რეალური მიზეზები, რის გამოც გიორგი ვაშაძემ „ძალა ერთობაშია“ დატოვა!
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ თაკო ჩარკვიანის კოვიდინფიცირების გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიაში გარკვეული კორექტირება შევიდა, თუმცა ბლოკის ლიდერი, პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ ახალ მექანიზმებს შეიმუშავებენ და ხალხთან კომუნიკაციას არ გაწყვეტენ. ამასთან, გიორგი ვაშაძე „ქრონიკა+“-სთან რამდენიმე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. კერძოდ, ის იმ მიზეზებზე, რის გამოც მან და თაკო ჩარკვიანმა „ძალა ერთობაშია“ დატოვეს, ექსკლუზიურად ჩვენს გამოცემასთან საუბრობს და „ნაცმოძრაობის“ ე. წ. ანკლავურ ლიდერებს სერიოზულ ბრალდებებს უყენებს. კერძოდ, ვაშაძე საჯაროდ პირველად აცხადებს, რომ ყოფილი მმართველი პარტიის ანკლავური ლიდერები ქვეყნის განვითარებაზე კი არა, იმაზე არიან ორიენტირებულნი, პარლამენტში როგორ შევიდნენ და თანამდებობები როგორ დაიკავონ.
მოკლედ, „ქრონიკა+“ გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი ვაშაძესთან:
_ ბატონო გიორგი, უპირველესად, გილოცავთ, რომ კოვიდინფექცია არ დაგიდასტურდათ. ისე, დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა არჩევნების მოახლოებას საეჭვოდ დაემთხვა, ანუ ზოგი ამბობს, მასობრივი ტესტირება „ოცნებას“ გაზაფხულზე რომ დაეწყო, მაშინაც ასეთი სტატისტიკა იქნებოდა, მაგრამ ფართომასშტაბიანი ტესტირება შემოდგომაზე მიზანმიმართულად დაიწყო, რათა არჩევნების დღის წესრიგში გარკვეული კორექტივები შეიტანოსო. ამ მოსაზრებას იზიარებთ?
_ ნამდვილად არ ვიცი, ამ კუთხით „ოცნებას“ რა გეგმა და სტარტეგია აქვს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ ხელისუფლების ყველა განცხადება არჩევნებზეა ორიენტირებული. სხვათა შორის, ალბათ, გახსოვთ, რომ მასობრივ ტესტირებას, ჯერ კიდევ, გაზაფხულზე ვითხოვდი, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. მასობრივი ტესტირება ახლაც არ ტარდება.
_ რა ვიცი, ამირან გამყრელიძე ამბობს, დღეში 8 ათას ადამიანს ვტესტავთო და ამაზე მეტი მასობრივი რაღა უნდა იყოს?
_ აი, მაგალითად, თქვენ რომ გინდოდეთ, ტესტირებას ვერ ჩაიტარებთ.
_ რატომ?
_ ინფრასტრუქტურა არაა მომზადებული და ამიტომ. ვერ იტყვიან, რომ ახლა კრიზისულ სიტუაციას მართავენ. კრიზისი მარტში, აპრილსა და მაისში იყო, დღეს კი ყველაფერი ორგანიზებული მენეჯმენტის თემაა. კრიზისული სიტუაცია რა შუაშია, როცა ამდენი თვეა იციან, რომ შესაძლოა, ამ პრობლემის წინაშე დავმდგარიყავით და იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ემართათ, ორგანიზებულად უნდა მომზადებულიყვნენ, მაგრამ დღეს ისევ ინფრასტრუქტურისა და ტესტირების პრობლემაა.
მარტივ კითხვას ვსვამ: ზაფხულში ვინმემ კორონასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ნახა, ვირუსი როგორ უნდა შეგვეზღუდა?
_ კამპანიისა რა გითხრათ, მაგრამ ეპიდემიოლოგები მუდმივად მოგვიწოდებენ, რომ რეკომენდაციებს დავემორჩილოთ _ ხელები ხშირად დავიბანოთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ…
_ დიახ, ეს მესმის, მაგრამ ერთადერთი, რაც პრევენციის მიზნით გაკეთდა, საზღვრების დაკეტვა იყო. დღეს კი, როცა უკვე ამდენი ინფიცირებული გვყავს, იქნებ, ვინმემ ამიხსნას, საზღვრების დაკეტვას რა აზრი ჰქონდა? _ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე ორმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი მასობრივადაა გავრცელებული.
