რა მოითხოვა ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ
ოპოზიციის რიგებში განხეთქილება მწიფდება. როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია „ლელო“ ცდილობს თავად გახდეს ოპოზიციის მამოძრავებელი ძალა. „ლელოს“ ლიდერების აზრით, ოპოზიციის შეხვედრები მათ ოფისში უნდა გაიმართოს. იქ გამართულ თავყრილობებს კი „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებლი“ და „ევროპული საქართველო“ უნდა დაესწრონ. დანარჩენ ოპოზიცია კვლავინდებურად შალვა ნათელაშვილის ოფისში უნდა შეიკრიბოს. მათი შეხვედრის ადგილი შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ოფისიც გახდეს.
„ლელო“ მათი პარტიული ოფისის ოპოზიციის ცენტრად გამოცხადებაზე ხმამაღლა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ალაპარაკდა. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მელია დაიჭირეს, ახლა აქ (ნაციონალების ოფისში) რაღა გვინდა და „ლელოს“ ოფისში შევიკრიბოთო.
ამაზე რამდენიმე ოპოზიციურ ლიდერს ჰქონდა მკვეთრი რეაქცია. მათ ჯაფარიძეს უთხრეს, რომ უხერხულია იმ პარტიისთვის ზურგის შექცევა. სადაც ლიდერის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. უთხრეს ისიც, რომ არც შალვა ნათელაშვილის ოფისი იყო დასაწუნი.
ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ეს ნაციონალების მიმართ დიდი უმადურობაა. საპარლამენტო არჩევნების დროს ნაციონალებმა მას დაუჭირეს საბურთალოზე მხარი და არა ოპოზიციის ერთიან კანდიდატ ოქრუაშვილს, როგორც ამაზე სხვა პარტიებთან იყვნენ შეთანხმებული.
ოპოზიციური პარტიების ნაწილის უარის მიუხედავად, „ლელო“ თავისას მაინც არ იშლის. მათ მხარს უჭერენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“ და ელენე ხოშტარია. ამის გამო უკვე სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია. ვითარების განმუხტვას რაღაცნაირად ცდილობს გიგი უგულავა. თუმცა რაც დრო გადის, მას ამის გაკეთება სულ უფრო უჭირს.
შორენა მარსაგიშვილი