როგორ გააცნო თავი მსოფლიოს ხაშურის ცეკვის ანსამბლმა „ოქროს ფარმა“?
გიორგი საკარული
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოქროს ფარი“ 28 წლის წინათ დაფუძნდა და ამ დროის მანძილზე ასობით ახალგაზრდა გამოზარდა.
სტუდია 1996 წელს ქალაქ ხაშურში და-ძმა თედიაშვილებმა დააარსეს და მას შემდეგ ანსამბლმა უამრავ გასტროლსა და კონკურსზე მიიღო მონაწილეობა.
და-ძმამ სკოლა ხაშურში დაამთავრა და სწავლა თბილისში სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. სტუდენტები სწავლასთან ერთად ცეკვავდნენ „ერისიონში“, ასევე საკუთარ სტუდიაში მუშაობდნენ და ასე იხდიდნენ სწავლის გადასახადს. ნონა ამბობს, რომ სტუდიამ ბევრ გამოწვევას გაუძლო. მიუხედავად გაჭირვებული წლებისა, 90-იანებში ანსამბლი „ოქროს ფარი“ მასშტაბურ ღონისძიებებს მართავდა.
იშვიათია, იყო რეგიონში წარმატებული, ცნობადი და, ამავდროულად, გაუძლო დროს, თუმცა საქმის დიდმა სიყვარულმა, პროფესიონალიზმმა და თავდაუზოგავმა შრომამ ეს ყველაფერი ანსამბლ „ოქროს ფარს“ ნამდვილად შეაძლებინა და დღეს უკვე პატარა ქვეყნის პატარა ქალაქის, პატარა, მაგრამ ამბიციურმა ანსამბლმა მსოფლიოს გააცნო თავი და საქართევლოს სახელი ამაყად ისმის მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე.
როგორ ჩამოყალიბდა ანსამბლი? როგორია მისი ისტორია? რა გზა გამოიარა დღემდე მან? რატომ შეიძლება, რომ ვიამაყოთ ყველამ იმით, რაც გვაქვს? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ანსამბლ „ოქროს ფარის“ ქორეოგრაფი და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი, ნონა თედიაშვილი:
_ ვიდრე ჩვენი ანსამბლი ჩამოყალიბდებოდა, მანამდე მე და ჩემი ძმა ძალიან ცნობილები ვიყავით ხაშურში, როგორც კარგი მოცეკვავეები. იმ პერიოდში ჩემი ძმა 15 წლის იყო და როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე, ერთი თვით ხაშურის ჯგუფთან ერთად, თავისი დაფინანსებით, მსოფლიო ფესტივალზე ბულაგრეთში გაემგზავრა და წარმატებით დაბრუნდა სამშობლოში. ხაშურში აბსოლუტურად ყველამ იცოდა ჩვენი ისტორია. ჩემი ძმა ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში ძალიან კარგად ცეკვავდა, კარგი სმენა ჰქონდა და სკოლის ოლიმპიადებზე აქტიურად მონაწილეობდა. მაშინ არ იყო სოციალური ქსელები, მაგრამ ქუჩაში რომ დაგვყავდა, ყველა ცნობდა, როგორც საუკეთესო პატარა მოცეკვავეს და ყველზე ნიჭიერს. 4 წლის იყო, როცა თბილისში რუსთაველის თეატრში იცეკვა ფერხული თავის ანსამბლთან ერთად. 15 წლის იყო, როდესაც ხაშურში კერძო სტუდია შეიქმნა და უნდოდათ კარგი ქორეოგრაფები როგორც თანამედროვე ცეკვებში, ისე ქართულ ტრადიციულში. შესაბამისად, ჩვენზე გააკეთეს არჩევანი და ვასწავლიდით, ვდგამდით ქათულ ცეკვებს, სხვადასხვა ღინისძიებაში ვმონაწილეობდით. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ეს სტუდია დაიშალა, დედამ საკუთარი სტუდია ჩამოაყალიბა.
