პაციენტების სექსუალური შევიწროების ფაქტები და თეთრხალათიანი კაზანოვების საქმე!

მას შემდეგ, რაც თეთრხალათიანი კაზანოვას მხრიდან კარანტინში მყოფი ქალბატონების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დადგინდა, სახალხო დამცველმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს მიმართა, რათა აღნიშნულმა უწყებებმა სასწრაფოდ შეიმუშავონ ექიმებისთვის სექსუალური შევიწროების შიდა პოლიტიკის დოკუმენტი. ამავე ორგანიზაციებს მოეთხოვათ, დაკონტრაქტებულ და დასაკონტრაქტებელ მედიკოსებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

ფაქტი, თავისთავად, სკანდალურია _ თუ ეს დოკუმენტი შემუშავდა, საერთოდ ნონსენსი იქნება. ანუ საუბარია დიპლომირებულ, რეზიდენტურაგავლილ ექიმებზე, რომელთაც ჰიპოკრატეს ფიცი დადეს და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეუდგინოს დოკუმენტი, რომ ექიმმა პაციენტზე სექსუალური ქმედებები არ განახორციელოს და იგი სექსუალურად არ შეავიწროოს. და ეს პირობა უნდა ჩაიდოს კონტრაქტში!
ციტატა: „დაკონტრაქტებულ და დასაკონტრაქტებელ ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით!“
ეს, დაახლოებით, იგივე ვარიანტია, ჩემი პროფესიის ადამიანს რედაქტორმა კონტრაქტში რომ ჩაუდოს, _ რესპონდენტს ინტერვიუს დროს დიქტოფონი თავში არ ურტყა და ცხელი ყავა არ შეასხა სახეში… და ეს კიდევ რბილი ვარიანტი იქნება. ექიმმა, თურმე, პაციენტზე სექსუალურად რომ არ იმოქმედოს, დოკუმენტში უნდა ჩაუდო!
რემარკა: მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ აქ ჩვეულებრივ პაციენტებზე კი არ არის საუბარი, არამედ კარანტინში მყოფ პაციენტებზე, რომლებიც ჩაკეტილები არიან და გარეთ გასვლა ეკრძალებათ.
რამ გამოიწვია ასეთი დოკუმენტის შედგენის მოთხოვნა და რა განცხადებები შევიდა სახალხო დამცველის აპარატში?
სამწუხაროდ, დეტალებს აქ ვერ მოვყვებით, მაგრამ ექიმმა პროფესიული მდგომარეობით ისარგებლა და შეცდომაში შეიყვანა პაციენტები, რაც საკმაოდ მარტივი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსხვერპლს, უმეტესწილად, არ აქვს სამედიცინო განათლება. მოცემულ შემთხვევაში ქალი იმყოფებოდა კარანტინში უცხო ქალაქში, რამაც, მისი თქმით, იგი კიდევ უფრო დაუცველი გახადა.
კონკრეტულ შემთხვევაში, ექიმის ქცევა არა მარტო ვერბალური, არამედ ფიზიკური სახის სექსუალური ხასიათის ქმედებაში გამოიხატა. მსხვერპლის თქმით, კარანტინში მყოფ ქალს ამან დამამცირებელი და დამაშინებელი გარემო შეუქმნა. ამ ლიბიდო მოჭარბებულ ექიმთან, რომელიც კარანტინში მყოფ პაციენტებს ამოწმებდა, ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო მისი გადამზადება ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა“ უზრუნველყო.
პრობლემურ საკითხად გამოვლინდა ასევე სპეციალური გაიდლაინების არარსებობა, რომლებშიც გაწერილი იქნებოდა ექიმების მხრიდან კარანტინში განთავსებული პირების შემოწმების პროცედურები. სამედიცინო საქმიანობის გაწევისას სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურებისას სახალხო დამცველმა სამედიცინო მომსახურების გაწევის სპეციფიკაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ პაციენტი არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ექიმების კომპეტენციის საზღვრებზე. ამასთანავე, ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა ნდობაზეა დაფუძნებული და, ხშირად, თანხმობამოპოვებულია პაციენტების ნდობის ბოროტად გამოყენებით.
