ოპოზიციამ გოგი წულაია მიატოვა
ქართული ოპოზიცია, რომელიც თავს ერთიანობით და ხელისუფლებასთან შეურიგებელი ბრძოლით იწონებს, ძალიან უცნაურად იქცევა. მათი უცნაური ერთიანობა გოგი წულაიას ამბავმაც გამოაჩინა. ოპოზიციის დიდი ნაწილი თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან. წულაიასთვის მხარდაჭერის გამოცხადებაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია. მის მიმართ მხარდაჭერა მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსმა გამოხატა. დანარჩენებს თავი ისე უკავიათ, თითქოს მათი თანამებრძოლი ციხეში არ გამოუკეტიათ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია თანამებრძოლებს უყურადღებოდ ტოვებს. 2019 წელს ოპოზიციამ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის დაკავება გაატარა. მასთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ დაიწყეს ყვირილი, როცა ეს სიტუაციას დასჭირდა და როცა ამაზე დასავლეთმა ამოიღო ხმა.
სამარცხვინოდ მოიქცა ოპოზიცია ბათუმელი აქტივისტის ირაკლი ფანგანის მიმართ,. რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. ფანგანმა ასე გამოხატა პროტესტი. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არც აჭარის უმაღლეს საბჭოში აპირებდა შესვლას. ჩავლეიშვილმა პირობა დაარღვია და შევიდა. დეპუტატისთვის თავზე ნაგავის დაყრის გამო ირაკლი ფანგანი დააკავეს. ოპოზიციის დიდ ნაწილს მის დასაცავად ხმა არ ამოუღია. ბევრი მათგანი „ოცნებაზე“ მეტად ლანძღავდა ახალგაზრდას. საბედნიეროდ ირაკლი ფანგანი მალე გამოუშვეს ციხიდან. ოპოზიციონერებმა მას ბოდიშიც კი არ მოუხადეს.
ფანგანისგან განსხვავებით არ გაუმართლა ასლან ვაშაყმაძეს. ეს ადამიანი ბათუმის აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. ადგილობრივი პოლიცია ხშირად არბევდა მათ აქციებს. მორიგი დარბევის შემდეგ ვაშაყმაძემ ჩაწერა ლაივი. სადაც ამბობს, რომ ერთი პოლიციელი უნდა დავიჭიროთ და ვცემოთო. ამას დიდი ამბავი მოჰყვა. ვაშაყმაძემ განმარტებები გააკეთა და თქვა, რომ ემოციურ ფონზე ჩაწერა ეს ვიდეო და არანაირი ძალადობის მომხრე არ იყო, მაგრამ ვინ დაუჯერა. ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებდნენ ვაშაყმაძის ლანძღვას და მის დაკავებასაც ითხოვდნენ. მათი სურვილი ახდა და ვაშაყმაძე დღემდე ციხეში ზის. მას არავინ ახსენებს.
ოპოზიციამ ნიკა მელიას დაკავება ხმამაღლა გააპროტესტა. ოღონდ ძალიან მალე მიანელეს პროტესტი. ბოლო დროს მის სახელს ფაქტიურად აღარ ახსენებენ და ეს ძალიან თვალშისაცემია.
ეს საზოგადოებაში და აქტივისტებში სერიოზულ ეჭვებს აჩენს. აქტიურობა და თავის გამოდება არავის უნდა. უკვე ყველა ხვდება, რამე რომ მოხდეს კონსტრუქციულობის იმიჯს ამოფარებული ოპოზიცია მათთვის თითსაც არ გაანძრევს. ეს გოგი წულაიას ამბავმაც დაადასტურა. ადამიანი ბერა ივანიშვილის გინების შემდეგ დააკავეს. ყველასთვის ნათელია, რომ ის მოძალადე არაა, მაგრამ ოპოზიცია მაინც დუმს.
შორენა მარსაგიშვილი