რის ფასად დაუჯდება ხელისუფლებას 17 ახალგაზრდის დაჭერა?!
28 და 31 იანვარს ინტერნეტით დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. საქმეზე 17 პირი დააკავეს. აქედან ერთს ვიდეოს ფეისბუქზე ატვირთვას ედავებიან, 16-ს კი _ შენახვასა და სხვადასხვა ფორმით გავრცელებას. მათ შორის არიან პირები, რომლებიც ამბობენ, რომ ვიდეო არ ჩამოუტვირთავთ, მაგრამ კანონი მათ უმტკიცებს, რომ ვიდეო „შეინახეს“.
დაკავებულებს შორის არის მომღერალი გიორგი გასვიანი, „გირჩის“ რამდენიმე წევრი და ანა აროშიძე. გასვიანს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას ედავება. მომღერალი ამბობს, რომ კადრებზე ასახული ადამიანის შესახებ დაკითხვაზე გაიგო. შემდეგ დააკავეს და განუმარტეს, რომ გამოგზავნილი ვიდეოს მესენჯერიდან არწაშლა „შენახვას“ ნიშნავს, მესენჯერში მისთვის გამოგზავნილი შეტყობინება კი უკანონო მოპოვებაა.
ანალოგიური ფორმით „უკანონოდ მოპოვებული და შენახული“ ვიდეო ანა აროშიძის ჩატშიც აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ ტელეფონში არ გადმოუტვირთავს და სამ მეგობარს პირად შეტყობინებაში გაუგზავნა, რაც გავრცელებაში ჩაეთვალა. აროშიძე გირაოთი გაათავისუფლეს. იმ სამი მეგობრიდან, ვისაც მან ვიდეო გაუგზავნა, ერთი ციხეშია, ორი კი, ანალოგიურად, გირაოთი განთავისუფლდა. დაკავებულია ის პირიც, ვინც მას ვიდეო გაუგზავნა. ეს გახლავთ მოკლე ისტორია, რომელიც ამ ახალგაზრდების ირგვლივ დატრიალდა.
გიორგი გასვიანმა სოციალურ ქსელში თავს გადამხდარ პერიპეტიებზე შემდეგი დაწერა:
„ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ნათლად ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ყველას ერთად გაგცემთ პასუხს, თუ რა ხდება ეს დღეებია ჩემს თავს. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ავდექი და სამსახურის მიმართულებით გავედი, რადგან გარკვეული თანხა ამეღო, რომელსაც შემდეგ ჩემი სამუშაო ადგილის გვერდით მდებარე კლინიკაში გადავიტანდი და ჩემი შვილის გეგმური შემოწმებების საფასურს დავფარავდი. სწორედ ამ შუალედში მოვიდნენ და გამეცნენ პოლიციის თანამშრომლები, რაც კანონის სრული დაცვით მოხდა და მთხოვეს, მათ გავყოლოდი. მიუხედავად იმისა, რომ თანხის გადახდა სასწრაფო ამბავი იყო, წინააღმდეგობა არ გავუწიე და წავყევი. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, სადაც გაირკვა, რომ მე მინახავს ის ვიდეო, რაც თურმე არ უნდა მენახა, ჩემი დაკავება გადაწყდა. აბსურდის მასშტაბს ხვდებით? სოცქსელში ვიდეო გამომიგზავნეს, სადაც არაფერი ჩანს, მე ეს ვიდეო გავხსენი, რამდენიმე წამში გამოვრთე და საერთოდ აღარც გამხსენებია. არც გავრცელებას, არც ჩამოტვირთვას და არაფერ მსგავსს არავინ მედავება. უბრალოდ, ვნახე და მორჩა. ეს არის ჩემი „დანაშაული“. ბორკილები დამადეს და გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადამიყვანეს. რამდენიმე დღიანი გაუგებრობისა და გადათენებული ღამეების შემდეგ სასამართლო ჩაინიშნა, რომელმაც გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შემიფარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სანამ თანხას არ შევიტანდი, ციხეში ვიქნებოდი. უკვე სასაცილოა, როცა სასამართლოზევე გაირკვა, რომ თანხის ოჯახში შემომტანი ჩემ გარდა არავინ გახლდათ და ეს ციხიდან როგორ უნდა მომეხერხებინა, არ ვიცი. მოკლედ, სასამართლოს შემდეგ რამდენიმე საათი გლდანის საპყრობილეში დავყავი და, საბოლოოდ, ჩემი მეგობრების დახმარებით გარეთ ვარ, მაგრამ 27 მარტს მეორე სასამართლო სხდომა ჩანიშნეს, სადაც რა მოხდება, კაცმა არ იცის. სიმართლე გითხრათ, ჩემი შვილის ამ ქვეყანაში გაზრდის ძალიან მეშინია. ვიღაცამ რომ რაღაც ვიდეო ჩაუგდოს, შეიძლება ცხოვრება დაუნგრიონ და ციხეში ძალიან დიდი ხნით გამოკეტონ. თქვენი იმედი მაქვს. ალბათ, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდები. ისეთ ცხოვრებას, როგორსაც ბევრი ბრძოლისა და შრომის შედეგად მივაღწიე. სიკვდილიც რომ დამჭირდეს, ჩემს უდანაშაულობას ყველა ინსტანციაში დავამტკიცებ“.
ვისთვის აღმოჩნდა საბედისწერო ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნახვა, რატომ დააკავა პროკურატურამ 17 ადამიანი და არა ამ კადრების გადამღები და ინტერნეტსივრცეში ამტვირთავი პირები?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი _ იაგო ხვიჩია:
_ იაგო, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს 17 ახალგაზრდა შეეწირა, _ ისინი დაიჭირეს. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და, ზოგადად, რა ხდება?
_ ახალგაზრდები, ფაქტობრივად, ციხეში სხედან იმიტომ, რომ მათ შიშველი პოლიტიკოსი ნახეს და ზოგ მათგანს იმას ედავებიან, რომ ეს ვიდეო მეგობრებს დახურულ ჩათში ანახეს. შიშველი პოლიტიკოსის დამადასტურებელი ვიდეო ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო საჯარო სივრცეში, ინტერნეტში და ადამიანებს, რომლებიც ახლა დაპატიმრებული არიან, მის შექმნასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ასევე ამ ფაქტს კავშირი არ აქვს იმასთან, რომ ვიღაცას პოლიტიკოსის იმიჯის დაზიანება უნდოდა. ამ ხალხმა ინფორმაცია ნახა საჯარო სივრცეში და მათი მიზანი იყო არა ვიღაცის დაზიანება, არამედ უცნაური საჯარო ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. მე რომ ინტერნეტში ინფორმაცია ვნახო და მომინდეს, ის ჩემს მეგობარს გავუზიარო, შეუძლებელია, საღი აზრის დონეზე, ეს კრიმინალი იყოს. ჩვენ, ფაქტობრივად, ადამიანების დასჯა იმის გამო მოგვიწევს, რომ ისინი რომელიმე საიტზე შევიდნენ. ჩვენ თუ გვესმის, რას ნიშნავს ქსელი სახელად ინტერნეტი, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ტიპის წესრიგი ამ ქსელთან შეუთავსებელია. აქ მიზანი სხვა არის.
_ რა არის ეს მიზანი?
_ მიზანია დაჭერა, რადგან ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ არ შეიძლება ამის გამო ადამიანების ციხეში გაშვება. დასაჭერი ვინც არის, ძალიან კარგად ვიცით. აქ საუბარი არაა ვინმეს პირადი ცხოვრების დაცვაზე, აქ საუბარია, რომ ჩვენ გვინდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანებს შეეშინდებათ, ანუ შეშინებული ხალხის სახელმწიფო გვინდა. შესაბამისად, ბევრი საფუძველი გვჭირდება იმისთვის, რომ ადამიანებს სახლში შევუვარდეთ. საბჭოთა კავშირსაც უნდოდა, რომ ბევრი ადამიანი შეეშინებინა, ამიტომ მოიფიქრეს ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება მიმდინარეობდა. ჩადების მორალიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებს ეშინოდეთ.
