მურმან დუმბაძე: „დეტალურად მოგიყვებით, რატომ გააგდო 2015 წელს ივანიშვილმა ღარიბაშვილი პრემიერობიდან“
მართალია, ერთ გუნდში დიდხანს არ მოუწიათ ყოფნა, მაგრამ მურმან დუმბაძემ საკმაოდ კარგად შეისწავლა ბიძინა ივანიშვილის ბუნება. მას არასდროს დაუჯერებია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პოლიტიკიდან წავიდა. მმართველ პარტიაში დღემდე მისი აჩრდილი რომ დადის, ამაში დუმბაძე პრემიერად ღარიბაშვილის წარდგენამ დაარწმუნა. მურმან დუმბაძე ღარიბაშვილსაც კარგად იცნობს და დარწმუნებულია, რომ ივანიშვილმა ის საგანგებო მისიის შესასრულებლად გამოიყვანა.
რატომ შეარჩია ივანიშვილი პრემიერად? როგორი სცენარით განვითარდება მოვლენები? როდემდე შეძლებს ოპოზიცია ერთად დგომას? _ ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. მმართველ პარტიაში კი ამტკიცებენ, ჩვენ გადავწყვიტეთო, მაგრამ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩევანი ივანიშვილმა გააკეთა. თქვენი ვერსია როგორია?
_ ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მის გარდა ღარიბაშვილს პრემიერად არავინ წარადგენდა. ამით მან თავის პარტიასაც და საქართველოს მოსახლეობასაც, რომლის უმრავლესობაც მისი წინააღმდეგია, უთხრა, რომ პოლიტიკიდან არსად წასულა. ასევე მან ძალა გვაჩვენა და თქვა, როცა მინდა, გავაგდებ ადამიანს ხელისუფლებიდან და როცა მინდა, დავაბრუნებო. ახლა მახსენდება 2015 წლის 23 დეკემბერი, დღე, როდესაც ივანიშვილმა ღარიბაშვილი პრემიერობიდან გააგდო. გაგდების მიზეზები დეტალურად ვიცი, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდები.
_ რატომ არ შეჩერდებით, ყველაზე საინტერესო ახლა ესაა…
_ ამას სხვა დროს მოგიყვებით დეტალურად. ახლა გაცილებით საინტერესო ამბები მიდის ქვეყანაში. 2015 წლის დეკემბერში ღარიბაშვილს მისმა უფროსმა რამდენჯერმე შემოუთვალა, რომ პოსტი დაეტოვებინა, მაგრამ ის გაჯიუტდა.
_ წინააღმდეგობა გაუწია ივანიშვილს?
_ უფრო გაჯიუტდა. როცა პირველად შემოუთვალა, გადადექიო, გაქანდა თბილისის მერიაში და იქიდან ჩაატარა რაღაც ღონისძიება. ილაპარაკა, წარმატებული პრემიერი ვარ და ვაგრძელებ მუშაობასო. მეორე დღეს დაურეკა მას ივანიშვილმა და პოლიტიკიდან გააგდო. რამდენიმე წელი ის საერთოდ წასული იყო პოლიტიკიდან. 2019 წელს დააბრუნა მინისტრად, ახლა კი პრემიერად წარადგინა.
_ რატომ გააკეთა მასზე არჩევანი?
_ იმიტომ, რომ ივანიშვილს სურს, ქვეყანა უხეშმა და უზრდელმა ადამიანმა მართოს. მართვით ივანიშვილი მართავს. ღარიბაშვილი თავის უზრდელობასა და უხეშობას ოპონენტებისკენ მიმართავს. მას ოპონენტებთან სხვა ენით საუბარი, უბრალოდ, არ შეუძლია. მას აქვს მწირი პოლიტიკური გამოცდილება, არ იცის, რა არის კონკურენცია, წარმოდგენა არ აქვს თავისუფლებაზე, აკლია განათლება.
