პეტრე მამრაძე: „ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვლება“
არჩევნებს, რომელიც ამ კვირის ბოლოს უნდა ჩატარდეს, ბევრი გადამწყვეტ არჩევნებად მიიჩნევს. ბევრს სჯერა, რომ 31 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვლება. მსგავსი მოლოდინები არ აქვს პოლიტოლოგ პეტრე მამრაძეს. მისი აზრით, ქართულ პოლიტიკურ ველზე არ ჩანს ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ჩაანაცვლებს. ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბევრ შეცდომას უშვებს. ამ შეცდომებს მამრაძე იმას მიაწერს, რომ ივანიშვილი პოლიტიკოსი არაა. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოში სისტემა კიდევ დიდხანს არ შეიცვლება. მისი აზრით, ხელისუფლება თუ მაინც შეიცვალა, აქ გავლენების გადანაწილებისთვის ბრძოლები დაიწყება.
რატომ არ დაისაჯნენ ციხის მწამებლები? რატომ გამოუშვა ციხიდან კბილაშვილმა ლადო ბედუკაძე? რას საქმიანობდა ლაშა ნაცვლიშვილი? ვინ და რა უფუჭებს საქმეს ბიძინა ივანიშვილს? როგორ ლაგდებოდა ბიზნესები? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს პეტრე მამრაძე ესაუბრება:
_ ბატონო პეტრე, ბევრი ამბობს, რომ არჩევნები, რომელიც ამ კვირის ბოლოს ჩატარდება, საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ?
_ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ არის გადამწყვეტი არჩევნები. გადამწყვეტი არჩევნების დროს ხალხის შემართება სულ სხვანაირია ხოლმე. დღეს განსხვავებული ვითარებაა. ამომრჩეველს არ აქვს განწყობა, რომ არსებობს ძალა, რომელიც ხელისუფლებაში თუ მოვა, გვეშველება, _ ამათი მოსვლით ქვეყანას პატრონი ეყოლება და ღირს არჩევნებზე წასვლაო. ამ დროს ლამის სახალხო მოძრაობა იწყება ხოლმე.
საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან ამით გამოირჩევა. ჩვენც არ შეგვიძლია ხელისუფლების ყოველდღიური მონიტორინგი, მაგრამ დროდადრო ასეთი სახალხო მოძრაობების შედეგად ვცვლით ხელისუფლებებს.
ასე მოხდა 2003 წელს. მაშინ არჩევნები „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა. ასე მოხდა 2012 წელს _ ხელისუფლების შეცვლა მაშინ გადაწყვიტა ხალხმა, როცა ციხის სადისტური კადრები ვნახეთ. მანამდეც ვიცოდით, თუ რა ხდებოდა ციხეებში, მაგრამ კადრებმა ხალხზე საშინლად იმოქმედა.
დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე არ ჩანს ისეთი ძალა, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა შეუძლია. არჩევნებში 47 სუბიექტი მონაწილეობს, მაგრამ ბევრი მათგანი პარტია არაა, უფრო ფეოდალურ დაჯგუფებებს წარმოადგენს.
ერთადერი არსებობს სააკაშვილი, რომლის მომხრეებიც 13-დან 17%-მდე მერყეობს. ეს არის სააკაშვილის ერთგული ელექტორატი. ეს ის ხალხია, რომელიც არჩევნებზე ნებისმიერ ამინდში მიდის. მათთვის არც პოლიტიკურ ამინდს აქვს მნიშვნელობა. არჩევნებზე მიდიან და მიშას აძლევენ ხმას. მათთვის მთავარია, ლიდერი იყოს მიშა და სულერთია, ვინ იქნება „ნაციონალების“ სახელით პარლამენტში. ამ ელექტორატის ხმებს ვერც ვაშაძის პარტია წაიღებს და ვერც _ უგულავა-ბოკერიას ფრთა. ეს, უბრალოდ, გამორიცხულია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% აიღო. თუ ამ არჩევნებზე დაბალი დასწრება იქნა და არჩევნები არ გაყალბდა, ოპოზიციიდან ისევ სააკაშვილის პარტია აიღებს ყველაზე მაღალ პროცენტებს. სხვა არაფერი მოხდება. „ქართული ოცნება“ ისევ ბევრ ადგილს მოიპოვებს პარლამენტში და მათ ახალი მთავრობის დასაკომპლექტებლად შესაძლოა, რომელიმე ძალასთან კოალიციის შექმნაც კი არ დასჭირდეთ
_ რატომ გგონიათ, რომ „ოცნება“ ბევრ ადგილს მიიღებს პარლამენტში? ამ პარტიამ ხალხს სერიოზულად გაუცრუა იმედები.
_ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს იმედები გაუცრუა, მაგრამ მაინც ეს ძალა მოიპოვებს უმრავლესობას. იმის გამო, რომ ოპოზიციაში სააკაშვილზე პოპულარული არავინ არის, „ოცნება“ პარლამენტში ბევრ მანდატს მიიღებს.
_ ოპოზციაში ყველაზე პოპულარული სააკაშვილი რომ იყოს, ეს, შემთხვევით, ივანიშვილს ხომ არ აწყობს?
_ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასეა. ხალხში არც მოთხოვნაა ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს მაფიქრებინებს, რომ არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვლება.
2003 წლის გაზაფხულზე უკვე ჩანდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა. უცხოელები კვლევებს ატარებდნენ. ამ კვლევების მიხედვით პირველ ადგილზე იყო შალვა ნათელაშვილი, მეორეზე _ მიხეილ სააკაშვილი. ეს შედეგი მოიტანა ქვეყანაში არსებულმა ტოტალურმა კორუფციამ. ხალხი ვეღარ იტანდა ამას, რაც მაშინ ხდებოდა. ვისაც კი შეეძლო ფულის აღება, ყველა იღებდა. ამ ფონზე სააკაშვილი ბრწყინვალე სიტყვებით გამოდიოდა და ამის გამო ხალხს ის ქარიზმატულ ლიდერად მოეჩვენა.
2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ციხის სადისტურმა კადრებმა დაამთავრა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს მიშა ისეთი პოპულარული აღარ იყო, როგორც წინა წლებში, მაგრამ ადმინისტრაციული რესურსი მას ემხრობოდა. ციხის კადრების გასვლის შემდეგ 20% მოწყდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასთან“ გადავიდა. ასე მოიგო არჩევნები მაშინ ივანიშვილის პარტიამ.
_ ამ ციხის კადრებს სერიოზული სკანდალი მოჰყვა. ბევრი მაშინვე ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო. საუბარია გაუპატიურების კადრებზე. ახლა გავრცელდა საუბარის ჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ამ სპექტაკლის დადგმაში ბედუკაძეს ვანო ჩხარტიშვილმა ფული გადაუხადა. იმაზე არავინ დაობს, რომ პატიმრებს მართლა აწამებდნენ, მაგრამ ცოცხების კადრები დადგმულია.
_ არანაირი საფუძველი არ მაქვს იმის გამოსარიცხად, რომ გაუპატიურების კადრები დადგმული იყო. ეს რომ გამოვრიცხო, საამისოდ სათანადო მტკიცებულებები უნდა მქონდეს. კარანტინის დაშლა კი ნამდვილია. ეს რომ ასე ხდებოდა, ამის შესახებ მანამდეც ვიცოდი, სანამ კადრები გავრცელდებოდა.
2008 წელს პარლამენტის წევრი რომ გავხდი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. ციხეებში არსებულ სიტუაციაზე ზღვა მასალა წამოვიდა. მახსოვს, ჩემთან 50 წლამდე ინტელიგენტი ქალბატონი შემოვიდა. თავს იკავებდა, მაგრამ მერე ტირილით მომიყვა, თუ რას უშვრებიან მის ვაჟიშვილს ციხეში. ეს ზუსტად დაემთხვა იმ მონათხრობებს, რასაც მანამდე სხვა ადამიანებისგან ვისმენდი.
