ნიკა შენგელია: „მცირე და საშუალო ბიზნესი ნელ-ნელა კვდება“

ეკონომისტ ნიკა შენგელიას შეფასებით, გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ რეგულაციების შემსუბუქების შესახებ მიიღო, არაადეკვატურია. 

„ქრონიკა+“-ს ნიკა შენგელია ესაუბრება:

„ხელისუფლება ამ ნაწილში, ცხადია, არაადეკვატურია. სავაჭრო ცენტრები კი გახსნეს, თუმცა მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტით ვერ გადაადგილდება. ამ ყველაფრის შედეგი ვნახეთ: დღეს დილის 7 საათიდან ავტომობილების კოლონები იდგა „თბილისი მოლთან“. მთავრობა არაჯანსაღ გადაწყვეტილებებს იღებს. ხელისუფლებას ხალხისთვის საშუალება უნდა მიეცა, ორი კაპიკი ეშოვა, 24 -დან უნდა გაეხსნათ და შემდეგ შეეძლოთ, 2 იანვრიდან თუნდაც სრული ლოკდაუნი გამოეცხადებინათ. პირველი იანვრიდან 19 იანვრამდე საქართველოში, ტარადიციულად, ისედაც შენელებულია ეკონომიკური აქტოვობა, რადგან ბევრი დღესასწაულია – ხელისუფლებას შეეძლო, სწორედ, ეს პერიოდი გამოეყენებინა ლოკდაუნისთვის. ის, რასაც ხელისუფლება 24 დეკემბრიდან შემსუბუქებას არქმევს, განსაკუთრებულ ცვლილებას არ გამოიწვევს, უბრალოდ, ეკონომიკური მაჩვენებელი კვლავ დაბლა ჩამოიწევს. ჩვენი პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 5-დან 6 %-მდე შემცირდება, მთავრობას კი  ოპტიმისტური პროგნოზი ჰქონდა, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

პანდემიის პერიოდში ხელისუფლებამ არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები მიიღო და ექსპერიმენტები ჩაატარა, მათ ზუსტი არგუმენტები არ ჰქონიათ. ექსპერიმენტების 90% არ ამართლებს, ამ ყველაფრის შედეგი კი  მარტის ბოლოდან დადგება: ინფლაცია შეჩერდება, თუმცა ფასები  მაღალი დარჩება. ფასების ზრდა თებერვალშია მოსალოდნელი, კონკრეტულად, ადგილობრივ ხორცპროდუქტებსა და რძის ნაწარმზე.

ვაჭრობის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესი ნელ-ნელა კვდება: 2021 წელს არაერთი ლოკდაუნის გამოცხადება გახდება საჭირო, ამის სიგნალი კი არის ის, რაც დღეს ხდება ინგლისში,  – ლოკდაუნი მთელ ევროპაზე ვრცელდება. ამიტომ მთავრობის მეთაურების განცხადებები,  რომ თებერვლიდან გაიხსნება ფრენები და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჯერ კიდევ პირველი ლოკდაუნის გამოცხადების დროს იყო დაპირებები, რომ ფრენები ივლისში განახლდებოდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.  ის ხალხი კი, ვინც ტურისტულ ბიზნესს ემსახურებოდა, მოტყუებული და დაზარალებული აღმოჩნდა. მოვაჭრეებმა ბოლო პერიოდშიც შემოიტანეს საქონელი, იმედი ჰქონდათ, რომ რაღაცას გააკეთებდნენ, მაგრამ ისინიც მოტყუვდნენ,  რადგან 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნა. ფაქტობრივად, ვაჭრობის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესი ნელ-ნელა კვდება, შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ დეკემბრის მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდება და ეკონომიკაც უფრო შენელდება“.

ცნობისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება. კერძოდ, უცვლელი რჩება მუნიციპალური ტრანსპორტისა და საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა. არ იხსნება ბაზრები, სავაჭრო ობიექტები კი რეგულაციების მკაცრი დაცვით განაახლებს მუშაობას.

ნენე ინჯგია