პაატა დავითაია: „ძალა ერთობაშიას“ სია „ნაცმოძრაობამ“

მართალია, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და თავად ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, დარწმუნებულია, რომ ენმ-„ძალა ერთობაშიას“ პროპორციული სია გამარჯვების საწინდარია, მაგრამ ამ სიის გამოქვეყნებას საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ვერ ახსნა, მომღერალი ბუბა კიკაბიძე სიის პირველი ნომერი რა პრინციპით გახდა, კითხვის ნიშნები იმანაც გააჩინა, რომ სიაში რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც წლებია, „ნაცმოძრაობის“ მხარდამხარ იბრძვის, საერთოდ არაა. აი, მაგალითად, საპარლამენტო სიაში ვერ ნახავთ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერ პაატა დავითაიას, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ შექმნის სათავეებთან იდგა.

ვინ შეადგინა იმ პოლიტიკური ძალის საპარლამენტო სია, რომელსაც პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ ძალაზე აქვს? _ პაატა დავითაია „ქრონიკა+“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ბლოკის წესდებით, სიის შედგენაზე პასუხისმგებელი „ნაციონალური მოძრაობაა“, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სია „ნაციონალებმა“ დააკომპლექტეს.
რა ნიშნით შეიყვანეს „ნაცებმა“ ზემოხსენებულ სიაში, მაგალითად, ბატონი ოქრიაშვილი, _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პაატა დავითაიას არ შეუძლია, თუმცა გვეუბნება, სწორედ იმიტომ, რომ გარკვეული კითხვები გაჩნდებოდა, სიაში ჩაწერაზე უარი ვთქვი და ამით პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავირიდეო.
ერთი სიტყვით, „ქრონიკა+“-ის მკითხველი ექსკლუზიურად შეიტყობს, როგორ დაიწერა ე. წ. მთავარი ოპოზიციური პარტიის პროპორციული სია და ამასთან, პაატა დავითაია იმასაც აგვიხსნის, სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებულმა კონფლიქტმა რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში:

_ ბატონო პაატა, ნიკა მელიას წარდგენაზე იყავით?
_ არა.
_ რატომ?
_ ამომრჩეველთა ხმებისა და შტაბის საქმეებით ვარ დაკავებული, ანუ ოფისს ვაწესრიგებ _ ამდენი პარტიის ტექნიკური საკითხები ჩემზეა გადმორთული.
_ ამ შტაბში რა ფუნქცია გაქვთ?
_ თავმჯდომარე ვარ…
ერთი სიტყვით, მთლიანად ამ თემებზე ვარ გადართული.
_ კეთილი, მაგრამ ერთ-ერთ გაზეთში თქვენი კომენტარი ვნახე, სადაც ამბობთ, „ძალა ერთობაშიას“ პროპორციული სია მთლიანად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააკომპლექტა და პრეტენზია არც მქონია, სიაში ვყოფილიყავიო…
_ პრეტენზია კი არა, სიაში ჩაწერაზე უარი მე თავად ვთქვი.
_ რატომ?
_ ამას მარტივი მიზეზი აქვს: იმ საარჩევნო ბლოკის დამფუძნებელი ვარ, რომელიც ხუთი სუბიექტისგან შედგება.
ბლოკის წესდებით, სიას „ნაციონალური მოძრაობა“ აკომპლექტებდა და როცა სიაზე პასუხისმგებლობას არ იღებ, ანუ სიის ხელმომწერი არ ხარ, სიაში ჩაწერაზეც უარი ვთქვი. ეს ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, ანუ სიასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გავიზიარებ, თუმცა წეღანდელი თქმისა არ იყოს, ბლოკის დამფუძნებელი და წევრი ვარ, შესაბამისად, პარტია საპარლამენტო პარტია ხდება, ოღონდ პარლამენტში დეპუტატი არ ეყოლება.
_ ანუ თქვენს პარტიას პარლამენტში წარმომადგენელი არ ეყოლება, მაგრამ საბიუჯეტო დაფინანსებას მაინც მიიღებს, არა?
_ დიახ.
_ შეიძლება, ეს ვინმემ სხვანაირად გაიგოს და თქვას, აი, ბიუჯეტიდან მარტო ფული უნდათ და მეტი არაფერი აინტერესებთო…
_ ასე არაა.