როგორც კი აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაცია შევიდა ჯანდაცვის სამინისტროში, ტიკარაძის უწყებამ სასწრაფოდ დაიწყო საკარანტინე სივრცეებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მიმართ რეკომენდაციების გაცემა. და ამან იმდენად აქტიური ხასიათი მიიღო, რომ სახალხო დამცველს ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეუდგა სექსუალური შევიწროების შიდა პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებას. ამ ეტაპზე, ომბუდსმენის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროს უწევს კონსულტაციას დოკუმენტის შედგენაში _ როგორ არ უნდა შეავიწროოს პაციენტი სექსუალურად ექიმმა.
ვაშა!
გასაგებია, რომ როგორც წესი, შემავიწროებელი სარგებლობს პროფესიული მდგომარეობით და შეცდომაში შეჰყავს პაციენტი _ მას განუმარტავს, რომ კონკრეტული ფიზიკური შეხება თუ პირადი ხასიათის კითხვის დასმა მის სათანადოდ მკურნალობას ემსახურება. ამ მხრივ, მსხვერპლის დარწმუნება საკმაოდ მარტივია, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, მსხვერპლს არ აქვს სამედიცინო განათლება, არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ექიმების კომპეტენციის საზღვრებისა და პროცედურების საჭიროების შესახებ, რაც მას დაუცველს ხდის. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა და საკითხის სხვა ასპექტი. ამ კუთხით დოკუმენტი უნდა მიეწოდოს და მომზადდეს არა ექიმებისთვის, არამედ პაციენტებისთვისაც. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, სად გადის წითელი ხაზი და როდის გადადის „ექიმი“ ამ ზღვარს. თუმცა ამ ზღვარის გადამკვეთი პირი ექიმი აღარ არის და მისი ადგილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა _ მანამდე აპარატში შევიდა პაციენტის განცხადება, რომელშიც ის სამედიცინო ცენტრში ექიმის მიერ შემოწმების პროცესში მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე მიუთითებდა. ამავე დროს გამოვლინდა მეორე შემთხვევაც _ პაციენტი და სტუდენტი, რომლებიც ასევე მიუთითებდნენ ექიმის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე.
დეტალებს ზოგადად შევეხებით. ორივე პაციენტს ჰქონდა კუჭის პრობლემა და ექიმიც აღნიშნული მიმართულების გახლდათ, მაგრამ ორივე ქალს მან ორივე სარძევე ჯირკვალი შეუმოწმა. აქედან ერთ-ერთს, სტუდენტ გოგონას, ექიმმა ლექციის შემდეგ დარჩენა სთხოვა. გოგონა დარჩა და იქაც… სარძევე ჯირკვლები შეუმოწმა. თან ისე, რომ ლექციის შემდეგ მკერდის გასინჯვის შესახებ არც გაუფრთხილებია და არც ნებართვა აუღია. სტუდენტმა აღნიშნა, რომ ექიმის ქმედება არ იყო მკერდის შემოწმების მიღებული ტექნიკა.
