რა მოყვა შაქარაშვილის პროცესზე კინოლოგმა?
19 წლის გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომები მიმდინარეობს.
„ქრონიკა+“-სთან საუბრისას ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კინოლოგის ჩვენებას.
მამულაშვილის თქმით, კინოლოგის ჩვენება ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების აბსურდულობაზე მეტყველებს და ბრალდების მხარის ვერსია საერთოდ თავდაყირა დადგა.
უფრო კონკრეტულად, რა მოყვა შაქარაშვილის პროცესზე კინოლოგმა და რა მოლოდინი აქვს დაცვის მხარეს? – ამის შესახებ „ქრონიკა+“ ვასილ მამულაშვილს ესაუბრა:
– როგორ მიმდინარეობს სასამართლო სხდომები და რა ეტაპზეა საქმე?
– ჩვენ უკვე ათეულობით პროცესი ჩავატარეთ. დაცვის მხარე თავიდანვე ვაცხადებდით, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც ბრალად წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობას შექმნიდა. ეს დღითი დღე უფრო დასტურდება ყოველი მოწმის დაკითხვის დროს, ჩვენ არათუ დადასტურებას არ ვიღებთ ამ ბრალად წარდგენილ დანაშაულთან დაკავშირებით, არამედ პირიქით – დგინდება ბრალდების მხარის უსუსურობა. ამასთან, წარმოჩინდება საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების არაკომპეტენტურობა, ასევე დგინდება, რომ საგამოძიებო ორგანოს გამოძიების პროცესში არაერთი უკანონობა აქვს ჩადენილი. ამ უკანონობების მიუხედავად, ყველა დაკითხული მოწმე ერთხმად აღნიშნავს, რომ ისინი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არ ფლობენ არანაირ ინფორმაციას. გაგრძელებაც იდენტური იქნება, არც ერთ მოწმეს არ ველოდებით ისეთს, რომელიც ამ დანაშაულის დასადასტურებლად საჭირო და რელევანტურ ინფორმაციას მისცემს სასამართლოში დაკითხვისას.
– სასამართლო სხდომებზე რა გამოიკვეთა ისეთი, რაც წარდგენილი ბრალდების მხარის აბსურდულობაზე მეტყველებს?
– წინა პროცესზე დაიკითხა კინოლოგი, რომლის ჩვენებაც ძალიან მნიშვნელოვანია. კინოლოგი ბრალდების მხარის მოწმე იყო. ბრალდების მხარე ცდილობდა, რომ აღნიშნულით შეექმნა ვერსია, თითქოს აწ გარდაცვლილი შაქარაშვილი ჩავიდა მდინარესთან და სწორედ აქ იკარგებოდა მისი კვალი, თუმცა სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია მივიღეთ კინოლოგისგან, რომელიც წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს. მან სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შეკითხვების დროს განმარტა, რომ კვალი იკარგება არა მდინარესთან, არამედ მაღლა, არაგვის ხიდის ქვეშ არსებულ გზაზე. ამასთან, დამატებით განიმარტა, რომ ძაღლი შაქარაშვილის ფეხსაცმლიდან სუნის აღების შემდეგ (როგორც საქმის მასალებით დგინდება, ეს ფეხსაცმელი ბიძამ წარადგინა) ჩავიდა არაგვის ხიდის ქვეშ არსებულ ბილიკზე, მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა მდინარესთან ძაღლი არ გაჩერებულა. ჩვენს დამატებით შეკითხვაზე: თუ შაქარაშვილი წყალში შევიდოდა, ძაღლი დაკარგავდა თუ არა კვალს დაბლა, მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე? – კინოლოგმა დაგვიდასტურა, რომ ძაღლი სწორედ დაბლა, მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგავდა კვალს. ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ ძაღლს კვალი მდინარესთან არ დაუკარგავს, ძაღლი მდინარიდან ამობრუნდა უკან და ძაღლმა კვალი დაკარგა მაღლა ამოსვლის შემდეგ, არაგვის ხიდის ქვეშ გზაზე.
– რას ცვლის კინოლოგის ეს კონკრეტული ჩვენება?
