„რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველდღე უფრო დამოკიდებული ვართ რუსეთზე“
მიხეილ ხაჩიძე
„ოცნების“ ტყვეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი, ერთ-ერთია, რომელიც სუსმა „სახელმწიფო გადატრიალების“ შესახებ სავარაუდო გეგმის ავტორად დაასახელა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა“ იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას გეგმავს „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი“. მათი განცხადებით, ამის საბოლოო მიზანი არის „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“.
დეპარტამენტის თანახმად, „დესტრუქციული პროცესების“ დასაწყებად ეს კონკრეტული თარიღები იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ პერიოდში ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. მათი თქმით, „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულთა მოლოდინი“ გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ. სუსი საუბრობს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის, მამუკა მამულაშვილზე.
სუსის ამ ბრალდებებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ონლაინინტერვიუ ჩაწერა მიხეილ ბატურინთან. გადატვირთული განრიგისა და ფრონტზე არსებული ვითარების მიუხედავად, მან ჩვენთან საუბარი მოახერხა. ქართველი მეომარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ოკუპანტების დასამარცხებლად და უკრიანისა და საქართველოს გამარჯვებისთვის ფრონტზე იბრძვის. „ვეხმარები უკრაინელ ძმებს, რომ დავამარცხოთ ეს ურდო უკრაინაში, ვეხმარები უკრაინელებს თავისუფლებისა და გამარჯვებისათვის ბრძოლაში“, _ აცხადებს იგი.
ქართველი, რომელმაც ირპინის, ბუჩისა და ჰოსტომელის განთავისუფლებაში მიიღო მონაწილეობდა, ხერსონისა და ბახმუტის დასაბრუნებლადაც იბრძოდა. იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მორიგი „გადატრიალების“ შესახებ ბრალდებას „სრულ ბოდვას“ უწოდებს.
ამასთან, მიხეილ ბატურინი ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსული ნარატივით მართავს ქვეყანას და ცდილობს დაგვაშოროს ევროპას, დასავლეთს, ცივილიზებულ სამყაროს და უფრო მეტად დამოკიდებული გაგვხადოს რუსეთზე. „დაშინების მექანიზმი უკვე მოქმედებს. შეხედეთ, რამდენი ქართველი მიდის ემიგრაციაში, მარტო ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ მიდიან, არავითარ შემთხვევაში, რეპრესიები მოქმედებს. პოლიციელები, ჯარისკაცები გარბიან. არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ქვეყანაში არ დარჩნენ მებრძოლები, არ დარჩნენ თავისუფლების მოყვარული ადამიანები და მაქსიმალურად დაიმონონ, დაიმორჩილონ ისინი“, _ განმარტავს იგი.
მიხეილ ბატურინი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაიორია და უკრაინაში ტაქტიკურ დანაყოფ „სარანგის“ მეთაურია.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მიხეილ ბატურინთან:
_ მიხეილ, სუსის ბრალდებებზე რას იტყვით, როგორია თქვენი შეფასება ამ რაღაც კონსპირაციულ შეთქმულებებზე?
_ ეს არის სრული ბოდვა. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის. მამულაშვილთან არ მაქვს არანაირი ურთიერთობა, არც ვიცნობ. გიორგი ლორთქიფანიძეს, კი ბატონო, ვიცნობ, მაგრამ არანაირი კავშირი არ მაქვს, გამარჯობა-ნახვამდით იფარგლება ჩვენი ურთიერთობა, თუ სადმე გადავიკვეთეთ. ბოდვა არის იმიტომ, რომ იქ ლაპარაკია აფეთქებებზე, ეს არის სრული სისულელე. ყველა ქართველი, ვინც აქ ომობს და ეხმარება უკრაინას, არის პატრიოტი და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი. არც ერთ ჭკუადმყოფ ადამიანს არ მოუვა აზრად, რომ ქართველმა მეომარმა რაღაც ტერორისტული აქტი ჩაიდინოს საკუთარ ქვეყანაში, თავისი ერის წინააღმდეგ. რომელ ავადმყოფურ ტვინში უნდა დაბადებულიყო ასეთი აზრი, წარმოუდგენელია სრულიად.