ამონარიდი სტუდენტი გოგონას წარმომადგენლის მიერ ჯანდაცვის სამინისტროში შესული წერილიდან:
„პაციენტს ჰქონდა კუჭთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც, გამოკვლევის მიზნით, სამედიცინო ცენტრში მივიდა გასტროენტეროლოგ ი. ხ.-სთან.. ვიზიტის დროს მოპასუხე გაეცნო პაციენტის ჩივილებს, ჰკითხა, თუ ჰყავდა ქმარი და რამდენი წლის იყო. ასევე ჰკითხა, ძუძუს კიბოზე თუ იყო შემოწმებული, რაზედაც განმცხადებელმა უპასუხა, რომ მსგავსი შემოწმება არ ჩაუტარებია. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მოპასუხემ ცოტა მკაცრი ტონით უთხრა, _ როგორ შეიძლება, 24 წლის გოგო არ იყოს შემოწმებული?! და აუცილებლად შეეხსენებინა კუჭთან ერთად მკერდის შემოწმება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ამ ნათქვამმა დააბნია და იფიქრა, რომ შესაძლოა, კუჭის ექიმის კომპეტენცია მკერდის შემოწმებასაც მოიცავდა. დანიშნულების სახით, მოპასუხემ განმცხადებელს მოსთხოვა კუჭის ექოსკოპია და განუმარტა, რომ გამოკვლევის პასუხების შემდეგ აპირებდა შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას. როგორც განცხადებაშია მითითებული, რეკომენდაციების გაცემის შემდეგ, გამოსვლამდე, გასტროენტეროლოგმა, ძუძუს კიბოს შემოწმების მიზნით, პაციენტს სთხოვა, ტანსაცმელი აეწია და ისე, რომ პაციენტს ბიუსტჰალტერი არ გაუხდია, მკერდი დაუზილა. ვიზიტის შემდეგ განმცხადებელს ცუდი შეგრძნება ჰქონდა, დაურეკა სამედიცინო განათლების მქონე მეგობარს და აღნიშნულ ფაქტზე გაესაუბრა. მეგობარმა განუმარტა, რომ ძუძუ და კუჭი არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და უთხრა, რომ სამედიცინო სფეროში ამ ექიმის ფეტიშის ამბავი ცნობილია. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გასტროენტეროლოგის მიერ მისთვის მკერდის შემოწმება წარმოადგენდა სექსუალურ შევიწროებას“.
როდესაც სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა გასტროენტეროლოგს, მან უპასუხა, რომ პაციენტების მამოლოგთან გადამისამართება აჭიანურებს მკურნალობის პროცესს, რის გამოც თავად ამოწმებს ქალებს, ხომ არ აქვთ ძუძუს პრობლემა. მისი განმარტებით, ის პაციენტებს ასწავლის მკერდის გასინჯვას, რადგან მიიჩნევს, რომ ქალი ძილის წინ უნდა იმოწმებდეს მკერდს, რათა გამაგრება/მასტოპათია დროულად აღმოაჩინოს.
კუჭ-ნალწავის ტრაქტის მკურნალ ექიმზეა საუბარი! ამ უკანასკნელს, უბრალოდ, სთხოვეს, რომ მომავალში კუჭზე სამკურნალოდ მოსულ ქალებს არ შეუმოწმოს ძუძუ, ვინაიდან ის ფასდება, როგორც სექსუალური შევიწროება. წესით და რიგით, ასეთ ექიმს საერთოდ უნდა ჩამორთმეოდა მედიკოსის ლიცენზია.
არ შეიძლება, სხვის მიმართ სექსუალური შევიწროების ქმედებებისკენ დოკუმენტი გიცავდეს! ამისგან შენი შინაგანი მორალი უნდა გიცავდეს და ვერანაირი ქაღალდი ვერ შეგაკავებს, თუ შიგნით „გიზის“!
წინასაანგარიშო პერიოდის მსგავსად, მსხვერპლი ქალების სექსუალური შევიწროების ყველაზე მეტ ფაქტზე ომბუდსმენის აპარატი შრომით ურთიერთობებში მიუთითებს. შევიწროება, ძირითადად, ვლინდებოდა შემავიწროებლის მიერ ვერბალურ და ფიზიკური სახის ქმედებაში. აქვე ბარემ ვერბალურ ქმდებებს განვმარტავთ: არასასურველი პირადი ხასიათის კითხვები, სამუშაოს შესრულების საბაბით სამსახურში დარჩენა, საცურაო კოსტიუმის ჩაცმის მოთხოვნა, სექსუალური კავშირის შეთავაზება, მსხვერპლის სხეულის ინტიმურ ადგილებზე შეხება და სხვ. ყველა მსხვერპლმა სამსახურის დატოვების შემდეგ მიიღო სამართლებრივი რეაგირების გადაწყვეტილება, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უნდა დათანხმებულიყვნენ ურთიერთობის შეთავაზებულ ფორმას.

თამარ როსტიაშვილი