მეწყერს მილიონებიც (ჩა)მოაქვს

ინფრასტრუქტურული პროექტები დიდ ხანია, ჩვენი ქვეყნის პრობლემად იქცა _ ის, რომელიც არ ხორციელდება და ისიც, რომელიც დაპროექტებული, დამუშავებული და განხორციელებისთვის მომზადებულია.

რა ტიპის პრობლემებს აღარ ვხვდებით!
მრავალფეროვნებისთვის ერთ საინტერესო და საყურადღებო ამბავს შემოგთავაზებთ.
ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ ვატანთ მეწყერს მილიონებს ჩვენს არცთუ მდიდარ ქვეყანაში.
2020 წლის 9 მარტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საშუალებით გამოაცხადა შესყიდვა ნომრით NAT200005601 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) _ ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი 1.1), ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის.
წინადადებების მიღება დასრულდა 11 მაისს, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა 9 ივნისს.
საწყისი ფასი იყო 18’27’349 ლარი.
მონაწილეობდა 4 კომპანია და გაიმარჯვა კომპანია „მამისონმა“ – 14’581’880 ლარით.
კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე საპროექტო კომპანია BT Consult -მა 2016 წელს მოამზადა პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით.
პროექტში გათვალისწინებული იყო ზედა საყრდენი კედლის მოწყობა ტერამეშის სისტემით კმ 3+570 – 3+970 მონაკვეთზე. კერძოდ, გზის მარცხენა, ზედა მხარეს საჭიროდ მიიჩნიეს არსებული ფერდის ჩამოჭრა, რათა გზის გაბარიტი ჩატეულიყო, ხოლო გზის მარჯვენა, ქვედა მხარეს, სადაც გადის მდინარის ხეობა, პროექტი არ ითვალისწინებდა არანაირი ნაგებობის მოწყობას.
შპს „მამისონის“ ხელშეკრულებაში ფიქსირდება ხარჯთაღრიცხვა, რომლის #231.01-#232.03 პუნქტებში აღნიშნულია, რომ ამ სამუშაოს ჯამური ღირებულებაა 2,899,857.14 ლარი დღგ-ს გარეშე და 3,421,831 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ამ პროექტსა და შპს „მამისონის“ ხელშეკრულებას შორის კავშირს ართულებს და კითხვებს აჩენს.
2018 წელს გზის ამ მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც დააზიანა და ჩაკეტა გზა.
გზების დეპარტამენტმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში, სრულიად კანონიერად და გასაგები მიზეზებით, გამარტივებული შესყიდვის წესით, ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიასთან (შპს „იბერია ჯ“, რომლის მფლობელია ჯამბულ თავართქილაძე) და ამ მონაკვეთზე განახორციელა გზის მარცხენა (ზედა) მხარეს და მარჯვენა (ქვედა) მხარეს, მდინარესთან, საყრდენი კედლების მოწყობა გაბიონის ყუთებით და შემდეგ გზის სავალი ნაწილის აღდგენა.
გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაში ეწერა იყო, რომ ანგარიშსწორება ხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოებისა და ხორვატიაში რეგისტრირებული კომპანიის ფილიალის, „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, დადასტურებული მოცულობების და ზედამხედველობის შესაბამისად. „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ 2016 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მფლობელია რუსეთის მოქალაქე რობერტ პეტროსიანი.
შექმნილია ფორსმაჟორული სიტუაციის გამო. შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძეს 2018 წლის 22 მარტს დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ მიმართა განცხადებით, მიეცა თანხმობა, რათა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოებისა და ამ სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების გაწევის უფლება მიეცა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
ამ სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა თითქმის 2 მილიონ-ნახევარი ლარი.
2020 წელს, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შპს „მამისონმა“ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები კმ 3+970-დან უკანა მიმართულებით. ტექნიკურად სამუშაოების პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა ჩამოჭრილიყო ფერდი გზის გასაგანიერებლად, როგორც ამას ითხოვდა პროექტი.
სამუშაოების წარმოებისას გაირკვა, რომ 2018 წელს გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში აშენებული გაბიონის საყრდენი კედელი მოწყობილია ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლანდელი პროექტით გათვალისწინებულია ფერდის ჩამოჭრა, გზის გაგანიერება და ტერამეშის კედლის მოწყობა.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გადაუდებელი სამუშოების ფარგლებში, გზის მარჯვენა (ქვედა, მდინარის მხარე) მხარეს მოწყობილი საყრდენი კედელი ხელს არ უშლის „მამისონის“ მიერ შესასრულებელ სამუშაოებს, რადგან ამჟამინდელი პროექტი არ ითვალისწინებს გზის მარჯვენა მხარეს რაიმე ნაგებობების მოწყობას.
ამ დროისათვის „მამისონმა“ სამუშაოების წარმოება შეაჩერა, ვინაიდან ობიექტზე არსებული სიტუაცია არ აძლევს საშუალებას, განახორციელოს ხელშეკრულებით და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები. რაც კიდევ უფრო საინტერესოა, მიმდინარეობს მოლაპარაკება გზების დეპარტამენტთან, რათა მას მიეცეს 2018 წელს შესრულებული გაბიონის კედლების დემონტაჟის უფლება და მის ნაცვლად შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები.
იმ შემთხვევაში, თუკი შპს „მამისონს“ მიეცემა 2018 წელს აშენებული გაბიონის საყრდენი კედელის დემონტაჟის საშუალება, ე. ი. ამ კედლის მოწყობა წარმოადგენდა არამიზნობრივ ხარჯს. არავინ დაობს, რომ სამუშაოები შესრულდა გადაუდებელი აუცილებლობით, სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად. საქმე ისაა, რომ გზების დეპარტამენტს ამ დროისთვის უკვე ჰქონდა მიღებული ძირითადი პროექტი BTConsulti -სგან და სტიქიის გამოსწორების სამუშაოების განხორციელება შესაძლებელი იყო ამ პროექტის შესაბამისად, ანუ წინასწარ ყოფილიყო გათვალისწინებული ძირითადი გზის რეაბილიტაციის პროექტის საჭიროებები.
თუკი დეპარტამენტი არ დასთანხმდება ამ კედლის დემონტაჟს, მაშინ არსებული გზის გაბარიტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ახალი გზის მშენებლობა განხორციელდეს სტანდარტების შესაბამისად, ვინაიდან გზის სიგანე არ იქნება საკმარისი, რის გამოც მთლიანი პროექტი დადგება ჩაშლის საფრთხის წინაშე. მიზეზი ცხადია: შპს „მამისონი“ ვეღარ შეძლებს მის კონტრაქტში გათვალისწინებული სამუშოების ღირებულების, 3,421,831 ლარის, ათვისებას, რაც მთლიანი კონტრაქტის 23%-ზე მეტს შეადგენს.
რა შედეგს ვიღებთ საბოლოოდ?