კარანტინის დაშლის კადრებში ჩანდა ლაგოდეხის პოლიციის მაშინდელი უფროსი, რომელიც ფეხებს ურტყამდა პატიმარს. ამ სცენას ვიღაცები ვიდეოკამერით იღებდნენ. ეს არის უხეში კანონდარღვევა. პოლიციის უფროსს რა უნდოდა გლდანის ციხეში?! ვინ შეუშვა?! ახლავე გეტყვით, რაც ხდებოდა: ეს იყო დანაშაულებრივი ჯაჭვი. ჩინოსნებს ეუბნებოდნენ, შენ თუ ერთგული ხარ, ამაში მონაწილეობას მიიღებ, ჩვენ ამას ვიდეოზე გადავიღებთო.
ვიცი შემთხვევები, როცა რამდენიმე პოლიციელმა ამაზე უარი თქვა. ერთმა საერთოდ გაიხადა ფორმა და რუსეთში წავიდა, მეორემ ავადმყოფობა მოიმიზეზა და სისტემა დატოვა, მაგრამ სხვები დარჩნენ, რომლებიც ამ უკანონობას სჩადიოდნენ და ვიღაცას ერთგულებას უმტკიცებდნენ.
საქართველოში ყველამ იცოდა, რომ ციხეებში უბედურება ტრიალებდა. ამიტომ პირადად ჩემზე ნაკლებად მოქმედებს, თუკი ამ კადრების სანაცვლოდ ლადო ბედუკაძეს ფული გადაუხადეს. არც ის მაინტერესებს, თუ ვინ გადაუხადა ფული. ამის შემდეგ ციხეებში ადამიანების წამება შეწყდა.
_ არც ის მოქმედებს თქვენზე, ციხის ცნობილი ჯალათები რომ არ დასაჯა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ?
_ როგორ არ მოქმედებს. ისიც მიკვირს, რატომ გაისუსა შემდეგ ამ თემაზე „ოცნება“. ამ კადრების გავრცელებამდე ბედუკაძემ საქართველო დატოვა. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა და ის დააკავეს. ციხიდან სკანდალური კადრების ავტორი არჩილ კბილაშვილმა გამოიყვანა, რომელსაც მთავარი პროკურორის პოსტი ეკავა. მან ამისთვის გამოიყენა მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლება, რომლის თანახმადაც მთავარ პროკურორს აქვს უფლება, გაათავისუფლოს ესა თუ ის პატიმარი. ასე გაუშვა ბედუკაძე.
ამაზე ატყდა ამბავი, მაგრამ რა ატყდა. თინა ხიდაშელი ბოლო ხმაზე წიოდა და კიოდა. არც სხვები აკლებდნენ. ყველა გაიძახოდა, რომ ბედუკაძემ თავის ნამოქმედარზე პასუხი უნდა აგოსო. ამ ისტერიკის საპასუხოდ კბილაშვილმა პრესკონფერენცია მოაწყო და თქვა, ბედუკაძის შემთხვევაში კანონი არ დამირღვევია, ჩემი უფლება გამოვიყენეო. მისივე განმარტებით, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში სადისტურად ეპყრობოდნენ პატიმრებს ციხეებში, უმრავლესობა სისტემაში დარჩა და საკმაოდ ბევრიც დაწინაურდა. კბილაშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში ბედუკაძის დატოვება ციხეში არ შეიძლებოდა, მას სამაგიეროს გადაუხდიდნენ.
_ კბილაშვილმა მწამებლების დაწინაურებას რატომ არ შეუშალა ხელი? ციხიდან ბედუკაძის გამოყვანის მაგივრად ეს გაეკეთებინა.
_ როგორ უნდა შეეშალა ამისთვის ხელი? სასჯელაღსრულება მის დაქვემდებარებაში მყოფი სისტემა არ იყო.
_ მაგრამ კბილაშვილი იყო პროკურორი და შეეძლო საქმის აღძვრა.
_ როგორ არ შეეძლო, მაგრამ… გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება კბილაშვილთან დაკავშირებით? მან ასეთი რამე თქვა, _ ლაშა ნაცვლიშვილი პროკურატურაში აკეთებს იმას, რასაც ვერ აკეთებს კბილაშვილიო. ნაცვლიშვილი მაშინ მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.