_ განათლება ნამდვილად არ აკლია, დასავლეთში ისწავლა.
_ ეს არაა განათლება. მან დასავლეთში აიღო დიპლომი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განათლებულია. ყველა ხვდება, ივანიშვილმა ღარიბაშვილი ოპონენტებთან დასაპირისპირებლად გამოიყვანა წინა პლანზე, მაგრამ ამით არსებული სურათი არ შეიცვლება. არა მგონია, ვინმე შეშინდეს და უკან დაიხიოს. უკან დახევა ახლა უკვე აღარ შეიძლება. ჩვენი ქვეყანა ძალიან ღრმა კრიზისშია შესული. ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება იყო კრიზისის აპოგეა, მწვერვალი. იმდენად თვალსაჩინო იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომ ნიკა მელიას მთელმა დასავლეთმა დაუჭირა მხარი. ჩვენი ოპოზიცია მთლიანად მის გვერდით დადგა.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოები და ავტორიტეტული უცხოელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის დიალოგი და ვადამდელი არჩევნები. ჩვენი მოთხოვნაც ესაა. მზად ვართ, ხელისუფლებას ვადამდელ არჩევნებზე დაველაპარაკოთ. კონფრონტაცია და წინააღმდეგობა ჩვენი მიზანი არ არის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქვეყნის პოლარიზება. ადამიანები იმის მიხედვით აღარ უნდა დაფასდნენ, თუ რომელ პარტიას წარმოადგენენ. ისინი იმის მიხედვით უნდა დავაფასოთ, რა გამოცდილებისა და შინაარსის მატარებლები არიან. მზად ვართ, დავსხდეთ ხელისუფლებასთან ერთად და შევათანხმოთ თარიღი, თუ როდის ჩატარდება ვადამდელი არჩევნები. არჩევნებამდე კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები. სასურველია, რომ არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდეს. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ შორის, იმათაც, ვინც ახლა უცხოეთში იმყოფებიან. ეს ადამიანებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და მათაც აქვთ უფლება, დააკომპლექტონ ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება.
_ პრემიერის შერჩევის თემას დავუბრუნდეთ. ამ პოსტის დასაკავებლად კობახიძე ემზადებოდა. რატომ უთხრეს მას უარი?
_ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ივანიშვილმა. მთავარია, ის რას გადაწყვეტს. მისთვის საინტერესო არაა, თუ რას ფიქრობს გუნდი.
_ მან კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ დატოვა, ე. ი. მას ენდობა, მაგრამ პრემიერობა რატომ არ ანდო? შეეშინდა, რომ ზედმეტად გაძლიერდებოდა?
_ ამის არ შეშინებია, უბრალოდ, ასე გადაწყვიტა. კობახიძე მას სხვა ფრონტზე სჭირდება. ღარიბაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შეუტევს ოპოზიციას, კობახიძე _ საკანონმდებლოდან.
_ ღარიბაშვილი და კობახიძე ერთმანეთს რომ ვერ იტანენ? ოპოზიციის ნაცვლად, ერთმანეთზე არ მიიტანონ იერიში.
_ ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ მათ აქვთ ერთი დიდი საერთო. ეს საერთო გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს ვერავინ იტანს, მაგრამ ისინიც ივანიშვილის გამო იტანენ ერთმანეთს. ვისაც ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანდა და ვისაც უნდოდა მისი მეურვეობიდან გამოსვლა, იმან ამის გაკეთება მოახერხა.
_ გიორგი გახარიას გულისხმობთ?
_ დიახ. არ ვიტყვი, რომ ის გმირია, მაგრამ რაც გახარიამ გააკეთა, ეს ძალიან სერიოზული განაცხადია. სხვა თუ არაფერი, ამ ადამიანმა მიზეზი განმარტა, თუ რატომ წავიდა პრემიერის პოსტიდან. ეს არ გაუკეთებია არც გიორგი კვირიკაშვილს და არც მამუკა ბახტაძეს. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ივანიშვილმა გააგდო პრემიერობიდან.