– ბრალდების მხარის ვერსია, თავიანთი წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საერთოდ თავდაყირა დადგა. თუ დავუშვებთ, რომ შაქარაშვილი დაბლა იყო ჩასული და ძაღლის ამ შედეგებს ვენდობით, იგივე ამ კინოლოგის ჩვენებიდან გამომდინარეობს, რომ შაქარაშვილი უკან დაბრუნდა და ის ვერსია, რომ თითქოს ის წყალში გადააგდეს თუ დაახრჩვეს, ფიზიკურად გამორიცხულია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, იგივე კინოლოგის შედეგებიდან გამომდინარე, ძაღლს კვალი დაბლა უნდა დაეკარგა და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ამოსულიყო მაღლა. დაისვა შეკითხვები, – იყო თუ არა შესაძლებელი, ჩასვლის შემდეგ კვალი დაეკარგა და ერთ წრეზე ევლო? თუმცა კინოლოგებმა განმარტეს, რომ კვალის დაკარგვის შემდეგ ძაღლი ჩერდება. მისი ქცევებიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება დადგენა, თუ სად წყდება კვალი. შესაბამისად, დადგინდა, რომ კვალი წყდება მდინარის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოსვლის შემდეგ გზაზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბრალდება ყოვლად აბსურდულია და იმ რეალურ დამნაშავეებს (თუ ასეთები არსებობენ და ეს მკვლელობაა და არა უბედური შემთხვევა) ბრალდების მხარემ ვერ მიაგნო. ეს კი მოხდა ბრალდების მხარიდან არასწორი ვერსიების ფორმირებით, შემდგომში არასწორი ვითომდა მტკიცებულებების მოძიებით, რაც, საბოლოო ჯამში, უალტერნატივოდ გამოიწვევს იმას, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი.
– რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ სასამართლო თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებთან მიმართებით გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს?
– მიუხედავად იმისა, რომ დღეს მართლმსაჯულება ბოლომდე თავისუფალი არ არის, რაც არ უნდა მიკერძოებული იყოს მოსამართლე, ფიზიკურად გამორიცხულია, რომ არარსებული მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. ვინაიდან ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ და დღესაც ამას ვაცხადებთ, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ბრალდებულების შემხებლობა შაქარაშვილთან, ამის არანირი მტკიცებულება არც ბუნებაში და არც საქმეში არ არსებობს. მხოლოდ ვარაუდები ისმის ამასთან დაკავშირებით და ცხადია, ეს ვარაუდები ვარაუდებად დარჩება, ვინაიდან სასამართლოს ვარაუდის საფუძველზე არ გამოაქვს განაჩენი. გარდა ამისა, აღვნიშნავ იმასაც, რომ ვარაუდიც კი გარკვეულ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, ვარაუდისთვისაც კი არ არის საკმარისი მტკიცებულებები. ის, რომ ბრალდებულებს შემხებლობა ჰქონდათ შაქარაშვილთან, ეს მხოლოდ პროკურორების ვარაუდია და საქმის მასალების მიხედვით ვარაუდის საფუძველიც არ გაგვაჩნია, რომ სახეზე გვაქვს ზოგადად მკვლელობა პირების მხრიდან, ეს არ დგინდება არც ექსპერტიზის დასკვნებით. ამასთან, მკვლელობის ფაქტის დადგენის დაშვების შემთხვევაშიც კი ფიზიკურად არ დგინდება, რომ უშუალოდ ამ ხუთი ბრალდებულის ქმედებების შედეგად დადგა ეს შედეგი. შესაბამისად, ყოვლად გამორიცხულია, რომ ეს განაჩენი გამამართლებელის გარდა სხვაგვარი იყოს.
სასამართლო ფორსირებულ რეჟიმში ცდილობს სხდომების ჩატარებას. ჩვენ კვირაში ოთხი დღე, 11:00-დან 20:00-მდე, ვართ სასამართლო სხდომის დარბაზში. აღნიშნული დაჩქარება უკანონოა, ვინაიდან არანაირი დაჩქარების აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან აღნიშნულ საქმეზე ვადები არ გვაქვს განსაზღვრული, თუმცა თუ ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ მივყვებით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში, – გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად დადგეს განაჩენი. თუ სასამართლო იტყვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ, დაცვის მხარე ამისთვისაც მზად ვართ, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მოლოდინი არ არის აბსტრაქტული, არამედ გამომდინარეობს მტკიცებულებიდან, რომელიც ცალსახაა.
ნენე ინჯგია