_ ჰოდა, ბატონო გიორგი, „ოცნებამ“ ყველაფერი ეს, იქნებ, იმ მიზნით გათვალა, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყებოდა თუ არა, ლოკალური ლოკდაუნები გამოეცხადებინა და ამით ოპოზიციისთვის ხელი შეეშალა?
_ შეიძლება, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, კორონის მეორე ტალღით „ოცნება“ საშინლად დაზარალდება!
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ „ოცნების“ საშინელი არაპროფესიონალიზმი და უცოდინარობა პრემიერის ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებიდანაც გამოჩნდა.
_ ანუ?
_ გახარიას ეტყობოდა, რომ დაბნეული იყო _ იმ წუთას მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობდა და ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ მეორე შემოტევისთვის მზად იყო!
ყველამ კარგად ვიცით, რომ არაპროფესიონალებთან გვაქვს საქმე. ვიღაცამ გახარია პროფესიონალად იმიტომ მიიჩნია, რომ პირველი ტალღის დროს გაგვიმართლა და კორონით დაინფიცირებული ცოტა იყო. მადლობა ღმერთს, რომ ბევრი გარდაცვლილიც არ გვყავს, მაგრამ ეს არაპროფესიონალიზმი ახლა თანდათან იჩენს თავს.
„ოცნება“ ცდილობს, რომ ის პლუსი, რაც პირველი ტალღის დროს ჰქონდა, არ დაკარგოს _ მისი რეიტინგი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ კორონით რეკლამა გაიკეთა და რეიტინგმა აიწია. ახლა კი ისევ უკან წავიდა. ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ეპიდვითარება კონტროლირებადი და მართვადია.
სხვათა შორის, ქალბატონი მარინა ეზუგბაია ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ გამიკვირდა, როცა თქვა, მთავრობის ძალიან მაგარმა მოქმედებებმა გადაგვარჩინაო. არ მგონია, ექიმების მიერ ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევა სწორი იყოს. ამიტომ მედიკოსებს ვთხოვ, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ!
მთავრობის ეფექტიანი მოქმედებები რას ნიშნავს? _ ხომ გეუბნებით, რომ მოინდომოთ, ტესტს ვერ გაიკეთებთ…
_ ე. ი., იმის თქმა გინდათ, რომ მითი, კორონა „ოცნების“ მთავარი საარჩევნო მოკავშირეაო, იმსხვრევა?
_ დიახ, ასეა, რადგან სულ რომ თავი გაიგიჟონ, არაპროფესიონალიზმსა და უცოდინარობას ვერ დამალავენ!
_ ასეა თუ ისე, მსოფლიოსი არ იყოს, ჩვენებური პოლიტიკაც კორონაზე გადის. შესაბამისად, ამ კუთხით ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები ოპოზიციამ როგორ უნდა გამოიყენოს, მით უმეტეს, იმ დროს, როცა არჩევნები კარსაა მომდგარი?
_ გამოყენება არა, მაგრამ ამ თემებზე გარკვეულ განცხადებას გავაკეთებ, ანუ როგორც წინა კრიზისის დროს, ახლაც ასეთი აქტიური ვიქნები.
საერთოდ, იცით, ჩვენსა და „ოცნებას“ შორის განსხვავება რა არის?
_ რა?
_ ჩვენ ყოველთვის სტრატეგია და გეგმა გვაქვს, „ოცნება“ კი ქაოსურად მოქმედებს.
_ და კორონაკრიზისთან დაკავშირებით თქვენი სტრატეგია როგორია?
_ ჯერ ერთი, სწრაფი ტესტირება, რადგან ინფიცირებულები სწრაფად გამოვლინდნენ და ვირუსის ლოკალიზება სწრაფად მოხდეს, ანუ თავდაცვა კი არა, შეტევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ისევ თავდაცვის რეჟიმში ვართ; და მეორე: მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან დიდი მხარდაჭერა უნდა გაეწიოს _ ხელისუფლებამ ფული თავის კორუფციულ კომპანიებს კი არ უნდა გადაურიცხოს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესს რეალურად დაეხმაროს, რადგან ყველაფერი გაკოტრებულია და ბანკები თუ მიკროსაფინანსო კომპანიები ხალხს ქონებას ართმევენ! აი, ახლა სწორედ ამის გაჩერებაა აუცილებელი.
