მოსამართლე გვრიტიშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ამხელს
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებული სკანდალური ეპოპეა გრძელდება. „ქრონიკა+“ ესაუბრება ამ ეპოპეის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, მოსამართლეს _ ბატონ დიმიტრი გვრიტიშვილს:
_ ბ-ნო დიმიტრი ,თქვენ და სხვა მოსამართლეები, რომლებიც წარდგენილი იყავით უზენაეს სასამართლოში, ამჟამადაც მოსამართლეები ხართ და არანაკლებ მნიშვნელოვანი თანამდებობები გიჭირავთ,. არც ბესელიას დაჯგუფებას, არც საზოგადოების ამა თუ იმ ფენას, რომელიც დღეს ხმაურობს, თქვენთან აქამდე არანაირი პრეტენზიები არ ჰქონია, რატომ გახდით უცებ მიუღებლები? რატომ ხართ მისაღები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ და რატომ გახდით მიუღებელი უზენაესი სასამართლოს რიგით წევრად?
_ მართალი ბრძანდებით, არც მთელი ამ წლების მანძილზე ჰქონიათ არანაირი პრეტენზიები და არც იმ სამუშაო ჯგუფში მუშაობისას, რომელიც 2017 წლის ზაფხულში შეიქმნა. ამ ჯგუფში ჩვენთან ერთად იყვნენ პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით: დისციპლინური სამართალწარმოება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის რეგულირება, იუსტიციის სკოლის რეფორმირება. ამ ფორმატს თავად ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა და ვინმეს თუ გაგიგიათ ბესელიას მხრიდან რაიმე კრიტიკული კომენტარი სასამართლოს, ზოგადად, ამ სისტემის ან ცალკეული პერსონალიების, თუნდაც ჩემი ან ჩემი კოლეგების მიმართ, ვის სახელსაც დღეს ხშირად ახსენებენ? პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან კონსტრუქციულ, მშვიდ, საქმიან გარემოში ვმსჯელობდით უამრავ საკითხზე. დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით კონსენსუსსაც მივაღწიეთ და კანონპროექტიც დაიდო, რომლის ინიცირებაც უახლოეს მომავალში მოხდება. სხვა მიმართულებებითაც ვაგრძელებდით მუშაობას, მაგრამ 2018 წლის დეკემბერში ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა ძალაში შევიდა და იუსტიციის საბჭომ კანონის სრული დაცვით განახორციელა კანდიდატების ნომინირება უზენაეს სასამართლოში. პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო ხელისუფლებამ ვინმესთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაასახელა კანდიდატები და პარლამენტს წარუდგინა. ეს არ გვაპატიეს. პირდაპირ კომენტარებიც კეთდებოდა, _ როგორ გაბედა სასამართლომ, კანდიდატურები რომ წარმოადგინეს ჩვენთან წინასწარ შეუთანხმებლადო?!
_ ეს რომ მთელი „ქართული ოცნების“ პოზიცია ყოფილიყო, ალბათ, დაგეთანხმებოდით კიდეც, მაგრამ თქვენ მხოლოდ ბესელია და მისი თანამოაზრეები დაგიპირისპირდნენ. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პირიქით _ თქვენ მხარეს იყო.
_ „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მართლაც ჯანსაღი პოზიცია დაიკავა და ეს დადასტურდა კიდეც პოლიტსაბჭოს განცხადებით. სასამართლო სისტემის წინააღმდეგ აგორებულმა კამპანიამ მართლაც ორკესტრირებული შეტევის ხასიათი მიიღო, უცნაურად დაირაზმა ყველა ერთად, ერთი მხრივ, დეპუტატების ჯგუფი, მეორე მხრივ, ადვოკატთა ასოციაცია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციით, არასამთავრობო სექტორი სამართლებრივ ჩარჩოს აბსოლუტურად გადასული მოთხოვნით, რომ დაიშალოს იუსტიციის საბჭო და მოქმედი მოსამართლეები სისტემიდან წავიდნენ და ა. შ. მთელი ეს უეცარი შტურმი ნამდვილად არაა ჯანსაღი პროცესი და ამ ფონზე ნამდვილად მისასალმებელია, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო ამგვარ განცხადებას იღებს და აღიარებს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მის საქმიანობაში ჩაურევლობის აუცილებლობად.
_ სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდათ და ამიტომ გააკეთეს ეგ განცხადება თუ იმიტომ, რომ მაგ ნაწილისთვის სწორედ თქვენი კანდიდატურები იყო მისაღები?
_ ჩვენ ეს აღვიქვით, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელშიც გარკვევით იყო ნათქვამი, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია მიმდინარეობს. და რომ ასეთი შტურმი დაუშვებელია.
_ მაგ განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ 2012 წლამდე საქართველოში ადამიანი სამართალს ვერ იპოვიდა, რომ სასამართლო საზოგადოების დათრგუნვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო.
_ მაგ ცალკეულ შეფასებებს არ ვეთანხმები. ესაა პოლიტიკური შეფასებები პოლიტიკური ძალის განცხადებაში. მათ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, პოლიტიკური მიზნები და ამოცანები აქვთ.
_ კობახიძის განცხადებაზე რაღას იტყვით? ისიც პოლიტიკური შეფასებაა, მოსამართლეებზე რომ თქვა, ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე მასობრივად ცუდ რაღაცებს სჩადიოდნენ, ახლა კარგ რაღაცებს სჩადიანო? იყავით სავლეები და გახდით პავლეები? დამეთანხმეთ, რომ ერთობ აბსურდული განცხადებაა.