დედა პროფესიით ექიმი გახლავთ, მაგრამ ბავშვობაში თვითონაც კარგად მღეროდა, ცეკვავდა და როგორც ხელოვნების მოყვარულმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი სტუდია შეექმნა, რომლის ხელმძღვანელიც თავად იქნებოდა და ჩვენთვის შეეწყო ხელი. აი, ასე ჩამოყალიბდა ანსამბლი „ოქროს ფარი“ 28 წლის წინათ, რომლის დირექტორიც გახლავთ ნელი იაშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი ქორეოგრაფი და კოსტიუმების ავტორი პაატა თედიაშვილი და მე, ქორეგრაფი და კუტურული ღონისძიებების ორგანიზატორი. ამ წლების განმავლობაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დააფასეს ჩვენი შრომა, ანსამბლის წარმატება და უამრავი ჯილდოს, ორდენისა თუ პრიზის მფლობელები გახლავართ.
15 წლის შემდეგ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა მოგვანიჭა სანიმუშო ანსამბლის წოდება, დამსახურებული ანსამბლის წოდება და დღეს ყველა სცენაზე „ოქროს ფარი“ ასე ცხადდება: ხაშურის ბავშვთა დამსახურებული და სანიმუშო ანსამბლი, „ოქროს ფარი“. ამის გარდა გვაქვს ოქროს ორდენი, დესპანის წოდება და ოქროს არწივის ტიტული.
_ როგორი იყო ანსამბლის შექმნის პირველი დღეები?
_ „ოქროს ფარი“ შეიქმნა 1996 წელს. წარმოიდგინეთ, შევარდნაძის პერიოდია, უშუქობის, უწყლობისა და უგაზობის პერიოდი. ქვეყანაში შიმშილია და სწორედ ამ ურთულეს პერიოდში ანსამბლი ჩამოვაყალიბეთ. თავდაპირველად ხაშურის მე-5 საჯარო სკოლაში მივედით, ძალიან კარგი დირექტორი ჰყავდათ. მოგვისმინა. შევთავაზეთ, რომ ვაპირებდით სტუდიის გახსნას, დავიარეთ კლასები და მოვიდა ძალიან ბევრი ბავშვი. სანამ ანსამბლს ჩამოვაყალიბებდით, იქამდე ვატარებდით სილამაზის კონკურსებს, ჯერ უბნის დონეზე, შემდეგ ქალაქის მასშტაბით და ძალიან კარგ შოუებს ვდგამდით. ბავშვთა სიმრავლისა და დიდი მოთხოვნის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ცეკვის სტუდია. თავიდან 3 ლარი ღირდა ბავშვების მიღება, შემდეგ უკვე 12 ლარი გახდა, ბავშვები შემოგვიერთდნენ სხვადასხვა სკოლიდან და გადმოვინაცვლეთ ხაშურის ცენტრში. ხაშურის დეპუტატი იყო ვალერი გელაშვილი, რომელსაც ხაშურის ცენტრში ჰქონდა დიდი ფართი, მიგვიღო, უსასყიდლოდ გაგვიღო კარი და პატივი გვცა, როგორც ახალგაზრდა სტუდენტებს. ცენტრში, რა თქმა უნდა, უფრო მომრავლდა ბავშვების რაოდენობა და გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ილეთები კი არ აგვეხსნა, არამედ ფორმატიც შეგვეცვალა. პირველად დავდგით ცეკვა სამაია, შევკერეთ სპეციალური ფორმები, ძალიან ლამაზი ფერთა შეხამება გამოვიდა და ამ ცეკვამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ხაშურის მუზეუმმა წიგნი გამოუშვა, სადაც მხოლოდ ჩვენი მოცეკვავეები არიან შესულები. შემდეგ დავდგით სხვადასხვა ცეკვა და დღემდე ვინახავთ იმ კოსტიუმებს, რომლებიც 28 წლის წინათ შეიქმნა. ფილარმონიაში ჩატარდა ფესტივალი, სადაც მონაწილეობდნენ ჩვენი ანსამბლის დიდი მოცეკვავეები და გავიმარჯვეთ. პრიზი გადმოგვეცა, როგორც საუკეთესო კოსტიუმირებულ ანსამბლს მთელ საქართველოში. ყოველ წელს ახალ წარმატებას ვაღწევდით და დღეს უკვე ასეთ სიმაღლეზე ვართ.