_ კონკრეტულად რისთვის დასჭირდათ თქვენი სახელის გამოყენება? რატომ გადმოგწვდნენ მაინცდამაინც თქვენ, ამაზე თუ გიფიქრიათ?
_ პირველი _ ფარცხალაძის თემის გადაფარვით, გადატანა უნდოდათ ყურადღების, მაგრამ უნიჭოდ იყო გაკეთებული, სასაცილოდ არ ჰყოფნის ხალხს, ვინც გვიცნობს, პირადად ჩემზე მაქვს საუბარი, ყველა მირეკავს და ხალისობს ამ სიტუაციაზე, ამ ბოდვაზე.
მეორე _ ჩემი აზრით, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, თუ გადავხედავთ და ანალიზს გავუკეთებ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ახლა საქართველოში ხდება, _ რუსეთის ადმინისტრაცია საქართველოში ცდილობს, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ნაწილი. და ეს არ არის უბრალოდ გასროლილი სიტყვა, არის კონკრეტული სიტუაციები და ფაქტები, მათი ანალიზის შედეგად, საღი აზრი ასეთია, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის რუსეთის ადმინისტრაცია და ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ.
მესამე _ პრეზიდენტის ტყვეობაში ყოფნა, როგორც ექცევიან მას და კლავენ რუსეთის დაკვეთით. ეს რომ დაკვეთაა, ამას ზახაროვას განცხადებაც ადასტურებს. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე თავის ქვეყანაში, რომელიც ამოიყვანა ჭაობიდან.
მანიფესტაციების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებას აპირებენ, ესეც ის ანალოგია, რაც რუსეთში მოქმედებს. აგენტების შესახებ კანონის მიღებას აპირებდნენ, რაც გააპროტესტეს ჩვენმა ახალგაზრდებმა და მართლაც სიამაყით ვუყურებდი, როგორი პრინციპულები, ძლიერები და თავისუფლების მოყვარულები იყვნენ, რომლებზედაც მერე დაიწყეს სხვადასხვანაირი ბულინგი, _ თუ ამ ფაქტებს შევაჯამებთ, ნათელი ხდება, რომ ე. წ. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს დაგვაშოროს ევროპას, დასავლეთს, ცივილიზებულ სამყაროს და უფრო მეტად დამოკიდებული გაგვხადოს რუსეთზე.
ეკონომიკური მდგომარეობა ავიღოთ _ საქართველოს ეკონომიკა სრულიად არის დამოკიდებული რუსეთზე. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიხეილ სააკაშვილს დიდი წვლილი და მუშაობა აქვს გატარებული, რომ რუსეთისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი გამხდარიყო ქვეყანა. ახლა კი პირიქით, ამ 11 წლის განმავლობაში, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველდღე უფრო დამოკიდებული ვხდებით რუსეთზე. ნორმალური ადამიანი, რომელსაც ფიქრისა და ანალიზის უნარი აქვს, მივა ამ დაკვნამდე.
რუსული რეჟიმი კი ყოველთვის არის დამყარებული დესპოტიზმზე, აგრესიასა და იმპერიალიზმზე. აქედან გამომდინარე, ეს ამბავი შეიძლება არის პრევენცია იმისთვის, რომ შეამზადონ მოსახლეობა, თვითონ გააკეთებენ რაღაც პროვოკაციას, რაც რუსულ ხელისუფლებას სჩვევია. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ როცა ჩეჩნეთს მეორედ დაესხნენ თავს, სჭირდებოდათ მიზეზი _ დაგეგემეს და განახორციელეს აფეთქებები და ტერორისტული აქტები, ეს ყველაფერი კი დაბრალდა ჩეჩნეთს და მერე მეორედ შევიდნენ ჩეჩნეთში. ზუსტად ამ ანალოგიას ვუყრებ ახლა დღევანდელი ხელისუფლების ქცევაში. რუსული რეჟიმი არის ყველაფერზე წამსვლელი. ყველაფერს გააკეთებენ ესენი, რომ რეჟიმი შეინარჩუნონ: კანონის გამკაცრება, რუსული კანონების მიღება, ასეთი მესიჯების გაგზავნა მოსახლეობისთვის, ეს ყველაეფრი მეტყველებს, რომ დიახ, დაიწყონ რეპრესიები. საბჭოთა კავშირის ისტორიას ახსოვს ე. წ. ტროიკების სასამართლოები, სადაც თავად იყვნენ ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები და ჯალათები.
