ნინო გოგუაძე: „წინ წავედით _ დღეს გაცილებით მეტი ადამიანი საუბრობს, რომ ჰომოფობია სირცხვილია“

„თუ ქვეყნაში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ ქვეყანაში გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა არის თითოეული ჩვენგანი.

სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ქართული კულტურა და ამიტომაც არის იგი ევროპული. სწორედ ამ ღირებულებებს ვეყრდნობოდით ჩვენ, როცა წინასაარჩევნო პერიოდში (2012 წელს) ბევრი ჩვენგანი ვამბობდით, რომ ჩვენს სამშობლოს დაპირისპირების ასპარეზად კი არ გადავაქცევთ, ჩვენს ოპონენტებს ისე კი არ მოვექცევით, როგორც ისინი შესაძლოა იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას საქართველო იმსახურებს. ჰოდა, საქართველო იმსახურებს, რომ იყოს თავისუფალი, ცივილიზებული ქვეყანა. და კიდევ, ჩვენ თავგანწირულად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ახლა თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ და თუ საჭირო გახდა, თავიდან ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, რომ საქართველოში დამკვიდრდეს კანონის უზენაესობის, უდანაშაულობის პრეზუმპციისა და კანონის გარდაუვლობის პრინციპები, რომ ყველა ერთი იყოს კანონის წინაშე და არ მოხდეს ადამიანების დაყოფა, დახარისხება, დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, რომ თავისუფალ საქართველოში თავისუფალმა ადამიანებმა იცხოვრონ, თავისუფლებმა სხვადასხვა ფობიებისგან, შურისძიების გრძნობისგან“, _ ეს სიტყვები პოლიტიკოს ნინო გოგუაძეს ეკუთვნის, რომელიც მან ე. წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას 2014 წლის აპრილში პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქვა.

გოგუაძის ამ სიტყვებსა და ზოგადად კანონის არსს, რომელსაც პარლამენტი იღებდა და ჩვენი ქვეყნისთვის, კონსტიტუციაში მკაფიოდ გაკეთებულ ჩანაწერს ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც სექსუალურ ორიენტაციაზე იყო საუბარი, მოწონებაც და ვნებათა ღელვაც ერთიანად მოყვა, რომელიც დღემდე გრძელდება. ასევე გრძელდება და, ალბათ, კიდევ მრავალი წლის მანძილზე არ ექნება დასასრული არც იმ სიძულვილს, რომლის წინააღმდეგაც, ზუსტად შვიდი წლის წინ, ეს კანონი მიიღეს.
პარლამენტის ტრიბუნიდან იმ დღეს გოგუაძემ კანონმდებლებს თავიანთი მოვალეობა და მიზნებიც ხაზგასმით და გარკვევით შეახსენა.

როგორ მოქმედებს და რა ბერკეტებს ფლობს ანტიდისკრიმინაციული კანონი? რამდენად აქვს მას ძალა და რა გააკეთა მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად საკანონმდებლო აქტმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ბზარი იყო? რელიგიურ ფანატიზმში გადავარდნილ საზოგადოებასთან მიმართებით, სწორედ ამ პრობლემებზე სასაუბროდ „ქრონიკა+“ პოლიტიკოს ნინო გოგუაძეს დაუკავშირდა:

_ ქალბატონო ნინო, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე გკითხავთ, _ როგორ და რა გზით მივიდა „ქართული ოცნება“ 2014 წელს ამ გადაწყვეტილებამდე? ცხადი იყო, ისინი კარგად აანალიზებდნენ მაშინ იმ საფრთხეებსა და შესაძლო ბზარს საპატრიარქოსა და საზოგადოებას შორის, რაც ამ კანონის მიღებას მოყვებოდა _ ერთსულოვანი იყო მაშინდელი სამთავრობო გუნდი?

