რა ღირს 26 მაისი ?

26 მაისის ღონისძიებამ განაპირობა ჩვენი ინტერესი, გაგვერკვია, ვინ ჩაატარა საზეიმო ცერემონიალი და როგორ განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვები.
როგორც აღმოჩნდა, უახლესი ხელშეკრულებაც სწორედ 26 მაისს უკავშირდება.

ეს გახლავთ სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ შპს „ტოპ გრუპთან“ გაფორმებული შესყიდვა, რომლის პირობას წარმოადგენს „26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გარე და სოციალური/ციფრული მედია-სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა-აღსრულების მომსახურება“.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 339 350 ლარს.
ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პირები.
ხელშეკრულების დადების თარიღია _ 24.05.2019 წ.
შპს „ტოპ გრუპის“ დამფუძნებლები არიან:
ვახტანგ ვახტანგიშვილი 25% (შპს „ინთელიჯენთ ბიზნეს გრუპი“, ESM-თბილისის სტუდენტური კავშირი, შპს „რაც არ უნდა მოხდეს“);
გიორგი ბურჭულაძე 25% (საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია, შპს „რაც არ უნდა მოხდეს“, შპს „ათასში ერთი“, ESM-თბილისის სტუდენტური კავშირი);
ლევან ლეფსვერიძე 25% (შპს „ქენდი“, შპს „კანჯორჯია“, შპს „რაც არ უნდა მოხდეს“);
ირაკლი თევზაძე 25% (შპს „ნოვერთი გრუპ ჯორჯია“, შპს „არეალი ინქ. “, ESM-თბილისის სტუდენტური კავშირი, შპს „რაც არ უნდა მოხდეს“).
კომპანიას 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე 23 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული.
მათ შორის საყურადღებოა რამდენიმე:
2016 წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის საიმიჯო ვიდეორგოლი (40,999 ლარი);
2016 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია _ თურქეთში, იტალიაში, ყატარსა და ქუვეითში სარეკლამო კამპანიის ორგანიზება (1,012,990 ლარი);
2017 წელს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, ისრაელში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, თურქეთში, გაერთიანებულ საემიროებში ზამთრის ონლაინ სარეკლამო კამპანიის ორგანიზება (2,194,500 ლარი);
2017 წელს თურქეთში ზაფხულის ონლაინ სარეკლამო მომსახურება (280,800 ლარი);
2017 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის“ ფარგლებში სარეკლამო კამპანია (220,922 ლარი).
ტენდერში მონაწილეობდა ხუთჯერ, თუმცა გამარჯვებულია მხოლოდ სამ შემთხვევაში.

1. სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“:
მობილური აპლიკაციის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს პაციენტს, მისთვის სასურველ დროს მიიღოს მედიკამენტები. მედიკამეტის მიღების პროცესი ჩაიწერება აპლიკაციის მიერ და შემდგომ ღილაკზე ერთი დაჭერით აიტვირთება სერვერზე.
15.06.2017 წ. _ 138,637 ლარი;
2. საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ საქართველოს პარლამენტის ინტერნეტ პორტალისთვის ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაბამისი დაცვის სისტემის გამოყენებით.
11,300 ლარი (ხელშეკრულების ვადები და პირობები შეცვლილია);
3. კონკურსი, გამოცხადებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.
კომპანიამ (129,600 ლარი) გაიმარჯვა შპს „ჯეპრასთან“ (127 000 ლარი),
ხელშეკრულება შეიცვალა ორჯერ. ამჟამად თანხა შეადგენს 167341 ლარს. ხელშეკრულებას ვადა გასდის ივლისში.
სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვაა შპს „მეტრო ფილმ პროდაქშენთან“ გაფორმებული ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს 26 მაისის სარეკლამო რგოლის გადაღება-დამზადების მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 247 937,04 ლარს.
კომპანია შექმნილია 2018 წლის ნოემბერში, თუმცა მის დამფუძნებლებს ამ ბაზარზე მოღვაწეობის არაერთწლიანი გამოცდილება აქვთ.
კომპანიის მფლობელები არიან:
ალექსანდრე გაბილაია 20% (შპს „ელეფანტ ფილმ“ს ELEPHANT FILMS, შპს „რადიოაქტივფილმ ჯორჯია“);
მაია გურაბანიძე 20% (შპს „რადიო აქტივფილმ ჯორჯია“, საქართველოს ახალგაზრდა რეჟისორთა კავშირი „ახალი სტუდია“);
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი 60% (შპს „მეტრო გლობალი“, შპს „სტუდია მეტრო“, შპს „მეტრო ფილმ სტუდიო“, შპს „კომპანია მედიასტრიმი“, შპს „დომინგო“, შპს „ემ აი ბი“).
სტუდია მეტროს სამი გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული (2012 წელს 279,178 ლარი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან, ხოლო 2014-15 წლებში 200,720 ლარი და 214,000 ლარი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან).
2018 წლის ოქტომბერში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი და ქართული საპროდიუსერო კომპანიები, კერძოდ Sarke Studio, Metro Production, 20 steps Productions, Film Asylum და Silk Factory Studio მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე წარდგნენ. ბოჭორიშვილის ბიზნესპარტნიორია კობა დავარაშვილიც _ „სარკე სტუდიოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
კიდევ ერთი საყურადღებო გამარტივებული შესყიდვაა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელშეკრულება შპს Unique Learning-თან.
ღირებულება 930,300 ლარია, ხოლო საგანი გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაა.
კომპანიას წარმოადგენენ მაია გურგენიძე 50% (შპს „ინგლისური წიგნი საქართველოში“) და მამუკა გურგენიძე 50%. დირექტორია მიხეილ გურგენიძე (შპს „ჯი ენდ ჯი იუნივერსალ“).
კომპანიას 2012 წლიდან უფიქსირდება 21 გამარტივებული შესყიდვა. ბოლო ხელშეკრულება ყველაზე მსხვილბიუჯეტიანია.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვაა 1,866,350 ლარის ხელშეკრულება შპს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენთან“ (ზემოთ ნახსენები შპს „ინგლისური წიგნი საქართველოში“).
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 2019 წლის 16 მაისს გამარტივებული ხელშეკრულება დადო შპს „ენერჯი ინვესტი 2009-სთან“.
პრემიერ ბახტაძის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულებით (#902) კომპანიას მიენიჭა უფლება, გამარტივებული შესყიდვის წესით ისარგებლოს.
შესყიდვის მიზანია წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ქალაქისა და დაბის გაზიფიცირება.
კომპანიას წარმოადგენენ:
გოჩა გოგიტიძე 5%
მერაბ ქოქოლაძე 95% (შპს „ევროსკანი“, შპს „გმ გროუპი“, შპს EKO NATURAL GAS, შპს „ეკო ნატურალ დიზელი“, შპს „თეგა“, შპს „ტერმინალი 99“, შპს „პლასტიკ პროდუქცია“, შპს „ზვარე 1961“, შპს „ზუნდაგი“).
გოგიტიძე და ქოქოლაძე 2012 წელს პარტია „საქართველო არ იყიდებას“ შემომწირველები არიან, ჯამურად 115 000 ლარით (გიგა ნასარიძის მიერ დაფუძნებული პარტია).
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ მხოლოდ ორი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „ენერჯი ინვესტი 2009-სთან“. 2016 წელს 1,604,769 ლარის, ხოლო 2019 წელს _ 2,600,000 ლარის.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 24.05.2019 წელს კიდევ ერთ ხელშეკრულებას აფორმებს. შპს „ბილდინგ-დეველოპერს“ 5,829,968-ლარიანი გამარტივებული შესყიდვა უფორმდება წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ქალაქისა და დაბის გაზიფიცირებისთვის აუცილებელი სამშენებლო სამუშაოებისთვის.
კომპანიას 2012 წლის ივლისიდან გაუფორმდა 19 გამარტივებული შესყიდვა.
მათ შორისაა კიდევ ერთი _ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“.
ამჯერად 1,218,222 ლარის ღირებულების, პრემიერის #902 განკარგულებით გათვალისწინებული, თავისივე შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობისთვის.
ამავე დროს, მონაწილეობს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ 2019 წლის 2 მაისს გამოცხადებულ 4 ტენდერში, რომელიც შერჩევა-შეფასების სტადიაშია.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვა _ შეთავაზებული თანხა 850 000 ლარია;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭალისა და აცანის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვა _ 1,391,238 ლარი;
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვა _ 59,056 ლარი;
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულიწყუს გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვა _ 535,595 ლარი.
კომპანიას მოგებული აქვს 102 ტენდერი.
სოფელ მეჯვრისხევში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია; სოფელ მეჯვრისხევში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ფიქსირდება ვადაგადაცილება 1750 დღე, ხოლო შეთავაზებული თანხა 699,999 ლარი ჩანაცვლებულია 769 086 ლარით.
დღევანდელი მდგომარეობით დაფიქსირებულია მთლიანი თანხის 74%-ის ჩარიცხვა (565,598 ლარი).
ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალის დასახლებისა და აგარაკების წყალმომარაგების სამუშაოების (II ეტაპი) სახელმწიფო შესყიდვისას ფიქსირდება ვადაგადაცილება 125 დღე.
თანხა შემცირებულია 287 752 ლარიდან 267 399 ლარამდე; შეცვლილია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა. ჩარიცხულია 94% (252,581 ლარი).
კომპანიის მფლობელი და დირექტორია ალექსი სიხუაშვილი.
2018 წელს გურიანიუსში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო 2015 წლის 18 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერზე _ ღირებულებით 1 480 690 ლარი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ბილდინგ-დეველოპერმა“ ტენდერი 1 184 969 ლარად მოიგო.
სამუშაოები 2015 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო და 2016 წლის 21 ოქტომბერს დასრულდა. როგორც მერიაში აღნიშნავენ, ობიექტმა ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გაიარა, თუმცა, ჯუმათელების თქმით, სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდ შესრულდა და სწორედ ესაა მიზეზი, რომ სოფელს წყალი არ მიეწოდება.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შესრულებისას არ გამოიყენეს ე. წ. ქვიშის ბალიშები, რაც ასევე იწვევს მილების დაზიანებას, რადგან თხრილი, სადაც მილებია ჩაყრილი, ქვა-ღორღით არის დაფარული.
აღნიშნული საკითხი არაერთხელ გახდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატების დაპირისპირების თემა _ ენმ-ს ლიდერებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლების პროექტების არაკანონიერად განხორციელებასა და კორუფციაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, უკვე დასრულებულ პროექტში, წყალთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ 85 000 ლარი უნდა გადარიცხოს დამატებით, რადგან დაზიანებული მილები შეკეთებას მოითხოვს.
შპს „ბილდინგ დეველოპერის“ წარმომადგენელი, დავით ბექაური, „გურია ნიუსთან“ აცხადებდა, რომ მათ პროექტში სამუშაოების შესრულების დროს არ ჰქონდათ განსაზღვრული, მილების ჩადების დროს გამოეყენებინათ ე. წ. ქვიშის ბალიშები და რომ არანაირი კანონდარღვევით არ შესრულებულა სამუშაოები _ ყველაფერი გაკეთდა ისე, როგორც პროექტით იყო განსაზღვრული.
კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვაა შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ ესპანურ კომპანია Indra Sistemas S.A.-სთან 5-წლიანი ტექნიკური მხარდაჭერისთვის დადებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 2,835,185 ევროა.

ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო შპს „ჯორჯიან ინჟინირინგთან“ 554,523-ლარიან ხელშეკრულებას დებს ბათუმში, რუსთაველის #10-ში მდებრე მრავალბინიანი შენობის ფასადის სამუშაოებისათვის.
კომპანიის მფლობელები არიან:
დავით ხუციშვილი 50%;
ალექსანდრე ნინუა 50%;
დირექტორი _ ზურაბ ესვანჯია.
კომპანიას მიღებული აქვს 5 გამარტივებული შესყიდვა და მოგებული აქვს 6 ტენდერი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შპს „ვანილა ივენთთან“ გააფორმა 224,400-ლარიანი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 25-26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სვანეთში _ ქ. მესტიაში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზებისათვის.
კომპანიას 2012 წლის შემდეგ 130 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული,
მათ შორის, ერთ-ერთი უკანასკნელია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ორგანიზების კიდევ ერთი ხელშეკრულება ამჯერად სსიპ „შემოქმედებით საქართველოსთან“, ღირებულებით 174,487 ლარი.
კომპანიის დირექტორი და მფლობელია თინათინ ნიჟარაძე (ასევე პარტია „საქართველო არ იყიდებას“ დამფინანსებელი 60 000 ლარით).
2019 წლის 21 მაისს თბილისის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპს“, ზღვის უბნის მე-9 კვარტალსა და გურამიშვილის ქუჩა #41 გ-ს შორის ფერდის გამაგრების შესყიდვაზე, ღირებულება 2,000,000 ლარია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ახალი კომპანია 2018-ს“ 236,016 ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისთვის.
საინტერესოა, რომ კომპანია 2018 წელს შეიქმნა, მისი მფლებელია ოთარ ბუზარიაშვილი (შპს „ჩალიუსი“, შპს „მშენებელი 20“).

