პაატა ზაქარეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულმა ნიკა მელიამ შეიძლება, ძლიერი გუნდი შეკრას“
შორენა მარსაგიშვილი
რატომ არ უხარია „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა? რომელ ოპოზიციურ პარტიას აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი? შესაძლებელია თუ არა გაკრეფილი შუას შეკრება? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი:
_ ბატონო პაატა, დააზიანებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული დაშლის პროცესი ოპოზიციურ სპექტრს? „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებას ზეიმობს, საზოგადოებაში კი ნიჰილიზმი იზრდება და ბევრი ფიქრობს, რომ ოპოზიცია დამთავრდა.
_ არის ეს მომენტი, მაგრამ ასე დრამატულად არ ვუყურებ ამ პროცესებს. საზოგადოებასთან მუშაობაა საჭირო. „ოცნება“ დასცინის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისე ხატავს სურათს, თითქოს ისინი პოლიტიკურად უკვე დამარხულები არიან. მეორე მხრივ, სულ ყოფილ ხელისუფლებაზე ლაპარაკობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ისე ტრაგიკულადაა „ნაციონალების“ საქმე. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გადალახავს 5%-იან ბარიერს. იქიდან წამოსულმა ნიკა მელიამ შეიძლება, ძლიერი გუნდი შეკრას: შესაძლებელია, „ნაციონალებიდან“ ადრე წასულები და სხვა ხალხიც შემოიკრიბოს და მანაც გადალახოს 5%-იანი ბარიერი. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტში ორ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ და ისინი აუცილებლად გამონახავენ საერთო ენას. მთლიანობაში, შესაძლოა, 15-16% მოაგროვონ. ეს მათთვის წაგება არ იქნება. მეტიც: ის ხალხი, ვისაც ჩრდილოვანი მმართველობის გამო გული აქვს აცრუებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ახლა მელიას მხარდასაჭერად წავა არჩევნებზე. ვფიქრობ, ორად გაყოფილი პარტია უფრო მეტ ამომრჩეველს გამოიყვანს.
_ ე. ი. ზოგი ჭირი მარგებელია?
_ ასე გამოდის. „ნაციონალებს“ ტრაგიკულად არ აქვთ საქმე და ეს „ქართულ ოცნებასაც“ მშვენივრად ესმის _ ამიტომ ნერვიულობს. მათი ნერვული ობსესია გადავიდა ხუმრობებსა და შავ იუმორში. ამით იყიდებიან ისინი. სინამდვილეში, რაც ახლა „ნაციონალებში“ ხდება, სულაც არ უხარია „ოცნებას“. მისთვის უმჯობესი იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი ყოფილიყო _ სისხლიანი ცხრა წლით დაწყებული, ყველაფერს მათ დააბრალებდნენ. ახლა საზოგადოებას უკვე არჩევანი აქვს. ძველ „ნაცებს“ მისცენ ხმა თუ ახალს და რეფორმებულს? სინერგია არ იქნება იმაზე ნაკლები, რაც იმ შემთხვევაში იქნებოდა, „ნაცმოძრაობა“ ერთიანი რომ ყოფილიყო.
_ სხვა ოპოზიციურ ძალებზე რას იტყვით? თითქოს ყველა სადღაც გაქრა.
_ რატომ გაქრნენ? გახარიას პარტიას აქვს შანსები, გადალახოს 5%. „ლელოსაც“ აქვს შანსები. მათ კარგი კამპანია წამოიწყეს _ გაკრეფილი შუა უნდა შეიკრიბოსო. თემატურად თუ იმუშავებს ოპოზიცია, კარგი იქნება. არ ვიცი, რა შეთანხმება აქვს ოპოზიციას ამისთანა, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკობენ და ამბობენ, რუსული ოცნებააო. კი ბატონო, რუსული ოცნებაა და ეს რუსული ოცნება რუსულ საქმეს აკეთებს: რუსებს საზღვრებს უხსნის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღადგინა, სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება რუსებს. ოპოზიცია რომ ხარ, რა ქართულ საქმეს აკეთებ და რას სთავაზობ ამომრჩეველს?
პირადად მე ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებს სიღარიბესთან ბრძოლას ოპოზიცია? „ქართულ ოცნებას“ სიღარიბე ძალიან უხარია. რაც მეტი ღარიბი იქნება ქვეყანაში, მით უფრო იოლად იყიდის მას. მაინტერესებს სასამართლოს რეფორმა, რომელიც „ოცნებამ“ ჩააგდო და „ნაცების“ სასამართლო გადაიფორმა. გვითხრას ოპოზიციამ, ისინიც აპირებენ ჩინჩალაძე-მურუსიძის დატოვებას? „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა „ნაციონალების“ პოლიტიკა ადგილობრივ თვითმმართველობაში. მაგალითად, დატოვა ძველი ხალხი. რეგიონებიდან დედაქალაქში მოდის მთელი ფული და მერე უკან აბრუნებენ. რამე სიახლე იქნება თვითმმართველობებში? სუსმა წალეკა მთელი ქვეყანა. ყველგან ისინი არიან, მგონი, საბავშვო ბაღებშიც კი სუსი ზის. არ აპირებენ ამის შეცვლას? ყველაფერი თუ ისე უნდა დარჩეს, როგორც ახლა არის, რა აზრი აქვს ოპოზიციისთვის ხმის მიცემას? არანაირი არჩევანის საშუალებას არ აძლევს ოპოზიცია ამომრჩეველს. ხალხი, ვისაც არც „ქართული ოცნება“ მოსწონს და არც „ნაციონალები“, სახლში დარჩება. 60%-მდეა ისეთი ამომრჩეველი, რომელმაც არ იცის, ვის აძლევს ხმას. ხელისუფლებას აწყობს, რომ ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. მას თავისი გარანტირებული ამომრჩველი ჰყავს. კოორდინატორებმა უკვე დაიწყეს მუშაობა. ოპოზიციის მთავარი ამოცანა ხალხის არჩევნებზე გამოყვანაა. ხალხი არჩევნებზე რაღაცით უნდა გამოიყვანო. განსხვავება უნდა აჩვენო, მაგრამ ოპოზიცია არანაირ განსხვავებას არ აჩვენებს „ქართული ოცნებისგან“ და ეს არის მათი მთავარი პრობლემა.
