პანდემია და ცვლილებების შანსი
ბუნებას მოტრაბახე და ბაქიბუქს მიჩვეული ადამიანებისთვის თავისი კუთვნილი ადგილის მიჩენა ძალიან კარგად ეხერხება. თუ რამე იცის და შეუძლია – ეს პირველ რიგში. როგორც ქართულ ფეხბურთში – 10 წელიწადში ერთხელ ნაკრები ვინმე უმნიშვნელო მოწინააღმდეგესთან ფრეს ითამაშებს და მთელი ქვეყანა აღტაცებული გაჰყვირის: „აი, ხომ შეუძლიათ, თუ მოინდომეს“.
მერე ჩამოვა ევროპის რომელიმე ყრუ სოფლის გუნდი, მოიგებს 3-0-ს და მიამიტი გულშემატკივარი ისევ დეპრესიაში ვარდება.
რამდენი ტრაბახი გვახსოვს ან უნამუსოდ ბედნიერი კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძის სახეები, რომლებიც ურცხვად ლაპარაკობდნენ „ჩვენს წარმატებებზე კორონავირუთან ბრძოლაში“, „საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყანაა“ და ათასნაირ სადღეგრძელოს: „ჩვენ შევძელით“, „ჩვენ მოვახერხეთ“, და ა.შ.
ქართული ფეხბურთის არ იყოს, აქაც ბუნებამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო – ის, რომ გაზაფხულზე კორონავირუსი საქართველოს თითქმის არ შეეხო – არც ქართველი ხალხის სამაგალითო დისციპლინისა და არც „ქართული ოცნების“ საოცარი მენეჯმენტის დამსახურებაა. რეალურად, არც ერთი იყო და არც – მეორე.
არადა, მოხდა ელემენტარული რამ – ვირუსი ჩვენთან, უბრალოდ, დაგვიანებით შემოვიდა. ამ მხრივ საქართველო პირველი არაა – ლათინურ ამერიკაში პანდემიამ უკვე იმის შემდეგ იფეთქა, რაც ევროპაში პირველი ტალღა დასრულდა.
ვირუსი ცოცხალი არსებაა და მისი მოქმედება არ განისაზღვრება მათემატიკური ფორმულებით. სად, როდის და რატომ ამოყოფს თავს – ეს არავინ იცის. ფაქტი კი ისაა, რომ თვითკმაყოფილებაში მყოფმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, მართლაც დაუჯერა თავისსავე ზღაპარს საკუთარი გენიალური მენეჯმენტის შესახებ.
ერთხელაც ყველაფერი სრულდება, მათ შორის, კოლექტიური ირაკლი კობახიძის თვითტკბობა. გაუმარჯოს ახალ რეალობას! – გენიალური მენეჯერების გადამკიდე საქართველო 100 000 ადამიანზე დაინფიცირების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.
„ქართული ოცნების“ უბადრუკი მმართველობის ღირსეული გვირგვინი…
ქვეყანა ისევ ჩაიკეტა, ბიზნესი ისევ საყოველთაო გაკოტრების ზღვარზე დგას. საკამათო გადაწყვეტილებაა – არსებობს ბევრი არგუმენტი როგორც ფაქტობრივი ლოკდაუნის სასარგებლოდ, ასევე საწინააღმდეგოდ. რამდენად აუცილებელი იყო ქვეყნის ხელმეორედ სრული ჩაკეტვა – ძნელი სათქმელია და ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ერთიანი აზრი არც იქნება.
თუმცა ფაქტი გვაქვს – ქვეყანაში ვირუსი და ღრმა ეკონომიკური კრიზისი ბობოქრობს.
მაგრამ ზრდასრული ერები ინფანტილურებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მათთვის ნებისმიერი სირთულე და პრობლემა, გამოწვევასთან ერთად, ცვლილების შანსიც არის.
პანდემიამ ქართველებს საკუთარი ჩამყაყებული ყოფის შეცვლის საშუალება მისცა და დღეს მხოლოდ თავად ხალხზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ის ამ შესაძლებლობას.
პანდემია გვასწავლის, რომ ქართული ყოფითი ტრადიციები დიდი ხნის გადასახედია – ჩვენ გაგვიჩნდა შანსი, უარი ვთქვათ ისეთ მავნებლობებზე, როგორიც არის დიდი ქორწილები, მასშტაბური ქელეხები, 50-კაციანი დაბადების დღეები… ქართული ღრეობა უკვე წლების მანძილზე ქვეყნის ცნობიერებაში სერიოზულ პრობლემას და საბჭოთა პერიოდის გადმონაშთს წარმოადგენს.
იქნებ, მოვიდა დრო, ქართველმა ხალხმა იძულებით მაინც ისწავლოს ცოტა მეტი თავმდაბლობა და ზომიერება? სხვათა შორის თავმდაბლობა და ზომიერება მთავარი ქრისტიანული ფასეულობებია, რომლებიც არავის ადარდებს ერთი შეხედვით სარწმუნეობას გადაყოლილ ქვეყანაში.
უდარდელი და ქაოსს მიჩვეული ქართველების ცხოვრებაში პანდემიას გარკვეული წესრიგი და საღი აზრი შემოაქვს და კარგი იქნებოდა, ეს პანდემიის დასრულების შემდეგაც დარჩენილიყო.
რამდენადაც გასაკვირი და პარადოქსული არ უნდა იყოს, პანდემია ასევე რეალურ ეკონომიკას აძლევს შანსს.
იქნებ, მოვიდა დრო, საქართველო მომხმარებელი ქვეყნიდან მეტ-ნაკლებად მწარმოებელი გახდეს?
ნელა-ნელა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, იმპორტის ღირებულება აუტანლად გაიზრდება და ეს ქართველ მწარმოებლებს წინსვლის შანსს აძლევს. საქართველოში ბევრი რამ იწარმოება, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგანაც ქართულ საქონელს იმპორტთან კონკურირება უჭირს.
ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, ქართული ბიზნესი ზედმეტმა სიხარბემ არ დაახჩოს – ადგილობრივ პროდუქტს ბაზრის დაპყრობისა და იმპორტის დაჯაბნის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ის იმპორტზე იაფი იქნება.
იქნებ, მიხვდნენ ქართული ბიზნესმენები – დღეს თავად ბუნებამ მისცა მათ ისეთი შანსი, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონიათ და ალბათ ახლო მომავალშიც არ მიეცემათ. თუ არ გამოიყენებენ – იმპორტის ჩრდილში სამუდამოდ დარჩებიან.
იმის დროც მოვიდა, რომ საქართველოში 90-ანი წლებიდან შემორჩენილი შავი ჭირი – ბაზრები და ბაზრობები – მოწესრიგდეს. ეს სიმახინჯე დღეს ზუსტად ისეთივეა, როგორიც 90-იან წლებში იყო.
ქვეყანა წინ წავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, ქალაქების იერსახე განახლდა – ერთად ერთი, რაც ღრმა წარსულში ჩაიძირა – ესაა ბაზრები და ბაზრობები.
ერთი სიტყვით, ნებისმიერი გამოწვევა, ამავე დროს, ცვლილებების შანსიცაა. გამოიყენებს თუ არა ქართველი ხალხი ბუნების მიერ ნაჩუქარ ამ იძულებით შესაძლებლობას – სულ მალე გამოჩნდება…
თენგიზ აბლოთია