_ რა თქმა უნდა, არ იყო ერთსულოვანი. ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო. საკმაოდ რთული გზა გავიარეთ რამდენიმე თვის მანძილზე, სანამ ამ კანონის გამოტანამდე მივიდოდით. იქ იყო რამდენიმე ადამიანი, რესპუბლიკელები, ჩვენ _ თავისუფალი დემოკრატები, რომლებისთვისაც ეს იყო მსოფლმხედველობრივი საკითხი, მაგრამ კიდევ, დამატებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, რომ ვიზალიბერალიზაცია მიგვეღო, მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი ხანი ეს კანონი იშიგნებოდა, ვგულისხმობ თვითონ ანტიდისკრიმინაციული ქმედებების აღმოფხვრის მექანიზმებს და იმის მიუხედავად, რომ კანონი სულ უფრო სუსტდებოდა, მისი გატანა მაინც ძალიან რთული იყო. ახლა ხომ უყურებთ, რა განწყობაა საზოგადოებაში? მინდა გითხრათ, რომ მაშინ გაცილებით მძიმე განწყობა იყო ამ მხრივ. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ წინ წავედით, რადგანაც დღეს გაცილებით მეტი ადამიანი საუბრობს, რომ ჰომოფობია სირცხვილია და განსხვავებულ ადამიანებზე ძალადობა არ შეიძლება და რომ კანონის წინაშე ვართ ყველანი თანასწორი და ის, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლების შელახვა ჩვენი უფლების შელახვაა, რადგანაც კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფი, მაგალითად, უმრავლესობა და არანაირი უპირატესობა მას არ გააჩნია. ამას დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ის წევრებიც, რომლებიც იშმუშნებოდნენ და არ უნდოდათ ამ კანონის გამოტანა.

_ იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული და პირდაპირი დირექტივა ამ კანონის მიღება?

_ მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსმენის წინ იგი (ბიძინა ივანიშვილი) უმრავლესობას პირადად არ შეხვდა, ღარიბაშვილმა შეკრიბა უმრავლესობა და სთხოვა ბიძინა ივანიშვილის სახელით, რომ მხარი დაეჭირათ კანონისთვის სწორედ ვიზალიბერალიზაციის გამო. როგორ გაახმოვანა და რა თქვა, ამას, რა თქმა უნდა, არ ვყვები, გამომდინარე იქიდან, რომ მაინც საჯარო ფიგურაა და პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ამიტომ ჩემს თავსა და საზოგადოებას არ ვაკადრებ იმას, რომ მოვყვე, დახურულ სხდომაზე რა უცნაური ფორმით იყო თხოვნა მისი მხრიდან. მაგრამ თვითონ პარლამენტში მაინც ძალიან გაჭირდა ამ კანონის გამოტანა პლენარულ სხდომაზე, ბევრი ადამიანი მაინც წინააღმდეგი იყო, რომ ეს კანონი გაგვეტანა და რომ არა რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები, ამ კანონს ვერ გავიტანდით. რაც შეეხება მეორე მოსმენას, მაშინ არ ვიყავი თბილისში, თუმცა ვიცი, რომ ნამდვილად შეკრიბა ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობა და პირდაპირ თქვა, რომ ყველას დაეჭირა მხარი ამ კანონპროექტისთვის.

_ ამ პროცესებმა და უმრავლესობის მსგავსმა დამოკიდებულებამ გამოგიყვანათ ტრიბუნასთან მაშინ?

_ პირველი მოსმენის შემდეგ მაინც გადატყდა რაღაცა გუნდში და ჩემი გამოსვლაც გამომდინარეობდა იქიდან, რასაც უმრავლესობის წევრებს ვუსმენდი. ისინი ბოდიშებს იხდიდნენ ლამის, რომ ამ კანონს ვიღებდით. მაშინ მახსოვს, ჩემს თავს ვუთხარი, ახლა თუ არ გამოვედი და ჩემი სათქმელი არ ვთქვი, რა მინდა საერთოდ პოლიტიკაში და პარლამენტში-მეთქი. ამ გამოსვლამ, ჩემდა გასაკვირადაც კი, იმხელა რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და ისეთ ადამიანებს მოეწონათ, რომლებსაც ამ სიტყვის შინაარსი არ უნდა მოსწონებოდათ, რადგანაც ჰომოფობიური განწყობებით იყვნენ დამძიმებულები, რაღაცნაირი გარდატეხა მოხდა.

_ მახოვს ის დღეები და საპატრიარქოს დამოკიდებულებაც _ საკითხის მიმართ. რა გავლენა ჰპოვა სამღვდელოების მტკიცე და შეუვალმა პოზიციამ კანონმდებლებზე?

_ მეორე მოსმენის წინ, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო ძალიან გააქტიურდა და იყო თხოვნები კონკრეტული ადამიანების მიმართ (ახლა არ მაქვს ასეთი ურთიერთობა მათთან), ბიძინა ივანიშვილის პირდაპირმა დირექტივამ გადაწყვიტა მაინც უმრავლესობის დამოკიდებულება.

_ რამდენად იცავს „ქართული ოცნება“ ამ კანონს დღეს? შვიდი წელი გავიდა მისი მიღებიდან და ამ დროის მანძილზე ჩვენ გვახსოვს მოწყვლადი ჯგუფების ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და რაც ყველაზე მძიმეა, ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც, რომლებიც ფატალური შედეგით დასრულდა. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ამ მუხლით არავინ დასჯილა.

