პეტრე მამრაძე: „ნაციონალების“ ელიტას სიკვდილივით არ უნდა სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა“
შორენა მარსაგიშვილი
პარლამენტის ყოფილი წევრი, პეტრე მამრაძე, მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია, საქართველოში განსაკუთრებული მისიით ჩამოვიდა. მამრაძე ამტკიცებს, რომ ალასანია დისშვილის ციხიდან გამოყვანის გზებს ეძებს. ყოფილი პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბედნიერი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დარჩება.
არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი? ვის და რატომ უხარია სააკაშვილის ციხეში ყოფნა? რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში თემურ ალასანია? ვინ აქეზებდა სააკაშვილს, რომ ცხინვალში შესულიყო? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს პეტრე მამრაძე ესაუბრება:
_ ბატონო პეტრე, ეს პარლამენტი ერთი წელია, რაც მუშაობს და უკვე მესამე სპიკერი ჰყავს. აღნიშნული არის თუ არა პოლიტიკური კრიზისის მანიშნებელი?
_ მე მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის. პოლიტიკურ კრიზისს აქვს თავისი ნიშნები. ეს ნიშნები საქართველოში სახეზე არ გვაქვს. პარლამენტი ფუნქციობს. მუშაობა არ შეუწყვეტია არც ერთ სხვა სამთავრობო სტრუქტურას, არ ხდება შენობების ბლოკირება. საკანონმდებლო ორგანომ მიიღო მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის მიღებაზე საქართველოს აკრედიტებული ელჩები ხელებს ასავსავებდნენ.
_ რატომ ასავსავებდნენ ბიუჯეტის მიღებაზე ხელებს? რა არ მოეწონათ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს?
_ ამბობდნენ, ეს რანაირი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყნის ბიუჯეტიო. ნაცვლად იმისა, რომ კონსოლიდაცია მოეხდინათ, მოეწვიათ ეკონომისტები, ექსპერტები, გამოსულიყვნენ მწვავე, მაგრამ დასაბუთებული კრიტიკით, საერთოდ ხმა არ ამოუღიათ ბიუჯეტის პროექტზე. აბა, მითხარით, რანაირი ოპოზიციაა? ეს ჩვენთვისაც ძნელად ასახსნელია, ელჩებისთვის კიდევ უფრო გაუგებარი ამბავია.
ქვეყანაში არც პოლიტიკური კრიზისია და არც ისეთი სახალხო მოძრაობა, როგორიც 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო. არც ისეთი განწყობაა, როგორიც 2012 წელს არჩევნების წინა დღეებში, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ. არაფერი მსგავსი არ ხდება ქვეყანაში. მაშინ ადამიანები საკუთარი ინიციატივით გამოვიდნენ გარეთ პროტესტის გამოსახატავად.
ყველას გავახსენებ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების დღეს: არავინ გამოვიდა ქუჩაში პროტესტის ნიშნად. ხალხი არც მას შემდეგ გამოვიდა ქუჩაში, რაც სააკაშვილის დაკავებისა და ციხეში მიყვანის კადრები აჩვენეს. თავისი გულის კარნახით არავინ განძრეულა. ორი კვირა დასჭირდთ „ნაცებს“, ხალხი გარეთ გამოეყვანათ. დიდი მცდელობის მიუხედავად, ცოტა ხალხი გამოიყვანეს.
_ 14 ოქტომბრის აქციაზე საუბრობთ?
_ დიახ. ორი კვირა ცდილობდნენ, ხალხი გამოეყვანათ და ძლივს მოაგროვეს მხარდამჭერები.
_ თქვენი აზრით, ხალხი ცოტა იყო?
_ რა თქმა უნდა. ის აქცია ხალხმრავალი არ ყოფილა. რაც მთავარია, ადამიანები წრფელი გულით არ გამოსულან გარეთ. რაც დღეს ხდება, ეს არის ორგანიზებული გარკვეული დაჯგუფების მიერ. მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში იქმნება სურათი, რომ საქართველოში რაღაც ხდება. ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემები, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი.
_ და ეს პრობლემები რამ გამოიწვია?
_ ძირითადად, პანდემიამ, რომელმაც ასევე მთელ მსოფლიოში შექმნა პრობლემები. საქართველოში გერმანიის ელჩი გვეუბნება, _ სამწუხაროა, რომ ყოველდღე ორი ავტობუსი ქართველებით მიემგზავრება საიქიოშიო. ამ განცხადებაზე რეაქცია არ ყოფილა, მათ შორის, არც ოპოზიციის მხრიდან. რეაქცია რომ არ არის, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის და იბადება კითხვა, _ მაშ, რა ხდება? ჯერ კიდევ შარშან, სპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ბიძამისთან, თემურ ალასანიასთან ერთად გამოაცხადა პროგრამა, რომ უნდა დაამხონ არსებული ხელისუფლება და თავად აიღონ ქვეყნის მართვა. ყველას შეგვიძლია მოვუსმინოთ, რას ეუბნება თემურ ალასანია გუბაზ სანიკიძეს.
