რატომ არ უმართლებს ივანიშვილს მის მიერ არჩეულ პრეზიდენტებში?
ირინა მაკარიძე
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო. ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიერ შერჩეულ, მმართველი ძალის მხარდაჭერილ და არჩეულ პრეზიდენტებს ივანიშვილის ხელისუფლება თვითონვე ერჩის.
ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, მაკა ჩიჩუა, „ქრონიკა+“-თან საუბრისას აცხადებს, რომ ძალიან ჰგავს ეს სიტუაცია იმას, რაც, თავის დროზე, გიორგი მარგველაშვილთან მიმართებით ხდებოდა.
_ ეს არის მათ მიერ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც ახლაც, ისევე როგორც ყოველ ჯერზე, მაქინაციებსა და ინტრიგებს ასახავს. ზუსტად იგივე რაღაცები ხდებოდა გიორგისთანაც. სალომესთან დაკავშირებით არ ვიცი შიდა სამზარეულო, მაგრამ რაც გარედან ჩანს, ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა გიორგისთან, პრინციპით, „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“.
_ ივანიშვილი ამბობდა, რომ გიორგი მარგველაშვილმა „ხასიათი გამოავლინა“. როგორ ფიქრობთ, რატომ „არ გაუმართლა“ ივანიშვილს მის მიერ შერჩეულ პრეზიდენტებში?
_ გიორგის რა პრინციპებიც ჰქონდა, ის არ შეუცვლია. იმას რა „გამოადგა“, მერე რა იფიქრა, რა წარმოიდგინა, არ ვიცი, მაგრამ გიორგის არც ერთ ეტაპზე ტყუილი არ უთქვამს. გიორგი მიჰყვებოდა იმ გზას, რომელიც ერთად დაგეგმეს, მაგრამ შემდეგ ზუსტად გიორგის არ გაუმართლა ივანიშვილთან დაკავშირებით, თორემ ის კი არა, რომ ივანიშვილს არ გაუმართლა…
ივანიშვილმა რა თქვა, რამდენ რამეს იტყვის და რამდენს არ იტყვის, იმდენი რამე მოიტყუა უკვე, რომ ჩვენთვის ეგ უკვე საინტერესო არ არის.
იგივე ხდება დღეს სალომე ზურაბიშვილთან მიმართებითაც, _ როგორც კი პრინციპული ნაბიჯი გადაიდგმება და, შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გარკვეულწილად მცდელობაა ამის, მაშინვე რეაქცია აქვთ.
_ რას იტყვით ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის შესახებ? _ მიმაჩნია, რომ ყველა აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული ამ პროცესში, ვისაც რა შეგვიძლია და ვისაც რა ხელგვეწიფება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი, მიზანი კი არის ევროკავშირი.