მურმან დუმბაძე: „ივანიშვილს უნდა, რომ რევოლუციით გააგდონ“

8-9 ივნისის სისხლიანი ღამე შავი ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში. „გავრილოვის ღამეს“ ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს იკადრებდა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლება ძალას ახლაც გამოიყენებდა. თუმცა არავის ეგონა, ივანიშვილს ნერვები პირველსავე დღეს უმტყუნებდა. ის, რაც ცესკოს შენობასთან მოხდა, მურმან დუმბაძისთვის მოსალოდნელი იყო. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმა მხოლოდ ძალადობით იცის პრობლემის მოგვარება. დუმბაძე არ გამორიცხავს, რომ ეს დარბევა ივანიშვილისთვის მორიგი ტრიუკი იყოს.

რა შეიძლება იდგეს ამ დარბევის უკან? რისთვის ემზადება ივანიშვილი? როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ? ვისი ეშინია „ქართული ოცნების“ ლიდერს? _ ამ თემების შესახებ მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო მურმან, ცესკოსთან ხალხის დარბევას ელოდებოდით?
_ ბიძინა ივანიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, სრულიად არ გამკვირვებია, რაც 8-9 ნოემბრის ღამეს ცესკოსთან მოხდა. ივანიშვილი არის ის კაცი, რომელიც პატარა შეკამათების გამო დამემუქრა. მე მასთან ერთად დავაფუძნე „ქართული ოცნება“. ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებდით და თანამებრძოლები ვიყავით. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა რაღაც სისულელეების ჩადენა დაიწყო. ამაზე მივუთითე და ჩვენ შორის უთანხმოება ჩამოვარდა. მისი ქმედებები საჯაროდაც გავაკრიტიკე. ამით გაბრაზებულმა ივანიშვილმა დამირეკა და პირდაპირ მითხრა, ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი დაგემართოსო.
_ ეს გაფრთხილება როდის მიიღეთ, „ოცნებიდან“ რომ წამოხვედით, თუ მანამდე?
_ ჯერ კიდევ „ოცნების“ წევრი ვიყავი. ივანიშვილს პრემიერის პოსტი ეკავა. თანამდებობასაც კი არ მოერიდა და დამემუქრა. ეს 2013 წლის თებერვალში მოხდა. ეს ადამიანი ბუნებით არის კრიმინალი და ქმედებებიც კრიმინალის აქვს. ის უფრო გამიკვირდებოდა, დარბევაზე რომ არ წასულიყო.
_ ასეთი დარბევების შემდეგ ხალხი უფრო ბრაზდება და გაცილებით მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში. ეს არ იცის ივანიშვილმა?
_ იცის, მაგრამ ადამიანი ბუნებით კრიმინალია და სხვანაირად ვერ მოიქცევა. ის იქცევა, როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსეთში მოქმედებდა. დარბევა, თვალების დათხრა, სამაგიეროს გადახდა მისთვის უცხო არ არის.
_ დარბევით სააკაშვილიც არბევდა ოპოზიციას, მაგრამ ხალხი ვერ დააშინა.
_ ვერც ივანიშვილი დააშინებს. ამაზე ის აუცილებლად აგებს პასუხს. ამ დარბევებისთვის სააკაშვილმაც აგო პასუხი და დღეს სამშობოში ვერ ბრუნდება. მე დიდი ხანი ვიყავი მიშას ოპონენტი. არაერთი აქცია მოვაწყვე მის წინააღმდეგ. 2011 წლის 26 მაისსაც აქციაზე ვიდექი. ეს იყო სასტიკი დარბევა, მაგრამ ივანიშვილის დარბევებისგან განსხვავებით, ამ დარბევას რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა.
_ თქვენ 26 მაისის დარბევას ამართლებთ?
