლად“ მოიხსენიებენ. აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის სს „რეალ ინვესტს“ (2007 წლიდან).
„ნიუპოსტთან“ ინტერვიუში კოკაია აცხადებს, რომ ეს ტერიტორია „რეალ ინვესტის“ საკუთრებაა და მას ვერავინ შეეხება. 102 500 კვ.მ.-ის ფართობზე რამდენიმე შენობა-ნაგებობაა განთავსებული. ტერიტორია 90-იანი წლების დასაწყისამდე სამხედრო ქალაქს ეკუთვნოდა. დაყოფილია რამდენიმე ნაწილად და მის გარკვეულ მონაკვეთს შესასვლელის მხარეს 4 მეიჯარე ჰყავს: შპს Geobotanic, შპს „ვიქტორია სერვისი“, შპს „განვითარება 2014“, შპს „ბ.გ. მოტორსი“. ამავე დროს ფიცრულ სახლებში ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი, მათ შორის, აფხაზეთის ომის ვეტერანებიც.
ილია კოკაიას განცხადებით, როდესაც მან ქონება, ფაქტობრივად, იძულებით იყიდა, გარკვეულ დრომდე საერთოდ არაფერი იცოდა იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ და არც ხელშეკრულებაშია განსაზღვრული, რომ პასუხისმგებელია ამ ადამიანების ბინებით უზრუნველყოფაზე.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ამჟამად ამ ტერიტორიაზე ბიზნესცენტრისა და მათთვის საჭირო საცხოვრებელი ბინების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელშიც მერიაა ჩართული. ამავე ინფორმაციის თანახმად, პირობისამებრ, პირველად სწორედ საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება.
როგორ განვითარდება მოვლენები, უცნობია. საჯარო რეესტრში კი რამდენჯერმეა შეტანილი განცხადება უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
აშკარაა, რომ კომპანია არ დათმობს თავის კუთვნილ მიწას; მერიას ეჩქარება გენგეგმის დამტკიცებაც, ამ მონაკვეთზე მცხოვრები ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობაც აწვება ტვირთად, მაგრამ არც ამხელა მიწის კერძო მესაკუთრის ხელში დატოვება უნდა იყოს მარტივი. აქ მცხოვრები ადამიანების ბინებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ რას მიიღებს კომპანიისგან, ამას დრო გვიჩვენებს.
ნაილი მესხის (საქართველო, რუსეთის ფედერაცია) კომპანიებია:
შპს „ჯეოპელი“
შპს „მირაბილიტი მაინინგი
GHN“-ის ინფორმაციით, რომელიც 2018 წლის 13 მარტს გამოქვეყნდა, კომპანიები „ჯეოპელი“ და „ფილიმასკა“, 14-დან 16 მარტის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სხვა ორ კომპანიასთან ერთად, როგორც ქართული ტყავის მწარმოებელი კომპანიები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ტყავის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა APLF-ზე წარდგნენ. ინდუსტრიაში იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 22 000 ვიზიტორსა და 1200 მონაწილე კომპანიას უყრის თავს. გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენა, საქმიანი ურთიერთობების დამყარება და ექსპორტის ზრდა იყო.
მანამდე მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენა LINEAPELLE-ში ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელმა სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა: შპს „მაჯეოპელი“, შპს „ფილიმასკამ“ და შპს „დერი სტანდარტმა“.
შპს „მირაბილიტი მაინინგში“ მესხი 2012 წლის დეკემბრამდე ფლობდა 30%-ს, შემდეგ კი კომპანიის მფლობელი გახდა შპს „ესთი ჰოლდინგ ჯორჯია“, რომლის 100% ეკუთვნის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ შპს „ბულარდ ჰოლდინგს ინკ“ (BULARD HOLDINGS INC)-ს. დირექტორია ვახტანგ ნიკოლეიშვილი.
საყურადღებოა, რომ შპს „ჯეოპელში“ ნაილი მესხის ბიზნესპარტნიორია სალომე გოგიაშვილი-ნიკოლეიშვილი _ ტელეწამყვანი და ვახტანგ ნიკოლეიშვილის მეუღლე.
ნიკოლეიშვილის სხვა კომპანიები და ბიზნესპარტნიორები არიან:
შპს „ირქა“:
ვახტანგ ნიკოლეიშვილი _ 41%;
რამაზ თედორაძე 22%
(შპს „სავაჭრო ცენტრი ახალციხე“; შპს „ფოცხოვი“, შპს „კორომი“, შპს „გიგანტი-94“);
მალხაზ მანველიშვილი _ 14.7%
(შპს „სავაჭრო ცენტრი ახალციხე“; შპს „ასტორია +“; შპს „ასტორია“ _ ამირან გოზალიშვილთან ერთად);
„ასტორიას“ მოგებული აქვს 60 ტენდერი, საერთო ღირებულებით _ 16 112 781 ლარი; ასევე მიღებული აქვს 36 გამარტივებული შესყიდვა.
