რა შეიძლებოდა გამხდარიყო „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების რეალური მიზეზი?
5 ივლისს მოძალადე რადიკალების მიერ სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა, რის შემდეგაც მან სამართალდამცველ უწყებაში დარეკა და მათ შვილის გარდაცვალების შესახებ აცნობა.
ყველასთვის ცხადი იყო და არის, თუ რა გახდა ახალგაზრდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ვინაიდან ხელისუფლებას ლაშქარავას გარდაცვალების რეალური ვერსია არ აწყობდა, გადაწყვიტა, ცხედარი, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაეტაცებინა და სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის დახმარებით, გარდაცვალების ის ვერსია წარმოედგინა, რომელიც მას და მის მიერ წახალისებულ მოძალადე რადიკალებს აწყობდათ.
ბოლო დროის გახმაურებული საქმეებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას ყველაზე მეტად უჭირს მოიპოვოს ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც საქმის გახსნის მთავარი გასაღებია ხოლმე. გაურკვეველ ვითრებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც ამის ნათელი მაგალითია, _ ხელისუფლებამ ზუსტად ის დასკვნა დაადებინა ექსპერტიზას, რომელიც თავად აწყობდა, ხოლო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ბაჩალიაშვილის საქმის გახსნისთვის ჰაერივით აუცილებელი იყო, უბრალოდ, გაქრა და წაიშალა.
ბაჩალიაშვილის საქმისგან განსხვავებით, ლექსო ლაშქარავას საქმეში კამერების ჩანაწერების მობილიზება, ფაქტობრივად, 48 საათში მოხერხდა და შსს-მ დაიწყო კერვა. გამოჭრეს თარგი, შემდეგ დალამბეს და დააგვირისტეს, _ ასე მივიღეთ ლექსოს ნარკოტიკული საშუალებებით გარდაცვალების ვერსია, რომელსაც გაუგებარ დროს ჩაწერილი ვიდეომასალებითა და პროზექტურაში გადასვენებიდან 3 საათის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები ამყარებს.
იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო უწყებებმა და, ზოგადად, სამართალმა საქართველოში ნდობა და ფასი დიდი ხანია დაკარგა, „ტვ პირველმა“ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩართო.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რა შედეგი წარმოგვიდგინა რეალურად ექსპერტიზამ და რამდენად შეესაბამება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნაჩქარევი დასკვნა რეალობას?
_ ბატონო ალექსანდრე, რამდენად შეიძლება ვენდოთ იმ დასკვნას, რომელიც ასეთ მოკლე დროში დადო გამოძიებამ?
_ გამოძიებას ჯერ დასკვნა არ დაუდევს, გამოძიებამ გააჟღერა ინფორმაცია, _ ინფორმაციის მონაკვეთი, რაც კვლევის რეჟიმში აღებული არაერთი ანატომიური ობიექტის შედეგობრივ ნაწილს აჟღერებს. მთლიანობაში აღებულია არა მარტო ნარკოტიკულ ნივთიერებებზე სხეულის ქსოვილები, არამედ ობიექტები აღებულია ასევე შინაგანი ორგანოების ჰისტოპათოლოგიური კვლევისთვის და ა. შ. და ა. შ. მაგრამ მთლიანად ამ ნივთიერებების აღმოჩენა, ბუნებრივია, ცალსახად არ მიუთითებს იმაზე, რომ, დავუშვათ, რაღაც ზედოზირება იყო.
_ ბატონო ალექსანდრე, თუ არის შესაძლებელი, რომ უფრო დეტალურად შევეცადოთ მკითხველისთვის ვითარების ახსნას?
_ ამ ეტაპზე რა გვაქვს ხელთ? გამოძიება გვეკითხება, რა არის სიკვდილის მიზეზი? შემდეგ გვეკითხება,_ ეს სიკვდილის მიზეზი შეიძლებოდა თუ არა განპირობებულიყო მიღებული ტრავმებით? რა სახის დაზიანებები ჰქონდა? და ერთ-ერთი ბოლო შეკითხვა იყო, _ ხომ არ აღენიშნება ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული საშუალებების ან რაიმე მომწამლავი ნივთიერებების კვალი?
გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ პაციენტის სამედიცინო ბარათი. მას ჰქონდა საკმაოდ რთული ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში… ჩაუტარდა ოპერაცია, ძლიერი ტკივილების გამო 5 რიცხვიდან 8 რიცხვამდე უკეთდებოდა მორფინი, არაერთხელ, დღეში რამდენჯერმე. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა… მოტეხილობის წიაღებში ჰქონდა ჩაღვრილი სისხლი, გაწერამდე და გაწერის შემდეგაც მას გადაუღეს თავის ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ჯერ კიდევ აღენიშნებოდა გაწერისას სისხლჩაქცევები მოტეხილობის არეში. სისხლის არსებობა და შეშუპება თვალბუდის კუნთების არეში შესაძლებელი იყო ყოფილიყო რაიმე ინფექციის წყარო, რადგანაც სისხლჩაქცევა, რომელიც არ გამოდის გარეთ, ხშირ შემთხვევაში იწვევს გარკვეულ ინფექციურ გართულებებს. ამიტომაც როდესაც გაწერეს საავადმყოფოდან, მის ისტორიაში მითითებულია, რომ მას დანიშნული ჰქონდა მკურნალობის კურსი, რომლის მეშვეობითაც სისხლჩაქცევები უნდა გაწოვილიყო და ტკივილების შემთხვევაში უნდა მიეღო შესაბამისი მედიკამენტები.
_ რამდენ ხანში ჩაერთეთ საგამოძიებო მოქმედებებში? როდის მიხვედით სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში?
_ დამიკავშირდა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ხელმძღვანელობა და მითხრა, რომ მიცვალებული როცა გადაჰყავდათ სახლიდან პროზექტურაში, სურდათ, თავიდანვე ჩართულიყვნენ ამ გამოკვლევის პროცესში. ბუნებრივია, განვაცხადე თანხმობა. გაფორმდა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები ჩემსა და „ტვ პირველს“ შორის. დაახლოებით 12 საათისთვის მე უკვე მზად ვიყავი და პირველი ინტერვიუ მივეცი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, თუ არ ვცდები, მარიამი გახლდათ. მან მითხრა, რომ გამოძიება თანახმა იყო ჩემს ჩართულობაზე და შემეძლო შევსულიყავი პროზექტურაში. როდესაც მივედი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, იქ ჩამოვიდა თანამშრომელი და მითხრა, რომ მათ არ ჰქონდათ იმ დროისთვის გამომძიებლის ნებართვა მისული, რომლის საფუძველზეც უნდა შევსულიყავი და დავსწრებოდი ცხედრის დათვალიერების პროცესს. მე განვუცხადე მათ, რომ მანამდე ავიდოდი ჩემს ოფისში და დაველოდებოდი მათ შეტყობინებას. ალბათ, დაახლოებით, 2-3 საათი გავიდა მას შემდეგ და დამირეკეს. პროზექტურაში „საიას“ იურისტთან ერთად შევედი. დაიწყო გამოკვლევის პროცესი.
_ ლოგიკური იქნება, ალბათ, გკითხოთ: ამ დროის განმავლობაში გვამის დათვალიერება ან რამე სახის ზემოქმედება მასზე არ მომხდარა?
_ ჩემს მისვლამდე გვამის გამოკვლევა დაწყებული არ იყო და არც რაიმე სახის მანიპულაციის კვალი ეტყობოდა მას, ამას ცალსახად ვუსვამ ხაზს. ჩემი მისვლის შემდგომ დაიწყო გვამის ჯერ ზედაპირული დათვალიერება და შემდგომ უკვე გაკვეთეს. გამოკვლეულ იქნა თვის ქალა, მუცლის ღრუ და გულ-მკერდის ღრუ. გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა ქალა-სარქვლისა და ქალა-ფუძის მოტეხილობა, არ დადგინდა რაიმე სახის სისხლჩაქცევა (ჰემორაგიას რომ ეძახიან თავის ტვინის მიდამოებში), რომელსაც შეეძლო სიკვდილი გამოეწვია. შესაბამისად, გვრჩება იზოლირებულად თვალ-ბუდის მოტეხილობა, რომელიც ცალსახად მარტო თუ განვიხილავთ, მაშინვე რამე სასწაული გართულება თუ არ განვითარდა, ხაზს ვუსვამ, საავადმყოფოშივე, სიკვდილს ვერანაირად გამოიწვევდა. სხეულზე დაფიქსირდა გარკვეული სამედიცინო მანიპულაციები, ინექციების კვალი დუნდულოს არეში (ბუნებრივია, მას უკეთებდნენ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს). გარკვეულწილად, საზარდულის მიდამოებში ინექციების ორი საეჭვო უბანი ვნახეთ მარჯვნივ და მარცხნივ, მაგრამ ამას მე კატეგორიულად ჯერ ვერ ვიტყვი. ამ ორივე ადგილას კანის პრეპარატი ამოვიღეთ, მაკროსკოპულად ამოიჭრა ქვეშმდებარე ქსოვილებთან ერთად და გადაიგზავნა ჰისტოქიმიურ და ჰისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეისწავლიან და სამხარაულის ლაბორატორია საბოლოოდ იტყვის, ეს ნაწიბური ახალია, თუ ძველი და შეისწავლის, რაც მთავარია, არსებობს თუ არა ამ საეჭვო უბნების კანქვეშ რაიმე ნივთიერება და თუ არის, რა ნივთიერებაა და რა ხანდაზმულობისაა ეს საეჭვო უბნები. აღებულია შინაგანი გამოკვლევის შედეგად თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც კვლევისთვის აუცილებელია; ასევე გულის, ფილტვების, ღვიძლისა და ა. შ. უბნები.