_ ესეც პოლიტიკური შეფასებაა, რომელსაც არ ვიზიარებ. ვფიქრობ, რომ 2012 წლამდეც მოსამართლე ვიყავი და დღესაც მოსამართლე ვარ! მე ვმოღვაწეობდი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მაშინ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი დაკვეთა იყო, რომ დაძლეულიყო სისტემური კორუფცია და ქურდული სამყაროს გავლენა, ამოძირკვულიყო ეს ორი წყლული სახელმწიფოს სხეულზე. კანონმდებლობაც რეპრესიული ხასიათის შეიქმნა, სახელმწიფომ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, რაც, ჩემი აზრით, იმ ვითარებაში გამართლებულიც იყო! დღეს მოქმედი სასჯელის ნაწილობრივი ან მთლიანი შთანთქმის პრინციპისგან განსხვავებით, მაშინ მოქმედებდა სასჯელის სრული შეკრების პრინციპი და ბევრი ამასაც უსამართლობად მიიჩნევდა და აკრიტიკებდა, მაგრამ იმ დროს ასეთი კანონი მოქმედებდა, სასამართლო კანონის აღმასრულებელი იყო და რა კანონიც მოქმედებდა სახელმწიფოში, იმ კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ მოსამართლეები, ამიტომ ვიღაცის თვალში ჩვენ შეიძლება ჯალათებად აღვიქმებოდით, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც ჯალათები ვიყავით.
ახალმა ხელისუფლებამ ლიბერალური კურსი აიღო, ბევრად ლიბერალური გახდა კანონმდებლობაც, ახლა სახელმწიფოს სხვა ამოცანები აქვს, სოციალურ საკითხებს მეტ ყურადღებას აქცევს, მაგრამ ეს სწორედ იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ იმ წლებში სისტემური კორუფცია, ქურდული სამყაროს გავლენა დაიძლია. როგორც გითხარით, მე ვერ გავიზიარებ ვერც იმას, რომ ჩვენ „მასობრივად ცუდ რაღაცებს ჩავდიოდით“ 2012 წლამდე; ვერც იმას, რომ 2012 წლამდე ადამიანი სამართალს ვერ იპოვიდა.
_ „ქართული ოცნება“, ის ნაწილიც, რომელიც თქვენ გიცავთ და ისიც, რომელიც გიტევთ, ერთსულოვანი არის ერთ რამეში _ ორივე ფრთა მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის დროს“ სასამართლო დამოუკიდებელი არ იყო და მთლიანად ადეიშვილის მიერ კონტროლდებოდა. ამას არა მარტო „ოცნება“, სხვა პოლიტიკური ძალებიც ხშირად მიუთითებენ.
_ ადეიშვილი იმ თანამდებობებზე იყო (მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრი), რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა სისხლისსამართლებრივ დევნას, იმ რეპრესიულ კანონმდებლობას. სისხლის სამართლის პოლიტიკის განმსაზღვრელი საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირებაც სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიერ ხდებოდა და ხალხის თვალში ეს ინიციატივები ადეიშვილის კანონებად აღიქმებოდა. იმ ინიციატივების სულის ჩამდგმელი, ძირითადად, მართლაც ადეიშვილი იყო, ადეიშვილი მართავდა პროკურატურას, სასამართლო კი ამ კანონებით ხელმძღვანელობდა და ამიტომაც აღიქმებოდა, რომ სასამართლოც იმ რეპრესიულ მანქანაზე იყო მიბმული, რომელსაც ადეიშვილი აკონტროლებდა.
_ ადეიშვილს თქვენთან არც ერთ საქმეზე არ დაურეკავს?
_ სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ: არათუ არ დაურეკავს, საერთოდ არ ვიცნობ ზურაბ ადეიშვილს. მითხარით, რა ფორმით, რანაირად დაგიმტკიცოთ ჩემი სიმართლე, რომ არც ადეიშვილს და არც ერთ სხვა მაღალი თანამდებობის პირს ჩემთან არ დაურეკავს?
_ არც მაშინ დაურეკავს არავის, როდესაც დაჩი ცაგურია დაიჭირეთ?
_ არც მაშინ და არც სხვა დროს.
_ თქვენი ოპონენტები ყველაზე ხშირად სწორედ იმას გიხსენებენ, რომ თქვენ პატიმრობა შეუფარდეთ დაჩი ცაგურიას. დაიჭერდით დღეს დაჩი ცაგურიას, იგივე საქმე რომ იყოს?