_ კარგად რომ განვმარტოთ, ვარაუდობთ, რომ რეპრესიები რეალურად დაიწყება ქვეყანაში?
_ კი არ ვვარაუდობ, ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დაიწყებენ რეპრესიებს და დაჭერენ ხალხს. დაშინების მექანიზმი უკვე მოქმედებს. შეხედეთ, რამდენი ქართველი მიდის ემიგრაციაში. მარტო ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ მიდიან, არავითარ შემთხვევაში, რეპრესიები მოქმედებს. პოლიციელები, ჯარისკაცები გარბიან, არიდებენ თავს. არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ქვეყანაში არ დარჩნენ მებრძოლები, არ დარჩნენ თავისუფლების მოყვარული ადამიანები და მაქსიმალურად დაიმონონ, დაიმორჩილონ მოსახლეობა.
_ სააკაშვილის ქეისი ახსენეთ და ჩაგეკითხებით, _ როგორ უნდა მივუდგეთ შიგნიდან ან გარედან ამ პრობლემას? ევროპამ და ამერიკამ რა უნდა გაკეთოს, რომ მესამე პრეზიდენტი იხსნან ციხიდან?
_ ყველასთვის გასაგებია, რომ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე. ჩვენ გვახსოვს არაერთი ევროპარლამენტარისა და ამერიკელი თანამდებობის პირის განცხადებები, რომლებიც ნანობენ ახლა, რომ არ დაუჯერეს მიხეილ სააკაშვილს, როცა თუნდაც 2008 წლის პერიოდში ამბობდა, რომ რუსეთი აპრებს თავს დაესხას საქართველოს. რომ არა ის 4 პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა და თბილისში დადგა, რომ არა მხარდაჭერა და ქართველი ერის სიმტკიცე, ერთმუშტად შეკვრა, ნამდვილად ააფრიალებდნენ რუსეთის დროშას თბილისის თავზე. სააკაშვილი მოგვიანებით პერიოდში უკრაინაზეც ამბობდა, რომ რუსეთი აპირებს მასზე თავდასხმას, მაშინ არავინ უჯერებდა, ახლა კი აღიარებენ, რომ უნდა დაგვეჯერებინა მისთვის, რაღაც უნდა გვექნაო.
ახლა ასეთი სიტუაციაა: ხელისუფლება რუსეთის დაკვეთით ტყვეობაში ამყოფებს სააკაშვილს და ნელ-ნელა კლავს მას. ვხედავთ, რომ მისი ჯანმრთელობა უარესდება, ადამიანი ვიზუალურადაც რა დღეში ჰყავთ. მე აღარ შევალ დეტალებში, არ იქნება სწორი ჩემგან. იმის მაგივრად, რომ შეუმსუბუქონ, ექიმები დაუშვან, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარონ, ვხედავთ, რა მესიჯბოქსები, ფეიკები და დასაცინი რაღაცები ვრცელდება _ ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიზანმიმართულად კლავენ მას. „ოცნების“ წევრების განცხადებებიც კი სრული აგრესიით არის გაჟღენთილი.
_ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს?
_ საზოგადოებამ საღად უნდა შეხედოს: სააკაშვილი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიის, წინსვლისა და ეკონომიკის სიმბოლო. ის თავისთვის ხომ არ აკეთებდა ამას? _ აკეთებდა ყველა მოქალაქისთვის, მომავლისთვის, ბავშვებისთვის, რომლებსაც უნდა ეცხოვრათ თავისუფალ, ამაყ, ძლიერ, ევროპულ საქართველოში _ ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, რა გააკეთა მან საქართველოსთვის.
საერთაშორისო მხარდაჭერას ვხედავთ, ბევრი ლიდერი ეუბნება და მიმართავს „ოცნებას“, რომ ეს არასწორია, მაგრამ მათ არ უსმენენ! რატომ? _ იმიტომ, რომ ამათი პატრონისგან _ რუსეთისგან არის დავალება მიცემული, ესენი არიან რუსეთის მონები.
_ ზოგადად, ქვეყანა როგორ უნდა ვიხსნათ ამ რეჟიმისგან? სად ხედავთ გამოსავალს და რა ტიპისაა იგი?