_ ამ მონაცემების მიხედვით, რამე წინასწარი ვარაუდი შეიძლება, რომ გვქონდეს?
_ ამის შემდეგ მე გამოვედი გარეთ და ამ მონაცემების მიხედვით ხელთ მეჭირა წინასწარი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ეს იზოლირებულად აღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა და დანარჩენზე, თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რა მიმართულებით შეიძლება მსჯელობა, ეს შესაძლებელი იქნება ლაბორატორიული გამოკვლევების სრულად მიღების შემდგომ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ველოდებით, რომელიც, ალბათ, 20-25 დღეში იქნება, საინტერესოა შარდის ანალიზი ალკოჰოლზე და სხვა ქიმური ანალიზები, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი უთქვამთ. ანალოგიურად იქნება გაცემული ჰისტოპათომორფოლოგიური, ჰისტოქიმიური, ქიმიური დასკვნები, რაც უკვე ითქვა და ეს ყველაფერი ჯამურად თავს მოიყრის ერთ ექსპერტიზაში, რასაც ჰქვია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სასამართლო ექსპერტის პრეროგატივაა ითქვას, თუ რა არის სიკვდილის მიზეზი და არა _ ქიმიკოსების.
_ ანუ იმის თქმა გსურთ, რომ წინასწარი დათვალიერებით გარდაცვალების არანაირი რეალური მიზეზი არ გამოკვეთილა?
_ ბუნებრივია, გვამის გამოკვლევის დროს, მაკროსკოპულად, თვალით ვნახეთ გარკვეული არაერთი ცვლილება სიკვდილის გვარეობასათან მსგავსების თვალსაზრისით, მაგრამ პრიორიტეტს მივანიჭებთ და საბოლოოდ გამოიკვეთება ყველაფერი მაშინ, როდესაც ეს ლაბორატორიული შედეგი გვექნება.
მიმაჩნია, რომ, მაღალი ალბათობით, შედეგებიდან გამომდინარე, პროფესიონალური ინტუიცია მკარნახობს, ის ლაბორატორიაც ვერ მოგვცემს საბოლოოდ იმაზე მსჯელობის საშუალებას, თუ რა იყო გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამიტომაც დაგვჭირდება ორი მიმართულების სპეციალისტების ვიწრო პროფილის ექიმ-კრიმიცისტების ჩართვა. ერთი მიმართულებაა, პირობითად, დავუშვათ, რომ იყო ზედოზირება ან ნარკოტიკული საშუალებებით ინტოქსიკაცია. ზედოზირების დროს მაშინვე დგინდება ტრომბი და მისი გამოყვანა ცოტა რთულია, ინტოქსიკაციის დროს კი ნელ-ნელა ვითარდება, არა ელვისებურად და გარკვეული დროის მერე აღწევს კულმინაციას.
_ შესაძლებელი იყო იმ ნივთიერებების ერთად მიღება ან რა შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა მათ ურთიერთზემოქმედებისას? რამდენად რეალურად გეჩვენებათ შსს-ს დასკვნა?