გახარიამ თავისი გადადგომით სერიოზული უბედურება ააცილა ქვეყანას, მაგრამ ბოლომდე ადეკვატურად არ მოიქცა. ის პოლიტიკიდან არ უნდა წასულიყო. მას უნდა ეთქვა, ვტოვებ თანამდებობას და გადავდივარ ოპოზიციაშიო. როდესაც გადამდგარი პრემიერი ოპოზიციაში გადადის, ეს ქვეყნისთვის კარგია. მე ასეთი საქართველო მინდა.
_ იქნებ, გადავიდეს ოპოზიციაში.
_ არა მგონია. მთლად ასეთი გამბედავიც არ არის, თუმცა გადაჭრით ნურაფერს ვიტყვით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მისით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ გადადგომის დღეს მან სერიოზული სვლა გააკეთა, რითაც სახელმწიფოს დიდი უბედურება ააცილა თავიდან.
_ იმ დღეს ააცილა ეს უბედურება თავიდან, მაგრამ ნიკა მელიას დაჭერა ისევ დღის წესრიგში დგას. „ოცნებამ“ ნებისმიერ წუთს შეიძლება გადაწყვიტოს ოპერაციის ჩატარება.
_ ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც მოიმოქმედონ, მაგრამ არა მგონია, რომ რამე გამოუვიდეთ. „ქართული ოცნება“ დღითი დღე სუსტდება. ივანიშვილი მართალია, კულუარებიდან კვლავ მართავს ქვეყანას და პარტიას, მაგრამ საჯაროდ თქვა, რომ პარტიიდან წავიდა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი განაცხადია.
რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა, რომ მათ შორის არანაირი უთანხმოება არ არის და ერთიანი გუნდია. ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვან საკითხზე მათ სხვადასხვა აზრი ჰქონიათ და ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო პრემიერმა თანამდებობაც კი დატოვა. რაც დრო გავა, ეს პარტია კიდევ უფრო დასუსტდება. და არა იმიტომ, რომ ისინი არიან სუსტები, იმიტომ სუსტდება, რომ ოპოზიცია იქცევა სწორად. ოპოზიციას ეს სიმტკიცე რომ არ გამოეჩინა და პარლამენტში შესულიყო, ეს ამბები არ მოხდებოდა. პარლამენტში ოპოზიციის არშესვლამ „ქართული ოცნება“ ძალიან შეარყია. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია კიდევ უფრო უნდა დავასუსტოთ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა. ეს რაუნდი ოპოზიციამ ხელისუფლებას სერიოზულად მოუგო.
_ ხვალ შეიძლება, იმათ მოიგონ რაუნდი.
_ მეეჭვება.
_ რატომ გეეჭვებათ?
_ იმიტომ მეეჭვება, რომ ვხედავ, თუ როგორი ერთიანია ოპოზიცია. ეს დღეები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვარ. სხვებთან ერთად ვიცავ ნიკა მელიას. ოფისში ისეთი პარტიები მოდიან, რომელთა დასახელებაც კი არ ვიცი. არავინ ლაპარაკობს საკუთარ პარტიაზე, მათ შორის, არც გავლენიანი პარტიების წარმომადგენლები. ყველა შეთანხმებულია იმაზე, რომ სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს, ნიკა მელია ციხეში არ უნდა წავიდეს. ეს არის ძალიან კარგი. კარგია იმიტომ, რომ ოპოზიცია გაგვაერთიანა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ „ნაციონალების“ ოფისში დავით ჭიჭინაძეს ვნახავდი.
_ მე იმას ვერ წარმოვიდგენდი, თუ თქვენ ოდესმე „ნაციონალებთან“ ერთად დადგებოდით.