_ ყველამ ვიცით, რომ „ოცნება“ ბანკებთან კოლაბორაციაშია და რატომ გგონიათ, რომ თქვენს სტრატეგიას ყურად იღებს და ამ უმძიმესი კრიზის დროს ბანკების კი არა, მოსახლეობის გვერდით დადგება?
_ ამის ილუზია არც მაქვს, მაგრამ ხალხი დაინახავს, რომ ასეთი სტრატეგია არსებობს და არჩევანი უნდა გააკეთოს _ საქმის კეთება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, თუ „ოცნების“ ტყუილები?
ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და ამბობენ, ჩვენი მთავარი დამსახურება ხალხზე ზრუნვააო და ამ დროს ხედავ, რომ რეგიონში ყველაზე მეტი მშიერი ადამიანი საქართველოში ცხოვრობს, ანუ მოსახლეობის 8,2 პროცენტი, უბრალოდ, მშიერია და ეს მონაცემი სომხეთზე სამჯერ მეტია, რაც ნონსენსია. სომხეთს საზღვაო გასასვლელი არ აქვს და მისი ეკონომიკაც ყოველთვის ჩვენზე უკან იყო, მაგრამ ახლა გაგვისწრო. აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობ.
აი, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ და თითოეულმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, იმ ტყულების, რასაც „ოცნება“ ამბობს, სჯერა თუ არა! „ოცნება“ იმასაც ამბობს, რომ მისი მიზანი თითქოს უსაფრთხოებაა, მაგრამ 2019 წელს დანაშაულის მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა, გახსნის მაჩვენებელი კი ამდენივეთი შემცირდა _ 40 ათასი მძიმე დანაშაულის ჩამდენი თავისუფალია იმიტომ, რომ საქმეები გამოუძიებელია და, შესაბამისად, დამნაშავეები დადგენილნი არ არიან!
წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვართ?
_ კი არ წარმომიდგენია, ყველა უბედურებას, რაზედაც საუბრობთ, მეც ვხედავ, თუმცა „ოცნება“ არც სიღარიბეს აღიარებს და არც _ კრიმინალის ზრდას. აი, მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის ოცეულის პრეზენტაციაზე, მგონი, ივანიშვილმა განაცხადა, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჩვენ ის ხელისუფლება არ ვართ, მიღწევებით ვიტრაბახოთო. მოკლედ, „ოცნება“ სხვა რეალობაში ცხოვრობს და, ბატონო გიორგი, ხალხს როგორ უნდა დააჯეროთ, რომ რეალობა ისეთი არაა, როგორსაც „ქოცები“ ხატავენ და ხელისუფლება აუცილებლად შესაცვლელია?
_ ხალხის ამაში დარწმუნება ძალიან მარტივია.
_ მაინც, როგორ?
_ იცით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჰიპერაქტიურია და მოსახლეობასთან ძალიან ბევრი შეხვედრა აქვს. კორონავირუსის ამ ტალღის გამო შეხვედრებზე, ალბათ, ცოტა პრობლემა გვექნება, მაგრამ ხალხთან კონტაქტს მაინც არ გავწყვეტთ და მას მუდმივად ყველაფერს ავუხსნით.
„ოცნებას“ უნდა, რომ ერთ კარში ითამაშოს _ თავისი ტელევიზია აქვს, „იმედი“, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და საოცრებებს ლაპარაკობენ. აი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ერთ გადაცემას ვუყურე და შოკში ვიყავი.
_ რატომ?
_ საბჭოთა პერიოდი არ მახსოვს, მაგრამ იმდენად სხვა რეალობას ხატავენ, რომ კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ, მაგრამ ხალხი ამ ვირტუალურ რეალობას ხმას არ მისცემს! ადამიანმა, რომელსაც ამ ტელევიზიიდან ეუბნებიან, ყველაფერი კარგადააო, არ იცის, პური როგორ იყიდოს და შვილებს საჭმელი როგორ მიუტანოს. ამიტომ ყველაფერ ამას ხალხი შეცვლის!