_ დარჩენილ დროში ოპოზიცია შეძლებს, რომ ამომრჩეველს რაღაც განსხვავება აჩვენოს?
_ იმისთვის, რომ განსხვავება აჩვენოს, დრო კიდევ არის. ამის გაკეთება უნდა შეძლონ. უნდა იყოს საუბარი გეოპოლიტიკაზე, უმუშევრობაზე. ასე ძალიან თუ უნდათ, რუსეთზეც ილაპარაკონ, მაგრამ სხვაც დაამატონ. კონფლიქტების მოგვარებაზე ილაპარაკონ, მაგალითად.
_ კონფლიქტების მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არც უმრავლესობა საუბრობს და არც _ ოპოზიცია.
_ ეს არის ძალიან ცუდი. კონფლიქტების მოგვარებაზე იმიტომ არ საუბრობენ, რომ კომპეტენტური ხალხი აღარ დარჩა. ამის გარდა, არც აინტერესებთ. ახლა აჩვენა კვლევებმა, რომ ქართულ განათლებაში კატასტროფული ვითარებაა. ეს ყველას ეხება. ამ საკითხზე მთელი კონცეფციების აგებაა შესაძლებელი. 2012 წლიდან „ოცნებამ“ განათლების სისტემა ჩააგდო. ოპოზიცია არაფერს ამბობს, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. უამრავი თემაა სალაპარაკო, ოპოზიცია კი მარტო იმას გაიძახის, „ოცნება“ რუსულიაო.
_ გამართლდება „ოცნების“ პროგნოზი, არჩევნებს 2024 წელსაც ჩვენ ვიგებთ და 2028 წელსაცო?
_ ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ პირწმინდად გაიმარჯვებს. იმედია, ერთ წელიწადში რაღაცები შეიცვლება. უკრაინის ფრონტზე გარდატეხა იქნება. იქ ევროკავშირი უფრო გამოკვეთს საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას. ამასობაში ამერიკაშიც არჩევნებია და რუსეთშიც. 2024 წელი მსოფლიოსთვის უნიკალური წელია. ძალიან ბევრი რამე გაირკვევა. ეს ოპოზიციამ თავის და, პირველ რიგში, ქვეყნის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს.
_ მარტო თემების წამოწევა უშველის ოპოზიციას? ბევრი ფიქრობს, რომ გაერთიანებაა საჭირო. თქვენ როგორ უყურებთ ოპოზიციის გაერთიანებას?
_ გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ასე წვრილ-წვრილად ბევრი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს. უხეშად ვამბობ, ვთქვათ 4-მა პარტიამ მიიღო 4-4%, გამოდის, რომ 16% ჰაერში დარჩება. ან გამსხვილდნენ, ან დაიშალონ და ახალი, დიდი პარტიები შექმნან. ვინმეს თუ აქვს იმედი, რომ ცალ-ცალკე გადალახავენ ბარიერს, ცდებიან, ასე ნამდვილად არ იქნება. ბარიერის გადალახვის შანსი რამდენიმე პარტიას აქვს. მათ ნიკა მელიაც მიემატება. შანსი აქვს „ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, გახარიას, მელიას და „ლელოსაც“. ღმერთმა ქნას, 5 პარტია იყოს პარლამენტში. დანარჩენი ვერ გავა, ასე თუ გააგრძელეს.
გამსხვილდნენ და იმაზე ილაპარაკონ, ხალხს რა აწუხებს. რუსული კანფეტები რომ არის მაღაზიებში, ეს ხალხს არ ადარდებს, ყიდულობს და ჭამს. არ არსებობს ოჯახი საქართველოში, რომლის მაცივარში რამე სახის რუსული პროდუქტი არ იყოს. პურს რომ ვჭამთ, ამ პურში, სულ მცირე, 30% რუსული ხორბალია. რაღაც სხვა უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს, თორემ რუსულიას ძახილი ხალხზე არ მოქმედებს. საინტერესოა, როგორ აპირებს „ლელო“ გაკრეფილი შუას შეკრებას? იქნებ, ისე წარმოუდგენიათ, რომ შევლენ „ლელოში“. მაშინ პარტიების წარმომადგენლები გამსვლელ სიაში უნდა ჩაწერონ. მზად არიან ამისთვის? ამას „ლელოში“ მოჰყვება დიდი უკმაყოფილება. ვიღაცა იტყვის, ამდენი წელია, ამ პარტიის წევრი ვარ და სხვა რატომ არის გამსვლელ სიაშიო? ბევრი რამეა გასაკეთებელი. ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს. საჭირბოროტო თემები აპრილამდე უნდა წამოწიონ და აპრილამდე უნდა გადაწყვიტონ გაერთიანება. კამპანიის წარმოებისთვის მაისი და ივნისი აქვთ. ივლისი და აგვისტო მკვდარია პოლიტიკურად, ხალხი დასასვენებლად მიდის. სექტემბერში შეიძლება კიდევ კამპანიის წარმოება, ოქტომბერში უკვე არჩევნებია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აპრილამდე ყველაფერი გამოკვეთილი იყოს.