_ ამ სასტიკ დარბევას ვერ გავამართლებ, მაგრამ მიშას იმ აქციის დასარბევად საბაბი ჰქონდა. 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი უნდა გამართულიყო. მისი ჩაშლის ნებას არავინ მოგვცემდა. სისასტიკე რომ არ გამოეჩინათ, ამ აქციის დაშლის გამო მიშას ვერავინ შეედავებოდა. მისგან განსხვავებით, ივანიშვილი თავს ვერ გაიმართლებს.
_ უკვე ბევრი დარბევაა ივანიშვილის ანგარიშზე. ცოტაც და მიშას გადაასწრებს.
_ თუ გავითვალისწინებთ, რომ მიშას დროს დარბევებს ამართლებდა, ჩათვალეთ, რომ დიდი ხნის წინ გადაასწრო. ჩვენმა საზოგადოებამ ამ ძალადობაზე თვალი არ უნდა დახუჭოს. მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიმართოს აქციები. მარტო თბილისი და ბათუმი არ კმარა. მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს ქუჩაში.
_ გამოვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება დარბევები.
_ რამდენს დაარბევს? ამ ხალხზე დარბევა არ ჭრის. ჩვენს მოსახლეობაში ძალადობა უარესს პროტესტს იწვევს.
_ თქვენ ივანიშვილს კარგად იცნობთ და როგორ გგონიათ, პირდაპირ დარბევაზე რატომ გადადის? ასე მალე შეიძლება, რომ კაცს ნერვებმა უმტყუნოს?
_ მან ძალადობის გარდა სხვა არაფერი იცის. ასე იშოვა ფული და ასე ცდილობს ამ ქვეყნის დაპატრონებას. ამ დარბევებს რაც შეეხება, არ გამოვრიცხავ, ეს რუსეთს უკავშირდებოდეს.
_ რუსეთი ავალებს, აქცია დაარბიეო? თუ რუსეთის საამებლად აკეთებს ამას?
_ შეიძლება, ერთიც არის და _ მეორეც, არც მესამე ვარიანტს გამოვრიცხავ. ივანიშვილი პუტინზეა დამოკიდებული და მისი ძალიან ეშინია. პუტინი მას არ აძლევს იმის უფლებას, რომ ხელისუფლება დათმოს. ამ დარბევებით რევოლუციას ჩალიჩობს. პუტინს ეტყვის, რა ვქნა, ხომ ხედავ, ხალხმა ჩამომაგდოო. არ გამიკვირდება, ამას უკავშირდებოდეს ამდენი ადამიანის ცემა და დასახიჩრება. ივანიშვილის ბოლო მაინც წითელი მოედანია. ამას თავადაც ხვდება და თადარიგს იჭერს.
დარბევები მომავალშიც იქნება, მაგრამ ეს პროტესტს ვერ გააჩერებს. ოპოზიცია დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. ეს ერთიანობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. „ოცნებამ“ არჩევანი მოგვპარა და მას აუცილებლად დავიბრუნებთ.
ბიძინა ივანიშვილმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა, როცა შერეული სისტემა დატოვა. სრულად ოპოზიციურ სისტემაზე რომ გადავსულიყავით, ამხელა აყალმაყალ აღარ იქნებოდა. არჩევნები დასრულდებოდა 31 ოქტომბერს და ის დასრულდებოდა ოპოზიციის გამარჯვებით. ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, რომ იგივე არ გაიმეორა, რაც სააკაშვილმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს გააკეთა.
_ თქვენ სულ იმას ამბობდით, რომ ივანიშვილი არჩევნებში დამარცხებას აღიარებსო.
_ მეგონა, რომ ასე მოიქცეოდა, რადგან ეს მისთვის უკეთესი იყო. მას შეეძლო, კარგად შესულიყო საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, მან სხვა გზა აირჩია. მოგეხსენებათ, თუ რა დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში. ამ გამოცდილების გათვალისწინებით თამამად გეუბნებით, რომ ივანიშვილის „ოცნება“ არის შევარდნაძის „მოქკავშირი“ და აბაშიძის „აღორძინება“.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ „ოცნებაც“ ისევე გარდაიცვალა, როგორც „მოქკავშირი“ და „აღორძინება“. ივანიშვილის ბოლო იქნება მოსკოვი, წითელი მოედანი. ეს უკეთესს შემთხვევაში. არაა გამორიცხული, ციხეშიც აღმოჩნდეს. მან ხალხს არჩევნები მოჰპარა, ქურდობა კი დანაშაულია.