_ ვნახოთ, 31 ოქტომბერს რა და როგორ იქნება, მაგრამ, ბატონო გიორგი, ერთია, როცა ხელისუფლება, ანუ როგორც ეძახით, დამსხვრეული ოცნებების პარტია გებრძვით _ თქვენს ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით აშანტაჟებდნენ, სხვას კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ მეორეა, როცა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც გიპირისპირდებათ. ყოველ შემთხვევაში, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები თუ აქტივისტები სოციალურ ქსელში თქვენ მიმართ, მინიმუმ, სარკაზმით საუბრობენ. ამას რით ხსნით?
_ ჩვენი მზარდი რეიტინგით!
სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კი არა, ლიდერები საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან და საკუთარი თავისა და იდეა-ფიქსის იქით, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ და თანამდებობებს დაეპატრონონ, ვერაფერს ხედავენ! აი, მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა.
_ „ნაცმოძრაობას“ ბევრი ლიდერი ჰყავს. ვის გულისხმობთ?
_ სახელებისა და გვარების დასახელება არ მინდა. ლოკალურად ყველას ვგულისხმობ, ვინც მედიით აქტიურად ჩანს. ამ ადამიანებმა, ჩემი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ გაიაზრეს, რომ გამაერთიანებლები, შემკრებლები უნდა იყვნენ და არა _ დამქსაქსველები და მთვარი ოპოზიციური პარტიის როლს ჩაჭიდებულები! ამიტომაც ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია, ყოველ შემთხვევაში, ამ ლიდერებით ეს გამორიცხულია! გამარჯვების მთავარი მოწინააღმდეგე თვითონ „ნაცმოძრაობა“ გახდა! ეს რეალობაა _ ჩემ წინააღმდეგ იბრძვიან და არა _ „ქართული ოცნების“. როცა არც ერთ იმ შეთანხმებას არ ასრულებენ, რომელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დადეს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? პოლიტიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც სიტყვის გამტეხს ნდობა არ აქვს. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთია.
_ ბატონო გიორგი, როცა „ნაცმოძრაობას“ სიტყვის გამტეხს უწოდებთ, მიხეილ სააკაშვილსაც გულისხმობთ? სხვათა შორის, ორი წლის წინ სააკაშვილი თქვენზე ამბობდა, კარგი პრემიერი იქნებაო…
_ სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც შეეძლო, ჩემი აზრით, ქართულ პოლიტიკაში გამაერთიანებლისა და მძლავრი ზურგის როლი ეთამაშა, აირჩია და იმ გზას გაჰყვა, რომელიც მისმა ლოკალურმა და შეუმდგარმა პოლიტიკოსებმა უკარნახეს! ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არჩევანი გააკეთა! სხვათა შორის, ამაზე მასთან საუბარი არაერთხელ მქონია, მაგრამ რეგიონის ლიდერის ნაცვლად საკუთარი თავის ლოკალიზება ძალიან მძიმე ფორმით გააკეთა და ესეც რეალობაა!
_ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ძალა ერთობაშიასთან“ თქვენი კონფლიქტი იმით დაიწყო, რომ ეს გაერთიანება პროპორციულ სიაში კახა ოქრიაშვილის ჩასმას გეგმავდა, იმ ოქრიაშვილისა, რომლის მედიკამენტების მონოპოლიურ ბიზნესზეც „სტარტეგია აღმაშენებელმა“ გაზაფხულზე სკანდალური კვლევა მოამზადა. ამ კულუარულ ცნობას მიდასტურებთ, ბატონო გიორგი?
_ გულწრფელად და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ერთადერთი მიზეზი არ იყო, თუმცა, მათ შორის, ერთ-ერთი მიზეზი ამ ხალხთან მოლაპარაკებაც იყო. საერთოდ, მიზეზი ის სტრატეგია გახლდათ, თუ როგორ ხედავდნენ მოვლენების განვითარებას „ნაცმოძრაობის“ ლოკალური და ანკლავური ლიდერები. მათთვის მთავარია, რომ პარლამენტში შევიდნენ და არა _ ის, რომ ქვეყანაში სიღარიბე დავამარცხოთ! მათთვის მთავარია, თუ ვინ მოხვდება გამსვლელ სიაში და არა _ ის, რომ ქვეყანა იმ უკიდურესად მძიმე ვითარებიდან გამოვიყვანოთ, რომელშიც ივანიშვილის დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ჩაგვაგდო. შესაბამისად, სტრატეგიულად, კამპანიის სახით, ყველა ის შინაარსი, რასაც მათგან ვიღებდი, აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ამიტომაც მე და თაკო ჩარკვიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზურგს უკან და ფარულ სიტუაციაში ჭიდაობას, რაც ჩვენი საქმე არაა, სჯობდა, საჯარო პოლიტიკაში გადავსულიყავით და კულუარებს მოვშორებოდით!