_ საზოგადოებაშიც დომინირებს აზრი, რომ დღეს ხალხს უკვე ვიდეოებს უდებენ.
_ დიახ. ასე ჩაუდეს ლინკები და სისტემამ გვითხრა, რომ თუ ადამიანის დაჭერა მომინდება, პოლიტიკოსის ლინკებს გამოგიგზავნით ან სხვა რაიმე სახის ინფორმაციას და დაგიჭერ. ეკა ბესელიას პირადი ცხოვრება არავის აინტერესებს. ამ მოვლენის მერე ის უფრო მეტად იქცა საჯარო განხილვის საგნად, ვიდრე მანამდე. არ მგონია ქალბატონი ეკას პრობლემა ამ კადრების არსებობა და გავრცელება, ეს იმის პრობლემაა, ვინც ეს კადრები გადაიღო და შემდეგ გაავრცელა.
_ თქვენ წეღან აღნიშნეთ, რომ ძალიან კარგად ვიცით, თუ ვინც არის დასაჭერიო. ვის გულისხმობდით?
_ იკვეთება ის, ვინც უკანონოდ შეაღწია პირად სივრცეში და ეს ვიდეო გადაიღო. სწორედ ის ადამიანია დასაჭერი და ასევე ის, ვინც ამით აშანტაჟებდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს ხალხი. ვინც დამნაშავე იყო, ის შეწყალებულიც კი არის ქალბატონ ეკასთან შეთანხმებით და ახლა ციხეში სხედან ადამიანები, რომლებმაც სხვის მიერ გადაღებული და ატვირთული ვიდეოები საჯარო სივრცეში ნახეს, მეგობრებს აჩვენეს და ისინი დაიჭირეს, როგორც კრიმინალები. არავის უფლება არ არის დაცული. საბოლოო ჯამში, ადამიანი მომაკვდავი მამის თვალწინ დავაპატიმრეთ და საფლავში ჩავაყოლეთ შვილის გაურკვეველი მომავალი. ეს არის ჩემი აზრით მთავარი პრობლემა და სანამ ამას არ გავიაზრებთ, რას ნიშნავს მართლა უფლებების დაცვა, ვიცხოვრებთ ამ საგიჟეთში, ყველა ჩვენგანი რისკის ქვეშაა.
_ იაგო, გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ერევნის ციხიდან აიტვირთა და ეს ვიდეო ვინმე ბუბა ლომთათიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა. თქვენი აზრით, რატომ არ ცდილობს გამოძიება, რომ სწორედ პირველწყაროსგან დაიწყოს მოკვლევა და ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება კვალის დაფარვის მიზნით ხელს აწმენდს ამ ახალგაზრდებს?
_ ზუსტად არ ვიცით, ნამდვილად ერევნის ციხიდან აიტვირთა ეს კადრები თუ არა. აქაც შეიძლება, ხელისუფლების ხელი ერიოს. სრულიად უდანაშაულო ადამიანები სხედან ციხეში და შეიძლება იმ მოტივითაც, რომ საზოგადოებრივი უარყოფითი ემოცია, გინება წავიდეს ქალბატონ ეკა ბესელიასკენ, ქალბატონმა ეკამ არ გამორიცხა და არ თქვა, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან. ვერ თქვა, რომ ანი აროშიძე დასაჭერია, მაგრამ თქვა, რომ ასეთი ადამიანები უნდა ისჯებოდნენ. ჩემი აზრით, ცოტა ხანში თვითონაც დარწმუნდება, რომ ეს არასწორი სტრატეგია იყო. ადამიანები სულ მალე გაანცობიერებენ, რომ ეს ახალგაზრდები ციხეში იმის გამო სხედან, რომ შიშველი პოლიტიკოსი ნახეს.