_ ეს კანონი არ სრულდება, არც სიძულვილი გამქრალა არსად, არც ამ ადამიანების ცხოვრება შემსუბუქებულა. ჩვენ ვიცით ყოველდღიურად როგორი მძიმე ცხოვრებით ცხოვრობენ უმცირესობები, გარდა იმისა, რომ მთლიანად მოქალაქეების ცხოვრება არის დამძიმებული სხვადასხვა კრიზისით, მათ დამატებით ჯოჯოხეთის გავლა უწევთ საკუთარი იდენტობის გამო. ჩვენ კიდევ გვიმტკიცებენ, რომ ქართული ტრადიცია არის განსხვავებულების, სუსტების დევნა და ის ადამიანები, რომლებიც ამ სიძულვილის ჯგუფებს ქმნიან, მათი არსებობა, მიზანი და რეალიზაციის საშუალება არის სხვა ადამიანების დაჩაგვრა და დევნა. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა, ამას არაფერი საერთო არ აქვს არც ქართულ ტრადიციასთან, არც ვაჟკაცობასთან. ეს კანონი, დიახ, არ მუშაობს. ამ სიძულვილს, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი იყენებს ამ ქვეყნის სამართავად. იცით, რომ სხვადასხვა სიძულვილის ჯგუფი არსებობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, კიდევ ვიმეორებ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება გაიზარდა. ეს კანონი მაინც წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ოღონდ სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არც კანონი ნიშნავს არაფერს და არც _ კონსტიტუცია. ყველამ ვიცით, რომ კანონის უზენაესობა არ არსებობს და ამ სიძულვილის ჯგუფებს მხარს უმაგრებს ხელისუფლების გარკვეული ნაწილი _ ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი და იმ ნარატივის გაღვივება, რომ ევროპა ცუდია და ამ ხალხის დარაზმვა ერთმანეთის წინააღმდეგ არის კრემლის ნარატივი.
არ შემიძლია არ გავიხსენო, როდესაც განვიხილავდით კანონს, ჩემთვის შოკი იყო, როცა უმრავლესობის წევრები მეუბნებოდნენ, რომ მთავარია, არ ვახსენოთ ეს ადამიანები, ანუ იყვნენ, იარსებონ, ოღონდ არ ვახსენოთო. რას ნიშნავს, არ ვახსენოთ?! ეს ადამიანები არსებობენ და რატომ არ უნდა ვახსენოთ? ჩემი გამოსვლის შემდეგ მე თვითონ გამიკვირდა, როდესაც მითხრეს, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან სექსუალური უმცირესობა პირველმა შენ ახსენეო. ეს იყო საოცრება, რადგანაც ბევრი კანონი იყო მიღებული, რომელიც ეხებოდა უმცირესობას, თუმცა, თურმე, ხსენება იყო ტაბუდადებული.

_ როგორ შეაფასებთ „ქართული ოცნების“ პირველი პირების დღევანდელ განცხადებებს?

_ რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სპიკერების განცხადებებს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ კონტექსტი არ არის და ვურჩევთ, არ ჩაატარონ პრაიდი, ეს სამარცხვინოა, რადგანაც ხელისუფლების ვალდებულებაა კონსტიტუციისა და კანონის დაცვა. გამოხატვის უფლება აქვს ყველა ჩვენს მოქალაქეს და ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება. რაც შეეხება კონტექსტს, იგი ასე არასოდეს დადგება, იმ 2014 წელსაც გაცილებით უფრო მძიმე კონტექსტი იყო და ზუსტად იგივეს გვეუბნებოდნენ, _ ახლა არ არის მაგის დრო და კონტექსტი, რომ ეს კანონი მივიღოთ. მათ ავიწყდებათ, რომ კონტექსტს ქმნი შენ და არავინ სხვა. მსგავსი ნათქვამებით ახალისებენ ძალადობას და პირდაპირ მწვანე შუქს უნთებენ ძალადობრივ ჯგუფებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ისედაც ამდენი პრობლემისა და ძალადობის ქვეშ უწევთ ცხოვრება და არსებობა.

_ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ სიძულვილით მოტივირებული ჯგუფები, იგივე რადიკალები, რომლებიც ვხედავთ, თუ როგორ ავიწროებენ ლგბტქ თემის წარმომადგენლებს და ზოგადად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით სამართალდამცველი ორგანოების ქმედებებს? თუ შეგიდარებიათ ის დამოკიდებულებები, რომელიც მათ ამ მოძალადეობრივი ჯგუფებისა და სხვა სამოქალაქო აქტივისტების მისამართით აქვთ?

_ მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია იდგა შუაში, დიახ, უნდა გავიხსენოთ ოპოზიციისა და მათი აქტივისტების აქციები. „მონის“ ყვირილზე იჭერენ ადამიანებს და იქ ქვის სროლის შესაძლებლობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია, კიდევ კარგი, შეეცადა, უშუალო დაპირისპირება არ მომხდარიყო. ერთი-ორი მცდელობა ჰქონდათ ამისა რადიკალებს, იქ დაიჭირეს 23 ადამიანი და 22 მეორე დღესვე გამოუშვეს, რაც არ ხდება უწყინარი აქტივისტების აქციისას და საერთოდ მიუხედავდ იმისა, რომ მთლიანობაში მაინც მოახერხა თავისი ვალდებულების შესრულება და შეაკავა ეს მოძალადე ჯოგი პოლიციამ, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ლოიალური იყო მათ მიმართ, ვიდრე მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ. 20 ივნისს საერთოდ აღარც ვიხსენებ. ჩვეულებრივი სტიკერებით რომ ხდება რაღაცის დაწერა და გაპროტესტება, თქვენ ხედავთ, როგორ მიჰყავს პოლიციას ეს ადამიანები, აბსოლუტურად მშვიდობიანი აქტივისტები. აქაც დაიჭირეს რამდენიმე, მაგრამ აქ იყო ქვების სროლა და პირდაპირი მუქარა, საფრთხის მყისიერი შეგრძნება და გაცილებით უფრო ხისტად უნდა ემოქმედა პოლიციას.

_ დღევანდელი გადმოსახედიდან, რას შეცვლიდით ამ კანონში, როდესაც ხედავთ, რომ მან რეალური შედეგი ვერ დადო?

_ კანონის გაუმჯობესება, მათ შორის, მექანიზმების ჩადება შეიძლება, მაგრამ ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ რა კანონებიც გვაქვს, ის არ სრულდება. ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, სადაც ნათქვამია, რომ აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია, იქ არის გასაჩივრება, თუ მოხდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და ა. შ., არსებული მქანიზმებიც კი არ მუშაობს. იმ სახელმწიფოში სადაც კანონი და კონსტიტუცია არ მუშაობს, მე უბრალოდ არ მინდა ვილაპარაკო რაღაც მექანიზმებზე, რადგანაც კანონისა და კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს სახელმწიფო. აზრი არ აქვს კანონის დაწერას, თუ ხელისუფლება არ გვეყოლება ისეთი, რომელიც ზუსტად კანონისა და კონსტიტუციის მიხედვით მართავს ქვეყანას და ამისთვის აქვე ვიტყვი, _ აუცილებელია კოალიციური მმართველობა, თორემ მერე ყველა ისე გიჟდება, როგორც დღეს „ქართული ოცნება“ არის გაგიჟებული და წინა ხელისუფლებაც ასეთი გვყავდა. შეუძლებელია, კლიმატი შეიცვალოს. ეს იქნება თავის მოტყუება, რომ რაღაც ახალი მექანიზმებით ამ ადამიანების ინტერესები უფრო დაცული იქნება.

_ ახლა ისევ იმ ტრიბუნასთან რომ იდგეთ, რა იტყოდა ნინო გოგუაძე ამ გადმოსახედიდან?

_ ზუსტად იგივე სიტყვებს, რომ თუ ქვეყნაში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ ქვეყანაში გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა არის თითოეული ჩვენგანი, ყოველი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია ყოველთვის, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ მომენტში. ამიტომ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ყოველი ადამიანი არის უმცირესობა; დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოს მთავარი ღირებულება კი არის ეს ერთი ცალკეული ადამიანი ანუ ყოველი ჩვენგანი. ვილაპარაკებდი ისევ კანონის თანასწორობაზე, კანონის უზენაესობაზე, რომ კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს ყოველი ადამიანი, სახელმწიფო და საზოგადოება და არც ერთ ადამიანს ან ინსტიტუტს არ უნდა ჰქონდეს კანონის წინაშე უპირატესობა, რაც არ უნდა გავლენიანი ორგანიზაცია იყოს ის. ეს არის ცივილიზებული, დემოკრატიული, თანამედროვე საქართველო, ასეთი საქართველოს აშენება გვინდა და კიდევ სიძულვილი, სუსტის დაჩაგვრა ეს არ არის ქართული ტრადიცია, პირიქით, როდესაც შენ გვერდით სხვა ადამიანს ღირსებას ულახავენ, მტერიც რომ იყოს შენი, მისი ღირსების შელახვა შენი ღირსების შელახვაა _ სწორედ მაშინ ხარ ადამიანი.

გიგა გელხვიიძე