_ ოპოზიცია სულ ამბობდა, რომ არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებოდა. თქვენი აზრით, რატომ წავიდა ივანიშვილი ასეთ გაყალბებაზე? რა ეგონა, პროტესტი არ იქნებოდა?
_ მას სუფთად თამაში არ შეუძლია. ივანიშვილი ძალადობით აღწევდა ყოველთვის მიზანს. ის ვერც პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, ამაზე არ წავიდოდა. მას წინ ჰქონდა შევარდნაძისა და აბაშიძის მაგალითები. ქართველი ხალხი გაყალბებას არ პატიობს. მიხეილ სააკაშვილს ბევრი ნაკლი აქვს და ბევრი შეცდომაც დაუშვია, მაგრამ ის პოლიტიკოსია. მან 2012 წელს აღიარა არჩევნებში დამარცხება და დარჩა პოლიტიკაში. ივანიშვილი კი დარჩა ხელისუფლებაში, მაგრამ დარჩა პოლიტიკის მიღმა.
_ ეს რანაირად?
_ ჩვეულებრივად. ივანიშვილი კი დარჩა ხელისუფლებაში, მაგრამ პოლიტიკის მიღმაა და ამას არაფერი ეშველება. არსებულ ვითარებაში გამოსავალიც ძნელი საპოვნელია. წესით, მან ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნოს, რომელიც თავისუფალ გარემოში ჩატარდება. ეს ნაკლებად სავარაუდოა, ბიძინა ამაზე არ წავა. ამის საპასუხოდ ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა.
_ აქციებია სწორი ნაბიჯი?
_ აქციებიც, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ბარიერგადალახული პარტიების გადაწყვეტილება. მათ ერთხმად განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ივანიშვილი პარლამენტში იქნება მარტო. ეს მის ძალას დიდ უხერხულობას შეუქმნის. მათ აუცილებლად მოუწევთ დათმობაზე წასვლა.
_ ისე, „ოცნება“ ბოლომდე თავს გამარჯვებულად არ მიიჩნევს. არჩევნების მოგება რამდენიმე წუთიანი ზეიმით აღნიშნა მხოლოდ. ამას რით ახსნით?
_ არჩევნების პერიოდშიც და ახლაც ბათუმში ვარ. ბათუმში ვიყავი არჩევნების ღამესაც. „ქართული ოცნების“ ოფისი ჩვენი ოფისის გვერდით არის. ძალიან ცივილიზებული ურთიერთობა გვქონდა და ერთი კამათიც კი არ მოგვსვლია, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს მწვავედ ვაკრიტიკებდით. როცა ცესკომ შედეგები გამოაცხადა, „ოცნების“ ბათუმის ოფისშიც ხანმოკლე ზეიმი გაიმართა. მერე დაიშალნენ. არჩევნების მოგებას ასე ხანმოკლე ზეიმით არავინ აღნიშნავს. „ქართული ოცნების“ მოკრძალება პირდაპირ კავშირშია გაყალბებასთან. ამ პარტიაში ყველაზე უკეთ იციან, თუ რა დოზით გააყალბეს არჩევნები. ისე გააყალბეს, რომ გამარჯვების აღნიშვნისაც კი შერცხვათ.
