პეტრე მამრაძე: „ივანიშვილმა „ქართულ ოცნებას“ გაფრთხილება მისცა“
შორენა მარსაგიშვილი
გამოჩნდება თუ არა მესამე ძალა პოლიტიკურ ასპარეზზე? რატომ არ რეაგირებს ოპოზიცია კორუფციაზე და რა გარიგებაშია ხელისუფლებასთან? ვინ უმალავდა ბიძინა ივანიშვილს სიმართლეს? ჩატარდება თუ არა საკადრო წმენდა მთავრობაში? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პეტრე მამრაძე:
_ ბატონო პეტრე, საქართველოში დიდი ხანია საუბრობენ მესამე ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე, რომლის შექმნასაც საშველი არაფრით დაადგა. ამ არჩევნებისთვის მაინც თუ ვიხილავთ მესამე ძალას?
_ ფორმალურად შეიძლება გამოჩნდეს რომელიღაც პარტია, რომელიც იტყვის, რომ აგერ შევქმენით მესამე ძალაო. რეალურად, მესამე ძალა ვერაფრით გამოჩნდება იმის გამო, რომ ამაზე მოთხოვნა არ არის. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ 5%-იანი ბარიერი დაწესდა და ბლოკების შექმნაც აიკრძალა.
_ რატომ არის ეს კარგი?
_ იმიტომ არის კარგი, რომ შემთხვევითი, პატარ-პატარა პარტიები არ მოხვდნენ პარლამენტში. 2020 წელს 5%-იანი ბარიერი რომ ყოფილიყო, ვინ შევიდოდა პარლამენტში? მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს რომ მომხდარიყო, „ნაციონალების“ სიით გასულები მაშინვე გაექცეოდნენ მიხეილ სააკაშვილს. არაერთხელ გვილაპარაკია იმაზე, რომ საქართველოში ხმას აძლევენ პიროვნებებს, რომლებიც არჩევნების მომენტში არიან ქარიზმატულები. პარტიული პროგრამები და იდეები არავის აინტერესებს. აქ პოპულისტური ლოზუნგები უფრო ფასობს. სააკაშვილი 2003 წელს ისეთი ლოზუნგებით გამოვიდა, რომელიც ხალხის დაკვეთა იყო. ამით მან ძალიან ბევრი მხარდამჭერი შეიძინა. ის ხალხს ჰპირდებოდა, გაყინულ პენსიებს დავაბრუნებთ და გავზრდითო, კორუფციას ავლაგმავთო. ეს დაპირებები მართლაც შეასრულა იმ მთავრობამ, თან უმოკლეს დროში. დღეს საქართველოში მსგავსი დაკვეთა აღარ არის.
_ ჩვენს მოსახლეობას ვითომ არანაირი მოთხოვნები არ აქვს, რომ პოლიტიკოსებს უკარნახოს?
_ მოთხოვნები ცხადია, არის, მაგრამ აღარაა ის სიმძაფრე და სასოწარკვეთა, რაც 2003 წელს იყო. არავინ ამბობს, რომ არა, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და რაღაც უნდა შეიცვალოს. ისეთი სტაბილურობა, როგორიც დღესაა, თუ ეკონომიკური, თუ სოციალური, თუ მშვიდობის მხრივ არასდროს ყოფილა. ხალხი ამას ძალიან კარგად გრძნობს. ამიტომ როგორიც არ უნდა იყოს რეიტინგები, ჭეშმარიტების მომენტი დგება მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტული ამომრჩეველი შედის საარჩევნო უბანზე. გამოკითვისას შეიძლება სულ სხვა რამეს ამბობენ. ასე ხდება ევროპაშიც. აბა, ჰკითხეთ იტალიელებსა და ფრანგებს, თუ მოსწონთ თავიანთი მთავრობა, საშინელებებს იტყვიან. დღეს საქართველოში მოსახლეობისგან რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის. ამიტომ საცოდაობაა, როცა ოპოზიცია რაღაცას აანონსებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენთან რეალური ოპოზიცია არ არსებობს.
_ რას ნიშნავს რეალური ოპოზიცია?
