რუსეთის „ბელარუსიზაცია“

წლების მანძილზე პუტინის რეჟიმი, ჩვენში არსებული წარმოდგენის საპირისპიროდ, ხისტი დიქტატორული რეჟიმი არასდროს ყოფილა. საერთაშორისო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, პირველ წლებში ის ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილიჰიბრიდული რეჟიმიიყო, რომელშიც ერთპიროვნულ მმართველობასთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური თავისუფლებები .

პირველი 2-3 წლის მანძილზე რუსეთში ოპოზიციური ტელეკომპანიები მუშაობდნენ, პოლიტიკური ოპოზიცია კი საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობდა.

პუტინის რეჟიმი ნელა-ნელა მკაცრდებოდა – დამოუკიდებელი ტელევიზიების განადგურებით პოლიტიკური ველის გასუფთავება, ხოლო ხოდორკოვსკის ციხეში ჩასმით და ბორის ბერეზოვსკის ქვეყნიდან გაძევებით ოლიგარქიის დამორჩილების პროცესი დაიწყო.

თუმცა არც ამ პერიოდში იყო რუსეთში სრულფასოვანი დიქტატურა – ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს იმ დროს თავისუფალი აზრის გამოთქმისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაც კი ჰქონდათ.

პარალელურად, რუსეთი საკმაოდ თავისუფალ ქვეყანად რჩებოდა იმ სფეროში, რაც პოლიტიკასა და ოლიგარქიულ ბიზნესს არ ეხებოდა – რუსების ყოველდღიური ცხოვრება თითქმის არ კონტროლდებოდა, ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში კი სრული თავისუფლება იყო.

ამ შედარებით ლიბერალურ მიდგომას თავისი ახსნაც აქვს – პუტინი საკმაოდ ჭკვიანი და ვერაგი პოლიტიკოსია, მან იცის, რომ სსრკ არა იაფმა ნავთობმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა, არამედ ტოტალურმა კონტროლმა და უაზრო შეზღუდვებმა დაღუპა.

ის ცდილობს, თავისი წინამორბედების შეცდომა არ დაუშვას, რადგანაც იცის, – მიეცით ადამიანებს ცოტაოდენი პირადი თავისუფლება და მათ სამუდამოდ მართვას შეძლებ.

პუტინს ამის ფუფუნება ჰქონდა – ადვილია, იყო ლოიალური და ლმობიერი მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგადაა: ნავთობი 100 დოლარი ღირს, ქვეყანა მდიდრდება და ლიდერი პოპულარულია.

და სულ სხვაა, როდესაც საქმე ცუდად მიდის.

ამ მხრივ, პუტინისტებს ძალიან წააგავს მათი იდეური თანამოაზრე „ქართული ოცნება“, რომელიც პირველ წლებში არც პოლიციას იყენებდა, არც ტელევიზიებს დასდევდა, არც თვალებს თხრიდა  და, საერთოდ, ნებისმიერ ხისტ ნაბიჯებზე უარს ამბობდა, – ეს ჩვენი ხელწერა არ არისო.

თუმცა როდესაც ვითარება გართულდა და ძალაუფლების დაკარგვა თეორიულიდან რეალურ საფრთხედ იქცა – აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირ საძაგლობაზეა წამსვლელი – თვალების დათხრით დაწყებული, „კანონიერი ქურდების“ დახმარებით დასრულებული.

როდესაც გაჭირვება მოდის, ფარისევლები ძალიან სწრაფად იხსნიან ნიღბებს…

პუტინის რუსეთშიც ჩვენ იგივე პროცესს ვხედავთ, ოღონდ დროში გაცილებით უფრო გაწელილს – სულ რაღაცა 2-3 წლის წინათ რუსეთი, დღევანდელთან შედარებით, გაცილებით თავისუფალი იყო.

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო – სიტუაციის გაუარესებასთან, ეკონომიკის ვარდნასთან და პუტინის მობეზრებასთან ერთად რეჟიმი სულ უფრო მკაცრი ხდება. დღეს, როდესაც საუკეთესო წლები უკანაა, კრემლს ლოიალურობის თამაშისა და იმიტაციის ფუფუნება უკვე არ აქვს – სწორედ ამიტომ, ბოლო 1-2 წლის მანძილზე, რუსეთი სწრაფად მიდის ბელარუსის გზით – სრულმასშტაბიანი ტოტალიტარული რეჟიმისკენ.