  1. ზარალდება კომპანია, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში კარგავს დროს და, რა თქმა უნდა, რესურსებს. თუ კედლის დანგრევის გადაწყვეტილებას მიიღებენ, თავის მხრივ, ეს რა ზარალს განაპირობებს, ამ ეტაპზე, ამის მხოლოდ ჰიპოთეტურად წარმოდგენა შეიძლება, მაგრამ არც ეს წარმოდგენაა მანუგეშებელი;
  2. ტენდერი ჩაშლის პირასაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავინ იცის, როდის დასრულდება გზა, რომელიც უნდა დასრულებულიყო წელს. გზა, რომელსაც ელის მთიანი აჭარის მოსახლეობა და ამის შესახებ თავად საგზაო დეპარტამენტმაც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, როდესაც გამარტივებული შესყიდვის უფლებისთვის მიმართა შესყიდვების სააგენტოს. ხალხი, რომელიც ფულს იხდის ბიუჯეტში, ვერ მიიღებს იმ სიკეთეს, რომელსაც ელის და, ზოგადად, რისთვისაც ქირაობს ხელისუფლებას. დიახ, ქირაობს, თუმცა ჩვენს ჩინოვნკებს ხშირად ავიწყდებათ ეს მარტივი ჭეშმარიტება;
  3. უკვე დაზარალდა სახელმწიფოც: გამარტივებული შესყიდვით გადახდილი 2.5 მილიონი ლარი, ფაქტობრივად, გადაყრილია.
    კითხვა კი მხოლოდ ერთი რჩება:
    ვინ არიან ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ ამ ტიპის შეცდომებზე, გადაცდომებზე, თვითნებობასა თუ შესაძლო და წინასწარ გათვლილ კორუფციის რისკზე, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უპასუხოდ რჩება?
    თავის მხრივ, ყველა აგებს პასუხს: სახელმწიფო იმ კანონმდებლობისთვის, რომელიც მისმა მესვეურებმა შექმნეს; კომპანია _ არავინ იცის, რისთვის; ყველა, მაგრამ არა ისინი, ვინც უშვებს შეცდომას, ან სჩადს დანაშაულს.

ქეთევან ენუქიძე