_ აბა, როგორაა?
_ როგორც ნახეთ, სიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ის კითხვის ნიშნები, რომელიც ახლა არსებობს, შეიძლება, სიის შედგენის დროს ჩემ მიმართაც გაჩენილიყო.
_ ბატონო პაატა, სიაში რომ ყოფილიყავით, დაგისაბუთებთ, თქვენ მიმართ კითხვები რატომ არ გაჩნდებოდა: „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ. სხვათა შორის, ორი წლის წინათ, როცა ეს ერთობა შეიქმნა, მაშინდელმა დამფუძნებლებმა მემორანდუმს საჯაროდ მოაწერეთ ხელი და თქვით, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გამოხვიდოდით. ჰოდა, ღიად ვისაუბროთ: დღეს სიაში ბევრ გაურკვეველ ადამიანებს ვხედავთ, თქვენ კი სიის მიღმა ხართ. ამის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობთ?
_ ამ შეკითხვის არსი მესმის და პოლიტიკურად გიპასუხებთ: სიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ იმ განცდის გამო არ ავიღე, რაც თქვენ გაქვთ.
პირდაპირ გეტყვით, რომ სიაში გარკვეული ნომერიც მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. სულ ესაა, რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია…
საერთოდ, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა, რომ ამ სიას ხმა მისცეს.
_ როგორც ამომრჩეველი, რას ფიქრობს პაატა დავითაია, ნაციონალური მოძრაობის სია გამარჯვების სიაა?
_ გითხარით და კიდევ გეუბნებით: ამ სიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია. სიაში სწორედ ამიტომაც არ ვარ. ამ თემას მეტად ვერ ჩავუღრმავდები!..
_ ნება თქვენია, მაგრამ ერთ კითხვას მაინც დაგისვამთ: თქვენი აზრით, „ნაცმოძრაობას“ რა ამოძრავებდა, როცა „ძალა ერთობაშიას“ პროპორციულ სიაში იგივე ოქრუაშვილ-ჩოჩელს წერდა?
_ როცა ბლოკი ფუძნდებოდა, საუბარი იმაზე იყო, რომ კახა ოქრიაშვილის პარტია შემოვიდოდა და ისინი მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებოდნენ, მაგრამ მერე, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატები კი არა, სიაშიც არიან. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი.
.
_ ბატონო პაატა, წლევანდელი არჩევნები ერთობ უჩვეულო ვითარებაში ტარდება _ კორონობას თავი რომ დავანებოთ, საქართველოდან 200 კილომეტრში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ყველაფერ ამის, უფრო სწორად, ეპიდვითარების დრამატულად დამძიმების გამო, ზოგი არჩევნების გადადებას ეჭვობს. ამ აზრს თქვენც ხომ არ იზიარებთ?
_ არ მგონია, არჩევნები გადაიდოს.
_ ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ თბილისში მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს…
_ გეთანხმებით, რომ შეიძლება ხელისუფლება ასეთ მანიპულაციაზე წავიდეს.
_ უფრო კონკრეტულად?
_ ალბათ, გახსოვთ, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროს უფლება აქვს, დაახლოებით, ისეთი ღონისძიებები გაატაროს, როგორიც საგანგებო ვითარების დროს ტარდება. ამაზე, თავის დროზე, ოპოზიციამ ერთი ამბავი ატეხა, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ მკაცრ შეზღუდვებთან დაკავშირებული მუხლები ამუშავდეს, ანუ არ გამოვრიცხავ, რომ იმ რაიონებში, სადაც „ოცნებას“ საარჩევნო პრობლემები აქვს, ჯანდაცვის „სპეცღონისძიებები“ გაატაროს. ეს მანიპულაცია იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, არ მგონია, რომ არჩევნები საერთოდ ჩაიშალოს.
_ ეპიდვითარებას თავი რომ დავანებოთ, რეგიონი, პრაქტიკულად, დენთის კასრზე ზის _ სომხეთ-აზერბაიჯანის საბრძოლო მოქმედებები არ წყდება და აგერ, კახეთის ორ სოფელში უპილოტო საფრენი აპარატებიც ჩამოვარდა…
_ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც მხოლოდ არჩევნებს არ ეხება. დიახ, ჩვენს სამეზობლოში ფართომასშტაბიანი ომი მიდის და იმის საფრთხე, რომ ამის გამო ვითარება გარკვეულწილად ჩვენთანაც დაიძაბოს, არსებობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
_ დიახ, ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოს საერთო მოსახლეობის, თუ არ მეშლება, 10 პროცენტს შეადგენენ…
_ ამის გამო შესაძლოა, გარკვეული დაძაბულობა შეიქმნას და, სხვათა შორის, მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ.