_ მტკიცებულებითი სტანდარტი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა იყო. შუა საუკუნეებში მტკიცებულებათა დედოფლად აღიარება მიიჩნეოდა, შემდეგ ეს სტანდარტი შეიცვალა. მაშინ რა ხდებოდა? ორი პატრულ-ინსპექტორის ჩვენება მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას ქმნიდა, რომელიც პასუხისგებაში მიცემული პირის ჩვენებას აქარწყლებდა, რომ იგი უდანაშაულოა. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელსაც შემდეგ ქვემდგომი ინსტანციები მსგავს საქმეებზე ვიყენებდით. უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, თუ პოლიციელს ანგარება არ ამოძრავებდა, არ დასტურდებოდა, რომ მიკერძოებულია და რაიმე პირადი ინტერესი ჰქონდა დაკავებულის მიმართ, პოლიციელის ჩვენება უნდა გაგეზიარებინა. უზენაესი სასამართლო უთითებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი სახელმწიფო მოსამსახურეა, კვალიფიციურია, სამართალდარღვევაზე რეაგირება მისი უშუალო ვალდებულებაა და მას საამისოდ პროფესიული უნარ-ჩვევებიც აქვს, კომპეტენციაც, სანდოობაც, რადგან იგი, პასუხისგებაში მიცემული პირისგან განსხვავებით, პასუხს აგებს მიცემულ ჩვენებაზე და ამდენად, ჩვენ, იმ სტანდარტიდან გამომდინარე, როცა სხვა მტკიცებულება არ იყო, უნდა გაგვეზიარებინა პოლიციელთა ჩვენება. დღეს პატრულ-ინსპექტორები ტექნიკით არიან აღჭურვილი, რომ ვიდეო ჩაიწერონ და დამატებითი მტკიცებულება არსებობს, მტკიცებულებითი სტანდარტი განვითარდა, მაგრამ მაშინ ეს არ იყო. მომიყვანეს დაჩი ცაგურია. თვითონ ცაგურია და მისი მეგობარი მიმტკიცებდნენ, რომ მამა აბრაამის ბატკნები იყვნენ და პოლიციელებმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს. პოლიციელები კი აცხადებდნენ, რომ მისდევდნენ და, მათი მოთხოვნის მიუხედავად, ცაგურია არ აჩერებდა მანქანას, არ ემორჩილებოდა მათ, რომ მათ გზა ჩაუხერგეს და იძულების წესით გააჩერებინეს, რომ მანქანიდან გადმოხტნენ ცაგურია და მისი მეგობარი და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ პოლიციელებს, არც მითითების შემდეგ წყვეტდნენ შეურაცხყოფას, არამართლზომიერ ქმედებას აგრძელებდნენ. მოკლედ, ერთ მხარეს იყო პოლიციელთა ეს ჩვენება, მეორე მხარეს კი _ პასუხისგებაში მიცემული ცაგურიას ჩვენება. პოლიციელები პასუხს აგებდნენ თავიანთ ჩვენებაზე, ეს პასუხს არ აგებდა. გეკითხებით, იმდროინდელი სტანდარტის პირობებში სხვა რა გადაწყვეტილება უნდა გამომეტანა? აშკარად იკვეთებოდა სამართალდარღვევის შემადგენლობა, სახეზე იყო დამამძიმებელი გარემოებებიც: ჯგუფურობა, განგრძობითობა. ისინი ჯგუფურად უწევდნენ წინააღმდეგობას პოლიციას და მოწოდების მიუხედავად, აგრძელებდნენ ამ წინააღმდეგობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩავთვალე, რომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ადეკვატური იყო. ამ გადაწყვეტილებაზე მედავებიან ახლა. ეს ყველაფერი არავის გაახსენდებოდა, მე რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არ ვყოფილიყავი ნომინირებული. ეს გადაწყვეტილება გამოვიტანე, როგორც პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ჩემი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს კიდეც, მაგრამ ზემდგომმა ინსტანციამ არსებითად არც განიხილა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი დაუშვა. მაგრამ იმ მოსამართლეს დღეს არავინ ახსენებს, იმიტომ რომ არ ყოფილა ნომინირებული უზენაეს სასამართლოში.
_ ანუ იმ მოსამართლეს, როცა სადმე დასანიშნად წარადგენენ, მაშინ გაუხსენებენ?
_ აუცილებლად. მე იმასაც მედავებიან, თითქოს არ გავითვალისწინე, რომ ცაგურია ნაცემი და ნაწამები იყო. ახლა საერთოდ ეშხში შევიდა და ერთ-ერთი ტელეგამოსვლის დროს გამოაცხადა, 50-მდე პოლიციელმა დამაკავა, წიხლით შემდგა… შემდეგ მათ პოლიციაში წამათრიეს, ბეტონზე დამაგდეს და ჩემი ცემა გააგრძელესო და თურმე ამის მერე მოუყვანიათ ჩემთან სასამართლოში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჩემთან არასოდეს არავის არ მოუყვანია 50 კაცის ნაცემი და ნაწამები არათუ ცაგურია, საერთოდ ვინმე. აბსოლუტურად არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ის ვინმეს ნაცემი ჰყავდა. დღეს კი ამბობს, ფეხზე ვერ ვიდექი და ვერ ვლაპარაკობდიო. მაგრამ მინდა გითხრათ, აქტიურად მონაწილეობდა პროცესში, თავის ადვოკატ კახა კოჟორიძესთან ერთად შუამდგომლობებს აყენებდა, პოზიციასაც გადასარევად აყალიბებდა. თავად ბრძანა, ფიზიკური დაზიანებები მომაყენესო და როცა ეს თქვა, მაშინვე განვუმარტე, რომ ჩვენ იმჟამად ამას არ ვიხილავდით, არამედ ვიხილავდით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და თუ პოლიციამ ძალას გადაამეტა, ეს ცალკე დავის საგანი იყო, პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო, საქმე აღძრულიყო პოლიციელის წინააღმდეგ და დაისჯებოდა კიდეც ის პოლიციელი, თუ დანაშაული გამოიკვეთებოდა. ეს გასაგებად განვუმარტე. რატომღაც, იმ „მწამებელი“ პოლიციელებისთვის არავის უჩივლია. ახლა გაახსენდათ ჩემს „გასაშავებლად“, რომ ყურადღება არ მიაქცია, უგულებელყო ჩემი ნაწამები მდგომარეობაო და ა. შ.
_ მაინც, რატომ გახდით ასე უცებ მიუღებელი ბესელიასთვის? ვისი გაყვანა უნდოდა თქვენ ნაცვლად?