დარწმუნებული ვარ, ივანიშვილიც არ ზეიმობს ამ გამარჯვებას. მან კარგად იცის, რა ჩაიდინა და იმასაც აცნობიერებს, რა შეიძლება ამის გამო მიიღოს. მას დასავლეთიც მოსთხოვს პასუხს. პირველ რიგში კი ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა. ზევით გითხარით, რომ ივანიშვილი კი დარჩა ხელისუფლებაში, მაგრამ პოლიტიკის მიღმა აღმოჩნდა. მას ხალხში დასაყრდენი არ გააჩნია. როცა ხელისუფლებას ხალხში დასაყრდენი არ აქვს, ის აუცილებლად ჩამოიშლება. ივანიშვილის ხელისუფლებაც ჩამოიშლება. გაყალბების გამო აქ ერთხელ უკვე მოხდა რევოლუცია.
ვიმეორებ: ივანიშვილი ძალიან შეცდა, როცა სრულად პროპორციულ წესზე გადასვლას არ დათანხმდა. შერეული სისტემა რომ არ დარჩენილიყო, ახლა ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა და არც აქციები გახდებოდა საჭირო.
_ თქვენ ზემოთაც თქვით, რომ ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, სრულად პროპორციულ წესზე გადასვლას რომ არ დასთანხმდაო. ეს ივანიშვილის შეცდომაა თუ ოპოზიციის? ოპოზიცია ამბობდა, რომ მხოლოდ სრულად პროპორციულს დასთანხმდებოდა, მაგრამ მერე 120/30-ზე მოდელზე შეჯერდით.
_ ჩვენ წლებია ვითხოვთ, რომ არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. სამწუხაროდ, მიზანს ბოლომდე ვერ მივაღწიეთ და პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას დავთანხმდით. ეს არჩევნები შერეული სისტემით რომ არ ჩატარებულიყო, ახლა ქვეყანაში გამოსვლებს ვერ ვიხილავდით, არც ივანიშვილს ექნებოდა სანერვიულო.
_ იქნებ, არც ნერვიულობს? მან ხომ ხელისუფლება შეინარჩუნა?
_ ხელისუფლება შეინარჩუნა, მაგრამ პოლიტიკის მიღმა დარჩა: ქვეყანაში აქციებია, დაღვარა ადამიანების სისხლი, გააყალბა არჩევნები. მან იცის, რომ ამას არ აპატიებენ. მშვიდად როგორ უნდა იყოს? სრულად პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, „ოცნება“ და მისი ლიდერი მშვიდად გადავიდოდნენ ოპოზიციაში და პოლიტიკური ველიდან მათ ვერავინ გაიყვანდა. აშკარაა, რომ მას საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მხარს უჭერს.
_ ოპოზიცია ამბობს, რომ მას მხარდამჭერები აღარ ჰყავს.
_ ეს სიმართლეს არ შეეფერება. მე სიმართლე მიყვარს და ტყუილს არ ვიტყვი, ივანიშვილს ჰყავს მხარდამჭერები. მას ამომრჩევლების 1/3 უჭერს მხარს. ამ მხარდაჭერით ის პარლამენტში სერიოზულად იქნებოდა წარმოდგენილი. მან ყველაფრის მიტაცება გადაწყვტა და ახლა ხალხს არჩევანის დასაბრუნებლად რევოლუციური გზით უწევს სიარული.
_ ამ რევოლუციას ძალიან ხშირად ახსენებთ და სხვა გამოსავალი არ არის?
_ ძალიან მინდა, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, მაგრამ ხელისუფლება ამისკენ გვიბიძგებს. როგორც ვატყობ, რევოლუცია იქნება.
_ ხელისუფლება ისედაც ბევრს საუბრობს რევოლუციურ სცენარზე და ამ განცხადების გამო თქვენ და ოპოზიცია შარში არ აღმოჩნდეთ.
_ შარში რატომ უნდა აღმოვჩნდეთ? ან რა შუაშია ოპოზიცია? არც ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ხალხს რევოლუციისკენ არ მოუწოდებს. ერთადერთი მე ვარ, ვინც რევოლუციაზე საუბრობს. არც მე ვისაუბრებდი, მაგრამ ხელისუფლება სხვა გზას, უბრალოდ, არ ტოვებს.
