პოლიციის გულგრილობა?! – მოქალაქე დახმარებას ითხოვს
ხარიპა ბროიანი, რომელიც ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით ირჩენს თავს, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სამსახურში გასვლას შიშის გამო ვერ ახერხებს. როგორც იგი „ქრონიკა+“-ს უყვება, მას თამარ ტაგიროვა მოკვლით ემუქრება. მისივე თქმით, ის არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი ტაგიროვას მხრიდან. ხარიპა ბროიანი სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს და თამარ ტაგიროვას დაკავებას ან მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვს.
„ქრონიკა+“ ხარიპა ბროიანს ესაუბრა:
_ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსპორტის ქუჩის #1-ში მაქვს გაზეთების სტენდი. 5 წლის წინათ გამოჩნდა თამარ ტაგიროვა, რომელიც ხშირად სვამდა და აგრესიული იყო. შემდეგ იქ ერთ-ერთმა ქალბატონმა უპატრონა, ყველანი ყურადღებას ვაქცევდით, მალევე შვილი შეეძინა. რაც შეგვეძლო, ყველაფრით ვეხმარებოდით. მეც ვცდილობდი, ყურადღება მიმექცია, ჟურნალ-გაზეთებთან ერთად სათამაშოებსაც ვყიდდი და ბავშვს სათამაშოებსაც ვჩუქნიდი. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩემ მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუვლენია, ახლა კი მაბრალებს, რომ მის შვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიებდი. ხატზე დამეფიცება, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. პირიქით, სულ ვარიგებდი, რომ ანგელოზი მოევლინა და ბავშვს მოფრთხილებოდა. მეორე თვეა, რაც კონფლიქტი დაიწყო. ჩემზე ამბობდა, თავს მოვაჭრი, უნდა მოვკლაო.
_ რამ გამოიწვია მისი ასეთი აგრესია თქვენი მისამართით? რამე კონკრეტული მიზეზი არსებობს გარდა იმისა, რომ, თქვენი თქმით, გაბრალებთ, მისი შვილი შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიეთ?
_ კონფლიქტის არანაირი მიზეზი არ ყოფილა, არც მითქვამს მის შვილზე შეურაცხმყოფელი რამე. 70 წლის ქალი ვარ, ორი კაპიკის საშოვნელად დავდივარ, ისიც ხან არის ხან _ არა. დაახლოებით ერთი თვის წინ, პირველად რომ მომმვარდა, მცემა, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. მას შემდეგ, როგორც კი დამინახავს, ყოველ ჯერზე მომვარდება და შეურაცხყოფას მაყენებს, ასევე ფულს მთხოვს, უარის თქმის შემდეგ კი აგრესიული ხდება და მოკვლით მემუქრება. გაზეთებზე შუშები მილაგია, ქარმა რომ არ ამიფრიალოს. ერთ დღეს შუშა აიღო, ჩემთვის უნდა დაერტყა. ბიჭებს რომ არ დაეჭირათ, ალბათ, მომკლავდა.
_ პოლიციას თუ დაურეკეთ და რა რეაგირება ჰქონდა მას?
_ პოლიციამ პირდაპირ მითხრა, _ იმან, რომ გცემოს, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, მაგრამ შენ რომ სცემო, დაგიჭერთ, რადგან ნორმალური აზროვნების ქალბატონი ხართო. თუ ვერ დამიცავს პოლიცია, მაშინ რისთვის ვუხდით ხელფასებს? მუდმივად შიშის ქვეშ ვარ, რის შედეგადაც შაქარმა ამიწია, ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ვერ ვიკეთებ ამის გამო, სულ განერვიულებული ვარ. ერთ დღეს ჩემი მეგობარი დავტოვე ჯიხურში მე ექიმთან ვიყავი, იმ დღესაც მისულა თამარ ტაგიროვა და უთქვამს, ხანა უნდა მოვკლაო, რაზედაც ჩემს მეგობარს უპასუხია, _ ხანას პატრონი მე ვარ და ამის უფლებას არ მოგცემო, რის შემდეგაც ტაგიროვამ ეს კაციც სცემა. პოლიციელები ამ შემთხვევის დროსაც მოვიდნენ, თუმცა ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. მუდმივად შიშის ქვეშ ვარ, შუშის ნატეხებით დადის, ჩემზე ამბობს, უნდა მოვკლაო. ვითხოვ, დააკავოს პოლიციამ ეს პიროვნება ან შემაკავებელი ორდერი გამოწერონ. რამდენიმე კვირის წინ კი, როცა მივედი, გაზეთები არ დამხვდა, ერთ-ერთმა ქალბატონმა, ჩემმა კლიენტმა მითხრა, ვარდისფერ ზედიანმა გოგომ წაიღო გაზეთებიო, რის შემდეგაც მივედი, თხოვნით ვუთხარი დაებრუნებინა გაზეთები, მაგრამ მითხრა, არ წამიღიაო. დაახლოებით, 100 ლარამდე იყო გაზეთები და წიგნები. მესამე დღეს ჩემთან მოვიდა და აღიარა, რომ თვითონ წაიღო გაზეთები და წიგნები და ყველაფერი დახია. თვითმხილველებიც არსებობს: მეშაურმემ თქვა, რომ დაინახა, სწორედ ტაგიროვამ წაიღოო. პოლიციას მივმართეთ და დაიწყო გამოძიება. იმდენად შეშინებული ვარ, ამ ეტაპზე სამუშაოდ ვერ გამოვდივარ.
„ქრონიკა+“-სთან პრესის გავრცელების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ტომარაძემ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტის ქუჩის #1-ში გაზეთებს არ აწვდიან და კონკრეტულად ამ ობიექტს შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება.
შსს-ში კი „ქრონიკა+“-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძება 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
„შსს-ში შევიდა შეტყობინება, რომ ჯიხურიდან გაზეთები და სხვა ნივთები იყო დაკარგული, შესაბამისად, გამოძიება დავიწყეთ ქურდობის 177-ე მუხლით. პირი დადგენილია, გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ფარგლებში აუცილებლად ჩატარდება ჯანმრთელობის სამედიცინო ექსპერტიზა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“.
ნენე ინჯგია