_ ნაცვლიშვილის ნაკეთებ საქმეებზე ლეგენდები დადიოდა და თქვენი აზრით, რას გულისხმობდა ივანიშვილი?
_ ნაცვლიშვილი აკეთებდა იმას, რაზედაც გია ხუხაშვილმა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ისაუბრა. კერძოდ, ხუხაშვილი ამბობდა, რომ ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ის და უჩა მამაცაშვილი ალაგებდნენ ხელისუფლების ურთიერთობას ბიზნესთან. მისი განმარტებით, ერთი წლის შემდეგ ის საქმიდან გამოვიდა, ბიძინას დეიდაშვილმა კი საქმიანობა გააგრძელა.
ისინი „პიქსელის“ შენობაში, დავით კეზერაშვილის ყოფილ ოფისში ისხდნენ. იმის ჭკუაც კი არ ეყოთ, რომ სხვაგან დამსხდარიყვნენ. აქ დალაგდებოდა რაღაც და მერე მიდიოდნენ პროკურატურაში. მაშინ საქართველოში მოდაში იყო ასეთი კითხვა, _ ჩახსნილი ხარ? ამას ბიზნესმენებს ეკითხებონენ ხოლმე.
_ რას ნიშნავდა ეს კითხვა? საიდან უნდა ჩაეხსნათ?
_ ეს კითხვა ნიშნავდა იმას, რომ წილების ხელახალი გადაფორმება მიმდინარეობდა. ეს სასამართლოსა და პროკურატურის გარეშე გვარდებოდა. ერთმანეთს არავინ ერჩოდა. ამას თავისებური პლუსი ჰქონდა.
_ რა პლუსი?
_ ამ ქონებების გადანაწილების დროს ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე ნაკლები სროლები საქართველოში იყო. ამაში ჩვენმა ბუნებამაც შეგვიწყო ხელი.
_ „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გადანაწილდა ქონება?
_ ასე გამოვიდა. ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ორ ცნობილ გვარს უკავშირდება, მათ ვინაობას არ დავასახელებ: როგორც კი წავიდნენ „ნაცები“, ერთი ადამიანი მეორეს დაუკავშირდა და უთხრა, ჩემზე რომ გადმოწერეს მთელი შენი ქონება და წილები, წამოდი და ყველაფერი უკან წაიღე, მე მანდედან ერთი თეთრიც კი არ ამიღია, ყველაფერი „ნაციონალებს“ მიჰქონდათო.
„ნაციონალების“ მმართველობის დროს ერთმა ნაცნობმა მითხრა, ცეზარ ჩოჩელი კუბმეტრობით შოულობს ფულს და ამათ ნატახტრის სასაკლაოც მას მისცესო. მე ვუთხარი, _ მას ბევრი არ დარჩება, რადგანაც „ნაციონალებს“ მიჰქონდათ ბიზნესიდან ფული-მეთქი.
შეიცვალა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ ისაუბრა ამ თემაზე. მან გამოგვიცხადა, ოქრიაშვილი და ჩოჩელი უნიჭიერესი ადამიანები არიანო. მათ ეყოთ ჭკუა და გამჭრიახობა და არ დაუპირისპირდნენ მიხეილ სააკაშვილს. როდესაც სიტუაცია შეიცვალა, კიდევ ეყოთ ჭკუა და სწორ პოზიციაზე დადგნენო. გულისხმობდა, რომ ისინი „ოცნების“ მხარეს გადმოვიდნენ.
_ ჩოჩელმა და ოქრიაშვილმა ახლაც შეიცვალეს პოზიცია და ნეტავ, კიდევ ხომ არ ეყოთ ჭკუა და გამჭრიახობა, რომ სწორი პოზიცია შეერჩიათ? ორივე მათგანს კარგი ალღო აქვს.
_ ალღო კი არა, ვანიჩკა მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა, ერთი თითი დაუქნია და ჩოჩელი-ოქრიაშვილის დუეტი „ნაციონალებთან“ წავიდა. სხვაგან წასვლის შანსი, უბრალოდ, არ იყო.