მიკვირს, რატომ ერიდებიან ადამიანები რევოლუციის ხსენებას. როცა საჭიროა, რევოლუცია უნდა მოხდეს. რევოლუციამ წარმოშვა 2003 წლის 23 ნოემბერი.
_ ამ რევოლუციას მაშინ ივანიშვილიც უჭერდა მხარს.
_ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაშინ ივანიშვილმა. მაშინდელმა ხელისუფლებამ თავად უბიძგა ხალხს რევოლუციისკენ. არჩევნების გაყალბება ბოლო წვეთი იყო ხალხის მოთმინების ფიალაში. მიუხედავად იმისა, რომ მე „ნაციონალებს“ დავუპირისპირდი, ვაცხადებ, რომ „ვარდების რევოლუციამ“ საქართველოს სიკეთე მოუტანა.
_ „ქართული ოცნების“ მომხრეები ასე არ ფიქრობენ. ისინი გამუდმებთ აპელირებენ სისხლიან 9 წელზე.
_ ვინც სისხლიან 9 წელზე საუბრობს, ნახევარზე მეტი სისხლიანი 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში იყო. მედროვეების აზრი არ მაინტერესებს. ისინი ხვალ „ოცნებას“ პირველები გალანძღავენ. არასდროს მოვერიდები იმის თქმას, რომ „ვარდების რევოლუციამ“ საქართველოს ბევრი სიკეთე მოუტანა.
_ რა სიკეთეები მოუტანა?
_ 2004-2012 წლამდე საქართველო სერიოზულად ვითარდებოდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ბევრი და სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ სახელმწიფი ფეხზე დადგა. როცა რაღაცას აშენებ, იქ შეცდომებიც შეიძლება დაუშვა ადამიანმა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ბევრი დანაშაულიც ჩაიდინა. ამის გამო ხალხმა ის 2012 წელს ხელისუფლებიდან გაუშვა. სააკაშვილსაც შეეძლო არჩევნების გაყალბება, მაგრამ ამ გზით არ წავიდა. ივანიშვილმა კი ვერ დათმო ძალაუფლება და კვლავ გაყალბებაზე წაუცდა ხელი. არჩევანი ხომ წაგვართვა და რევოლუციის წინაშეც დაგვაყენა.
როდესაც გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში გამოდის, იქ დიდია ალბათობა იმისა, რომ რევოლუცია მოხდეს. რევოლუციაზე ბევრს კი ვლაპარაკობ, მაგრამ მართლა არ მინდოდა, რომ აქ ხელისუფლება რევოლუციის გზით შეცვლილიყო. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს. ეს დაამტკიცებდა იმას, რომ საქართველო შედგა, როგორც სახელმწიფო. ივანიშვილი კი ისტორიაში კარგად შევიდოდა. ახლა მისი პოლიტიკური ბიოგრაფია შეიბღალა.
_ რაც მას ნაკლებად ადარდებს.
_ ვერ ვიტყოდი, რომ არ ადარდებს. ის ძალიან ნერვიულობს იმის გამო, რაც ხდება. ახლა, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, არჩევნებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა და ეს ადამიანი არც კი გამოჩენილა, არც მხარდამჭერებს შეხვედრია, განცხადებაც კი არ გაუვრცელებია. ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილმა ბევრი შეცდომა დააშვებინა და ბევრი დანაშაული ჩაადენინა. მან იცის, რომ, ადრე თუ გვიან, ყველაფერზე აგებს პასუხს.
ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ რამდენჯერმე გამოჩნდა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 53-დან 63%-მდე მერყეობდა. იგივეს აცხადებდა ბატონი კობახიძე. არჩევნები ხომ არნახულად გააყალბეს, ყველაფერი იკადრეს, მაგრამ 50%-ს ვერ ასცდნენ. არჩევნები გაყალბების გარეშე რომ ჩატარებულიყო, ეს პარტია 40%-საც კი ვერ აიღებდაა.
არის უბნები, სადაც ივანიშვილის პარტიას ჯამურად ოპოზიციური ერთობა კი არა, მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ უგებს.