_ ისე, „ნაციონალები“ სიებთან დაკავშირებით ბრალდებას თქვენ გიყენებენ და ამბობენ, რომ გამსვლელ პროპორციულ სიაში თითქოს ათი ადგილი მოითხოვეთ…
_ იმდენად იაფფასიანები არიან, რომ ესეც არადამაჯერებელია.
_ უკაცრავად, არადამაჯერებელი რატომაა?
_ ყველა შეთანხმება, რომელიც დადებული იყო, დაარღვიეს, მათ შორის, ყველაზე დიდი შეთანხმებაც, რომელშიც სხვებიც მონაწილეობდნენ.
_ ისნის მაჟორიტარულ ოლქს გულისხმობთ?
_ დიახ, ოღონდ ამ შემთხვევში კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან ამ შეთანხმებას სხვა მონაწილეებიც ჰყავს, რომლებიც საჯაროდ ამბობენ, რაზედაც შევთანხმდით. შეთანხმების დარღვევაში ყველა მათ ადანაშაულებს.
საერთოდ, სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობს, „ნაცმოძრაობამ“ კი, როგორც მთავარი გზავნილი, სწორედ სახელის გატეხა აირჩია!
_ ყველაფერ აქედან გამომდინარე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვებისთვის კი არა, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შესანარჩუნებლად იბრძვის?
_ დიახ, რაღაც ასეთია. იდეა-ფიქსი გაუჩნდა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიობა მაგარია, მაგრამ ეს ქვეყანას არ უშველის. მისგან რამე პროგრამა ან გეგმა მოგისმენიათ? „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროექტი გასული წლის პირველ ოქტომბერს დავიწყეთ, მაგრამ ბოიკოტი გამოუცხადეს და მონაწილეობა ერთი პროგრამის შემუშავებაშიც არ მიიღეს. ქალბატონი თაკო და სხვებიც აბსოლუტურ შოკში იყვნენ, _ ხალხო, როგორ იქცევითო?!
რეალობა ესაა _ თვითონ არაფერს აკეთებენ და სხვამაც არაფერი უნდა გააკეთოს, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იმ ანკლავურ და ვიწრო პარტიულ ლიდერებზე ვსაუბრობ, რომლებიც „ნაცმოძრაობაში“ არიან, თორემ „ნაცმოძრაობას“ სხვა შინაარსი აქვს და მის ყველა მხარდამჭერს ძალიან კარგად ვიცნობ.
_ ისე, მაშინაც, რამდენიმე წლის წინ, როცა „ნაცმოძრაობა“ დატოვეთ, ეს ანკლავური ლიდერები გებრძოდნენ?
_ დიახ, ასე იყო. სამწუხაროდ, ამას მეორედ შევეჩეხე… მეგონა, რომ გავასწორებდი, მაგრამ ერთხელ „ქართულ ოცნებაზე“ ვთქვი და ამ შემთხვევაშიც იგივეა, რომ კუზიანს სამარის მეტი ვერაფერი გაასწორებს. ყოველ შემთხვევაში, პრაქტიკულად, ასე გამოდის.
_ ჰოდა, ერთ მდინარეში მეორედ შესვლით, ანუ 2018 წელს ოპოზიციური გაერთიანება „ნაცმოძრაობასთან“ ერთად რომ შექმენით, შეცდომა ხომ არ დაუშვით?
_ წარსულზე „ჩაციკვლა“ არ მიყვარს.