_ არ ვიცი… მართლა არ ვიცი, უბრალოდ, იმ კომენტარებიდან რაც გაკეთდა, ეს დასკვნა გამოვიტანე, რომ გარკვეულ ძალებს წინასწარი კონსულტაციები და ვიღაცების ლობირება სურდათ, რისი შესაძლებლობაც სასამართლო ხელისუფლების დღევანდელმა მენეჯმენტმა არ მისცა.
_ კი მაგრამ, ბესელიას ინტერესებმა რატომ გამოიწვია ეს ორკესტრირებული შეტევა ყველა მხრიდან? რატომ დაემთხვა მისი, არასამთავრობო სექტორის, იგივე ადვოკატთა ასოციაციის პოზიციები? ყველა ესენი ერთად მოქმედებენ თუ ყველა ცალ-ცალკე ფლანგებიდან გიტევთ?
_ არ მგონია, რომ ცალ-ცალკე ფლანგებიდან გვიტევდნენ, ეს კარგად დაგეგმილ შეტევას ჰგავს, რომელიც იმდენად მძლავრი იყო, ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, ისეთი ლანძღვის ნიაღვარი წამოვიდა, რომ სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე, ნომინირებულმა კანდიდატებმა პარლამენტს ერთობლივი განცხადებით მივმართეთ, რომ ჩვენი კანდიდატურები აღარ განეხილა.
_ ამ ორკესტრის დირიჟორი ვინაა? ის, ვისაც უყვარს დირიჟორის მოკითხვა იმ ორკესტრში, რომელშიც უკრავს? ბესელია?
_ ამ აჟიოტაჟმა უკვე ისედაც დააზარალა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დროულად გამწესების პროცესი და არ მინდა, კიდევ უარესად დაზარალდეს, ამიტომ თავს შევიკავებ, არ შევალ სიღრმეებში, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ორკესტრირებულ შეტევას ჰგავს. მე არ ვიცი, დირიჟორი ვინ არის, ცალკეულ სუბიექტს რა კონკრეტული ინტერესი ამოძრავებს, რით არის ეს გამოწვეული. ფაქტია, რომ ყველასთვის ახლა გავხდით მიუღებლები _ ბესელიასთვისაც, არასამთავრობოებისთვისაც, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელისთვისაც! ყველა ესენი იმ ჯგუფში წელიწადზე მეტი მუშაობდნენ ჩვენთან ერთად. მე თუ ვინმეს ჯალათად და ამორალურ პირად მივიჩნევ, არც დავჯდები მასთან სამუშაოდ. ისინი ჩვენთან ერთად ისხდნენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში პროტესტიც არ დაუფიქსირებიათ. იქ, ჩვენთან, მშვიდად და კომფორტულად თანამშრომლობდნენ და როგორც კი უზენაეს სასამართლოში დაგვასახელეს, უცებ გავხდით ჯალათები. თურმე, თუ ჩვენ ვიქნებით უზენაეს სასამართლოში, ჩვენი შვილების, საერთოდ, საქართველოს მომავალი დასამარდება. ეს ისტერიკა გაცდენილია სამართლებრივი დისკუსიის ფარგლებს და რაღაც სხვა ინტერესებს ემსახურება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთოდ სახელმწიფოს დიდი და ლეგიტიმური ინტერესია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების პროცესი დროულად დასრულდეს, რადგან დღესდღეობით უზენაეს სასამართლოში მართლაც კატასტროფული ვითარებაა, 28 მოსამართლის ნაცვლად 10 მოსამართლეა და თითოეულს 300-ზე მეტი საქმე აქვს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცესი როგორმე ბოლომდე მივიყვანოთ ისე, რომ სამართლებრივი დისკუსიის ფარგლებს არ გავცდეთ და ყოველგვარი პოლიტიკური ელემენტისგან განთავისუფლდეს. ჩვენ, მოსამართლეებს, ხელისუფლებასთან პრეტენზია გვაქვს.
_ რა პრეტენზია?
_ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაენიშნა. ჩვენდა სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და სანახევროდ შეასრულა, საბჭოს მხოლოდ ნომინირების უფლებამოსილება გადმოგვცა და არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს დაუტოვა. ანუ რაღაც პოლიტიკური შემადგენელი დარჩა და სწორედ ამას იყენებს გარკვეული ძალები, როცა დაინახეს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებლად მოქმედებს და არავის უთანხმებს არაფერს, უკვე ამ სანახევროდ მოცემულ უფლებამოსილებასაც გვედავებიან. არადა, აქამდე, რასაც ახლა იუსტიციის საბჭო წყვეტს, პრეზიდენტი ერთპიროვნულად წყვეტდა. აი, ასე, გაიღვიძებდა და საზოგადოებას საუზმეზე წარუდგენდა ხან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ხან უზენაესი სასამართლოს წევრებს, ხან თავმჯდომარეს.
_ როგორც წესი, თავის „პადრუგებს“.