სულ რაღაც 2-3 წლის წინათ რუსეთი თავს იმით იწონებდა, რომ ბელარუსთან შედარებით ის გაცილებით უფრო თავისუფალი იყო, თუმცა ეს სხვაობა ნელა-ნელა მცირდება და პუტინი ლუკაშენკოს გზას შეუქცევლად ადგება.

საუკეთესო წლებში პუტინი მოქმედებდა არა როგორც ხისტი და ხეპრე დიქტატორი ლუკაშენკო, არამედ უფრო როგორც დახვეწილი მაფიოზი, რომელიც ძალადობას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იყენებდა და უპირატესობას ანიჭებდა სხვა მეთოდებს  – მოსყიდვას, შანტაჟსა და პროპაგანდას.

თუმცა, როგორც უკვე ითქვა, კარგი დრო დასრულდა, და, მასთან ერთად, მოჩვენებითი ლიბერალურობაც. დღეს რუსული სახელმწიფო ბელარუსულ დიქტატურას სულ უფრო აშკარად ემსგავსება.

პუტინის სისტემამ ინტერნეტში შეაღწია, დღეს რუსეთში უკვე არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ფეისბუკ-პოსტების გამო ციხეში ზის, დღეს რუსეთში ლეგალური ოპოზიცია თითქმის ოფიციალურად გაუქმდა  – რამდენიმე პარტიას, რომელსაც საზოგადოებაში გარკვეული გავლენა აქვს, რეგისტრაცია საერთოდ გაუუქმდა.

პუტინის რეჟიმის საბოლოო „ბელარუსიზაციის“ მაჩვენებელია მოვლენები, რომლებიც მისი ერთად ერთი რეალური მტრის, ალექსეი ნავალნის ირგვლივ ხდება. წლების მანძილზე ოპოზიციონერი მოსკოვში საკმაოდ თავისუფლად ცხოვრობდა, ქვეყნის ტერიტორიაზე განსაკუთრებული წინააღმდეგობების გარეშე გადაადგილდებოდა.

თუმცა, როგორც ჩანს, კრემლში, ბოლოს და ბოლოს, მასში რეალური საფრთხე დაინახეს და გადაწყვიტეს, რომ თამაშის დრო დასრულდა – ნავალნი უნდა დამთავრდეს. ის ჯერ მოწამლეს და როდესაც, ფაქტობრივად, შემთხვევით გადარჩა და მოსკოვში დაბრუნდა, ის შეთითხნილი ბრალდებით 3,5 წლით ჩასვეს.

ეს სიმბოლური აქტი იყო – პუტინი მოჩვენებით ლმობიერებაზე უარს ამბობს და „ჰიბრიდული რეჟიმიდან“ სრულფასოვან, ყოველგვარი ლეღვის ფოთლის გარეშე, ღია დიქტატურაზე გადადის.

ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული შედარებით რბილი მიდგომის გადახედვა? ალბათ, ყველაფერმა ერთობლიობაში  – პუტინის პოპულარობის კლებამ, სანქციებითა და პანდემიით დასუსტებულმა ეკონომიკამ და რაც მთავარია – ბელარუსში დატრიალებულმა მოვლენებმა.

ეს ბოლო ფაქტორი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია  – შემოდგომაზე ალექსანდრ ლუკაშენკო გადაყენებას ძლივს გადაურჩა, რაც მხოლოდ უკიდურესი ძალადობის გამოყენებით მოხერხდა. ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა პუტინისთვის, რომელსაც ცეცხლივით ეშინია ქუჩაში გამოსვლების და „ფერადი რევოლუციების“.

სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა: ლიბერალობანა დასრულდა და ამიერიდან ყველა მიტინგი რუსეთში დაუნდობლად დაირბევა, ოპოზიციაც კი მოისპობა, როგორც მოვლენა.

ეს საყურადღებოა საქართველოსთვისაც – ჩვენი პრობლემები რუსეთთან პუტინის მმართველობის ყველაზე ლიბერალურ პერიოდებს ემთხვევა. ძნელი სათქმელია, რას შეიძლება ველოდოთ გამკაცრებული, უკონტროლო, დაუნდობელი და ნიღაბმოხსნილი პუტინისგან?!

რუსეთი, რომელიც ბელარუსის გზით მიდის, ცუდი ახალი ამბავია მთელი მსოფლიოსთვის და,  პირველ რიგში, ჩვენთვის.

თენგიზ აბლოთია