_ როგორ ფიქრობთ, რაზე მიანიშნებს ეკა ბესელიას დღევანდელი ორაზროვანი პოზიცია?
_ რასაც ეკა ბესელია ითხოვს და რასაც შეიძლება ლოგიკური ახსნა მოვუძებნოთ ის არის, რომ პირველი გამავრცელებლები დაისაჯონ, მაგრამ ეკა ბესელია, როგორც უფლებადამცველი, არ იბრძვის უდანაშაულო ადამიანების ციხიდან გამოშვებაზე. ამ ადამიანების ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ ქალბატონი ეკა მისთვის არასასურველ მდგომარეობაში ნახეს, რაც სრულიად ბუნებრივია, ამაში საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ არაფრის ნახვა არ შეიძლება იყოს დანაშაული. მე რომ რაღაცა ვნახო, ეს ვერ გამხდის დამნაშავეს და ეს უნდა ესმოდეს ქალბატონ ბესელიას. მე რომ მეგობარს ვაჩვენო ლინკი, რომელიც საჯარო სივრცეშია გავრცელებული, არ შეიძლება, ეს დანაშაულად ჩაითვალოს და თუ ეს დანაშაულია, ეს არის გზა ტოტალიტარული სახელმწიფოსკენ, ეს არის გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევა. ეს ლოგიკა არაფრით შეიძლება სამართლიანი იყოს. რაც უფრო დროზე მიხვდება ქალბატონი ბესელია, პროკურატურა და სასამართლო, რომელიც საერთოდ ვერაფერს ხვდება, მით უკეთესი იქნება ყველა მათგანისთვის, რადგან ეს მორალური პრობლემაა.
_ დაჭერილ ახალგაზრდებს შორის „გირჩის“ წევრებიც არიან. უკავშირებთ თუ არა მათ დაჭერას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას?
_ „გირჩის“ მხარდამჭერები არიან, მაგრამ არა პოლიტკურად აქტიური წევრები. ამ ამბავზე 16 ადამიანია დაჭერილი, ნაწილი გირაოთია გამოშვებული და თუ ამ ვიდეოს ნახვას დანაშაულად ჩავთვლით, ეს დანაშაული საქართველოში 100 ათასმა მოქალაქემ ჩაიდინა. ამ 100 ათასი კაციდან 16 რომ შეარჩიეს, აქედან 5 თუ ერთი პოლიტიკური პარტიიდან არის და 3 _ მეორე პარტიიდან, ეს შესაძლებელია ნიშნავდეს იმას, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა პირველადი დანაშაული იქ იპოვეს, სადაც ზოგადად ჩასაფრებულები არიან ხოლმე, რადგან მსგავსი დავალება შეასრულონ. სუსის აგენტებმა გამოავლინეს 16 კაცი. „ქართულ ოცნებაში“, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი იქნებოდა, მაგრამ იქიდან არავინ გამოუვლენიათ. გამოავლინეს მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან და ამ კუთხით პოლიტიკას ვუკავშირებ.
_ აღნიშნულ კადრებს თუ წინა ხელისუფლების დროს იღებდნენ, დღეს, შეიძლება ითქვას, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ყველაფერს ფრთები შეასხა. როგორ ფიქრობთ, რა ხდება, რისი დამტკიცება უნდა ამით ხელისუფლებას?
_ ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს _ სახელმწიფომ გასაგებად გვითხრა, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს მისი. გამუდმებით გვესმის 9 წელი. როგორ ფიქრობთ, ამ 9-წლიანი მმართველობის მთავარი ბრალდება რა არის? მარტივად რომ ვთქვათ _ შიში. „ქართული ოცნება“ აქამდე საზოგადოებაში პოზიციონირებდა, როგორც კეთილშობილი და სამართლიანი, მაგრამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების გეზი აიღო. იმ 9 წელიწადში მთავარი დამნაშავე იყო სასამართლო, ახლანდელმა ხელისუფლებამ კი ის ცხრა წლის წინანდელი სასამართლო დაიქირავა, რაც პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ იგივე გააკეთოს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. იმ სახელმწიფოს მთავარი გმირები, მისაბაძი ხალხი, რომლებსაც ჩვენ ვეფერებოდით, პოლიციელები იყვნენ და პოლიციის მიმართ გადაბრუნებული სიტყვის გამო ისჯებოდა ადამიანი, იჭერდნენ. ამ ხელისუფლებამაც იგივე მოაწყო. მე ვარ ადამიანი, რომელსაც პოლიციელმა ცილი დამწამა და 10 დღით ჩამსვეს ციხეში.
ამ ხელისუფლებამ ცილისმწამებლური პოლიცია შექმნა. ახალი სტილის პოლიციის ფორმირებას ცდილობენ, რომლისაც ადამიანებს შეეშინდებათ, ნაცვლად იმისა, რომ პატივს ვცემდეთ და არ გვეშინოდეს პოლიციელის. ასე იქცეოდა საქართველოს ყველა ხელისუფალი და ყველამ კარგად ვიცით, ვინ როგორ და რანაირად დაასრულა. დიდხანს არ გაგრძელებულა ხელისუფლებაში მათი ყოფნა. საზოგადოება ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვჭირდეს რევოლუციების მოწყობა, არამედ ნორმალურად შევცვალოთ ხელისუფლება და ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც პოლიციელის არ შეგვეშინდება. ქართულ პოლიციას ქართველი ხალხის პატივისცემის დაკარგვის უნდა ეშინოდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ანი აროშიძე კი არ არის მხოლოდ დარტყმის ქვეშ, არამედ თითოეული ჩვენგანი. გვჭირდება საზოგადოება, რომელიც უსამართლობას არ შეეგუება, თორემ ასეთი საზოგადოება ვერასოდეს ააშენებს თავისუფალ ქვეყანას. საბჭოთა კავშირი იყო სახელმწიფო, სადაც ყველაზე მეტი ძალაუფლება ძალოვან უწყებებს ჰქონდა, მაგრამ არც ერთი ძალოვანი და თუნდაც მოქალაქე, რაც არ უნდა მაღალ თანამდებობაზე ყოფილიყო, თავისუფალი არ იყო.
_ თუ 27 მარტს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, „გირჩი“ რას აპირებს?
_ ვაპირებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდეთ და ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ. მიზანი ერთია _ საკონსტიტუციო სასამართლო დავარწმუნოთ, რომ საჯარო სივრცეში ნანახი ინფორმაციის გაცნობა (არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის იქნება) და მეგობრის პირად ჩათში გადაგზავნა არ წარმოადგენს კრიმინალს. ეს მარტივი ჭეშმარიტება უნდა ავუხსნათ საკონსტიტუციო სასამართლოს.
_ რას ელით?
_ ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ცუდს არაფერს ველი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ამ მარტივ საკითხს აუცილებლად გადაწყვეტს, სირთულეებს არ ველოდები.
_ ქუჩის აქციებს გამორიცხავთ?
_ არაფერს გამოვრიცხავ. უბრალოდ, აქცია არ არის „გირჩის“ ბრძოლის ფორმა. ჩვენ არ ვართ მაგრები ქუჩაში და აქციების ორგანიზებით. ჩვენ მაგრები ვართ პრობლემის საზოგადოებამდე მიტანაში. ობიექტურად ვთხოვთ საზოგადოებას მხარდაჭერას, რადგან არავის მივცემთ უფლებას, რომ ინტერნეტში ჩვენი თავისუფლება შეზღუდონ. ინტერნეტი, ფაქტობრივად, ჩვენი მეგობარია და ის სისტემასთან ბრძოლაში გვეხმარება.
გიორგი საკარული