_ დიახ, სწორედ ასე, საუზმეზე დანიშნა ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრად. ერთი არაიურისტი, არაპროფესიონალი კაცი ამგვარ წარდგენებს ახორციელებდა და მაშინ ეს ხალხი ამას რატომ არ აკრიტიკებდა? ახლა პრეზიდენტის ნაცვლად კანდიდატებს პროფესიული, კოლეგიური ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს, დაკომპლექტებული მოქმედი მოსამართლეებით, სხვა კომპეტენტური პრაქტიკოსი თუ თეორეტიკოსი იურისტებით. ამათი შერჩეული კანდიდატურები არიან ცუდი და ის, რომ იღვიძებდა და ბრიფინგზე ვიღაცას ასახელებდა, არც განხილვას და არც გასაჩივრებას რომ არ ექვემდებარებოდა, ის კარგი იყო? ამაზე რატომ არ იღებდა ხმას არასამთავრობო სექტორი? ალბათ, მარგველაშვილი მათ უთანხმებდა მათთვის მისაღებ კანდიდატურებს, მათ ნაცნობ-მეგობრებს წარადგენდა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მისი წარდგენები არ ხდებოდა მსგავსი განხილვებისა და აჟიოტაჟის საგანი და ჩვენი წარდგენა გახდა.
_ თქვენ მიმართ, ერთი მხრივ, ბრალდებები ისმის, რომ თქვენ ხართ მონები, იყავით სააკაშვილის მონები და ახლა ხართ ბიძინას მონები, მეორე მხრივ, საუბრობენ რაღაც ძლევამოსილ კლანზე.
_ რომელიც კუნთებს ათამაშებს პარლამენტის წინაშე.
_ ბოლოს და ბოლოს, ვინ ხართ, _ მონები თუ მონსტრები?
_ მოსამართლეები ვართ. დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლები.
_ ეგ კანონითაა ასე.
_ რეალურადაც ასეა.
_ მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ ქვეყანაში, სადაც ამდენი პოლიტიკური პატიმარია?! ბაჩო ახალაია, რომა შამათავა, ვანო მერაბიშვილი, აგერ კირკიტაძე! და ეს ხდება მაშინ, როდესაც პატიმრობიდან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჯაჭვით სცემა ჩემპიონს და პატიმრობაში რჩება კირკიტაძე მხოლოდ იმიტომ, რომ ავტობუსს ატკინა _ შეახტა. საზოგადოებას რა ზიანი მიაყენა ამ შეხტომით? და ახლა წინასწარ პატიმრობაში რომ არ იყოს, ყველა გამვლელ-გამომვლელ ავტობუსს შეახტება, თუ იმ ავტობუსზე, როგორც მოწმეზე, გავლენას იქონიებს და ის ავტობუსი „იტყვის“, არ შემახტაო? გინდათ მითხრათ, რომ იმ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო?
_ ჩემი კოლეგების მიერ განხილული საქმეების მასალებს ასე დეტალურად არც ვიცნობ და რომც ვიცნობდე, მაინც ვერ ვისაუბრებ, _ არც ეთიკური იქნება და კანონიც მიკრძალავს, რომ ჩემი კოლეგების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ვაკრიტიკო. „იპსოსის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 51% მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს. კვლევის ავტორები ცალსახად მიუთითებენ, რომ ეს მონაცემი ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული მსგავსი კვლევების მონაცემებთან მიახლოებულია.
_ როდესაც ლაპარაკია კლანურობაზე, უთითებენ იმასაც, რომ მოსამართლეთა ეს ჯგუფი დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, კერძოდ ვანო ზარდიაშვილთან და რომ სწორედ ამ ფრთასთან იყო შეთანხმებული ის სიაც და მათ ინტერესში იყო უზენაეს სასამართლოში თქვენი გამწესება.
_ ვანო ზარდიაშვილს მსგავსი ბერკეტი არც მაშინ ჰქონია და მით უმეტეს, არც ახლა აქვს. მისი სტატუსიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, მაშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, დღეს კი მოადგილეც აღარაა.
_ გასაგებია, არგუმენტად მის თანამდებობას იშველიებთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ გიგა ბოკერია სწორედ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, როდესაც მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს აკონტროლებდა.
_ აკონტროლებდა? მაგ თანამდებობის პირობებშიც აკონტროლებდა? არ ვიცი… ასე ღრმად არ ვიყავი ჩახედული, ზოგადად კი ამბობდნენ, იდეოლოგიაო, ასეთი ხმები დადიოდა, მაგრამ ეგეთი ხმები დღესაც ბევრი დადის, რომ მე, მაგალითად, კლანის წევრი ვარ და მაფიოზი. ჩვენ მიმართ, ვინც ნომინირებულნი ვიყავით უზენაეს სასამართლოში, ვერც ერთი საქმე ვერ წამოწიეს ისეთი, რომ რომელიმე ჩვენგანს მართლმსაჯულება გაემრუდებინოს, ზიანი მიეყენებინოს სახელმწიფოს ან მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. მხოლოდ ცაგურიას 10-დღიან პატიმრობას მაძახებენ და იმას, რომ კლანი ხართო. მასე ნებისმიერ გუნდს შეგიძლია ეძახო კლანი. როცა ვერაფერს მოუძებნი და რომ გინდა, რომ მისი ადგილი დაიკავო, ეს გუნდი ჩაანაცვლო, კლანი უნდა ეძახო. ყველას ვიღაცასთან ერთად აქვს ნამუშევარი, ესენი აკინძეს და ამით მანიპულირებენ. თან ფაქტებს ამახინჯებენ. მე 2008 წელს დავიწყე და, სადღაც, 10 თვე თანაშემწედ ვმუშაობდი უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არა იმ პალატაში, რომელსაც ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა. ჩინჩალაძე ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე იყო, მე სისხლის სამართლის პალატაში ვმუშაობდი. მხოლოდ იმის გამო მაკავშირებენ და მაცხადებენ მისი კლანის წევრად, რომ იგივე წლებში უზენაეს სასამართლოში ვმუშაობდი, თან სხვა პალატაში. როდესაც გაჰკივიხარ კლანს, ან ნათესაური კავშირი უნდა იყოს, ან მართლა რაღაც ისეთი ახლომეგობრული კავშირი, ქრონიზმი, ან პროტექციონიზმი, რომელიც საჯარო ინტერესს აზარალებს. არც ერთი, არც მეორე ჩვენს შემთხვევაში არ არსებობს. როდესაც პირადი კი არა, სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე, პროფესიული კვალიფიკაციის ნიშნით გამოარჩევ ადამიანს და შენი რეკომენდაციით ხელს შეუწყობ მის დაწინაურებას, ეგაა კლანი? დიახ, იმ წლებში ჩინჩალაძე პალატის თავმჯდომარე იყო, იუსტიციის საბჭოს წევრიც იყო. როცა ადამიანი ფიქრობს სისტემაზე, რომ კვალიფიციური კადრებით შეავსოს იგი და დაინახავს, რომ სასამართლოში რომელიღაც თანაშემწე კარგად მუშაობს, რეკომენდაციას უწევს. რა არის აქ კანონსაწინააღმდეგო? მეც გამიწევია რეკომენდაცია და გავუწევ კიდევაც, როცა კი სადმე დავინახავ ნიჭიერ და კვალიფიციურ ადამიანს, ისევ და ისევ, სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე.
