„მითები საბერძნეთში ეკლესიის დაშლაზე გადაჭარბებულია“
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა საგანგებო სხდომაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. საბერძნეთის ეკლესია არის პირველი, რომელმაც, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის ბოძების შემდეგ, ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.
ამ აქტით საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა აღიარა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური ძალაუფლება.
უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში განხეთქილება მოყვა _ მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით _ შეინარჩუნებს თუ არა მასთან ევქარისტიულ კავშირს. თუმცა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა მოსკოვის საპატრიარქოს ერთგვარი მხილების აქციადაც იქცა.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა საკითხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გასული წლის დეკემბერში გამართულ წმიდა სინოდის სხდომაზე ტომოსის „წაკითხვის“ გადაწყვეტილება მიიღეს, რაც გულისხმობდა კონსტანტინოპოლის მიერ გაცემული ტომოსის შესწავლას კანონიკური სამართლის პრიზმაში. თუმცა მას შემდეგ სინოდის სხდომა არ გამართულა და საზოგადოებისთვის და ეკლესიის მსახურებისთვისაც კი უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამომავლოდ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ, განაცხადა, რომ სინოდის სხდომაზე საქართველოს პატრიარქს უბრძანებია, _ ისეთი გადაწყვეტილებაა მისაღები, რომელიც არც მოსკოვს აწყენინებს და არც _ კონსტანტინოპოლსო… რაზეც მეუფეს მიუგია: „თქვენო უწმინდესობავ, მთავარია, ღმერთს არ ვაწყენინოთ“. მეუფე პეტრე და რამდენიმე ეპისკოპოსი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას და ამ აქტის განხორციელების პროცესში თვალთმაქცური დამოკიდებულების წინააღმდეგნი არიან. „თუ ქუჩაში ნახავთ ადამიანს, რომელსაც დახმარება და თანადგომა სჭირდება, დაელოდებით, სხვა როდის დაეხმარება და შემდეგ გაიღებთ მოწყალებას? ჩვენ უძველესი ქრისტიანული ეკლესია ვართ და უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ამას ქრისტიანული სწავლება და პრინციპები მოითხოვს“, _ აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. იგი აბსურდულად მიიჩნევს რუსეთის შიშით თავის შეკავებას და კომპრომისულ ვარიანტად მოითხოვს მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი ავტონომიური ოლქის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმებას. სხვა შემთხვევაში საკითხს სავაჭრო თემად არ განიხილავს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას პირველივე სინოდის სხდომაზე მიიჩნევს შესაძლებლად.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა მეუფე მელქისედეკი, რომელმაც აღნიშნა: „ელადის (საბერძნეთი) წმიდა სინოდმა აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ΑΞΙΟΣ. იმედია, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდიც ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას“.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი, „ტაბულასთან“ საუბარში საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისკენ მოუწოდებს.
„მსოფლიო საპატრიარქოს შემდეგ დღეს უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია აღიარა საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც. დღემდე შეიძლებოდა თქმულიყო მრავალი ობიექტური თუ არაობიექტური მიზეზი, თუ რატომ უნდა აერჩია დუმილი საქართველოს ეკლესიას ამ საკითხის მიმართ, მაგრამ დღეს, როდესაც კონსტანტინოპოლის გარდა უკვე სხვა ეკლესიამაც ცნო უკრაინის ავტოკეფალია, ცხადია, საკითხი იმ ეკლესიაზეც მიდგა, რომელსაც ეს პრობლემები საკუთარ თავზე აქვს მწარედ გამოცდილი. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს აუცილებლად ჰმართებს ხმის ამოღება“, _ აცხადებს მამა ლეონი.
ნიშანდობლივია, რომ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ, საბერძნეთის ეკლესიას აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ათენში ჩასვლას აპირებს.
„მადლობას ვუხდი ჩემს ქრისტესმიერ ძმას, საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარეს, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმეს და ძმა-მღვდელმთავრებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს და შეუერთდნენ მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკურ და ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც კარი გაუხსნა ორ ავტოკეფალიურ ეკლესიას შორის ურთიერთობათა გაღრმავებას. საბერძნეთსა და უკრაინას, ჩვენს ორ ერს აკავშირებს ისტორიის მრავალი ფურცელი ძმობისა და თანამშრომლობისა. სრული ევქარისტიული კავშირის დამყარება ჩვენს ორ ადგილობრივ ეკლესიას შორის იქნება კიდეც ერთი ისტორიული ფურცელი, რომელიც საუკუნოდ დარჩება ჩვენს ისტორიასა და გულებში! მწამს, რომ უახლოეს მომავალში ბედნიერება მექნება, ვეწვიო ათენს და პირადად გადავცე ჩემი სიყვარული და პატივისცემა უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმეს, ძმა მღვდელმთავრებსა და საბერძნეთის ეკლესიის სისავსეს“, _ განაცხადა ეპიფანე კიეველმა.
მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა ზეწოლას ახორციელებს მოსკოვის საპატრიარქო სხვა ავტოკეფალიურ ეკლესიებზე, რათა მათ არ აღიარონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ამის შესახებ ღიად ითქვა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე.
აქვე გთავაზობთ საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე მისი ცალკეული წევრების გამოთქმულ მოსაზრებებს, სადაც სინოდის 35-მა წევრმა ისაუბრა რუსეთის ეკლესიის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ სინოდი და მისი წევრები არ აპირებენ დაემორჩილონ რუსეთის ეკლესიის იერარქების მუქარებს (ამონარიდი კრების აქტებიდან თარგმნა ნიკოლოზ გურგენიძემ).
ლანგადის მიტროპოლიტი: „მუქარები, რომ რუსები ამას და იმას მოიმოქმედებენ, ამტკიცებს, რომ სტალინის მიერ დაწყებული „პანსლავიზმი“ დღესაც კი გრძელდება“.
პერისტერის მიტროპოლიტმა ვრცელი დრო დაუთმო რუსეთის ეკლესიის მზაკვრულ გეგმებზე საუბარს.
პატრას მიტროპოლიტმა, რომელიც წმიდა სინოდის მუდმივმოქმედი წევრიც იყო, ისაუბრა შანტაჟზე მოსკოვის მხრიდან. მან წმიდა სინოდის წევრებს გააცნო რუს მღვდელმთავართან შეხვედრის დეტალები, რომელიც გმობდა მსოფლიო პატრიარქის ინიციატივებს და „იღუმენიზმს“, ანუ წინამძღვრობას. პატრას მიტროპოლიტმა განაცხადა: „ჩვენ დღეს გვაქვს შანსი, სხვა პატრიარქების ხელები გავათავისუფლოთ“ (იგულისხმება, _ ხელები გავუხსნათ მოქმედებისკენ, _ ავტ.), რის შემდეგაც მთავარეპისკოპოსს მიმართა: „თქვენო უნეტარესობავ, თუ თქვენ მაშინვე მოიხსენიებდით ეპიფანეს, ჩვენ აქამდე არ მოვიდოდით“.
კორინთოს მიტროპოლიტმა ვრცლად ისაუბრა მისი ვიზიტის შესახებ იერუსალიმში, სადაც მან იხილა, თუ რამხელა ზეწოლას ახდენდნენ რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრები იერუსალიმის საპატრიარქოზე.
მიტროპოლიტი დიონისე: „ვინ არის, ბოლოს და ბოლოს, მოსკოველი? (მოსკოვის პატრიარქი კირილე, _ ავტ.) მსოფლიო პატრიარქია?.. შეუძლებელია, მოსკოვი საუბრობდეს ვინმეს კანონიკურობაზე, როცა თვითონ აბსოლუტურად ყველა კანონს არღვევს. მოსყიდვებზე საუბრობენ ისინი, რომლებიც ეკლესიებს რუსული ფულით აშენებენ“.
მარონიის მიტროპოლიტი: „არაფრის უნდა გვეშინოდეს. ჩვენ ვართ საკმაოდ ძლიერი იერარქია და არაფრის და არავის უნდა გვეშინოდეს“.
მესინიის მიტროპოლიტი: „წმიდა იერარქიას არ უნდა ჰქონდეს დაყენებული ეჭვქვეშ მსოფლიო საპატრიარქოს უფლება, გადასცეს ავტოკეფალია. მაგრამ ასევე რაც უფრო მეტად შეყოვნდება საბერძნეთის ეკლესიის მიერ ეპიფანეს აღიარება, მით არ დალაგდება უკრაინის შიდა სიტუაცია“.
იოანინას მიტროპოლიტი: „არ არსებობს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის (ილარიონ ალფეევი, _ ავტ.) შანტაჟმა შეგვაშინოს და დაგვაჩოქოს“.
იერისოს მიტროპოლიტი: „არ შეგვიძლია ავიტანოთ, რუსები მსოფლიო საპატრიარქოს იხსენიებდნენ, როგორც ერთ უბრალო საპატრიარქოს და არა როგორც მსოფლიოს… ცოტა უნდა დავსერიოზულდეთ“.