_ ამ მიმართულებით ის ნივთიერებები, რაც შსს-მ ჩამოაყალიბა თავის გამოსვლაში, მე არ ვარ ნარკოლოგი, არ ვარ ტოქსიკოლოგი, არ ვარ ფარმაცევტი, მიუხედავად ამისა, ზოგადად კარგად ვიცი, რა არის კანაფი, კოდეინი და მორფი. ეს ყველამ იცის და თქვენც იცით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება კლინიკური ტოქსიკოლოგის ჩართვა, რომელმაც იცის, ამა თუ იმ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელიც ტოქსიკურ ეფექტს იწვევს და ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე, რა კლინიკური გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს? ასევე უნდა დადგინდეს, იმ ხუთი ნივთიერების რა რაოდენობა იყო ორგანიზმში, რომელიც არ უხსენებიათ. ამ ყველაფრის დადგენა შეუძლია ტოქსიკოლოგს. ასევე საინტერესოა, ეს ნივთიერებები ერთმანეთს აძლიერებს, ნეგატიურს ხდის უფრო ზემოქმედებას ორგანიზმზე თუ არა და დროის რა ინტერვალში მოქმედებს? თუკი, დავუშვათ, დღე გაიკეთა ეს წამალი, რომელი საათი იყო? ეს ინფორმაცია ოფიციალურად უნდა წარმოადგინოს გამოძიებამ. შემდეგ ამ ტოქსიკოლოგსა და ნარკოლოგს (შესაძლებელია, ფარმაცევტიც ჩავრთოთ) უნდა ვკითხოთ, თუკი აწგარდაცვლილმა პრეპარატი მიიღო ამა და ამ საათზე, შესაბამისად, ამა და ამ პრეპარატებს რა კუმულაციის დრო აქვთ ორგანიზმში? ოთხივეს ერთად ხომ ვერ მიიღებდა? საკმაოდ რთული სამსჯელოა და შეეძლო თუ არა დროის ამ ინტერვალში, ტყიდან სახლში მისულს, დაწოლილიყო და დილას დამდგარიყო ლეტალური შედეგი? _ ეს არის ერთი მხარე, რომელსაც გამოძიება აღნიშნავს.
_ ეს არის ის, რასაც გვეუბნება გამოძიება, მაგრამ ამის გარდა ჩვენ გვაქვს რეალობა და შემდეგი მოცემულობა: ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მოძალადე რადიკალებმა მიაყენეს უმძიმესი დაზიანებები, რომელიც არავის მოუგონია და ამის დამადასტურებელი კადრები არსებობს. ამ მხრივ არ უნდა იმსჯელოს გამოძიებამ?
_ მეორე მიმართულება გვაქვს თვალბუდის მოტეხილობა, რომელიც სასიკვდილო არ არის, როგორც გითხარით. მაშინ საკითხი ისმის შემდეგნაირად, _ რა ნეგატიური მოქმედებები შეიძლებოდა გამოეწვია ამ მოტეხილობას ორგანიზმში იმ ნარკოტიკული საშუალებების არსებობისას? ღებულობდა თუ არა ეს პიროვნება ანტიბიოტიკურ მკურნალობას, სანამ გაეწერებოდა საავადმყოფოდან და რა გართულებები, თუნდაც, არასასიკვდილო, შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ტრავმას 8 რიცხვიდან 11 რიცხვამდე? _ უფრო 10 რიცხვამდე, ასეც შეგვიძლია ვთქვათ. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლი არ იყო გაწოვილი და შეშუპება იყო კუნთების, რბილი ქსოვილების ირგვლივ, ასეთ დროს რა ნეგატიური ზემოქმედება შეიძლებოდა გამოეწვია? ასევე ისმის კითხვა, _ იყო თუ არა საშუალება იმისა, რომ ტვინზე მოეხდინა რაიმე სახის ზემოქმედება ან დაემძიმებინა ეს ტოქსიური ეფექტი, ან არა? ამისთვის კიდევ უნდა ჩავრთოთ საგამოძიებო საკითხებში ნევროპათოლოგი, ასევე გვჭირდება ინფექციონისტი და ყბა-სახის ქირურგი. ამ ორი ვიწრო პროფილის მიმართულების წარმომადგენლების დასკვნების საფუძველზე და გვამის მაკროსკოპიული დათვალიერების საფუძველზე, რომელზედაც უკვე ვისაუბრეთ, ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ, რეალურად რა გახდა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი.
_ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ლექსო ლაშქარავას საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ჩაერთვებით თუ არა მის მუშაობაში?
_ საგამოძიებო კომისია არ ვიცი, რაც შეეხება ექსპერტთა კომისიას, როგორც გითხარით, შესაძლებელია, 99% დადგეს მისი შექმნის საჭიროება. მაღალი ალბათობით, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. მანამდე კი უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას, რომელსაც 25, ანუ, მაქსიმუმ, ერთი თვე დასჭირდება.
ასეთია დამოუკიდებელ ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის პოზიცია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე, განხორციელებული საგმოძიებო მოქმედებების შესახებ. მკითხველს კი კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება იყო ბოლო წვეთი, რის შემდეგაც მედია ქუჩაში გამოვიდა და ის ამ დრომდე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და 5 ივლისის საქმეში მოქმედი ყველა მოძალადისა და მათი წამხალისებლების დასჯას მოითხოვს.
გიგა გელხვიიძე