_ ქალბატონო ნონა, როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა, რეგიონში დააარსო ანსამბლი, ახალ თაობაში გააჩინო ინტერესი და 28 წელი შეინარჩუნო ეს ყველაფერი, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს? მით უმეტეს, თქვენი ანსამბლი უკვე მსოფლიომაც გაიცნო…
_ პირველ რიგში, ეს არის დიდი შრომისა და ნიჭის შედეგი. ჩვენ პანდემიის დროს ძალიან ცოტა ხნით ვიყავით გაჩერებულები და ჩუმად დავიწყეთ რეპეტიციები. უამრავი ბავშვი და მშობელი გვწერდა, რომ სხედან სახლში, აქვთ უკვე დეპრესია, არ აქვთ სკოლა, არ აქვთ არსად გასვლის უფლება და მათ უნდოდათ ცეკვა. ერთადერთი ანსამბლი ვართ ხაშურიდან, რომელიც კოვიდის დროს ქობულეთში წავიდა ფესტივალზე. არ გავჩერებულვართ არასდროს. ამ ყველაფერს კი უყურებს და ამჩნევს მშობელი, ამჩნევს ხალხი და ეს გვიფასდება.
_ ბევრი რთული პერიოდის გავლა მოგიწევდათ ამ წლების მანძილზე…
_ კი, იყო ასეთი პერიოდები. მაგალითად, უშუქობის დროს ხაშურში ძალიან ბევრი ვარსკვლავი გვყავდა ჩამოყვანილი. მოგეხსენებათ, კონცერტებს ორგანიზებას ჩვენ ვუწევდით და თბილისიდან ჩამოგვყავდა კახა ცისკარიძე, ქეთა თოფურია, ნინი ბადურაშვილი, თიკა ჯამბურია, მზია კვირიკაშვილი, ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, 90-იანების ვარსკვლავი ქეთი მერკვილაძე და უამრავი სხვა მომღერალი. კონცერტებს გენერატორის ფონზე ვატარებდით, რადგან არ ვიცოდით, შუქი როდის წავიდოდა ან საერთოდ მოვიდოდა თუ არა. ჩვენ გვყავს მთელი კომედიშოუს მსახიობები ჩამოყვანილი და ეს ის პერიოდია, როცა ხალხს ერთი ან ორი ლარის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ ბილეთები ეყიდა, ხშირად ვალიც აგვიღია, მაგრამ ჩვენ მაინც ვატარებდით კონცერტებს. ხალხი ოცნებობდა, რომ ახლოდან დაენახა ვარსკვლავები, ჩვენ ამ სურვილს ხაშურლებს ყოველთვის ვუსრულებდით. მათთვის ეს დღეები იყო დღესასწაული და დასამახსოვრებელი.
ხაშურის ყველა სოფელი გვაქვს კონცერტით მოვლილი, რომ თბილისიდან ჩამოსული დამსვენებელი გაგვემხიარულებინა. მახსოვს, ოსების სოფლებშიც კი გადავედით და იქ ვიცეკვეთ. ყველაზე რთული ეპიზოდი გვქონდა მაშინ, როდესაც სამაჩაბლოს ომი დაიწყო. ჯერ კიდევ ომამდე უკვე იბომბებოდა რიგი სოფლები, სააკაშვილის ეგიდით სოფელ ავლევში ჩატარდა საქველმოქმედი კონცერტი, დეპუტატებმა ააგროვეს თანხა, რათა დახმარებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად, სადაც პაატა თედიაშვილიც მონაწილეობდა, ჩვენ გვთხოვეს, რომ ანსამბლიც გასულიყო კონცერტზე. იმდენად დიდი შიში იყო, რომ ძალიან ვთხოვეთ მშობლებს, ბავშვები გამოეშვათ და ამხელა ანსამბლში 15-16 მოცეკვავე მაინც მოვაგროვეთ. მოგვაკითხა ავტობუსმა, სადაც თავიდან ბოლომდე შეირაღებული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ და ერთი მშობელი ამოიყვანეს მხოლოდ. გასახდელშიც კი ავტომატიანი ხალხი იცავდა ბავშვებს, რომ გამოეცვალათ და სცენაზე გასულიყვნენ. ტყვიების ზუზუნში გვიწევდა ცეკვა. იქაურ ბავშვებს ჩავუტარეთ კონცერტი, მათი ბედნიერი სახეები დღესაც კი მახსოვს. შემდეგ ერთ კვირაში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, დაიწყო ომი და ის საკონცერტო დარბაზიც კი დაინგრა, სადაც ჩვენ კონცერტი გვქონდა. მოსახლეობის უმეტესობა გახდა დევნილი, რომელთა ნაწილიც საცხოვრებლად ხაშურში ჩამოვიდა. ყველა დევნილი ბავშვი უფასოდ მივიღეთ ანსამბლში. ამაზე დიდი გმირობა რა უნდა იყოს, როდესაც ასეთ მძიმე სიტუაციაში ბავშვებს წაიყვან და აცეკვებ.