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ მე ყოველთვის მომავალზე ვფიქრობ და ამიტომაც არ ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი! 2018 წელს მეც, ქალბატონმა თაკომ და საერთოდ, ყველამ ვაჩვენეთ, რომ 10, 12, 15 თუ თუნდაც 17-პროცენტიან მხარდაჭერაში ჩაკეტვაზე გაცილებით დიდი პერსპექტივა არსებობს. სხვათა შორის, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეს 17 პროცენტი „ნაცმოძრაობამ“ დიდი ვაივაგლახით მიიღო.
მოკლედ, ხომ იცით, ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც შევეცადეთ, მაგრამ მათ ეს პერსპექტივა ვერ დაინახეს და ისევ ვიწრო ანკლავური გზა აირჩიეს.
_ ბოლოს, ბატონო გიორგი, მითხარით, 31 ოქტომბრისგან რას ელოდებით?
_ 31 ოქტომბერს ოპოზიციური ძალების დიდ გამარჯვებას ველოდები!
_ თუნდაც თქვენი საუბრიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციური ძალები ძალიან ჭრელია. ამიტომ კონკრეტულად მითხარით, პირადად თქვენ, რას ელოდებით?
_ „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამარჯვების ის მთვარი ხერხემალი იქნება, რომელზედაც ახალი ხელისუფლება აეწყობა და რომელიც ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს დაიწყებს.
რაც შეეხება დღეს არსებულ ოპოზიციურ პარტიებს, ყველაფერ იმის მიუხედავად, რასაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აკეთებენ, ამ პარტიის მხარდამჭერები ამ აღმშენებლობის მთავარი მონაწილეები იქნებიან. პირადად მე კი ვაპირებ, რომ ამ კოალიციური მმართველობის პრემიერ-მინისტრი გავხდე!
_ ამ კოალიციურ მთავრობაში, რომლის პრემიერობასაც გეგმავთ, „ნაციონალები“ შემოვლენ?
_ შემოვლენ, აბა, სად წავლენ, სხვა რა გზა ექნებათ?!
_ ამას წინათ, ერთ-ერთი გამოსვლისას, განაცხადეთ, შურისძიებაზე კი არა, საქმეზე კონცენტრირებული პრემიერი ვიქნებიო. შურისძიება, მით უმეტეს, პოლიტიკური ნიშნით, ცხადია, დაუშვებელია, მაგრამ ადამიანები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. ამას როგორ მოახერხებთ, ბატონო გიორგი?
_ სამართლიანობის აღდგენა ძალიან მარტივია.
_ ანუ?
_ სასამართლოს რეფორმის მოდელით, რომელსაც ხელი მოვაწერე. საერთოდ, ყველაფერს, რასაც ვამბობ, ვასრულებ ხოლმე.
_ კერძოდ?
_ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლეები და ასევე სააპელაციო პალატების უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტება. სანამ ეს არ იქნება, კორუფციულ საქმეებსაც ვერ გამოვიძიებთ, მაგრამ ეს რეფორმა სამ თვეში გატარდება. საერთოდ, ყველამ, ვინც მოიპარა, ფული უნდა დააბრუნოს, ოღონდ მაღალი ავტორიტეტის მქონე სასამართლო ინსტანციამ უნდა თქვას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ფული მოიპარა.
_ უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა სასამართლომ კორუფციაში მონაწილეობა თქვენს თანაგუნდელს რომ დაუდასტუროს, მაინც დასჯით?
_ თანაგუნდელი კი არა, ჩემი შვილი და ძმაც რომ იყოს, დაცვის გარანტია არ ექნება! თუ ამას არ გავაკეთებთ, სახელმწიფოს ვერასოდეს ავაშენებთ!
_ ისე, თაკო ჩარკვიანის კოვიდინფიცირების გამო „სტრატეგია აღმაშენებელი“ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში გეგმებს ხომ არ შეცვლის?
_ მართალია, კორონავირუსი არ დამიდასტურდა, მაგრამ მეც თვითიზოლაციაში ვარ და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან შემდგომ ინსტრუქციებს ველოდები. ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა, რადგან ქალბატონი თაკო ხალხს ძალიან უყვარს, თუმცა ახალ მექანიზმებს შევიმუშავებთ, საარჩევნო კამპანია როგორ უნდა ჩავატაროთ!
_ იმედია, თაკო ჩარკვიანი მალე გამოჯანმრთელდება. ჰოდა, თქვენც და თაკოსაც წარმატებას გისურვებთ!
გიორგი აბაშიძე