_ აბა, კიდევ რომელ ქვეყანას გულისხმობთ?
_ იმ ქვეყნებს, სადაც ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები ბევრნი არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, საქართველოში მცხოვრებ ამ ორი ეროვნების წარმომადგენლებს, ქართველების მსგავსად, გონიერება ეყოფათ და გაითვალისწინებენ, რომ საქართველო მათი სამშობლოცაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ეროვნების მიუხედავად, პატივისცემით მოეკიდებიან.
_ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები გონივრულად კი იქცევიან, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი მაინც რუსეთია.
_ დიახ, ასეა, მაგრამ ყველაფერ ამას ცოტა სხვა კუთხით დაგანახვებთ.
_ მაინც, როგორ?
_ საინტერესოა, რომ რუსეთი აზერბაიჯანის მიმართ, პრაქტიკულად, ნეიტრალურია და ეს მაშინ, როცა აქამდე ღიად სომხეთის მხარეს იჭერდა.
_ ამას რით ხსნით, ბატონო პაატა?
_ კონფლიქტური ტერიტორიები ყოველთვის მაინტერესებს და ამიტომაც გარკვეული კულუარული ინფორმაცია მაქვს, ანუ რუსეთი რომ ნეიტრალური იყოს, აზერბაიჯანის ძალისხმევა დიდია.
გარდა ამისა, მეორე, არანაკლებ საინტერესო, ფაქტორიც არსებობს: პუტინს ფაშინიანი მაინცდამაინც გულზე არ ეხატება.
_ ეს ცნობილია, თუმცა ამას წინათ ფაშინიანმა განაცხადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, კრემლი სომხეთის პოზიციებს გაამყარებსო.
_ ფაშინიანსა და პუტინს ერთმანეთი გულზე რომ არ ეხატებათ, ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა ფაშინიანმა პუტინის ძმაკაცები ციხეში ჩასვა. ახლა კი კოჩარიანი და სხვები გაათავისუფლეს.
ამასთან, პუტინმა პირდაპირ განაცხადა, ამ კონფლიქტში რუსეთი იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ საბრძოლო მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე გადავაო. ყარაბახი სომხეთის ტერიტორიად არაა აღიარებული და ამიტომაც რუსეთი ამ საბრძოლო მოქმედებებში ღიად არ ერევა, თუმცა მე თუ მკითხავთ, პუტინი სხვა თამაშს თამაშობს, ანუ ის ცდილობს, რომ ფაშინიანი დაასუსტოს და ამით ან თავისი მონა გახადოს, ან სომხეთის ხელისუფლებაში ისევ საკუთარი საძმაკაცო დააბრუნოს.
თუ ფაშინიანმა ყარაბაღი დაკარგა, კონფლიქტი რომც გაჩერდეს, ამას ფაშინიანის წინააღმდეგ სომხეთში აფეთქება მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში კი რევანშს ისევ ის ძალები აიღებენ, რომელთაც პუტინი აკონტროლებს. სხვათა შორის, ამ ძალების წარმომადგენლებს მხოლოდ ფული კი არ აქვთ, ყველა მათგანი ყარაბაღშია და თუ კონფლიქტი შეჩერდა, ამას თავად მიიწერენ.
ერთი სიტყვით, პუტინი ფაშიანიანს რაღაც მახეს უმზადებს და მის აბსოლუტურ კონტროლქვეშ აყვანას ან ჩანაცვლებას ცდილობს.
სხვათა შორის, ყოველდღე ველოდები, რომ რუსები სიტუაციას რაღაცნაირად „ბუთქავენ“.
_ ანუ?
_ სომხეთის მხარეს დაიჭერენ.
საერთოდ, მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება, რაც ჩვენთვისაც ყურადსაღებია.
_ ბატონო პაატა, თქვენი აზრით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი საქართველოზე რა გავლენას იქონიებს ან რა დოზით შეგვეხება?
