პანკისი-თუშეთის გზა – მითი თუ რეალობა?

თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის შესახებ საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 11 აგვისტოს, თუშეთში ყოფნისას განაცხადა. გზა პანკისიდან უნდა დაწყებულიყო და, ხადორის ხეობის გავლით, თუშეთში ნასოფლარ შავწყალასთან ასულიყო. მშენებლობის დასრულებას მთავრობა 2020 წლის ბოლომდე გეგმავდა. პანკისი-თუშეთის ახალი გზის მშენებლობა სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალოს გზის პროექტის ნაწილია. 2018 წლის მარტში პრემიერმა კვირიკაშვილმა განმარტა, რომ ახალი გზა თბილისიდან თუშეთში მანქანით მგზავრობის დროს სამჯერ შეამცირებდა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე, 2016 წელს უზარმაზარი კლდოვანი მასა მოწყდა, რომელიც ყოველ წელს მდინარე ალაზანს აგუბებს და გზას კეტავს. მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი გზაზე მიმავალი ტურისტების ავტომობილსაც დაეცა. მგზავრები სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ. 2018 წლის 27 მაისს ამ ადგილას სატვირთო მანქანის მძღოლიც დაიღუპა. გზა თითქმის ერთი თვის დაგვიანებით, მაისის ბოლოს იხსნება და ოქტომბერში იკეტება.

არსებული გზით, სოფელ ფშაველიდან ომალომდე მანძილი 72 კილომეტრია. რაც შეეხება პანკისის ხეობაზე გასაყვან გზას, ხადორიდან ომალომდე, დაახლოებით, 34 კილომეტრია, ე. ი.  გზის სიგრძე 2-ჯერ ნაკლები იქნებოდა.

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილის დღევანდელი განცხადებით კი, საუღელტეხილო მონაკვეთი 2880 მეტრ სიმაღლეზე არის გათვალისწინებული, რომელიც ფიზიკურად ვერ ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

„შესაძლოა, წლების შემდეგ ეს ფასი ან ტექნოლოგია  გამართლებული იყოს ამ გზის გასაყვანად. დაახლოებით 500 მილიონი ჯდება თუშეთი-ხევსურეთის გამაერთიანებელი გზის გაყვანის პროექტი, რასაც ასევე მძიმე კლიმატური პირობების გათვალისწინებით მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში გამოვიყენებთ და, შესაბამისად, ცხადია, რომ ამ პროექტს ვერ განვახორციელებთ”, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

პანკისისა და თუში უხუცესების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ გზის მშენებლობის საკითხი კვლავ მითად რჩება, არადა, ჩვენს პლანეტაზე  უამრავი მეგაპროექტი შენდება, მათ შორის, რა თქმა უნდა,

უმნიშვნელოვანესია ხიდები.

შეგახსენებთ: ხიდი არის ხელოვნური ნაგებობა, გადაჭიმული მდინარეზე, ხეობაზე, ტბაზე ან ნებისმიერ სხვა ფიზიკურ დაბრკოლებაზე. იგი გახლავთ კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო გამოგონება. გზაზე გადადებულ ხიდს გზამკვლევს უწოდებენ, ხოლო ხეობაზე ან ვარდნილზე გადაჭიმულს – ვიადუკს. ხიდის კონსტრუქცია დამოკიდებულია მის ფუნქციასა და ლანდშაფტის ბუნებაზე, სადაც ეს ხიდი უნდა გაიდოს.

მაშინ, როცა ზღვაში გადაჭიმული კონფედერაციის ხიდი კანადაში  12 კილომეტრსა და 900 მეტრს ითვლის,  პენანგის ხიდი მალაიზიაში – 13 კილომეტრსა და 500 მეტრს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მდებარე  ვასკო და გამას ხიდის სიგრძე 17 კილომეტრი და 200 მეტრია,  ჩვენი ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი გვეუბნება, რომ პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობა რთული რელიეფის გამო მითია და თანამედროვე ტექნოლოგიები აღნიშნულ გზას ვერ გასწვდებიან.

მაკა მოსიაშვილი