_ თემურ ალასანია თუ ასეთ რამეს მართლა აპირებდა, როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, რატომ შემოუშვეს საქართველოში? რამდენიმე წლის წინათ დედის დაკრძალვაზე ჩამოსვლის უფლება არ მისცეს, ახლა უპრობლემოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
_ რას ჰქვია, არ ჩამოუშვეს?! მე არ გამიგია, რომ საზღვარზე დააკავეს და უკან გააბრუნეს. რამდენადაც ვიცი, რაღაც მიზეზების გამო თავად არ ჩამოვიდა დედის დაკრძალვაზე. თემურ ალასანია, ერთი მხრივ, არის საოცარი ფანტაზიორი. მისი მეგობრები ამბობენ, რომ სხვა ასეთ მიუნჰაუზენს ვერ ნახავთ. მეორე მხრივ, ცნობილია მისი სხვა ბიოგრაფია: რუსულ პრესაში მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც КГБ-ს გენერალს.
თავად თემურ ალასანია ინტერვიუებში ამბობს, რომ დაამთავრა თუ არა „მგიმო“ (МГИМО _ Московский государственный институт международных отношений _ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი; MGIMO Uნივერსიტყ, _ რედ.), მეორე წელს დაიწყო მუშაობა ვაშინგტონში და 1974 წლის გაზაფხულიდან ამერიკაში ვცხოვრობო. როგორც საბჭოთა კავშირის მოქალაქე რუსული კვოტით დანიშნული იყო გაეროში სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტში. არაერთი სტატია გამოქვეყნდა, რომ ის ჩართული იყო იარაღით ვაჭრობაში.
_ ამაზე ბევრი ჭორი მოგვისმენია, მაგრამ მის წინააღმდეგ ამის გამო საქმე არ არის აღძრული.
_ ამის შესახებ არც მე არაფერი გამიგონია. იმას ვამბობ, რაც თემურ ალასანიაზე გაზეთებში იწერებოდა. იარაღით ვაჭრობის ბრალდებით ის არასდროს დაუკავებიათ და არც ამის დამამტკიცებელი რაიმე დოკუმენტაცია მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თემურ ალასანიას განცხადებები იმის შესახებ, რომ მიშა მის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს.
_ ეს ყველასთვის ცნობილი ამბავია. „ნაციონალების“ მმართველობის დროს მედიაში არაერთხელ დაგვიწერია, რომ თემურ ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა.
_ კი ბატონო, ხშირად წერდა მედია ამაზე. ტელევიზიით გავრცელდა კადრები, როგორ შედიოდა თემურ ალასანია თავის კაბინეტში. კაბინეტი მას მთავრობის კანცელარიაში ჰქონდა. იქ მანამდე იყო, სანამ ავლაბრის რეზიდენცია აშენდებოდა. 2011 წელს ის ოფიციალურად დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლად.
თავის დროზე ალექსანდრე რონდელმა თქვა, _ როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ახალი თანამდებობა გაჩნდა _ პრეზიდენტის ბიძა. ბიზნესმენებისგან ხშირად გამიგია, რომ მათ ატერორებდა, მათ შორის, იმათაც, ვისთანაც მეგობრობდა. ამის გამო მისმა შვილმა, ნიკა ალასანიამ, რამდენიმე ბიზნესმენს ბოდიშიც კი მოუხადა. წუხდა, _ მამამ საერთოდ აიწყვიტა და არავის გვისმენსო.
პეროვსკაიაზე, კაფე „სანტაფეში“, ირაკლი ოქრუაშვილმა საერთოდ დააკავა თემურ ალასანია. სააკაშვილის ბიძამ ვინმე ბიზნესმენ კაპანაძეს დიდი თანხა გამოსძალა, მაგრამ მერე მიშას წყალობით გაათავისუფლეს.