ამირან გოზალიშვილი _ 14.6%
(შპს „სავაჭრო ცენტრი ახალციხე“; შპს „ასტორია +“; შპს „ასტორია“ _ მალხაზ მანველიშვილთან ერთად);
ამირან გოზალიშვილის 2001 წლის დეკლარაციის თანახმად, მუშაობდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსად (ახალციხის რაიონი);
თენგიზ ხითარიშვილი _ 7.7%
(შპს „თენგო-2000“, შპს „ბითე“, შპს „სავაჭრო ცენტრი ახალციხე“,
ნიკოლეიშვილის კომპანიაა შპს „იზი ფიდ“ (ირაკლი კოტიასთან ერთად, რომელიც შპს „ჯეოპელში შეცვალა სალომე გოგიაშვილმა).
ასევე შპს „ფრეშ მით ინდასტრიზ“.
პარტნიორები არიან: ჯამბურა აჯიხალილ ოღლი (შპს „თესეი“, შპს „ჯორჯიან მით ფროდაქთ“, შპს „ჰალალ ჯგუფი“, შპს JAB 003, შპს „აგროპროდუქტი-მ“, შპს NUGO);
ნუგზარ აჯიხალილ ოღლი (შპს „აგროპროდუქტი-მ“, შპს NUGO);
ნიკოლოზ საკანდელიძე (შპს „ჯორჯიან მით ფროდაქთ“, შპს „ლუკა“);
შპს „ფრეშ მით ინდასტრიზის“ მმართველი კომპანიაა შპს „დერი სტანდარტი“, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ ტყავის მაწრმოებელ სხვა კომპანიებთან ერთად. კომპანიებთან, რომელთა მფლობელებს შორის სწორედ ჩამოთვლილი ბიზნესმენები არიან. ფაქტობრივად, ამ სამი კომპანიის სახით გამოფენაზე ერთი და იგივე პირების კომპანიები იქნა წარმოდგენელი პროექტ „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით.
ნინო ნიჟარაძის კომპანიებია, ასევე:
შპს „საგა ბიზნეს ცენტრი“ (ანდრო ჯიშკარიანი, გიორგი კურცხალია, რუსუდან ჯაფარიძე, ელისო ჯიშკარიანი, ირაკლი ჩიქოვანი);
2019 წლამდე შპს „გ.ს.კ.“ და შპს „მენო ინტერნეიშნლი“, თუმცა დღეს მფლობელები მხოლოდ ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კურცხალია არიან.
შპს „ლაგი“ (ირაკლი ჩიქოვანი, კობა ლიპარტელიანი, გიორგი კურცხალია);
შპს „ბედეგი“ (პაატა ვადაჭკორია, ირაკლი ჩიქოვანი, კობა ლიპარტელიანი, კურცხალია, აბო ლიპარტელიანი, გოჩა ლიპარტელიანი);
შპს „მაგი სტილი მედია“ (შპს „მაგი სტილი“, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კურცხალია).
და კიდევ ერთი ინფორმაცია:
გიორგი კურცხალია, რომელიც არაერთხელ მოვიხსენიეთ 2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
„სამუშაოების მიმდინარეობისას გიორგი კურცხალიამ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, პირდაპირი დანახარჯების ხელოვნურად გასაზრდელად, ხიმინჯების მოწყობაზე, ქვეკონტრაქტი გაუფორმა მისსავე გამგებლობაში არსებულ შპს „გ.ს.კ.“-ს, რითაც ერთი გრძივი მეტრი ხიმინჯის ფასი, 690 ლარი, ხელოვნურად გაიზარდა 1200 ლარამდე. ერთიანობაში უნდა შესრულებულიყო 22 351 გრძივი მეტრი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც შპს „მენო ინტერნეშნლმა“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოითხოვა და მიიღო 34 074 998 ლარი, მაშინ, როდესაც ხიმინჯების მოწყობის სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენდა 22 462 529,6 ლარს. მითითებული ხერხით გიორგი კურცხალია თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 11 612 469 ლარს“, _ აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ამავე უწყების ცნობით, 2007 წლის 21 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „მენო ინტერნეშნლს“ შორის. ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თბილისში აბაშვილის ქ. #3-ში თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთათვის განკუთვნილი თვრამეტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „მენო ინტერნეშნლს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩააერიცხა 56 497 662 ლარი.
„სამუშაოების შესრულებისას გიორგი კურცხალიამ, პირდაპირი დანახარჯების ხელოვნურად გასაზრდელად, ზემოაღნიშნული მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სამუშაოებისთვის ქვეკონტრაქტი გააფორმა მისსავე გამგებლობაში არსებულ შპს „მაგი სტილთან“, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 3 060 000 ლარი გადაურიცხა შპს „მაგი სტილს“, მაშინ, როდესაც პროექტით ასაშენებელი კორპუსები იყო იდენტური და საპროექტო სამუშაოების რეალური ღირებულება შეადგენდა 1 020 141 ლარს. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას, გიორგი კურცხალიამ ხელოვნურად გაზარდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება და მთლიანობაში თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 4 944 479 ლარს“, _ აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიების ცნობით, გიორგი კურცხალიას ქმედებებით სახელმწიფოს ერთიანობაში 16 556 948 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას ახორციელებდა კომპანია „მენო ინტერნეიშენლის“ ქვეკონტრაქტორი „მაგი სტილი“. ორივე კომპანიის მფლობელები იმ დროისთვის იყვნენ: ირაკლი ჩიქოვანი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე), გიორგი გეგეშიძე (ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი) და გიორგი კურცხალია.
ქეთევან ენუქიძე