_ რატომ არ იყო?
_ იმიტომ, რომ ვანოსთან მთელი ცხრა წლის მანძილზე ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ურთიერთობა უკვალოდ არ ჩაივლიდა. გამოვიდა ვანო ციხიდან და წაიყვანა თავისი ხალხი. ამ შემთხვევაშიც სწორად მოიქცნენ ჩოჩელი და ოქრიაშვილი. ამის გამო მათ მიმართ აგრესა წამოვიდა, მაგრამ იქითა მხრიდან შეიძლება ისეთი ანგარიშსწორება ყოფილიყო, მტრისას. რატომ შეაქო ბიძინამ ისინი, არ ვიცი. ვინ გექაჩება ენაზე, გაჩუმდი რა, მაგრამ პოლიტიკოსი არაა. როცა პოლიტიკოსი არ ხარ, მაშინ ასეთ განცხადებებსაც გააკეთებ და შეცდომებსაც დაუშვებ. ის უშვეს შეცდომებს. ამის მიუხედავად ყოველთვის ვიტყვი, რომ ბიძინა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედია.
_ პოლიტიკოსი რომ არაა ივანიშვილი, ეს ღუპავს მასაც და მის გუნდსაც. მისი გუნდი კი საერთოდ ხელიდან არის წასული.
_ მისი გუნდი მართლა ხელიდან არის წასული. დიპლომატებთან მიწევს ხოლმე შეხვედრები. ამას წინათ მკითხეს, _ გაზაფხულზე ასე წარმატებით როგორ მოერია საქართველო პანდემიასო? მე ვუთხარი, რომ ეს ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხდა. თენგიზ ცერცვაძე, ჯერ კიდევ, 90-იანი წლებიდან იყო ივანიშვილის შვილების ექიმი. ბიძინა მას ენდობა. ბიძინა ასევე ენდობა ამირან გამყრელიძეს. მისი ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნაც უნდოდა, მაგრამ მან შვილის გამო თქვა უარი. მისი შვილი ისეთ სამსახურში იყო, მინისტრობა არ გამოვიდოდა. მთელმა „ქართულმა ოცნებამ“ იცის რომ ივანიშვილი ცერცვაძისა და გამყრელიძის მოსაზრებებს იზიარებს. აქედან გამომდინარე, მთავრობის წევრები ემორჩილებიან მათ გადაწყვეტილებებს. აკეთებენ იმას, რაც მათ უნდათ. გაზაფხულზე პანდემიასთან გამკლავებაც ამიტომ მოვახერხეთ.
ეს რომ ვუთხარი, უცხოელებმა მკითხეს, _ იგივეს რატომ არ აკეთებს ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის მიმართ, შეარჩიოს კარგი ხალხიო. ამაზე გამეცინა. ბიძინა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იმას ცდილობდა, კარგი გოგო-ბიჭები შეერჩია, რათა შემდეგ თავისი ჰობისთვის მიეხედა.
_ მისი ჰობი რა არის?
_ ქველმოქმედება. ის ამისგან დიდ სიამოვნებას ღებულობს. მას პოლიტიკა მარტო კი არ ეზარება, არამედ სძულს. მას არც საჯარო სივრცეში ყოფნა უყვარს. წლების მანძილზე მისი ფოტო არ არსებობდა.
_ ეს კარგი გოგო-ბიჭები რატომ ვერ შეარჩია მინისტრთა კაბინეტისთვის?
_ დღეს ეს საქართველოში გამორიცხულია.
_ რატომ არის გამორიცხული?
_ იმიტომ, რომ სისტემაა ასეთი. ეს სისტემა სადამდეც იარსებებს, ის ყოველთვის თავისას გააკთებს.
_ რას გულისხმობთ?
_ ეს სისტემა კარგ გოგო-ბიჭებსაც თავისკენ გადაიყვანს. საქართველოში ჩამოყალიბებულია სისტემა, როცა ყველაფერი მდიდრების ინტერესებით იმართება. ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამაც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანა მონოპოლიური გარიგებებით იმართება.