2005 წლის იანვრიდან მოყოლებული მომდიოდა ხმები, რომ თემურ ალასანია მოელაპარა მოსკოვსა და ვაშინგტონს, ამბობდნენ, მორჩა, შევდივართ ცხინვალსა და შემდეგ აფხაზეთშიო. ამ თემაზე ბევრი საუბრობდა მაშინ. მეც მეკითხებოდნენ, _ შეიძლება, ცხინვალსა და აფხაზეთში შევიდეთო? მე ვეუბნებოდი, _ ეს გამორიცხულია-მეთქი. კავშირი მქონდა აშშ-ს ელჩთან საქართველოში. ვიცოდი, კატასტროფა იქნებოდა ჯარით ოკუპირებულ რეგიონებში შესვლა. ეს ხმები რომ გავრცელდა, ზურაბ ჟვანია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი. 2007 წელსაც იგეგმებოდა შესვლა ცხინვალში.
_ ეს დაზუსტებული ინფორმაციაა?
_ დაზუსტებული. ამ ამბებში ჩართული ვიყავი. ვის არ შევხვდი იმ დროს. როგორც კი გავიგე, რომ ცხინვალში იგეგმებოდა შესვლა, ელჩ ტეფტთან გგავვარდი და გავაფრთხილე. 2011 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის პირველი ღია წერილი. ამ წერილის ბოლოს ის მიმართავდა ვანო მერაბიშვილს. ეუბნებოდა, _ გახსოვს, ვანო, თქვენს ხვეწნას რომ დავყევი და შეგხვდით მიშას, შენ და ბოკერიას? 40 წუთში დაგიმტკიცეთ, რომ ბოკერიას გეგმა, შესულიყავით ცხინვალში, შეცდომა და კატასტროფა იყოო.
_ ბოკერიას გეგმა იყო ცხინვალში ჯარით შესვლა?
_ მიშაც თანახმა იყო ამაზე, მაგრამ ბოკერია ითხოვდა დაჟინებით ცხინვალში შესვლას. ამბობდა, გადავკეტავთ როკის გვირაბს და მორჩება ყველაფერი, ცხინვალს დავიბრუნებთო. ივანიშვილი თავის წერილში წერს, _ ბოკერიას რომ დავუმტკიცე, მისი გეგმა არასწორი იყო, ვანო მერაბიშვილი აღტაცებას ვერ მალავდაო.
_ მერაბიშვილი წინააღმდეგი იყო ცხინვალში შესვლის?
_ ვანო მერაბიშვილს შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება და ომში ჩართვა არ უნდოდა. ივანიშვილი თავის წერილში ამბობს, _ 2007 წელს კი შევძელი თქვენი გადარწმუნება, მაგრამ წელიწად-ნახევრის შემდეგ მაინც განახორციელეთ გეგმაო. ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ თემურ ალასანიაზე ვსაუბრობთ. ისმოდა, რომ ის მოლაპარაკებული იყო რუსებთან და ამერიკელებთან, რომ ცხინვალში შესვლისას ჩვენ პრობლემები არ შეგვექმნებოდა.
_ ახლა ვისთან მოსალაპარაკებლად ჩამოვიდა? ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. თქვენ რამე ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ? „ქართული ოცნება“ თითქმის დარწმუნებულია, რომ ეს შეხვედრა შედგა.
_ მისი ჩამოსვლის ზუსტ მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით. ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ გაუჟონია. დარწმუნებული ვარ, რომ თემურ ალასანია აქ მისმა დამ, გიული ალასანიამ ჩამოიყვანა.
_ გიული ალასანიამ რატომ სთხოვა ძმას ჩამოსვლა?
_ გიულის სურდა, რომ ალასანია მიშას დალაპარაკებოდა.
_ თემურ ალასანია რატომ უნდა დალაპარაკებოდა მიშას?
_ ზემოთ გავიხსენე მისი სიტყვები. ალასანია ამბობდა, მიშა ჩემ გარეშე გადაწყვეტილებებს არ ღებულობსო. ასე იყო ადრეც და ასე არის ახლაც. ეტყობა, უნდოდათ, მიშასთვის რაღაც გადაეთქმევინებინათ და ამიტომ სთხოვეს დახმარება თემურ ალასანიას. დაინახეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლები გამანადგურებელი იყო როგორც ოჯახისთვის, ასევე პარტიისთვის. ამ განცხადებებით თავად მიშას მარგინალიზაციაც ხდებოდა. ათას სისულელეს ამბობდა. გავლენის მოხდენა უნდოდა გიულის მიშაზე. თემურ ალასანიას ეს შეუძლია. მერე მოსინჯეს, რა ვითარება იყო შიგნით პარტიაში.
ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ინტერვიუში ალასანიამ თქვა, რომ მიშას გასათავისუფლებლად კეთდება ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და შეუძლებელი უნდა გაკეთდეს. შეუძლებელი ჰქვია იმას, რაც ვერ კეთდება. რაც არ უნდა გააკეთონ, არაფერი შეიცველება, მიშა ციხეში დარჩება.
_ „ნაციონალების“ შიმშილობა შედეგს არ გამოიღებს?
_ შიმშილობა კი არა, თავებიც რომ დაიწვან, არაფერი შეიცვლება. ეს პროტესტი მხოლოდ მათ მარგინალიზაციას გამოიწვევს. თავად თემურ ალასანია სადღაც გაქრა. ხელისუფლებამ გვითხრა, რომ მეზობელ ქვეყანაშია გადასული და იქ მოხდა მისი ჰოსპიტალიზაციაო. მათივე თქმით, თემურ ალასანიას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
კონსილიუმზე ვერ ვიტყვი, რომ მოსყიდული ექიმები არიან, მაგრამ რამდენიმე მათგანი ოჯახის ახლობელია. ისინი ბავშვობოდან იცნობენ მიშას და კარგად იციან, მას რა სჭირდა. ასეთ ნარატივს ქმნიან, რომ საღსალამათი მთავარსარდალი ციხეში აწამეს და ჯანმრთელობა შეურყიეს. ამტკიცებენ, რომ მოხდა ფარმაკოლოგიური წამება. კონსილიუმის წევრები ამბობენ, ნევრალგიური სინდრომები გაჩნდა და ამას ისეთი მკურნალობა სჭირდება, რომელსაც საქართველოში ვერ უზრუნველყოფენ. პირველად მესმის ასეთი რამე.
_ რატომ გესმით პირველად? საქართველოდან უამრავი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
_ გააჩნია, რის სამკურნალოდ მიდის ხალხი. ნევრალგია აქაც იკურნება. სირცხვილი, კონსილიუმის ექიმებსა და სახალხო დამცველს ამ ტყუილისთვის. შიმშილობის 39-ე დღეს აჩვენეს სააკაშვილი და ღიპიც კი არ ჰქონდა მოშორებული. ომბუდსმენმა არ თქვა, რომ ეს იყო მოდელირებული შიმშილობა?! ეს შერჩათ! ახლა დაიწყეს შიმშილობა და ითხოვენ სააკაშვილის განთავისუფლებას. ხაზს ვუსვამ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტას სიკვდილივით არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა. ხუმრობენ კიდევაც, _ ვის უფრო არ უნდა სააკაშვილის გარეთ გამოსვლა, _ ვოლოდიმირ ზელენსკის თუ ნიკა მელიას?
_ ვინ ხუმრობს ამაზე, „ნაციონალები“?
_ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები.
_ რატომ არ უნდა უნდოდეს ზელენსკის მიშას გამოსვლა?
_ ჭორად დადის, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მილიონებს სთავაზობს, _ ოღონდ ეს კაცი დაიტოვეთ და არ გამოუშვათ უკრაინაშიო.
_ ეს რეალობასთან ახლოს, ალბათ, არ იქნება.
_ მე მგონი, იქნება. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ არ უნდოდა ზელენსკის მიშასთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება და ეს მხოლოდ პუტინის მოწოდების შემდეგ გააკეთა. ზელენსკი ამბობდა, რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი მინდაო. იმან პირობა წამოუყენა, _ დიალოგის დაწყება თუ გინდა, მაშინ მიშას დაუბრუნეთ მოქალაქეობაო. ეს ყველას გახსოვთ.
_ თემურ ალასანიასა და ბიძინას შესაძლო შეხვედრაზე არ მიპასუხეთ. ეს შეხვედრა რომ შედგა, ამაზე „ოცნებაში“ ჭორაობენ და ძალიან შეწუხებულები არიან.
_ ზუსტად რამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეხვედრა არ შედგებოდა.
_ რატომ ხართ ამაში დარწმუნებული?
_ ამ შეხვედრისთვის საფუძველი არ არსებობდა. ვფიქრობ, რომ ეს უფრო თბილისური ჭორია.
_ „ნაციონალებში“ არსებულ დაპირისპირებაზე რას გვეტყვით? ამბობენ, რომ შიგნით სერიოზული განხეთქილება აქვთ…
_ „ნაციონალებზე“ ამას გეტყვით: შიმშილობა პირდაპირი გამოვლინებაა იმისა, რომ ვერ აგროვებენ ხალხს და ვერ აწყობენ აქცია-პერფორმანსებს. თეატრალური წარმოდგენა ამათი სტილია. რაღაცა რომ ჩანდეს, ამიტომ დაიწყეს შიმშილობა. საინტერესოა, რატომ შეარჩიეს საშიმშილოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი?
_ შიმშილობა ხომ ყველაგან შეიძლება?