_ რეალურია ოპოზიცია, რომელიც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. რეალური ოპოზიცია ხალხს სხვა ხედვებს სთავაზობს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, თან ამას აკეთებს დამაჯერებლად. ჩვენ ოპოზიცია საერთოდ არ გვყავს. თქვენ ვერ დამისახელებთ ოპოზიციაში ლიდერს, რომელიც მოსახლეობის რომელიღაც ფენისთვის მაინც იქნება ქარიზმატული. რომელ ქარიზმატულობაზეა საუბარი, როდესაც ოპოზიციური პარტიები იმაზე ბჭობენ, როგორ გადავლახოთ 5%-იანი ბარიერიო. თუ ისეთი დრო დაგიდგა, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ გადალახო საარჩევნო ბარიერი, ხომ არ ჯობია, შეეშვა პოლიტიკას და რაღაც სხვა საქმით დაკავდე. ახლა რასაც ვუყურებთ, ეს საცოდაობაა, მაგრამ ამათ ხომ ღირსება არ გააჩნიათ და თავიანთი ვიწრო ინტერისებიდან გამომდინარე მოქმედებენ. მათთვის პოლიტიკა ბიზნესად იქცა.
დღევანდელი ქართული პოლიტიკა ერთგვარი ბიზნესია. კანონის თანახმად, პოლიტიკური პარტიები ბიუჯეტიდან იღებენ სოლიდურ თანხებს. მაგალითად, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სულ ორი ადამიანი გაიყვანა და ამის გამო ის ბიუჯეტიდან წელიწადში 400.000 ლარს იღებს. გიგა ბოკერიას პარტია წელიწადში 3 მილიონზე მეტს იღებს. ეს ფული, როგორც წესი, არ ხმარდება პარტიას, ის პარტიის თავკაცებზე იხარჯება. კარგად ვიცი ქართული პოლიტიკის შიდა სამზარეულო და წლებია, სულ ეს მესმის, _ ხომ იცი, ეს ფული პარტიაში 4-5 კაცში ტყდება. მარტო ეს რომ იყოს, კიდევ არაუშავდა. ამ ოპოზიციონერებს ხომ თავისი ბიზნესები აქვთ. რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა აზარტულ თამაშებზე, _ შემოვიღეთ რაღაც რეგულაციები, მაგრამ არ გაამართლა და სათამაშო ბიზნესის შემოსავალი კიდევ 4 მილიარდი ლარით გაიზარდაო. 52 მილიარდი ლარია აზარტული თამაშების წლიური შემოსავალი. ამაზე ოპოზიციას უნდა დაეწყო ყვირილი, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მფარველობენ ამ ბიზნესს.
რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის მინისტრობიდან გაუშვეს გიორგი ქობულია. მან მეორე დღეს გამართა ბრიფინგი, სადაც საინტერესო და სკანდალური განცხადება გააკეთა. თქვა, საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი იმპორტის შემოტანაა, რომელიც ფარდის მიღმა არსებული, არაფორმალური მონოპოლისტური გარიგებებით იმართებაო. მთავრობიდან წასული კაცი აცხადებს ამას და არ უნდა აყვირებულიყო ოპოზიცია? ამაზე მეტი სკანდალი რა იყო? მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. ამ ჩვენმა მულტიმილიონერმა ოპოზიციონერებმა კარგად იციან, რომ თავად თუ მოვლენ ხელისუფლებაში, ისე გადაჭამენ ერთმანეთს მოგების გამო, რომ უარესი გარემო ექნებათ. ახლა მათთვის ხელსაყრელი გარემოა. კახა ოქრიაშვილი ძალიან ბევრს ილაპარაკებს, მაგრამ არაფერს გააკეთებს და ფულს არ დახარჯავს იმისთვის, რომ თავად მოვიდეს ხელისუფლებაში. ოპოზიციიდან ფულს ხარჯავენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ისინიც იმიტომ იხარჯებიან, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ. იტყვიან, პოლიტიკოსები ვართ და ჩვენი დევნა არ შეიძლებაო. მეტი მოთხოვნა მათ არ გააჩნიათ. ფულს რეალურად ვინც ხარჯავს, ეს არის დავით კეზერაშვილი.
_ რისთვის იხარჯება? რა ამოძრავებს სინამდვილეში?
_ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. ჩვენ არ ვიცით, თავის დროზე, „ნაცებმა“ რა მექანიზმით დასვეს კეზერაშვილის ანგარიშზე 1.5 მილიარდი დოლარი. ეს მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გარეშე ვერ გაკეთდებოდა. არ ვიცი, ვინ და რის სანაცვლოდ სთხოვს მას ამ ფულის დახარჯვას. რადგან ყველაფერი დაზუსტებით არ ვიცი, რასაც ვიტყვი, ყველაფერი იქნება სპეკულაცია, რაც არ მიყვარს.
_ როგორც ამბობენ, 2016 წელსაც დახარჯა კეზერაშვილმა ფული იმისთვის, რომ „ევროპული საქართველო“ შექმნილიყო და პარლამენტში გასულ ბოკერიას გუნდს „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა.
_ დახარჯა თუ არა მაშინ კეზერაშვილმა ფული, ეს არ ვიცი. ის ყველამ დავინახეთ, რომ 28-კაციანი გუნდიდან ბოკერიამ 21 კაცი წაიყვანა. ერთმა თქვა, დამოუკიდებელი დეპუტატი ვიქნებიო. „ნაციონალებში“ სულ ექვსი კაცი დარჩა. ბოკერიას შეეძლო კიდევ ერთი ან ორი კაცის წამოყვანა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ფრაქცია აღარ ექნებოდა და ამას დიდი სკანდალი მოჰყვებოდა. ამის შემდეგ ყველა წასული ჩაფლავდა. გვახსოვს სააკაშვილის ცნობილი განცხადება, ვინც დაადგება ბოკერიას გზას მის ბედს გაიზიარებსო.
_ ახლა „ნაციონალებში“ რომელი ფრთა დაადგა ბოკერიას გზას, დარჩენილები, თუ იქიდან წამოსულები?
_ რა თქმა უნდა, წამოსულები. არცერთი მათგანი არ არის ქარიზმის მატარებელი. ყველა პარტიას აქვს რაღაც მხარდაჭერა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. არც გაერთიანება მოიტანს შედეგს. თუ გაერთიანდებიან, შეიკრიბება საარჩევნო ბარიერის გადასალახავად საჭირო ხმები? ეს გამორიცხულია. ასეთი გაერთიანების დროს ხმები ხშირად ერთმანეთს აბათილებს და მხარდაჭერა ნულდება. გაერთიანება არ კრებს ხმებს. ძალიან ჭრელი მოზაიკებია ქართულ პოლიტიკაში. ვინ ვისთან ერთიანდება, ვერ გაიგებ და ეს ყველაფერი სასაცილოა.
_ ოპოზიციაში ქარიზმატული ლიდერების არარსებობაზე ვისაუბრეთ და ამ მხრივ „ქართულ ოცნებაში“ როგორ არის საქმე? არც იქ უნდა ულხინდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი მესამედ არ დაბრუნდებოდასაჯარო პოლიტიკაში.
_ „ქართულ ოცნებაში“ ამ მხრივ ბევრად უკეთესი ვითარებაა. არსებობს ადმინისტრაციული რესურსი და მოსახლეობის განწყობა, რომ ისევ ესენი მირჩევნია, ვიდრე სხვა ძალა მოვიოდეს ხელისუფლებაში. ამბობენ, ამათ ასე თუ ისე ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნეს. ჩვენს გარშემო ყველგან ომია, საქართველოში მშვიდობაა. ამას ხალხი ხედავს და აფასებს. არ უნდა სხვა ძალის მოყვანა ხელისუფლებაში. ეკონომიკურ ნაწილშიც წინსვლაა. ამას უცხოელებიც აღიარებენ. აქ ეკონომიკური წინსვლა რომ არ იყოს, თბილისში ამდენი ძვირფასი მანქანა არ ივლიდა. ასეთი მანქანები ევროპის ქვეყნებშიც კი არ დადის. იმდენი მაღალი კლასის „მერსედესი“ თბილისში რომ დადის, სხვაგან არაა.
_ ძვირიანი მანქანების სიმრავლე მარტო ეკონომიკური წინსვლის დამსახურება არ გახლავთ, ეს ჩვენს ქაჯობაზეც მიუთითებს.
_ რა თქმა უნდა, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ფული ტრიალებს. ზემოთ ხომ ვთქვით, რომ აზარტული თამაშების შემოსავალი წელიწადში 52 მილიარდი ლარია. ეს ფული, ასე თუ ისე, ნაწილდება და ის გავლენას ახდენს საქართველოში ფასებზე. ასე რომ, „ქართულ ოცნებაში“ ბევრად უკეთ არის საქმე, ვიდრე ოპოზიციაში.
_ აბა, რატომ დაბრუნდა ივანიშვილი?
_ ველოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდებოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ ეს ასე მალე მოხდებოდა. ვფიქრობდი, რომ სადღაც მაისის ბოლოს დაბრუნდებოდა. ივანიშვილმა მისთვის ჩვეული გულახდილობით და გულწრფელობით ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დაბრუნდა. მის ქმედებებთან დაკავშირებით ათასობით თეორია სახელდებოდა. მაგრამ მერე გაირკვეოდა, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ივანიშვილმა თქვა. ახლაც ბევრი თეორია მოვისმინეთ, მაგრამ ყველაფერი ისეა, როგორც მან თქვა.
2018 წელსაც დაბრუნდა ის პოლიტიკაში. მაშინ მან თქვა, სულზე მივუსწარი, ცოტაც და ჩამოიშლებოდა ეს პარტია მთლიანადო. ერთი კვირა არ მეძინა, როცა გავიგე, რომ მიმალავდნენ სტატისტიკას, „იუნისეფის“ მონაცემებს, სადაც ეწერა, რომ ღარიბი ბავშვები არიან ქვეყანაშიო. ქუმსიშვილი და ვიღაცები მალავდნენ ამას. მაშინ მათ წინააღმდეგ საქმეებიც კი აღიძრა. დაკითხვებზეც ატარეს პროკურატურაში.
_ საქმე კი აღიძრა, მაგრამ საქმეს მსვლელობა არ მიეცა.
_ მსვლელობა, რატომღაც, არ მიეცა. ივანიშვილი მაშინ იმიტომ დაბრუნდა, რომ, მისი თქმით, დაცდა აღარ შეეძლო. გახარიასთან დაკავშირებით ღალატი ახსენა და ა. შ. ახლა სულ სხვა დონის განცხადებები გააკეთა. არავითარი სულზე მივუსწარი და მსგავსი რამეები. მისი ყველა განცხადება საინტერესი იყო, მაგრამ მე პირადად ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვლად მივიჩნიე: მან თქვა, _ ჩემს რჩევას და პოზიციას 2-3 ადამიანთან ვაფიქსირებდი და ამას იშვიათად ვაკეთებდი. მთელი „ქართული ოცნება“ ამ 2-3 ადამიანისგან გებულობდა, თუ რას ფიქრობდა ბიძინა ივანიშვილი ამა თუ იმ საკითხზე. მასთანაც ამბავი მხოლოდ ამ 2-3 კაცს მიჰქონდა. ეს, თავის მხრივ, რაღაც პრობლემებს ქმნის. გუნდის წევრებს უჩნდებათ პროტესტი, მე რატომ არ მელაპარაკება ივანიშვილი და ჩემგან რატომ არ ისმენს, რა ხდება გუნდსა თუ ქვეყანაში. ჩნდება ეჭვებიც, გუნდის წევრები დარწმუნებული არ არიან, რომ ის 2-3 ადამიანი იმას ამბობს, რაც სინადვილეში თქვა იმ კაცმა. არც იმაში არიან დარწმუნებულები, რომ მათ პოზიციას ბიძინას გადასცემენ.
_ უკმაყოფილება ამის გამო გაჩნდა გუნდში და ამიტომ დაბრუნდა პოლიტიკაში, თუ მასთან არ მიდიოდა ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდება სინამდვილეში?
_ ამის გამო ის პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა. მას ასეთი პოზიცია აქვს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ქართული ოცნება“ მოდუნდეს. მოდუნების რისკი ნამდვილად არის. იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიცია უკვე განადგურებულად მიაჩნიათ და დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება არჩევნებზე. ეს განწყობა არის დამღუპველი. უახლესი ისტორიის მანძილზე ასეთმა განწყობებმა ევროპაში არაერთ პარტიას გაუკეთა ძალიან ცუდი საქმე. ეს ცნობილია. აქაც ისეთივე სიფრთხილეა საჭირო, როგორც სამხედრო საქმეში. სამხედრო საქმეში არის ასეთი მომენტები, ძლიერი ფოქრობს, რომ რა უნდა ამის დამარცხებას, 5 დღეში მოვიგებთ ომსო.
_ ასე ფიქრობდა რუსეთიც სამ დღეში კიევის აღებას.
_ სამ დღეში აიღეს კი არა, იმ ტერიტორიებსაც კარგავენ, რაც დაიკავეს. უკრაინელებმა დაკარგული ტერიტორიების 50% უკვე დაიბრუნეს. ასე იცის მოწინააღმდეგის დაუფასებლობამ. მოდუნებამ ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო ევროპა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპაში სამხედრო საქმეზე ფიქრიც კი დაივიწყეს. ფაქტობრივად, გაჩერდა სამხედრო მრეწველობა. აღმოჩნდა, რომ საერთოდ არაფრისთვის არიან მზად. ეს არ შეიძლება. ეს არის იმის მიზეზი, რისთვისაც ივანიშვილი დაბრუნდა. მეორე მიზანი მისი დაბრუნებისა არის ის, რომ აღარ სურს მხოლოდ 2-3 ადამიანთან კონტაქტი. მესამე მომენტი არის კორუფცია.
შემთხვევითი არ არის, რომ მას, როგორც საპატიო თავმჯდომარეს უფლება მიეცა, დანიშნოს პრემიერი. ის ღიად დაესწრება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომებს. ამ შეხვედრებზე ნებისმიერს შეეძლება თავისი პოზიციის დაფიქსირება. ამ ფორმატში რომ ყოფილიყო თანამშრომლობა გუნდთან, რაც შარშან მარტში განვითარდა, მსგავსი რამ არ მოხდებოდა. ვგულისხმობ უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონს, რასაც დიდი მღელვარება მოჰყვა.
_ ივანიშვილი თავს იზღვევს, რომ მსგავსი არაფერი მოხდეს?
_ ახლა ის შეეცდება, რომ თავისი პირადი ჩართულობით რაღაცები სხვანაირად გააკეთოს. შემთხვევით არ მიხსენებია მარტის ამბები. იყვნენ გუნდში ისეთები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ასეთი სახით ამ კანონის მიღება არ შეიძლებოდა. ივანიშვილი მათ აზრს მოისმენდა და გაითვალისწინებდა. ეს ადამიანები შეეცადნენ, ივანიშვილისთვის ხმა მიეწვდინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.
_ „ქართულ ოცნებაში“ რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ?
_ კანონის მიღებას არ ეწინააღმდეგებოდნენ, ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს სხვა ფორმით უნდა მომხდარიყო. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ამ ფორმით მოხდებოდა კანონის მიღება, ახალგაზრდები გამოვიდოდნენ ქუჩაში და საერთოდ არ დააინტერესებდათ, ეს კანონო ამერიკულს ჰგავს თუ რუსულს. ახლა ივანიშვილი გააჯანსაღებს სიტუაციას და ასეთი რაღაცა აღარ მოხდება. კორუფციას რაც შეეხება ესეც მისახედია, ამაზე ბევრს საუბრობენ. ლაპარაკობენ, რომ მაღალჩინოსნები არიან კორუფციაში ჩართულები.
_ კორუფციის გამო წლების წინათაც ჩაერია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რაც 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან გაშვებით დასრულდა.
_ 2018 წელს ბიძინა ივანიშვილმა თქვა ასეთი რამ: „მე მაბრალებენ, რომ ვმართავ ქვეყანას, არაფერსაც არ ვმართავ. ამათ კონტროლი მართვაში ეშლებათ. ვცდილობ, გავაკონტროლო ჩემი ძალებით ეს მთავრობა, რაც კი შემიძლია“. მან ასევე თქვა: „ჩვენს საზოგადოებას ჯერაც არ შესწევს ძალა, თავად გააკონტროლოს მთავრობა, რომელსაც თავად ირჩევს. მე ვცდილობ, რომ ის ჭარბი ნდობა, რომელიც მაქვს საზოგადოებიდან, დავუბრუნო იმით, რომ გავაკონტროლო მთავრობა“. ის მართლა მთავრობის გაკონტროლებას ცდილობს. მთავრობის გაკონტროლებას რომ ცდილობს, ამიტომ ჩაერია 2015 წელს და ყველას გემახსოვრებათ, რამდენი კორუმპირებული მოიშორა მაშინ.