_ ეს სად ხდება? სად უგებს „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“?
_ ბათუმში. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. როცა ამომრჩეველი არჩევანს წინა ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ძველი სჯობდა მოქმედ ხელისუფლებას.
_ ბათუმელებს რომ ძველი ხელისუფლების მიმართ ნოსტალგია აქვთ, გასაკვირი არაა, „ნაციონალების“ დროს ეს ქალაქი ძალიან გალამაზდა.
_ მარტო ბათუმი არ გალამაზებულა, საქართველოს ბევრი ქალაქი გაალამაზეს სააკაშვილის დროს.
_ მიშამ ბათუმს მაინც განსაკუთრებულად მიხედა.
_ ამას ვერ გავექცევით, ყველაზე მეტი ფული აქ ჩაიდო და ძალიან გალამაზდა ბათუმი. ხალხს ეს ახსოვს და ამიტომ შემოხაზეს ნომერი 5. მე დღეს „ნაციონალებთან“ ერთად ვარ, მაგრამ არ მავიწყდება მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და შეცდომები. სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როცა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ეს ამბავი მაშინვე გავაპროტესტე. არასწორად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს მოქალაქეობას ვართმევდეთ და ქვეყნიდან ვაძევებდეთ.
სამწუხაროდ, ასეთი შეცდომა დაუშვა ივანიშვილის ხელისუფლებამაც და მათაც ჩამოართვეს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა. არ შეიძლება, შენი ქვეყნის პრეზიდენტს მოქალაქეობა წაართვა. ადრე ვიღაც ამას ტაშით ხვდებოდა, მაგრამ ახლა აცნობიერებს, რომ შეცდომაა. არავის აქვს უფლება, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მოქალაქეობა ჩამოართვას და საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოს. მიშას დაბრუნებას უკვე ხალხიც ითხოვს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ხალხს უნდა მიშას დაბრუნება?
_ თავად დავუსვი ეს კითხვა ხალხს ბათუმში მიმდინარე აქციის დროს. ბათუმელებს ვუთხარი, _ თუ მიშას დაბრუნება გინდათ, ტაში დაუკარით-მეთქი და სერიოზული ტაში დაუკრეს. სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა სერიოზულად შეცვლის აქ ვითარებას. ერთადერთი კაცი, ვისიც დღეს ივანიშვილს ეშინია, ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
_ ე. ი. გუბაზ სანიკიძეს ეთანხმებით.
_ ორივე ხელის აწევით ვეთანხმები სანიკიძეს. ჩვენ მიშასთან დაკავშირებით თანამოაზრეები ვართ. ისე არავინ გაიგოს, რომ მიშასგან ბელადის შექმნა მინდა.
_ აბა, რატომ ამბობთ, რომ მხოლოდ მისი ეშინია ივანიშვილს?
_ იმიტომ ვამბობ, რომ მართლა მხოლოდ სააკაშვილის ეშინია. მე მინდა, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდეს, მაგრამ მისგან არც კერპს და არც ბელადს არ შევქმნი. ვითხოვ, რომ სხვა ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად თანაბარ პირობებში იყოს.
ვიცი, ოპოზიციაში ბევრს ეშინია, რომ ისევ სააკაშვილი და „ნაციონალები“ ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას. მინდა, ისინი დავამშვიდო და ვუთხრა, რომ მათი შიში უსაფუძვლოა.
_ რატომ არის უსაფუძვლო? 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ რამდენიმე პარტია მონაწილეობდა, მაგრამ ძალაუფლება „ნაციონალებს“ დარჩათ.
_ მაშინ სხვა სისტემა იყო. დღეს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ერთპარტიულ მმართველობას. მთავრობა კოალიციის გარეშე ვერ დაკომპლექტდება. ასე რომ, სააკაშვილი ოპოზიციისთვის საშიში არ არის, ის ივანიშვილისთვისაა საშიში.

შორენა მარსაგიშვილი