_ 3 თებერვალს ადვოკატთა ასოციაციამ სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მწვავედ გამოეხმაურეთ, განაცხადეთ, რომ უკანონოა, დაუსაბუთებელი, არაკომპეტენტურობისა და პროვოკაციის ნაზავი. რატომ მიიჩნევთ ასე?
_ ადვოკატთა ასოციაციაში 5 ათასამდე ადვოკატია გაერთიანებული, იმ კრებას 300-მდე კაცი ესწრებოდა და მთელი ადვოკატების სახელით რეზოლუცია გამოაცხვეს. გარდა ამისა, კანონის თანახმად, ადვოკატთა ასოციაციის კრება უფლებამოსილია, თუკი მას 800 ადვოკატი ესწრება. თუ კრებას მოიწვევენ და 800 ადვოკატი მაინც არ გამოცხადდება, მაშინ 2 კვირის ვადაში უნდა მოიწვიონ განმეორებითი კრება. განმეორებით კრებაზე უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მოვა. ის განმეორებითი კრება უკვე უფლებამოსილი იქნება, საკითხები განიხილოს. ანუ ჯერ უნდა ჩატარდეს კრება და როცა ნახავენ, რომ 800 კაცი არ გამოცხადდა, მერე უნდა დანიშნონ განმეორებითი კრება. ამათ იცით, რა ქნეს? 19 იანვარს დღის წესრიგი გამოაქვეყნეს და თქვეს, რომ 3 თებერვალს კრება ჩატარდება და იქვე მიაგრძელეს, თუ 800 კაცი არ მოვიდა, იმავე დღეს, ერთ საათში, მოწვეულ იქნეს განმეორებითი კრებაო. წინასწარ დანიშნეს განმეორებითი კრებაც, რომელმაც ეს პროვოკაციული რეზოლუცია მიიღო. ამ რეზოლუციაში მორატორიუმის მოთხოვნას აყენებენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე. მორატორიუმის ინიციატორი კარგად იცით, პარლამენტში ვინც არის, ხოდა, სანამ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდებოდა, ასოციაციის რეზოლუციაში გაჩნდა ეს მოთხოვნა. ყველაფერი კარგად მიუთითებს, ვისგან ორკესტრირებულიცაა ეს პროცესი. ,,რეზოლუციის“ ავტორი მოქმედ მოსამართლეებს პირდაპირ გვაბრალებს დანაშაულებს, თურმე, 2012 წლამდე ჩვენ პოლიტიკური ნიშნით ვაპატიმრებდით ხალხს, პროფესიული საქმიანობის გამო მასშტაბურად ვდევნიდით ადვოკატებს და სხვ.; თურმე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგვიმკვიდრებია ,,დაუსაბუთებელი, არამართებული, ტენდენციური გადაწყვეტილებების მიღების“ წესი, ჩამოგვიყალიბებია ,,სასამართლო სისტემაში მმართველობის მანკიერი ფორმა“ და სხვა.ასოციაციის თავმჯდომარეს საკადრისი პასუხი გავეცი ახლა დადის და ყველასთან: დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ელჩებთან. ყველას, ვისაც კი ხვდება, იმაზე საუბრობს, რომ სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები თავს ესხმიან ადვოკატთა ასოციაციას. თურმე, მე ვესხმი თავს, რაკი მათ პროვოკაციულ რეზოლუციას პასუხი გავეცი. პოლიტიკური შეფასებები კიდევ ასატანია პოლიტიკური ძალისგან, მაგრამ ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია იმ პროფესიული ჯგუფისგან, რომელიც სასამართლოში მხარედ გამოდის!
_ „ფეისბუკით“ 2010 წელს მომზადებული დოკუმენტური ფილმი გაავრცელეთ, სადაც ადვოკატთა ასოციაციის დღევანდელი თავმჯდომარე, დავით ასათიანი, სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რომ ხალხი ენდობა სასამართლოს, რადგან ის ეფექტიანად ფუნქციონირებს, ადამიანის უფლებებს იცავს და ა. შ.