_ ასე გამოვიდა. მე მათთან ერთად რამდენიმე წლის წინათ დავდექი. ჩემზე დიდი ოპოზიცია ამ სააკაშვილს არ ჰყოლია, მაგრამ ქვეყანას ახლა ასე სჭირდება. ახლა ოპოზიცია ერთად უნდა დადგეს. ეს მიზანი მეტ-ნაკლებად მიღწეულია. ვერც იმას წარმოვიდგენდი, ნინო ბურჯანაძე თუ მოვიდოდა „ნაციონალებთან“. ის თავის შვილთან ერთად დღედაღამ აქ არის.
_ ახლა ერთიანები ხართ და ერთად იცავთ ნიკა მელიას, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები თუ დაინიშნა, იქ იქნებით ერთიანები?
_ ეგ სხვა საკითხია. თუ არჩევნებისთვის ერთი ფრონტით არ გამოვალთ, არც ეს იქნება ტრაგედია. მთავარია, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და ჯანსაღი კონკურენცია კარგიც კი იქნება. არასდროს გვითქვამს, რომ ერთიან ძალად უნდა ვიქცეთ. ჩვენ ახლა ერთობა გვჭირდება. სამართლიან გარემოში ოპონირებას არაფერი სჯობს. დაე, ჩვენმა მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვის რა დოზით შეუშვებს საქართველოს პარლამენტში. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებმა ერთი რამ ცალსახად აჩვენა _ საქართველოში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა მთავრდება.
_ პოლიტიკიდან მიმავალმა ივანიშვილმა ივარაუდა, რომ მისმა პარტიამ შეიძლება, ერთმანეთი დაჭამოს. ეს გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ერთპარტიული მმართველობა მთავრდება?
_ ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ თუ ხალხი გადაწყვეტს, ძველი ხელისუფლება დააბრუნოს, მაშინ ხელებიც დამიბანიაო. ივანიშვილის სიტყვები არაფერ შუაშია. აშკარაა, რომ ერთპარტიული მმართველობის ეპოქა წარსულის საკუთრება გახდება. 30 წელი გავიდა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამასობაში ხალხიც გაიზარდა პოლიტიკურად და პარტიებიც დასერიოზულდნენ. ჩვენი მოსახლეობა ხშირად წუწუნებს, რომ პოლიტიკოსებს მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა სურთ, სადაც თავიანთ ცხოვრებას იწყობენ და ხალხი სულ ფეხებზე კიდიათ.
_ წუწუნებდნენ, იმიტომ რომ რეალურად მართლაც ასე იყო.
_ ადრე მართლა ასე იყო, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია. ოპოზიციამ დაამტკიცა, რომ მთავარი მიზანი მათთვის პარლამენტში მოხვედრა არ არის. მსხვილ და წვრილ პარტიებსაც შესძლებიათ პრივილეგიებზე უარის თქმა და ქუჩაში დგომა. ეს სახადი მოსახდელი იყო და ძალიან კარგია, რომ მოვიხადეთ. ამის მერე საქართველოს მოქალაქეებთან უფრო ადვილად მივალ დასალაპარაკებლად.
_ აქამდე გიჭირდათ მათთან ლაპარაკი?
_ არასდროს მიჭირდა. ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მოსახლეობას ვხვდები და კარდაკარ დავდივარ. ჩემთვის მოქალაქეებთან საუბარი უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ტელეეკრანზე კეკლუცობა. სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირდა პასუხის გაცემა, როცა მოქალაქეები მეკითხებოდნენ, _ რას მიკეთებთ ეს პოლიტიკოსები მას შემდეგ, რაც პარლამენტში შეხვალთო? ახლა მათ შემიძლია ვუთხრა, რომ ოპოზიციური პარტიები გაიზარდნენ და ისინი დანაპირებს ასრულებენ.
_ ის დანაპირები ნამდვილად შეასრულა ოპოზიციამ, რომ გაყალბებულ არჩევნებს არ გაამართლებდა. რამდენიმე კაცი მაინც შევიდა ოპოზიციიდან პარლამენტში, მაგრამ მთავარი ბირთვი გარეთაა.