_ საქართველო უფრო შორდება ევროპას, დასავლეთსა და დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს _ მივისწრაფით მონობისკენ.
საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, _ უნდათ ისევ რუსების მონობაში ყოფნა? ყველა თუ დაუსვამს თავის თავს ამ შეკითხვას და გულწრფელად უპასუხებს, მაშინ ყველაფერი იქნება კარგად. ყველამ უნდა გაითავისოს, როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება და მერე ძალა ერთობაშია. ჩვენს გვერდზე წერია: ყველა უნდა დადგეს მტკიცედ და პრინციპულად, მაშინ ყველაფერი გამოვა.
_ ახლა კი უკრაინაზე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ, კერძოდ, თავად ხართ საბრძოლო ოპერაციებში ჩართული. როგორ მიდის პროცესები ქვეყანაში, რომელიც რუსეთის აგრესიას გმირულად უმკლავდება? რა ხდება ფრონტის ხაზზე?
_ უკრაინას აქვს წარმატებები. გასაგებია, რომ ყველას უნდა, წარმატება იყოს დიდი და რაც უფრო მალე დავამარცხებთ აგრესორს, უკეთესია. გასაგებია, რომ რუსეთის მოტივაცია ნელ-ნელა იკლებს, ისედაც არ ჰქონდათ დიდად, მაგრამ ახლა უფრო.
უკრაინის ჯარებს ყოველდღე აქვთ წარმატებები, ეს არ არის საკმარისი, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველდღე არის ერთგვარი წარმატება, რაც რიგით უკრიანელზე პოზიტიურად მოქმედებს და მოტივაციას ზრდის. რა თქმა უნდა, უკრაინა გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, უკრაინა დაიბრუნებს ყველა ტერიტორიას და იქნება ძლიერი. ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ასეთი სიმტკიცე და ასეთი შეკრული ერი არ ვიცი, ამის უემოციოდ გადმოცემა რთულია.
_ რა სჭირდება უკრაინას გასამარჯვებლად, რა ტიპის სამხედრო ტექნიკის დეფიციტია ახლა?
_ რაც უფრო მეტი იარაღი ექნება უკრაინას, მით უფრო მალე დავამთავრებთ ამ აგრესორს და გავიმარჯვებთ.
_ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი? რას ვარაუდობთ ამ გადმოსახედიდან? როგორია თქვენი პროგნოზი?
_ სიმართლე გითხრათ, ძნელია ასეთი პროგნოზის გაკეთება. ომი შეიძლება ძალიან მალე დამთავრდეს, თუ მეტი სამხედრო დახმარება იქნება. მოკლედ, რაც უფრო მეტს და სწრაფად მოგვცემენ, უფრო მარტივად დავამთავრებთ ომს.
_ როგორია შემართება და მოტივაცია მებრძოლებში, ქართველები იქნებიან ისინი თუ უკრიანელები თუ უცხოელი მოხალისეები?
_ მოტივაცია უფრო და უფრო იზრდება. აქ უკრაინელები იცავენ თავიანთ სამშობლოს, ჩვენ ვეხმარებით მათ, ვიცავთ თავისუფლებას როგორც უკრაინისთვის, ისევე საქართველოსთვის. როცა ვგებულობთ, რომ ფრონტის ხაზზე წარმატებები გვაქვს, მოტივაცია უფრო და უფრო იმატებს. უკრაინა იბრძვის ბოლომდე, ბოლო გამარჯვებამდე.
არავინ აპირებს ხელების ჩამოყრას და რაღაცებთან შეგუებას, ბრძოლა და მარტო ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე!
რუსეთს თუ ეგონა, რომ 3 დღეში აიღებდნენ კიევს და პარადს ჩაატარებდნენ, ნურას უკაცრავად, აქ ცხოვრობს, პატრიოტი, მტკიცე და ძლიერი ერი, რომელიც არასდროს აპატიებს არავის ამდენ უბედურებას, რომელიც რუსეთის ურდომ მიაყენა უკრაინას… ამდენი მსხვერპლია… ყველას გვახსოვს ბუჩა, ირპინი, ჰოსტომელი.
ყველგან, საიდანაც უკრაინას დაემუქრება საფრთხე, ის სამიზნეები განადგურდება _ დრონით თუ სხვა ტიპის საბრძოლო შემართებით.