_ დიახ, ჩვენ კი, მისგან და მისნაირებისგან განსხვავებით, პოზიციებს არ ვიცვლით და ვამბობთ, რომ იმ დროსაც კანონის მოთხოვნებს ვასრულებდით და ახლაც იგივეს ვაკეთებთ. დავით ასათიანს პრეტენზია აქვს, რომ თურმე სასამართლო სისტემა დახურული სისტემაა და ადვოკატებს შესაძლებლობა არ აქვთ, სასამართლო სისტემაში შემოვიდნენ _ მოსამართლეები გახდნენ.
_ რიგით ადვოკატს რომ მოსამართლეობა უნდოდეს, გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე, მოსამართლეობა უნდა, ვერ შესწვდა და იძულების წესით ადვოკატობს, მაგრამ რას ნიშნავს, როცა ამხელა პროფესიული გილდიის ლიდერი აცხადებს ამას? თუ მოსამართლეობა უნდოდა, რაღას ხდებოდა ავდოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე?
_ დიახ, ეგეც მიუთითებს მის სხვა ინტერესებზე.
_ იმის თქმა გსურთ, რომ მას თვითონ უნდა უზენაეს სასამართლოში მოხვედრა და ამიტომ უჭერს მხარს მორატორიუმს?
_ ასე ვფიქრობ! დღეს არსებული რეგულაციების პირობებში, უზენაესი სასამართლო ტკბილი ლუკმაა დავით ასათიანისნაირი და ანა დოლიძისნაირი პირებისთვის. ეს რეგულაცია აუცილებლად შესაცვლელია. ანა დოლიძე წარდგენილიც ჰყავდა უაზენაეს სასამართლოში მარგველაშვილს, უბრალოდ, პარლამენტმა არ აირჩია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაც ნებავდა, უბრალოდ, ფეხი არ ჩაუვიდა. რეგულაციაა შესაცვლელი, თორემ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს არც ერთ კონკრეტულ სამართლის დარგში სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნიათ, არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ხარაგაულის მაგისტრანტ მოსამართლედაც რომ ვერ გაუშვებ!
_ რატომ ვერ გაუშვებ?
_ ხარაგაულის მაგისტრანტ მოსამართლედ რომ ადამიანი დაინიშნოს, 30 წლის უნდა იყოს, 5-წლიანი მუშაობის სტაჟი უნდა ჰქონდეს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული, იუსტიციის სკოლის 10-თვიანი კურსი უნდა ჰქონდეს გავლილი, თუ სასამართლოს თანამშრომელია, მაშინ _ 6-თვიანი; გაიაროს იუსტიციის საბჭოს გამოცხადებული კონკურსი, გასაუბრება, შეფასდეს და ამდენი წვალების მერე გამწესდეს ხარაგაულის მაგისტრანტ მოსამართლედ. აპელაციაში რომ დაწინაურდეს, 5 წელი მაინც უნდა იმუშაოს იმ ხარაგაულის მაგისტრანტ მოსამართლედ! ლოგიკურად, ეს უნდა გრძელდებოდეს და აპელაციის შემდეგ, კარიერული დაწინაურების პრინციპით უნდა დაწინაურდეს უზენაეს სასამართლოში. მაგრამ უზენაეს სასამართლოში დასანიშნ პირს არაფერი მსგავსი არ მოეთხოვება! არც საკვალიფიკაციო გამოცდები, არც იუსტიციის სკოლა, არც ინსტანციების გამოვლა! აქ მოხვედრა იოლია და ამიტომაც ეტანებიან დავით ასათიანები და ანა დოლიძეები. ამას ვგულისხმობდი ტკბილ ლუკმაში. ეს მიდგომა აუცილებლად შესაცვლელია! ელემენტარულად, უსამართლობაა, ხარაგაულის მაგისტრანტ მოსამართლეს იმდენი მოეთხოვებოდეს და უზენაესი სასამართლოს წევრს _ არაფერი მსგავსი. ეს სისტემა შესაცვლელია.
_ ქვემოთ არის შესამსუბუქებელი თუ ზემოთ _ გასამკაცრებელი?
_ გასამკაცრებელია ზემოთ. ქვემოთ რაც არის სტანდარტი, კარგია, იმიტომ რომ მოსამართლემ ზუსტადაც უნდა იწვალო, რომ მოსამართლე გახდე, ასე ადვილი არ უნდა იყოს ასათიანისნაირებისთვის, რომ პირდაპირ თავზე მოასხდნენ სისტემას. კრიტერიუმები მკაცრი უნდა იყოს. როდესაც კანდიდატთა სიას ვაკომპლექტებდით, სწორედ კარიერული დაწინაურების ეს პრინციპი გვქონდა აღებული. მთელ მსოფლიოში მიღებული პრინციპია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოდან ავიდეს და უზენაეს სასამართლოში დაწინაურდეს და არა ნახტომით, პირდაპირ ქუჩიდან უზენაეს სასამართლოში. ამ კარიერული კიბის გვერდის ავლით, მხოლოდ აღიარებული მეცნიერები შეიძლება დაინიშნონ გამონაკლისი წესით, მაგალითად, სერგო ჯორბენაძის რანგის იურისტები და არა ანა დოლიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის რანგის.
_ სწორედ მარგველაშვილის ასე, საუზმეზე დანიშნულ ნინო გვენეტაძეზე მინდა გკითხოთ, რომელმაც, თავის დროზე, საზოგადოება ღირსადაც არ ჩააგდო, წესიერად აეხსნა გადადგომის მიზეზი. საერთოდ, რა იყო მისი აქტივი, როცა ის უზენაესის თავმჯდომარედ დაწინაურდა? მხოლოდ ის, რომ, თავის დროზე, სააკაშვილმა წიხლით გააგდო სისტემიდან?