_ როგორ არა, მაგრამ გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ შიმშილობის აქცია სამთავრობო შენობასთან გაიმართებოდა.
_ თქვენი აზრით, რა მიზეზით შეარჩიეს საშიმშილოდ ეს ადგილი?
_ ადამიანს ბოლომდე სახის დაკარგვა რომ არ უნდა და რაღაცას ცდილობს, ამასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალები“ ბოლომდე ვერ შორდებიან სააკაშვილს და რაღაცას აკეთებენ. ხომ უნდა ჩანდეს, რომ რაღაც კეთდება? ესენი იძულებული არიან, სააკაშვილზე იმუშაონ. სააკაშვილის გარეშე რომ ვერაფერს გახდებიან, ეს კარგად იციან. სააკაშვილისგან განსხვავებით, ამათ საკუთარი ელექტორატი არ ჰყავთ და ეს ბოკერიას ექსპერიმენტმაც დაამტკიცა. წაიყვანა 27 დეპუტატიდან 21. ყველა მათგანი მიშას წყალობით მოხვდა პარლამენტში. შარშან საპარლამენტოზე და წელს თვითმმართველობაზე ბოკერია მთლიანად ჩაფლავდა. „ნაციონალებში“ მხოლოდ მიშას ჰყავს ელექტორატი. აქამდე ჰყავდა და ახლა შეიძლება აღარ ჰყავს. რაც ახლა ხდება საქართველოში, ერთი ერთში ჰგავს იმას, რაც ახლა ამერიკაში ხდება. ამერიკაში ნამდვილი ტრაგედია ტრიალებს.
_ რას გულისხმობთ ტრაგედიაში?
_ რესპუბლიკურ პარტიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია. მათ ყველაზე უკეთ ესმით, თუ რა უბედურებები აქვს ჩადენილი დონალდ ტრამპს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს ისეთი რეიტინგი, რაც ტრამპს. ორი-სამი გაეცალა, დანარჩენი დადის მასთან მორჩილად და ემზადება არჩევნებისთვის.
_ ამერიკულ პოლიტიკაშიც ფული წყვეტს ყველაფერს?
_ რა თქმა უნდა. გახსოვთ ობამას სიტყვები, რომელიც მან დიდი წყენით თქვა, _ უნდა ვაღიაროთ, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკაში შემოვიდა ძალიან დიდი ფული. ეს ფული წყვეტს ბევრ რამეს.
_ ამერიკაში თუ ბევრ რამეს ფული წყვეტს, წარმომიდგენია, საქართველოში რა იქნება.
_ საქართველოში საშინელებაა. ეს ფულიანი ადამიანები რა დღეში არიან. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა კახა ოქრიაშვილს პარლამენტში? ძალიან ფრთხილად მოჰკიდეს ხელი კაზინოების თემას, _ ღარიბაშვილის ინიციატივაზე მოგახსენებთ. ვინ აყვირდა? პირველი აყვირდა რომან გოცირიძე. მე მას დიდი ხანია, ვიცნობ, ისეთი რამეები ილაპარაკა, მის მაგივრად შემრცხვა. გაიძახოდა, ინვესტიცები აღარ შემოვა და ქვეყნის განვითარება შეწყდებაო. შე კაი კაცო, თუ 32 მილიარდი ლარია კაზინოების შემოსავალი და იქიდან 19 მილიონი შედის ბიუჯეტში, რაზეა ლაპარაკი? სახელმწიფოში არ შედის? მერე სხვები აბღავლდნენ.
_ სპორტის წარმომადგენლები გამოიყვანეს ონლაინკაზინოების დასაცავად.
_ არ მიკვირს. პაბლო ესკობარი იყო ცნობილი ნარკოდილერი და საშინელი დამნაშავე. მასაც შეეძლო, მხარდასაჭერად გამოეყვანა ცნობადი სახეები. ისინი ამბობდნენ, რომ პაბლო კეთილ საქმეებს აკეთებდა.
_ არადა, მართლა აკეთებდა, ღარიბებს ეხმარებოდა.
_ კი ბატონო. პირობითად ვამბობ, იშოვიდა 100 მილიარდს და 1 მილიარდს დახარჯავდა პიარზე. ბევრი ცნობადი სახე უჭერდა მხარს. მის საფლავზე დღემდე 5-მეტრიანი ყვავილების პირამიდებია. ქალები სხედან და ტირიან, _ ჩვენი პატრონი იყოო. იმ ესკობარიზე ტირიან, რომელსაც შეეძლო 300-კაციანი თვითმფრინავი აეფეთქებინა, რადგან იქ მჯდარი ერთი კაცის განადგურება სურდა.