ამ ადამიანებს უზარმაზარი გავლენები აქვთ პროკურატურაზე, სასამართლოსა და სხვა უწყებებზე. სააკაშვილმა მონოპოლიები აღმოფხვრა, ოღონდ ეს თავისი ჯიბის სასარგებლოდ გააკეთა. ბიძინა სხვანაირად იქცევა.
_ სხვანაირად, როგორ?
_ მან ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა. ივანიშვილმა თქვა, _ ჩემს თავზე ავიღებ იმას, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ჩვენს საზოგადოებასო. ის ხელისუფლების გაკონტროლებას გულისხმობდა და ამას რაღაცნაირად ავსებს. ბიძინა რომ გაქრეს, პროკურატურა და სასამართლო მთლიანად იმ ხალხის ხელში აღმოჩნდება. ასეთ დროს რა აზრი აქვს, ვინ სად იქნება?
_ ხელისუფლება თუ შეიცვალა, მაშინაც არ ექნება აზრი იმას, თუ ვინ რა თანამდებობაზე იჯდება?
_ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ბრძოლები დაიწყება. ეს პატარ-პატარა პარტიები მილიონერებს ეკუთვნის. ხომ იცით, ყველა მათგანი მილიონერია. რამდენიმე წლის წინათ ოქრიაშვილზე მისი ერთი კოლეგა საუბრობდა, _ ოქრიაშვილს სულ ვეუბნები, პარლამენტში რა გინდა, რა ძალა გადგას, რომ ხალხმა გლანძღოს, პარლამენტი ისედაც ჩვენიაო.
_ რას ნიშნავს, პარლამენტი ისედაც ჩვენია?
_ ამ ადამიანის სიტყვებითვე რომ გითხრათ, რასაც ითხოვენ, პარლამენტი იმას აკეთებს. ეს ადამიანი, რომელიც ოქრიაშვილს პარლამენტში ყოფნას არ ურჩევს, მისი წონის ფიგურაა ფარმაცევტულ მონოპოლიაში.
_ „ავერსის“ პაატა კურტანიძეზეა საუბარი?
_ გვარს არ ვასახელებ. ამ ადამიანს არ უყვარს საჯაროდ გამოსვლა. ტელევიზიითაც კი არ ჩნდება. ოქრიაშვილი უფრო სხვა ტიპია და სხვა ამბიციები აქვს. ამ ამბიციების გამო მიდის საკანონმდებლო ორგანოში, თორემ იქ რა ესაქმება? ოფიციალური მულტიმილიონერია.
2006 წელს მისი ქონება 200 მილიონი იყო. ახლა ბევრად მეტი იქნება. არა მგონია, პარლამენტში ხელფასისთვის შედიოდეს. პარლამენტარის ხელფასი ჩემთვის მისწრება იყო, მაგრამ არა _ ოქრიაშვილისთვის.
ისევ სისტემას დავუბრუნდები: სამწუხაროდ, სისტემები ასე იოლად და მალე არ იცვლება. ამდენი წელია, დამოუკიდებლები ვართ და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა იყოს. ასეთ შემთხვევაში დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურა გვექნებოდა. ვინც დანაშაულს ჩაიდენდა, ყველა აგებდა პასუხს. სამწუხაროდ, ჩვენთან სხვა რეალობაა და ივანიშვილი რომ არ იყოს, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა გვექნებოდა.
31 ოქტომბერს აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. მთავრობას ისევ „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს. ასპარეზზე არ ჩანს ისეთი ძალა, რომელსაც ხალხი დაუჯერებს და იფიქრებს, რომ ესენი ნამდვილად მიხედავენ ქვეყანას. როგორც უკვე გითხარით, როცა ასეთი ძალა გამოჩნდება, მაშინ იწყება სახალხო მოძრაობის მსგავსი, ხალხი მიდის არჩევნებზე და ცვლის ხელისუფლებას. ახლა ამის ნიშნები არ ჩანს.
შორენა მარსაგიშვილი