_ იმათ ოპოზიციად არ მივიჩნევ, ვინც პარლამენტში შევიდა. სულ 6 კაცზეა საუბარი. 54 კაცი გარეთაა. ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, ნიკა მელიას დაჭერის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა „ოცნება“ და შემდეგ არც გახარია გადადგებოდა პოსტიდან.
_ ნიკა მელია სხვებთან ერთად 31 ოქტომბრის შემდეგ გაიძახის, რომ პარლამენტში არ შევა და ახლა რატომ გადაწყვიტეს მისი დაკავება?
_ „ოცნებაში“ არის არაადეკვატური ხალხი და ძნელია იმის ახსნა, თუ რატომ შეარჩიეს ეს დრო. შეიძლება იფიქრეს, რომ ამით რამეს მიაღწევდნენ.
_ მაგალითად, რას? მელიას დაჭერის თემით ოპოზიციასთან ივაჭრებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყავით?
_ ნიკა მელიას დაკავება 20 ივნისის საქმეზე სურთ. ამით რუსეთსა და გავრილოვს გაუგორებდნენ კოჭს, მაგრამ მთავარი ამოცანა მაინც პარლამენტში შესვლაზე ვაჭრობა იყო. ბარიერის დაწევაც შემთხვევით არ მომხდარა. ეს ივანიშვილის ტვინში მოიხარშა. მან იცოდა, რომ არჩევნები უნდა გაყალბებულიყო და იფიქრა, პატარ-პატარა პარტიებს უფრო იოლად დავიყოლიებო, მაგრამ შეცდა. „ევროპელი სოციალისტებისა“ და ელისაშვილ-იოსელიანის შესვლა ვერაფერს ცვლის. დასავლეთი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი. ეს ვერ აიტანა ივანიშვილმა და გადაწყვიტა, ვიღაც დაეჭირა. სამიზნედ ნიკა მელია შეარჩია, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. ეგონა, ვინმეს შეაშინებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ყველაფერი მის წინააღმდეგ შემობრუნდა. სიმართლესთან ბრძოლა ძალიან ძნელია. ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ ვინმეს დააშინებს. არც მისი ფული შეცვლის რამეს. ასლან აბაშიძეს მასზე არანაკლები ფული ჰქონდა, მაგრამ რა მოიგო? ის აჭარაში იმაზე მეტად აკონტროლებდა ვითარებას, ვიდრე ბიძინა _ საქართველოს, მაგრამ ესეც ფუჭი გამოდგა. აბაშიძეს არც იმან უშველა, ბათუმში მდებარე სამხედრო ბაზა რომ უმაგრებდა ზურგს.
პრემიერად ღარიბაშვილის წარდგენით ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ ერთი ერთში ჰგავს ასლან აბაშიძეს. იყო ასეთი ჯემალ გოგიტიძე, რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. აბაშიძე რაღაც პერიოდი გაუნაწყენდა გოგიტიძეს და მოიშორა, მერე ისევ დააბრუნა და გაუშვა პარლამენტში. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრადაც დანიშნა, მაგრამ არაფერი ეშველა. როცა ცვლილებები გარდაუვალია და ხალხი შენი წინააღმდეგია, ვინც გინდა, ის გაიყვანე და შემოიყვანე, აზრი არ აქვს. ასეთი ვითარებაა ახლა ივანიშვილის თავს. მას არაფერი უშველის. რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.
სინათლე და სიმართლე რომ ბნელზე იმარჯვებს, არაერთხელ დამტკიცდა. ეს „ქართულმა ოცნებამ“ თავში უნდა შეუშვას. ეს ჭეშმარიტება იმ პარტიებმაც უნდა შეიგნონ, რომლებიც ვადამდელი არჩევნების შემდეგ მოვლენ ხელისუფლებაში.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ, რომ არჩევნები ჩატარდება? რამე დამატებით ინფორმაციას ფლობთ, რაც ჩვენ არ ვიცით?