_ ვერ გეტყვით… გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე იყო და მას ნამდვილად ჰქონდა შესაბამისი კვალიფიკაცია, მაგრამ ვერ გეტყვით, რა იყო მისი ამ თანამდებობაზე გამწესების საფუძველი. რა იყო მისი იქ გამწესების პოლიტიკური მიზანი. სამწუხაროდ, გვენეტაძემ მოსამართლეებს შორის ვერ მოიპოვა ვერც ავტორიტეტი, ვერც მხარდაჭერა, რაც უნდა ჰქონოდა პირველ პირს. მისი პოზიციები ძალიან ხშირად თანხვედრაში იყო არასამთავრობო სექტორის იმ პოზიციებთან, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია და ეს გახლდათ ჩვენი უთანხმოების მიზეზიც. შემიძლია ვთქვა, რომ იგი მნიშვნელოვანწილად გამოხატავდა არასამთავრობო სექტორის ინტერესებს სასამართლო ხელისუფლებაში, ერთი გარკვეული პოლიტიკური პარტიის, კერძოდ, რესპუბლიკური პარტიის ინტერესსაც. შეგახსენებთ, რა მდგომარეობა იყო 2015 წელს: პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი იყო თინა ხიდაშელი, პრეზიდენტი _ მარგველაშვილი… დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი საიდან მოდიან, გვახსოვს, ისიც, _ ნინო გვენეტაძე საიდან მოდის. გარკვეულ წლებში გვენეტაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო.
_ ახლა თქვენ ზუსტად იგივე პრინციპით საუბრობთ მათზე, რა პრინციპითაც არასამთავრობოები გაცხადებენ კლანად: „ეს იქ მუშაობდა, ესეც აქ მუშაობდა“. მაგ პრინციპით, მე სად, რომელ გაზეთშიც კი მიმუშავია, იმ გაზეთების რედაქტორების კლანის წევრი ვიყავი ან ვარ?
_ ჩვენ არ შემოგვიტანია ეს სტანდარტი, არასამთავრობოებმა შემოიტანეს და დაამკვიდრეს ურთიერთობებში. არ ვამბობ მაგას, ისინი ამბობენ.
_ შაბათის კურიერში მოსამართლეების სასახლეები ვნახეთ. საუბარი იყო თქვენს ქონებაზეც. ითქვა, რომ დეკლარაციით მხოლოდ 45 კვ.მ. ბინას ფლობთ გლდანში, აჩვენეს ორსართულიანი სახლიც ზემო ბულაჩაურში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თქვენ არ გამორიცხავთ, რომ უჩივლოთ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“, რატომ?
_ იმიტომ, რომ ეს იყო ცილისწამების ახალი ნიაღვარი მოსამართლეების მიმართ. იმ საზოგადოებაში, სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უჭირს, სოციალურად დაუცველია, აღიზიანებენ მათ ამ ქონების ჩვენებით. იმას არავინ არკვევს, რომ მოსამართლე მაღალანაზღაურებადია, დიდი შემოსავალი აქვს და შეუძლია, ბანკიდან კრედიტი გამოიტანოს და მანამდე არსებულ ქონებას შემატოს, შეიძინოს, გაარემონტოს, ააშენოს. სახლი, რომელიც მათ აჩვენებს, პაპაჩემის, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერაა აშენებული. ორსართულიანია, კი, ნამდვილად დიდი სახლია, პაპაჩემს 3 შვილი ჰყავდა და ფიქრობდა, რომ ყველა იქ იცხოვრებდა. 300 კვადრატული მეტრი ფართისაა. მიწის ნაკვეთი 3600 კვადრატული მეტრია. შარშან გადავწყვიტეთ მისი გარემონტება, სახურავიც შესაცვლელი იყო. მამა უმუშევარია, კრედიტს არავინ მისცემდა. სახლი მე მაჩუქა, 28 500 ლარი კრედიტი ავიღე, ნაწილით წინა კრედიტი გადავფარე, დარჩენილი 21 ათასი ლარით სახურავი გამოვცვალეთ, შიდარეკონსტრუქცია გავაკეთეთ, ოთახები გადავტიხრეთ, შევლესეთ, გავარემონტეთ. სამწლიანი კრედიტი ავიღე, კიდევ ორ წელიწადზე მეტი უნდა ვიხადო. ყოველთვიურად ხელფასიდან 970 ლარი მეჭრება. ჩემი მშობლები ჩიტაიას ქუჩაზე, ოროთახიან, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობენ, იტალიურ ეზოში. მე და ჩემი ოჯახი ქუთაისში ვცხოვრობთ, რადგან იქ ვარ მოსამართლედ გამწესებული. როდესაც თბილისში ჩამოვდივართ, ხან ჩემს მშობლებთან ვჩერდებით ოჯახით, ხან _ ჩემი მეუღლის მშობლების სახლში. იმ გლდანის ბინაში კი, რომელიც ჩემს საკუთრებად გამოაცხადეს, ჩემი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს, ჩემს შვილებთან ერთად, სწორედ ჩემი ვაჟის და არა ჩემს სახელზეა ის ბინა რეგისტრირებული. ჩემს სახელზეა 2001 წლის „ტოიოტა ვიცი“, რომელიც ჩემს ყოფილ მეუღლეს დავუტოვე და ჯერაც ვერ მოვახერხე, მისთვის გადამეფორმებინა. სულ ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილის ქონება.
რეზო შატაკიშვილი