ღუმენისის მიტროპოლიტმა მოსკოვის მხრიდან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა მსოფლიო საპატრიარქოსთან შეაფასა, როგორც „მიუტევებელი კრიმინალი და დანაშაული“.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ „ქრონიკა+“ მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვარს, დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ესაუბრა:
_ საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. პირველ რიგში, თავად ეს ფაქტი შევაფასოთ.
_ ეს თავისთავად დიდი ისტორიული ფაქტია. რუსეთის საპატრიარქო მთელი ეს წელიწადი ცდილობდა საბერძნეთის მღვდელმთავრების დაშინებასა და მოქრთამვას. საბოლოოდ კი შედეგი ის იყო, რომ 80 მღვდელმთავრიდან მხოლოდ რვამ გამოხატა პრორუსული პოზიციები, სრულმა უმრავლესობამ კი უკრაინის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი. ამით დანარჩენ ავტოკეფალიურ ეკლესიებს დიდი მაგალითი მიეცათ.
_ ნიშანდობლივია, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა, ერთგვარად, რუსეთის, მოსკოვის საპატრიარქოს მხილების სხდომადც იყო.
_ დიახ, გეთანხმებით. კორინთოს მიტროპოლიტმა დიონისემ ბრძანა 12 ოქტომბრის სინოდზე მისი ვიზიტის შესახებ იერუსალიმში, სადაც მან იხილა, თუ რამხელა ზეწოლას ახდენდნენ რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრები იერუსალიმის საპატრიარქოზე. მიტროპოლიტმა დიონისემ თქვა: „ვინ არის, ბოლოს და ბოლოს, მოსკოველი? მსოფლიო პატრიარქი? შეუძლებელია, მოსკოვი საუბრობდეს ვინმეს კანონიკურობაზე, როცა თვითონ აბსოლუტურად ყველა კანონს არღვევს და საუბრობენ მოსყიდვებზე ისინი, ვინც ეკლესიებს აშენებენ რუსული ფულით“. ხოლო მარონიის მიტროპოლიტმა დაამატა: „არაფრის უნდა გვეშინოდეს. ჩვენ ვართ საკმაოდ ძლიერი იერარქია და არაფრის და არავის უნდა გვეშინოდეს“. აღსანიშნავია ასევე ლანგადის მიტროპოლიტის სიტყვა: „მუქარები, რომ რუსები ამას და იმას მოიმოქმედებენ, ამტკიცებს, რომ სტალინის მიერ დაწყებული „პანსლავიზმი“ დღესაც კი გრძელდება“. ხოლო პერისტერის მიტროპოლიტმა რუსეთის ეკლესიის მზაკვრულ გეგმებზე ისაუბრა. პატრას მიტროპოლიტმა, რომელიც წმიდა სინოდის მუდმივმოქმედი წევრია, ისაუბრა შანტაჟზე მოსკოვის მხრიდან, მან ასევე წმიდა სინოდის წევრებს გააცნო რუს მღვდელმთავართან შეხვედრის დეტალები, რომელიც გმობდა მსოფლიო პატრიარქის ინიციატივებსა და „იღუმენიზმს“, ანუ წინამძღვრობას. პატრას მიტროპოლიტმა ასევე თქვა: „ჩვენ დღეს გვაქვს შანსი, სხვა პატრიარქების ხელები გავათავისუფლოთ.“ პეტრას მიტროპოლიტის ეს სიტყვა ნამდვილად ეპოქალურია და გულისხმობს იმას, რომ საბერძნეთის ეკლესიამ მეწინავე ფლაგმანის როლი იკისრა მოსკოვურ მონსტრთან მიმდინარე ამ ომში და „გორდიას კვანძი“ გახსნა.
_ სოციალურ ქსელში წავაწყდი მოსაზრებებს, რომ საბერძნეთის ეკლესიის აღიარება არაფერს ნიშნავს, რადგან იქ სამი მართლმადიდებელი ეკლესიაა და ამიტომ, „გინდა აღიარონ, გინდა _ არა“. მესმის, რომ ამაზე მსჯელობა უხერხულიც კი არის, მაგრამ, იქნებ, უკეთ განმარტოთ ეს საკითხი გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის.