_ როგორც ვიცი, თქვენთან არიან სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც შეღავათიან ფასად დადიან და ბევრ მათგანს თანხის გარეშეც ასწავლით.
_ დიახ, ასეთი ბავშვები ჩვენთან არიან და გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ანსამბლს ძალიან ბევრი საქველმოქმედო კონცერტი აქვს ჩატარებული. ხაშურის სტადიონზე უზარმაზარი კონცერტი გავაკეთეთ და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას მოვუწყოთ ლამაზი საღამოები. ბევრს ვეხმარებოდით და ვეხმარებით ეკლესია-მონასტრებს. ჩვენ დღემდე ვთანამშრომლობთ „მომავლის სახლთან“, სადაც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ჩვენ ასევე გადარიცხული გვაქვს თანხა უკრაინაში, გავაგზავნეთ უამრავი პროდუქტი და პირადი მოხმარების ნივთები, ამასთან, 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის გამო უამრავი პროდუქტი შეგროვდა ქალბატონ ნელი იაშვილის ეგიდით და ორი დიდი მანქანა თბილისის მერიაში გავაგზავნეთ. გაოცებას ვერ მალავდნენ, რადგან თბილისის ანსამბლებს არ გაუკეთებიათ ის, რაც ხაშურის ანსამბლმა მოახერხა და გააკეთაო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც სამშობლოს უჭირს და ამ ქველმოქმედებას ბავშვებსაც ვასწავლით. სააღდგომოდ და საახალწლოდ ჩვენი ანსამბლი აგროვებს პროდუქტებს და საკვებს, მივდივართ გაჭირვებულ ოჯახებში და ვარიგებთ. ამ ყველაფერში მშობლებიც არიან ჩართულები, რაც ძალიან მახარებს. ჩვენ არ ვიცით, ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან, ვინ გამოვლენ და რა თანამდებობაზე მოხვდებიან, ამიტომ მათ ყოველთვის ეცოდინებათ, რომ უნდა აკეთონ სიკეთე და რაც შეიძლება ბევრი ქველმოქმედება.
_ რამდენი მოცეკვავეა ანსამბლში?
_ სტუდიაში გვყვავს 100-მდე ბავშვი, ხოლო ანსამბლში 150 მოცეკვავე, რომლებსაც აქვთ ფორმა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ, გავიდნენ კონცერტზე და იცეკვონ.
_ დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ?
_ ჩვენ ვართ ერთადერთი ანსამბლი, რომელიც ნამყოფია სრულიად საქართველოში კონცერტებით. შემოდგომით სვანეთში დაიგეგმა ფესტივალი და მანდ მივდივართ. სხვათა შორის, სხვანეთში პირველად ჩავდივართ. პირველი ანსამბლი ვართ, რომელიც გავედით ისრაელში, სადაც კონცერტი გვქონდა და ბავშვებმა ქრისტეს საფლავი მოილოცეს. ასევე კუნძულ კრეტაზე ვიცეკვეთ; პირველი ანსამბლი ვართ, რომელმაც ვიცეკვეთ საბერძნეთში არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის დარბაზში საქართველოსა და საბერძნეთის 25 წლის იუბილიზე; პირველები ვართ, რომელთაც მაროკოში ვიცეკვეთ და ამერიკის ვიზა მოვიპოვეთ, შტატებში გავფრინდით და ლას-ვეგასიდან პირველი ადგილით და გამარჯვებულები დავბრუნდით. ახლა ვემზადებით და მივდივართ იტალიაში, ვენეციაში, სანმარინოში, ფლორენციაში. საკმაოდ გრძელი ტურნე გველოდება. კიდევ გვაქვს ერთ ქვეყანაში სოლოკონცერტი, რომელზედაც წინასწარ, სამწუხაროდ, ვერ ვილაპარაკებ. პარალელურად ადგილობრივ ღონისძიებებში ვართ ჩართულები: 26 მაისი მოდის და ჩვენც ვმონაწილეობთ. თქვენ იცით, რომ ახლახან ავიღე თამარ მეფის ორდენი, რომელიც გადმომცა კულტურის სამინისტრომ, საპატრიარქომ და ქართულმა ეროვნულმა ქორეოგრაფიულმა ცენტრმა.
_ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებთ.