პეტრე მამრაძე: „გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილს აგინა“
პარლამენტის ყოფილი წევრი, პეტრე მამრაძე, ზუსტად ვერ ასახელებს იმ მიზეზს, თუ რატომ დატოვა თამარ ჟვანიამ თანამდებობა. მისთვის ცხადი და აშკარა, რომ საქართველოს დღეს პოლიტიკოსები არ ჰყავს. ამბობს, რომ პოლიტიკური ველი გაჯერებულია ავანტიურისტებით. მამრაძის აზრით, ხელისუფლებას შეუძლია თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე მეტის აღება და მისთვის ხმების წართმევა მხოლოდ გიორგი გახარიას ხელეწიფება.
რატომ ვერ ჩამოყალიბდა ნიკა მელია ლიდერად? რატომ აგინებდნენ „ნაციონალები“ მიხეილ სააკაშვილს? წავიდა თუ გაუშვეს თამარ ჟვანია? რას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე? არის თუ არა ხელისუფლების ცვლილების საფუძველი? _ ამ პრობლემების შესახებ პეტრე მამრაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო პეტრე, თქვენ, ჯერ კიდევ, ადრიან გაზაფხულზე ამბობდით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა. „ნაციონალებთან“ დაკავშირებითაც იგივე მოლოდინი გქონდათ?
_ „ნაციონალების“ შესახებ ზუსტი პროგნოზის გაკეთება გამიჭირდა. პანდემიის გამო იშვიათად გამოვდივარ გარეთ და ნაცნობებსაც ვერ ვხვდები. მათთან სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს, ტელეფონით კი იმდენ ინფორმაციას ვერ გაიგებ, რამდენსაც პირად საუბრებში. ინფორმაციები ისევ მაქვს, მაგრამ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მომკალით და, არ ვიცი, თუ ზუსტად რატომ გადადგა თამარ ჟვანია.
ინფორმაციები შემცირდა, მაგრამ ანალიზის გაკეთება ყველაფერზე შეიძლება. იგივე ითქმის „ნაციონალებზეც“ _ მე მიჭირს იმის მტკიცება, თუ რატომ გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა მათ, მაგრამ ანალიზის გაკეთება შესაძლებელია. ნიკა მელია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯინაზე აირჩია პარტიის თავმჯდომარედ. სააკაშვილი დღემდე არის პარტიისთვის ხმების მთავარი მომტანი. ეს არაერთხელ დამტკიცდა. ამაზე ნათლად მეტყველებს ბოკერიას კრახი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილმა პარლამენტში 28 კაცი გაიყვანა. ბოკერიამ იქედან 22 კაცი „ევროპულ საქართველოში“ გადმოიყვანა. 22 კაცი იმიტომ წამოიყვანა, რომ სააკაშვილს პარლამენტში ფრაქცია დარჩენოდა. პარლამენტში ფრაქციის შექმნას 6 დეპუტატი სჭირდებოდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უგულავა-ბოკერიას პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 5 ადგილი აიღო. სააკაშვილმა აიღო 36 ადგილი. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმები მოაქვს პირადად სააკაშვილს. ამ ფონზეც კი პარტია მის წინააღმდეგ წავიდა. ასეთი რამე მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა.
_ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „ნაციონალები“ მიშას წინააღმდეგ წავიდნენ? ეს რაში გამოიხატა?
_ ომის დასრულების შემდეგ სააკაშვილს დედის გინების გარეშე პარტიის წევრები არ ახსენებდნენ ხოლმე.
_ ალბათ, ზურგს უკან აგინებდნენ, პირში გინებას ვერ გაუბედავდნენ.
_ პირში არ აგინებდნენ. გამონაკლისი იყო გიგა ბოკერია. ის აგინებდა კიდევაც და ბევრ რამეს უბედავდა. დანარჩენი ჩუმად აგინებდა, _ მაგან დაგვღუპა, მაგის დედა და ა. შ. ახლა პარტიაში სააკაშვილის მიმართ უკმაყოფილება რომ იყო, ეს სალომე სამადაშვილის საუბრიდან გავიგეთ. ყველამ მოისმინა მისი სატელეფონო საუბარი. ინტელიგენტი ოჯახის შვილია ეს ქალბატონი, მაგრამ სულ სამი ასოსგან შემდგარ რუსულ სიტყვას გაიძახის. იქ გოცირიძემ თქვა განსხვავებული რაღაც. როდესაც ნიკა მელია აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მაშინ ვივარაუდე, რომ ისინი შევიდოდნენ პარლამენტში. შევიდნენ კიდევაც, მაგრამ ეცადნენ, განსაკუთრებულად გაეკთებინათ ეს.
_ რაში გამოიხატებოდა ეს განსაკუთრებულობა?
_ პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
_ რისთვის დასჭირდათ ასეთი ნაბიჯი?
_ ეს მიშას მოთხოვნა იყო. მიშას ასეთი კრედო აქვს: სხვისგან გამორჩეული და განსაკუთრებული უნდა იყოს. ის ყოველთვის ცდილობს, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეს.
_ „ნაციონალები“ მომავალშიც გამორჩეულად მოიქცევიან? ვიღაცები უკვე წამოვიდნენ პარტიიდან, იგივე სალომე სამადაშვილი. თქვენი აზრით, გაგრძელდება პარტიის რღვევა?
_ პარტიის რღვევას არ გამოვრიცხავ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პარტიის ერთობა იდეოლოგიის დონეზე არ არის დაფუძნებული. პარტიის წევრებს ერთმანეთი არ უყვართ და პატივს არ სცემენ. იქ მთლიანად პრაგმატული ინტერესები დომინირებს. ყველა იმას ფიქრობს, ასე რომ მოვიქცე, რა იქნებაო. გადაწყვეტილებებსაც აქედან გამომდინარე ღებულობენ.
_ მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, ნიკა მელია აღარ აქტიურობს, თითქოს გვერდზე გადგა. ამაზე რას ფიქრობთ?
_ სხვებისგან განსხვავებით, ნიკა მელიას იმდენი მაინც ესმის, რომ არაა ისეთი ფიგურა, რომელიც დღის წესრიგს შექმნის. ციხეშიც ხომ იმიტომ ჩაჯდა, რომ ქართულ და უცხოურ მედიას მასზე ელაპარაკა? ციხიდან გამოსული ნიკა მელია რას წარმოადგენს? _ არაფერს.
_ რატომ არ წარმოადგენს არაფერს?
_ იმიტომ არ წარმოადგენს, რომ არც ინტელექტი აქვს და არც პოლიტიკური ალღო. ვინ არის ნიკა მელია? ერთი მოხულიგნო ბიჭია და მეტი არავინ. მას შეუძლია, ელექტროსამაჯური მოიხსნას და ხალხში ისროლოს.
_ ნიკა მელიას არ აქვს სისხლიანი წარსული. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენთვის არაფერს ნიშნავს?
_ სისხლიანი წარსული რომ არ აქვს, ეს ძალიან დიდი პლუსია. ამის მიუხედავად, მასზე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მისი სახით პოლიტიკოსი გამოჩნდა.
_ ედუარდ შევარდნაძის მერე საქართველოში პოლიტიკოსი გვყავდა საერთოდ?
_ არ გვყოლია. გარკვეულ ეტაპზე ზურაბ ჟვანია იძლეოდა იმის იმედებს, რომ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
_ რატომ ვერ გახდა ჟვანია პოლიტიკოსი?
_ ის თავისმა სუსტმა მხარეებმა და პირადმა ინტერესებმა გადაწონა. ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან, რომ პოლიტიკოსი ვერ გახდა. შევარდნაძეს გარშემო კარგი ტექნოკრატები ჰყავდა, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ იყო პოლიტიკური ფიგურა. ჟიული შარტავა იქნებოდა კარგი პოლიტიკოსი, მაგრამ ის 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეს, დაიღუპა.
_ ზემოთ თამარ ჟვანია ახსენეთ. რატომ დატოვა ამ ადამიანმა თანამდებობა? თუ გაუშვეს?
_ ამასთან დაკავშირებით მეგობრებმაც დამისვეს კითხვები. იგივეს გიპასუხებთ, რაც მათ ვუთხარი. თამარ ჟვანიას ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგომას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
_ ასეთი უმნიშვნელოა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა, რომ მას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ?
_ ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა. არ იქნება თამარ ჟვანია, იქნება სხვა. ვინც არ უნდა დაინიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ, ის არჩევნების შედეგებსა და პოლიტიკურ კლიმატზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩემთვის უფრო საინტერესოა იმის გარკვევა როგორ წავიდა ის თანამდებობიდან, თავისი ნებით გააკეთა, თუ მმართველმა დაჯგუფებამ უთხრა? შესაძლოა, მას უთხრა „ოცნებამ“, წადიო, მაგრამ ახლა ის ვთქვათ, რაში უნდა აწყობდეს ეს მმართველ პარტიას? თამარ ჟვანიას გადადგომა ხომ ირიბი აღიარებაა იმისა, რომ არჩევნებზე რაღაც პრობლემები იყო?! ამასთან მის გადადგომას ითხოვდა ოპოზიცა. ე. ი. მათმა მოთხოვნამ გაჭრა და ცესკოს თავმჯდომარე გაუშვეს. ჟვანიას გადადგომის შემდეგ ოპოზიცია აყვირდა და აცხადებს, ეს საკმარისი არ არისო. მეორე მხრივ, შესაძლოა, ჟვანია უცხოელებთან ურთიერთობის ფორმატში გაუშვა „ქართულმა ოცნებამ“. მათთან მმართველმა პარტიამ ისედაც ძალიან დაიწვა ხელები.
_ ხელების დაწვაში რას გულისხმობთ?
_ სრული კატასტროფა იყო, მათ რომ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მეორე დღეს ევროპელებმა უთხრეს, ეს ხელმოწერა თქვენთვის შეინახეთ და სხვა დოკუმენტს უნდა მოაწეროთ ხელიო. „ოცნებამ“ მორჩილად მოაწერა იმ სხვა დოკუმენტსაც ხელი. ეს ნამდვილი პოლიტიკური კატასტროფა იყო. და რაკი ასე მოიქცნენ მაშინ, შესაძლოა, ჟვანიაც მათი თხოვნით გაუშვეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თამარ ჟვანია მართლა საკუთარი ნებით წავიდა.
_ თავად რატომ უნდა წასულიყო?
_ არ ვიცი. თამარ ჟვანია ცესკოში არასამთავრობო სექტორიდან მივიდა. მას უცხოელებთან აქვს კონტაქტები და შესაძლოა, მათ ურჩიეს, წასვლა სჯობსო. ამანაც გაითვალისწინა ეს რჩევა და „ოცნებას“ უთხრა, გამიშვითო. იმათაც გაუშვეს. ალბათ, არ ივარგებდა, რომ თვითმმართველობის არჩევნები მისი თავმჯდომარეობით ჩატარებულიყო.
_ თან ეს ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის, ამ არჩევნებზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედი უნდა გადაწყდეს.
_ თვითმმართველობის არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ 43%-იანმა დათქმამ ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. „ვარდების რევოლუციის“ წინ მაშინდელმა მმართველმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებზე კატასტროფული მარცხი განიცადა.
_ 2002 წლის არჩევნებს გულისხმობთ?
_ დიახ. კარგად მახსოვს, როგორ აფრთხილებდა მოსალოდნელი მარცხის შესახებ შევარდნაძე გუნდს. არჩევნების წინ მან თქვა, _ ნუ ხართ არხეინადო. ვინც აყალბებდა არჩევნებს, ახლა მთლიანად იქითა მხარეს არის. იმ არჩევნებზე ოპოზიციამ მოიპოვა წარმატება.
_ ამ მიმართულებით ივანიშვილს პრობლემა არ აქვს. ვინც აყალბებს, ისინი ჯერ ისევ ხელისუფლების მხარეს არიან.
_ ახლა ასეთი სიტუაცია არ არის. წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული არჩევნები გველოდება.
_ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარია ხმებს დააკარგვინებს. თქვენ რას ფიქრობთ?
_ გიორგი გახარიას ფაქტორს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. უკვე გამოჩნდა, რასაც წარმოადგენს ეს კაცი.
_ სად და რა გამოჩნდა?
_ ის გამოჩნდა, რომ მას სამეგრელოს რეგიონი დაუჭერს მხარს, თითქოს იმიტომ, რომ ის წარმოშობით ამ კუთხიდანაა. მაგრამ მარტო სამეგრელოს ხმებით ბევრს ვერაფერს მიაღწევს.
_ მარტო სამეგრელო რატომ? შიდა ქართლში, კერძოდ, გორშიც, დიდი მხარდაჭრა აქვს.
_ როგორც უკვე გითხარით, პანდემიის გამო გარეთ არ გამოვდივარ. რაღაც-რაღაცები ცუდად ვიცი. შესაბამისად, მიჭირს საუბარი იმაზე, სად და როგორი მხარდაჭერა აქვს ყოფილ პრემიერს. ახლა თქვენ მეუბნებით, გორში უჭერენ მხარსო.
_ ეს მხარდაჭერა კახა საბანაძის ფაქტორიდან გამომდინარეობს. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გორელი დაასაქმა.
_ ამ რეგიონში კახა საბანაძე საკმაოდ სერიოზული ფიგურაა. მას ავტორიტეტი აქვს. ეს პირველ რიგში მამამისის სახელიდან გამომდინარეობს. ემზარ საბანაძემ კარგი სახელი დატოვა გორში. გორი და სამეგრელო გახარიას სერიოზული წარმატებისთვის არ ეყოფა, მაგრამ შეიძლება, ხელისუფლებისთვის ეს გახდეს საბედისწერო მომენტი.
_ საბედისწერო მომენტი რატომ უნდა გახდს?
_ გახარია გორსა და სამეგრელოში თუ წაართმევს ხელისუფლებას ხმებს, „ქართულმა ოცებამ“ შესაძლოა, 43% ვეღარ აიღოს. ასეთ შემთხვევაში კი ვადამდელი საპარამენტო არჩევნები დაინიშნება.
_ ოპოზიციის შანსებზე რას იტყვით?
_ არანაირი შანსები არ გააჩნიათ. არც ერთ მათგანს არ ეყო იმის უნარი, რომ წონიანად ელაპარაკა ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე. ხანდახან კი ამბობენ, ეს რაებზე გვიწევს საუბარი, როცა ქვეყანას ამდენი პრობლემა აქვსო. სინამდვილეში, პრობლემებზე საუბარი არც თავად უნდათ.
_ რატომ არ უნდათ?
_ იმიტომ, რომ არ იციან, წესიერად რა თქვან. იმაზე წარმოდგენა არ აქვთ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ამის გამო ყველაფერი გვერდით გადადეს. საუბრობენ რაღაც ზოგად თემებზე, გადასულები არიან საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე და ერთმანეთის ჭამაზე. სულ რომ დაიწვას ეს ქვეყანა, ისინი მაინც ერთმანეთის გინებაში იქნებიან. სხვა რამე მათ, უბრალოდ, არც იციან და არც აინტერესებთ.
_ ეს გინებაც რომ არაა ნაღდი? სახალხოდ აგინებენ, თორემ ისე ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან.
_ გინებაც არაა ნაღდი და ეს უკვე ამომრჩეველმაც კარგად იცის. ახლა აღარ მეძახიან ტელეეთერებში, თორემ ადრე დავდიოდი. უამრავი მწვავე დებატის მომსწრე ვარ. გადაცემის დასრულების შემდეგ ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთი საშინლად გალანძღეს, რეკავენ რესტორანში და სუფრას უკვეთენ.
არის ასეთი, მსოფლიოში ცნობილი რუსი ნეოლინგვისტი ჩერნიკოვსკაია. მას ძალზე საინტერესო დასკვნები აქვს დაწერილი. რუსულ შოუებში პოლიტიკოსები არანაკლებად ლანძღავენ ერთმანეთს და ზოგჯერ ეთერებში ერთმანეთს ჭიქებსაც ესვრიან. ეს ქალბატონი ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან სულ სხვა რაღაც დგას. მას არ უჭირს ამოიცნოს, თუ როდის არის ადამიანი გულწრფელი და როდის _ თამაშობს. ქალბატონი ამბობს: რუსი პოლიტიკოსების სიცხარეს რომ ვხედავ, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ, თუ რომელ რესტორანში აღნიშნავენ ყველანი ერთად შოუს დადგმას.
_ ალბათ, ჩვენც ასე უნდა შევხედოთ ამ დაპირისპირებებს.
_ ალბათ კი არა, აუცილებლად ასე უნდა შევხედოთ. მათი გაცხარება არ არის გულწრფელი. ეს ყველაფერი შოუს სჭირდება. რამდენიმე წლის წინათ ერთ გადაცემაში ვიყავი მიწვეული. ჩემ გარდა იქ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. გადაცემაში დასცხეს, მარა რა დასცხეს ერთმანეთს. სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამეშველებინა ისინი. სიტყვა მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ მათქმევინეს. ყვიროდნენ და კიოდნენ. გადაცემა რომ დამთავრდა, ერთი მეორესთან მივარდა და ძალიან შინაურულად უთხრა, _ მიხაილოვიჩ, რა ქენი, მონათლე შვილიო? ძალიან ოჯახური სიტუაცია შეიქმნა. ამან უთხრა, _ ახლო მომავალში ვაპირებ და თქვენც არ გამომრჩებითო. ასე ტკბილად წავიდნენ გადაცემიდან. გადაცემაში კინაღამ დახოცეს ერთმანეთი. სამწუხაროა, რომ ხალხის დიდ ნაწილს მათი ჩხუბი ნამდვილი დაპირისპირება ჰგონია.
_ მათი საეთერო დაპირისპირება რომ ბლეფია, ეს აშკარაა, მაგრამ ხალხი ამას მაინც ვერ ამჩნევს. რატომ?
_ აბა, რა გითხრათ, მხოლოდ ნაწილი ამჩნევს ამ სიყალბეს. ამომრჩეველთან დაკავშირებით ცოტა უიმედოდ გვაქვს საქმე.
_ უიმედოდ რატომ გვაქვს საქმე?
_ ამომრჩეველმა ძალიანაც რომ მოინდომოს, მაინც ვერაფერს იზამს.
_ თუ ძალიან მოინდომებს, როგორ ვერ იზამს?
_ სოციალური, ისტორიული და პოლიტიკური პირობების გამო საქართველოში საშუალო ფენა აღარ არსებობს, რომლის ინტერესებიც დაემთხვეოდა ქვეყნის ფეხზე დადგომას. როდესაც პარტიები არ არსებობენ, მაშინ ავანტიურისტების სამოქმედო არეალად გადაიქცევა ხოლმე პოლიტიკური სივრცე. ამას, ჯერ კიდევ, დიდი ხნის წინათ ამბობდნენ.
_ ახლა ჩვენთან ეს სიტუაციაა? _ ავანტიურისტებს უკავიათ პოლიტიკური სივრცე?
_ რა თქმა უნდა. ჩვენთან ნორმალური პარტია არ არსებობს. შემიძლია გითხრათ, რომ პარტია, ფაქტობრივად, არ გვყოლია.
_ არადა, რამდენი პარტიაა რეგისტრირებული.
_ ეგენი ხომ პარტიები არ არიან. პარადოქსია, მაგრამ ასეთი ორგანიზაცია იყო, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
_ სმკ არ იყო ხელწამოსკრავი პარტია. იქ სერიოზული ხალხი იყო გაწევრიანებული: შევარდნაძე, ჟვანია, სააკაშვლი.
_ სხვათა შორის, შევარდნაძეს ძალიან არ უნდოდა „მოქალაქეთა კავშირში“ გაწევრიანება.
_ რატომ არ უნდოდა?
_ ამბობდა, გვერდით ვიქნები. მინდა, ყველას პრეზიდენტი ვიყოო. ძალიან არ უნდოდა სმკ-ში შესვლა. ის გრძნობდა, რომ, ადრე თუ გვიან, ეს ორგანიზაცია გადაგვარდებოდა, რაც მას მიეწერებოდა. ამ ყველაფრის მომსწრე მე ვარ. სმკ-ში ბევრი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდა, მაგრამ მაინც ძლიერი პარტია შექმნეს. რაღაც მომენტში ამ პარტიამ საქართველოსთვის ისტორიული როლი შეასრულა.
_ რა როლზე საუბრობთ, „მხედრიონი“ რომ აილაგმა?
_ არა მარტო „მხედრიონის“ ალაგმვა. კონსტიტუციის მიღების შემდეგ აქ სერიოზული დადებითი ძვრები დაიწყო. საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში რეფორმების დარგში ჩემპიონ ქვეყანას უწოდებდნენ. 1998 წელს მთელ მსოფლიოში დეფოლტი იყო. ჩვენ ლარი თავისუფლად გავუშვით, ის ცოტა ხნით ავიდა 2 ლარზე, მაგრამ მერე ისევ უკან დაბრუნდა.
დასავლელი ექსპერტები წერდნენ, რომ საქართველოში თუ რამდენიმე სერიოზული ამერიკული ინვესტიცია არ შევიდა, ქვეყანა კორუფციის ჭაობში ჩაეფლობაო. შევარდნაძე ეხვეწებოდა დასავლეთს, ჩადეთ ინვესტიციები და ქვეყანა გავა ფონსო. დასავლეთმა მისი თხოვნა არ შეისმინა. საქართველო ჩაეფლო კორუფციაში. ახლა ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. ეს უკვე წარსულია.
_ წარსულზე საუბარს სჯობს, მომავალზე ვისაუბროთ. როგორია თქვენი სამომვლო პროგნოზი?
_ ის ფენა, რომელიც ცვლილების დასაყრდენი იქნება, არ არსებობს. „ვარდების რევოლუციის“ დროს გაჩნდა ფენა, რომელსაც კორუფციის ატანა აღარ შეეძლო. მათ ამიტომ გააკეთეს ფსონი მიხეილ სააკაშვილზე. ამ არჩევანმა გაამართლა.
_ რაში გაამართლა?
_ რეფორმები გატარდა. მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც გატარდა.
_ თქვენი პასუხიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბუნდოვანი და პესიმისტურია ქვეყნის მომავალი?
_ ოპტიმისტური პროგნოზი არ მაქვს, მაგრამ ჯერ არც პესიმიზმის საფუძველი გვაქვს. იცით, როდის იქნება პესიმიზმის დრო? _ როცა ჯარსა და პოლიციას ხელფასებს ვერ გადაუხდიან ან გადაუხდიან, მაგრამ ეს ძალიან სიმბოლური თანხა იქნება.
შორენა მარსაგიშვილი