_ ყურადღებას გავამახვილებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით.
_ სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ…
_ ჩვენც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ, ანუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია. საერთოდ, დღეს დადგა მომენტი, როცა რუსეთის მაიმუნობით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეიძლება.
_ როგორ?
_ ისე არ გამიგოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენ რამეს ვაპირებთ, მაგრამ ოდესმე ეს საკითხი აუცილებლად დადგება.
_ დიახ, დადგება, მაგრამ როდის?
_ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანმა ის წყალსაცავი დაიბრუნა, რომელსაც 34 წელი ვერ აკონტროლებდა. ეს წყალსაცავი ყარაბაღის ტერიტორიაზეა და მას სომხეთი აკონტროლებდა. ამიტომაც აზერბაიჯანის, მიმიმუმ, 7 რაიონს მუდმივად წყლის პრობლემა ჰქონდა. ამ წყალსაცავის დაბრუნებას მთელი ზეიმი მოჰყვა, რადგან ხალხს მიწების მორწყვის საშუალება მიეცა. სხვათა შორის, ამ ფაქტზე საერთაშორისო რეაგირებამაც არ დააყოვნა.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ იმას, რომ აზერბაიჯანმა სამი ათეული წლის შემდეგ წყალსაცავი დაიბრუნა, ჩვენს დაკარგულ და ოკუპირებულ ტერიტორიებთან რა კავშირი აქვს?
_ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ გალის ან ოჩამჩირის ტერიტორიაზე დავბრუნდით, სადაც წყალქვეშა სამხედრო ბაზაა და ეს ბაზა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცეს.
_ თქვენს პირს შაქარი, ბატონო პაატა…
_ მოკლედ, იმის თქმა მინდა, საინტერესო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი კი არა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესია, ანუ ხაზს იმას ვუსვამ, რომ ყველაფერი ის, რაც ახლა მეზობელ სახელმწიფოებში ხდება, ჩვენთვის შესაძლოა, გაკვეთილი იყოს.
_ მაინც, რისი გაკვეთილი?
_ სამართლებრივად, პოლიტიკურად და, გნებავთ, პიარულად როგორ უნდა ვიმოქმედოთ.
_ მაშასადამე, ზოგი ჭირი მარგებელიასი არ იყოს, სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული კონფლიქტი ჩვენთვის შესაძლოა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების წინაპირობა გახდეს?
_ არ მინდა, ჩემი ნათქვამი ვინმემ ომისკენ მოწოდებად აღიქვას. საერთოდ, ამაზე ლაპარაკი არ მერიდება, მაგრამ არ მინდა, ამ წუთას ვინმემ დამაბრალოს, რა დროს ომიაო, მაგრამ თუ საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა საბრძოლო მოქმედებებით აღიდგინა და ამას მკვეთრი რეაქცია არ მოჰყვა, მაშინ ვსვამ კითხვას: აფხაზეთიც და ცხინვალიც, იგივე საერთაშორისო სამართლით, საქართველოს ნაწილია. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, ტერიტორიული მთლიანობის ძალადობრივი გეგმით აღდგენას წინააღმდეგობას ვინ გაუწევს? ჩვენ გვესმის, რომ ამ ტერიტორიებს რუსეთი მშვიდობიანად არ დაგვიბრუნებს.
_ სხვათა შორის, ალიევსაც სწორედ ეს პოზიცია აქვს, ანუ მისი თქმით, სამშვიდობო პროცესმა შედეგი ვერ მოიტანა და ამიტომაც ოფიციალურმა ბაქომ ყარაბაღი ძალისმიერი მეთოდით უნდა დაიბრუნოს.
_ ისე, თუ დააკვირდით, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც განცხადება გააკეთეს, ალიევი, ასე ვთქვათ, არ გაჰყვა, ანუ ალიევი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს.
სხვათა შორის, ყარაბაღი აზერბაიჯანისთვის წლების განმავლობაში ნომერ პირველი პრობლემაა და ეს ნებისმიერი კვლევითაც დასტურდება. საქართველოში კი აფხაზეთი და ცხინვალი მერვეხარისხოვანი პრობლემაა, ანუ კვლევებში წინა პლანზე უმუშევრობა და სხვა რაღაცებია.