_ რა თქმა უნდა, ეს სრული სისულელეა. საბერძნეთში, ისევე როგორც რუსეთშიც, არიან თვითმარქვია სინოდები, მაგრამ მათი მდგომარეობა მარგინალურია და არაკანონიკური. მათ პოზიციებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. საბერძნეთის ოფიციალური ეკლესია, რომელსაც მეთაურობს ათენის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი იერონიმე, უძლიერესი ეკლესიაა მთელ მსოფლიოში და სტრუქტურული გამართულობით რუსეთის ეკლესიასაც ბევრით სჯობს, მილიონობით ევროს ღირებულების სოციალურ-ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო ქველმოქმედებას ახორციელებს საბერძნეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც. საბერძნეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სწორედ ამ ეკლესიის მრევლია. მითები საბერძნეთში ეკლესიის დაშლაზე გადაჭარბებულია.
განხეთქილებაში მყოფი სამღვდელოება არც საქართველოს აკლია, ჩვენთან შედარებით საბერძნეთში რიცხობრივად უფრო მეტია, მაგრამ არც ძალიან ბევრი. ასე რომ, ეს ნარატივი უმეცრების ან დეზინფორმატორების გავრცელებულია.
_ ცხადია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პროცესი, რუსეთის ეკლესიის მცდელობის მიუხედავად, ნელ-ნელა შეუქცევად სახეს იღებს. რა ხდება ამ მხრივ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში? გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე _ კვლავ კითხულობენ ჩვენს საპატრიარქოში ტომოსს, თუ დაასრულეს კითხვა და ახლა განჩინებაზე მუშაობენ?
_ საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, წელი მიიწურა და სინოდი არ მოწვეულა, ეს საეკლესიო კანონთა დარღვევა და დიდი კოლაფსია. ეს მეტყველებს ადმინისტრაციულ კრიზისზე. შესაბამისად, უკრაინის ტომოსი უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია ამასთან შედარებით.
_ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა მეუფე მელქისედეკი, რომელმაც იმედი დაიტოვა, რომ უკრაინის ეკლესიის ამღიარებელთა რიგებს მალე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც შეუერთდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად იქონიებს გავლენას საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებაზე?
_ რა თქმა უნდა, საბერძნეთის წმ. სინოდის გადაწყვეტილება მეტ სითამამეს მისცემს უკრაინის ავტოკეფალიის მომხრეთა მდგომარეობას, მაგრამ იმდენად დიდია რუსული იდეოლოგია და გავლენები ჩვენი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე (არც თუ ცოტაზე), რომ მათი დაძლევა ადვილი არ გახლავთ. დიდწილად კი ეკლესიის პოზიციას წყვეტს პატრიარქი, ამდენად გადაწყვეტილების საკითხი, პირველ რიგში, მის ხელთაა.
_ ცხადია, საბერძნეთის ეკლესიის მიერ გადადგმული ნაბიჯი არყევს რუსეთის ეკლესიის იმიჯსა და ავტორიტეტს. თუმცა ისიც ცხადია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსული გავლენა კვლავაც დიდია და ხელს უშლის საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. მესმის, რიტორიკული კითხვა გამომივა, მაგრამ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ თავი? რა თქმა უნდა, ეკლესიას ვგულისხმობ.
_ უპირველესად, უფრო მეტმა ახალგაზრდამ უნდა მიიღოს თეოლოგიური განათლება საზღვარგარეთ: საბერძნეთში, რუმინეთში, დას. ევროპაში, ამერიკაში. უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს მედიისა და საზოგადოების კონტროლი და კრიტიკა რუსეთის ადეპტების ბნელი ბოდვებისა და იდეოლოგიზებული, ცრუქრისტიანული ნარატივების მიმართ. ყოველი საზოგადოება როგორც ცხოვრობს და შრომობს, ისეთ გარემოს იღებს. ასე რომ, ერი/საზოგადოება თავად ქმნის აწმყოსა და მომავალს თავისი საქმეებიდან გამომდინარე. წმიდა მოციქული ბრძანებს: „რასაც დასთეს, მოიმკი და რასაც განაბნევ, შეკრებ!“
_ მესმის, პროგნოზი, ამ მხრივ, უმადური საქმეა, მაგრამ ვინ იქნება შემდეგი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ამღიარებელთა რიგებში?
_ უპირველესად ეს მზაობა იკვეთება რუმინეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიის, იერუსალიმის საპატრიარქოებში, კვიპროსისა და ალბანეთის ავტოკეფალიურ ეკლესიებში. თუმცა ესეც თანდათან მოხდება და არა მყისიერად. გავიხსენოთ: საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის სრულ აღიარებას 73 წელი დასჭირდა: 1917 წლიდან _ 1990 წლამდე…
გეგა სილაგავა