_ ინფორმაციებს როგორ არ ვფლობ, მაგრამ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე არსებული ვითარება მეტყველებს. ეს კრიზისი მხოლოდ არჩევნებით განიმუხტება. ივანიშვილი სიტუაციის განმუხტვაზე რომ არ ფიქრობს, აშკარაა. მას რამის შეცვლა რომ სურდეს, პრემიერად ღარიბაშვილს არ წარადგენდა. ღარიბაშვილი ის ადამიანია, რომელიც ოპონენტების წინააღმდეგ აუცილებლად განახორციელებს რეპრესიებს. ამ რეპრესიების წყალობით შესაძლოა, რამდენიმე კვირით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, მაგრამ საბოლოოდ მაინც მარცხისთვის არის განწირული. თან ამისთვის ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევს.
_ სანქციების დაწესებას გულისხმობთ? დევიდ კრამერმა გააჟღერა სანქციების თემა.
_ მან პირდაპირ თქვა, რომ სანქციების დაწესებამდე მივა საქმე. ასეთ განცხადებებს სხვა ამერიკელი პოლიტიკოსებიც აკეთებენ. შეწუხებულია ევროპაც. ღარიბაშვილის გაპრემიერების ამბავმა არავინ გაახარა.
_ დასავლეთი რატომ დამწუხრდა ღარიბაშვილის გაპრემიერების გამო?
_ იმიტომ, რომ ღარიბაშვილი დასავლელი პარტნიორების გადაგდებაშიც არის შემჩნეული. ის დასავლური კლასის პოლიტიკოსებთან ურთიერთობას მიჩვეული არ არის. მას არც დასავლური პოლიტიკის გაეგება რამე. პრემიერად რომ დანიშნეს, ჯანყარაშვილი წამოწია წინა პლანზე. მერე თავის ნათესავებს მოაგებინა ტენდერები. პრემიერი ასეთ დონემდე რომ დავა, ის მაღალი კლასის პოლიტიკოსად ვერ ჩაითვლება.
დარწმუნებული ვართ, ხელისუფლების მხრიდან იქნება პროვოკაციები, რასაც ოპოზიცია მშვიდობიანი პროტესტით უპასუხებს. ჩვენი ამოცანაა, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. არსებული ვითარება მხოლოდ ასე განიმუხტება. შევეცდებით, დასავლელ პარტნიორებს დაველაპარაკოთ, მათთან ერთად კი ხელისუფლებასთან დიალოგი ვაწარმოოთ, სადაც მთავარი საკითხი რიგგარეშე არჩევნები იქნება. ამ პროცესში, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ როლს ამერიკა შეასრულებს.
_ თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენია და არა ტრამპი, ამერიკა მართლა განსაკუთრებულ როლს ითამაშებს.
_ აშშ-ის პრეზიდენტი რომ ბაიდენია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. დასავლეთი სერიოზულად იმუშავებს. ქვეყნის შიგნითაც შეიცვალა „ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება. მელიას ამბავმა ყველაფერი შეცვალა. სახალხო დამცველმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისთვის არ იქნებოდა იოლი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ესაუბრა, მაგრამ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება _ ადამიანს ციხეში უშვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მან საქართველოს პარლამენტში რუსი კომუნისტის ყოფნა გააპროტესტა. გავრილოვი მხოლოდ კომპარტიის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, კიდევ არა უშავს, მაგრამ ეს ის კაცია, რომელსაც აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. ის ჩვენი სახელმწიფოს მტერია. და როგორც ამ ადამიანს დაატოვებინეს 2019 წელს საქართველო და პარლამენტი, ასევე დატოვებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას. რიგგარეშე არჩევნები „ქართულ ოცნებას“ დაასრულებს.
შორენა მარსაგიშვილი