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვა გაფორმებულია შპს „დიდგორთან“ პრემიერის ზემოთ ნახსენები #902 განკარგულების ფარგლებში.
დიდგორის მფლობელია ვალერიან ბექაური. ბექაური ასევე „წალკაგაზის“ დირექტორია.
შპს „წალკაგაზი“ სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა.

ბოლო შესყიდვა, რომელზედაც ყურადღებას ვამახვილებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაა და გაფორმებულია შპს „ჯორჯიან ენერჯი“ _ Georgian energy-სთან.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენის პრევენციული ღონისძიების სამუშაოები. ღირებულება _ 3 000 000 ლარი.
კომპანიას 2017 წლიდან 8 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
მოგებული აქვს 2 ტენდერი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
12,543,951 ლარი მდინარე დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები.
ჩარიცხულია 12,028,735.24 ლარი (96%).
ვადაგადაცილება _ 296 დღე.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ _
ბულდოზერის დაქირავების მომსახურება.
70,200 ლარი.
კომპანიის მფლობელები არიან:
ზვიად ჩხობაძე (შპს „დელივერ ტრანს“, შპს „ნიუ ბილდინგ ენერჯი“, შპს „ჯორჯიან ქონსტრაქშენ“);
ბიჭიკო პაიკიძე (შპს B.P. TRANS, შპს „ჯორჯიან ქონსტრაქშენ“, შპს „სერვის კომპანი“, შპს „გეო ლოდი“, შპს „ბაი ენდ ბ. პ. “).
ჩვენ განვიხილეთ 15 გამარტივებული შესყიდვა, რომელთა ღირებულება აღემატებოდა 200 000 ლარს (გარდა ერთი შემთხვევისა).
მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ წარმოდგვედგინა მეტ-ნაკლებად ლაკონიური და ადეკვატური ინფორმაცია კომპანიებისა და შესყიდვის ტიპის აუცილებელი გარდაუვალობის შესახებ. კითხვები ბევრია…
მაგალითად:
რატომ არ შეიძლებოდა ამ შესყიდვების დაგეგმვა წინსწრებით?
26 მაისის ღონისძიების თარიღი ცნობილია და გაუგებარია, რატომ სჭირდებათ მისი ნაჩქარევად და გადაუდებელი აუცლებლობით განხორციელება, როდესაც არსებობს ტენდერის ჩატარების არაერთი შესაძლებლობა?
იგივე შეიძლება ითქვას დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სოფლებისა და დაბების გაზიფიკაციაზე.
სასკოლო სახელმძღვანელოების ტენდერით შესყიდვაც არ უნდა ყოფილიყო რთული საქმე.
რატომ ირჩევენ გამარტივებულ შესყიდვას?
ეს შეკითხვა, სამწუხაროდ, დღემდე აქტუალურია, იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში ბევრი ექსპერტი და ორგანიზაცია მიუთითებს არაეკონომიური ხარჯვის, არაკონკურენტული გარემოსა და კორუფციის მაღალი რისკის შესახებ.

ვატო გელაშვილი