მოკლედ, იმისთვის, რაც ახლა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხდება, აზერბაიჯანი იდეოლოგიურადაც ემზადებოდა.
საქართველოსთან მიმართებით ჩემთვის საინტერესო სწორედ ეს გზაა. ვინაიდან ეს პრობლემა ასეთ იდეოლოგიურ დონეზე იდგა, დღეს, როცა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ხომ ხედავთ, ვერავინ ვერაფერს ამბობს. აი, ჩემთვის ესეც მაგალითია.
ერთი სიტყვით, მინდა, ჩვენს პრობლემებსაც სწორედ ამ კუთხით შევხედოთ და ისე არავინ გაიგოს, აი, დავითაია ამბობს, აბა, ახლა „დავგაზოთ“ და დაკარგული ტერიტორიები იარაღით დავიბრუნოთო.
_ ბატონო პაატა, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ: ის, რაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ახლა ხდება, ერთი მხრივ, ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა, კარგიც იყოს, რადგან ყველაფერი ეს პროსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დაკარგულ-ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი გახდეს, არა?
_ დიახ. აი, ნახეთ, როგორი მომენტია: გაეროს რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორია ოკუპირებული აქვს. რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალს, გაეროს რეზოლუციებში არ გვხვდება, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.
_ ანუ დასავლეთი სოხუმისა და ცხინვალის ოკუპაციას არ აღიარებს?
_ ეს ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციებში გვხვდება. სხვათა შორის, აზერბაიჯანთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუცია 90-იან წლებში, ანუ მაშინაა მიღებული, როცა ყველაფერი ეს დაიწყო…
საერთოდ, ერთია დოკუმენტი, მეორე კი ის, ამ დოკუმენტს როგორ იყენებენ. ჩვენს შემთხვევაში, დოკუმენტის გამოყენების ამუშავებაზეა ლაპარაკი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი პოლიტიკა გვაქვს _ რუსეთი რომ არ გავაღიზიანოთ, ამიტომ არაფერი უნდა ვთქვათო.
სხვათა შორის, გვარსა და სახელს არ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩს შევხვდი და სიტყვა აფხაზეთზე ჩამოვარდა. ჰოდა, ვუთხარი, აფხაზეთში სახლი მქონდა, რომელშიც ახლა სირიის წარმომადგენლობაა გახსნილი-მეთქი. ელჩმა მკითხა, _ ქირას გიხდიანო? გამიკვირდა, რა ქირაზეა ლაპარაკი, ეს ტერიტორია ოკუპირებულია-მეთქი.
მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მსგავსს კითხვას ყარაბაღზე არავინ დასვამს. ის, რომ ასეთ კითხვას გვისვამენ, ჩვენი ბრალია!
_ ბატონო პაატა, ვთქვათ, აზერბაიჯანმა ყარაბაღი დაიბრუნა, მაგრამ 31 ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვალა. ასეთ შემთხვევაში, ყარაბაღის პრეცედენტი ჩვენთვის მაინც საინტერესო იქნება?
_ ძალიან სწორად დასმული კითხვაა, მაგრამ არ მინდა, პოპულისტურად გიპასუხოთ.
ჩვენ თვითონ არ ვიცით, რა გვინდა. ეს თემები მაშინ დაიძრება, როცა ჩამოვყალიბდებით და გვეცოდინება, რა გვინდა.
აზერბაიჯანი დიდი ხანია, ჩამოყალიბებულია და იცის, რაც უნდა.
_ ჰოდა, იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა, ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია?
_ ოკუპირებულ საკითხებთან დაკავშირებით ამ ხელისუფლებას ოპონირებას ღიად ვუწევ, თუმცა წინა ხელისუფლებასთანაც ზუსტად იგივე პრეტენზიები მქონდა.
_ რატომ?
_ მიმაჩნია, რომ ამდენი დათმობა არ შეიძლება. სისტემა უნდა შემუშავდეს, რა გვინდა და წინ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში წავალთ, მაგრამ ახლანდელ ხელისუფლებას მხოლოდ ის უნდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არავინ შეაწუხოს. ეს პოლიტიკა კი არარეალურია.
სამწუხაროდ, ჩვენთან უკვე გაიზარდნენ თაობები, რომლებმაც კონფლიქტის არსი არ იციან, რაც კიდევ ერთი პრობლემაა.

გიორგი აბაშიძე