2015 წელს ნამდვილი წმენდა ჩატარდა. გავიდა რაღაც ხანი და ირაკლი ღარიბაშვილიც გაუშვა პრემიერ-მინისტრობიდან. ამ თემაზე მან მოგვიანებით ისაუბრა „იმედის“ ეთერში, თქვა, _ ამბობენ, რომ ღარიბაშვილი შვილივით მყავს და ყველაფერს ასრულებს, რასაც ვეტყვი. ასე არ არის. ერთხელ ვუთხარი, შენი ცოლის ნათესაობა პრობლემაა შენთვისაც და ქვეყნისთვისაც, მიხედე ამას-მეთქი. არ მიხედა. გავიდა კარგა ხანი და მეორედ ვუთხარი, კიდევ არაფერი გააკეთა, მესამედ უკვე შევუთვალე, წადი და წავიდა.
_ ახლაც მსგავსი რამე ხომ არ იქნება? ამჯერად პრემიერის ცოლის ნათესავები აღარ ფიგურირებენ კორუფციაში, ახლა ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები ეხვევიან კორუფციულ სკანდალებში.
_ ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები კორუფციაში არიან ჩართულები. ივანიშვილს არ უთქვამს, რომ ცვლილებებს აპირებს ან არ აპირებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ მთავარი ისაა, რა საჭიროა, პოლიტიკიდან წასული ადამიანი ჩაერიოს პოლიტიკაში. საჭიროა იმიტომ, რომ საზოგადოებას ხელში არ აქვს ბერკეტი, რომ ხელისუფლება აკონტროლოს.
_ ინსტრუმენტსა და ბერკეტს ვინ ჩივის, საზოგადოებას ხელისუფლების გაკონტროლების სურვილიც კი არ გააჩნია.
_ მეტსაც გეტყვით: ხელისუფლების კონტროლის სურვილი თავად ოპოზიციასაც არ გააჩნია. დღევანდელი ოპოზიცია ყველაფერზე ილაპარაკებს, იტყვის, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ცუდია, მრავალგზის დაგმობს რუსეთს, განაცხადებს, რა კარგია, კანდიდატის სტატუსი რომ მოგვცეს, მაგრამ კორუფციაზე ხმას არ ამოიღებს. მე სერიოზულად ხმის ამოღებას ვგულისხმობ, თორემ ზოგადი განცხადებები კეთდება, ეს არის დიდი პრობლემა. ქვეყანაში რომ იყოს ნამდვილი, ეროვნული ინტერესების მქონე ოპოზიცია, რომელიც თავად არაა ჩაფლული კორუფციაში, სულ სხვა ვითარება იქნებოდა. და არც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდებოდა პოლიტიკაში. ის არა მარტო ჩართვისგან, არამედ კონტროლისგანაც დაისვენებდა. მას ძალიან არ მოსწონს ეს საქმიანობა. მან არაერთხელ თქვა, ჩემს ხასიათში არ არის პოლიტიკური მოღვაწეობაო. მისი მხრიდან ეს არის ძალიან დიდი ქველმოქმედება. ასეთი ქველმოქმედება გამოიჩინა მან 2011 წელსაც, როცა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა.
_ მაშინ მან თავისი სიცოცხლით გარისკა.
_ არა მარტო თავისი. მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი მეუღლე და 4 შვილი. ეს დასაფასებელია.
_ ახლა ნამდვილად აღარ რისკავს.
_ არ რისკავს, მაგრამ ახლა მთელი ტალახი მისკენ წავა. ისედაც არ აკლებდნენ, მაგრამ ახლა ხომ საერთოდ. დასავლეთს ეტყვიან, აი, ხომ გეუბნებოდით, რომ ისედაც ეგ მართავდა და ახლა იძულებული გახდა, გამოსულიყო ჩრდილიდანო. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება. მას გუნდის წევრებთან ჰქონდა საუბარი და შესაძლოა, ეს საუბარი გახდეს ვიღაცებისთვის იმის ნიშანი, რომ კარგად მოიქცნენ. ვინც კარგად არ მოიქცევა, სახლში წასვლა მოუწევს. ქვეყნის ბედისთვის მნიშვნელოვანია ეს არჩევნები და ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება „ოცნებაში“ მოვლენები. საკითხავია, როგორ მივლენ არჩევნებამდე, _ ხომ არ წამოეგებიან კიდევ რაიმე პეროვოკაციას? არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რაღაც მცირე შეცდომაც კი შეიძლება ძვირად დაუჯდეს „ქართულ ოცნებას“.