მერაბ ბლადაძე: „სოფლებში წარმოუდგენელი სიღარიბეა!“
მას შემდეგ, რაც კორონაკარანტინი მოიხსნა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პანდემია საქართველოს ისე უნდა გამოეყენებინა, როგორც _ შესაძლებლობა და ამ მხრივ აქცენტი შიდა ტურიზმის განვითარებაზე გააკეთა, ანუ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოენახულებინა და ამით ტურიზმის სექტორი გადაერჩინა, თუმცა მოწოდება, როგორც ჩანს, მოწოდებად დარჩა. ყოველ შემთხვევაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, დეპუტატი მერაბ ბლადაძე, „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ წელს ზღვის სეზონი ჩავარდა. ამის მიზეზად კი ჩვენი რესპონდენტი იმას ასახელებს, რომ ხალხს ფული არ აქვს.
_ ბატონო მერაბ, რა ხდება? აჭარაში, საკურორტო სეზონი როგორ მიდის?
_ აჭარაში საკურორტო სეზონი, როგორც ასეთი, არ არსებობს!
_ რატომ არ არებობს? ხელისუფლება ირწმუნება, რომ კორონა ისე უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა და, მინიმუმ, შიდა ტურიზიმი განვავითაროთ…
_ შიდა ტურიზმი იმ ვალებს, რაც ხალხს ბანკებიდან აქვს აღებული, არ ჰყოფნის! ესეც რომ არა, შიდა ტურიზმი ისეც არ იყო განვითარებული. ახლა კი ხალხს ფული არ აქვს და ვინ რა უნდა იშოვოს?
მოკლედ, ძალიან ცუდი პერიოდია _ პანდემიამ ხალხს დედა უტირა, ვალს ვალი დაემატება და არ ვიცი, რა იქნება.
ისე, ახლა ზღვაზე რომ გახვიდეთ, ძალიან ბევრ ადამიანს ნახავთ, რომელიც პირდაპირ ქვიშაზე წევს.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ შეზლონგის ქირაობის ფული არ აქვს.
_ თქვენი ინფორმაციით, აჭარაში ტურიზმი რამდენი პროცენტით შემცირდა?
_ ალბათ, 90 პროცენტით. მასე არაა, ტელევიზიით კარგ რაღაცებს რომ აჩვენებენ.
_ ბატონო მერაბ, თქვენ, როგორც აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, როგორ ფიქრობთ, საქართველოს საზღვრები უნდა გაეხსნა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა, პანდემიის მიუხედავად, საქართველოსა და სხვა ქვეყნებსაც საზღვრები გაუხსნა?
_ საზღვრები, ცხადია, უნდა გახსნილიყო და ხალხი შემოსულიყო, თორემ კორონა კი არა, სექსისგან, თურმე, თვეში 50 ათასი ადამიანი კვდება. ჰოდა, მაშინ სექსიც ავკრძალოთ და ამ ქვეყანაზე აღარაფერი იქნება!
_ საქართველო, ასე თუ ისე, მწვანე ზონაა და, თქვენი აზრით, ხელისუფლება საზღვრებს რატომ არ ხსნის?
_ აბა, რა გითხრათ?
ხელისუფლების სიფრთხილის მესმის, რადგან საშიშროება არსებობს, მაგრამ გადამეტებული სიფრთხილეც არ შეიძლება… საზღვრები უნდა გაიხსნას და ჩვეულებრივი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ეს პანდემია, როგორც ჩანს, წამსვლელი არსად არაა და მაშინ ბუნაგში ჩავიკეტოთ და ერთ ადგილას ვიყოთ!
_ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე საზღვრების გახსნის საკითხი არ დაგიყენებიათ?
_ არა.
_ რატომ?
_ ჯერ ერთი, საკონსტიტუციო განხილვები გვქონდა. მეორეც, ეპიდსიტუაციის გამოსწორებას ველოდით, აი, საზღვრები ახლა გაიხსნებაო, მაგრამ ვეღარ გავიგე, სწორ-მართალი რა არის.
_ ისე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ამ საზღვრების არგახსნას პოლიტიკური სარჩული აქვს, ანუ არჩევნების წინ ხალხი უფრო მეტად გაღარიბდეს და ხუთ-ხუთ კილოგრამ ხახვსა თუ კარტოფილზე გახდეს დამოკიდებული?
_ ასეთი რადიკალური არ ვიქნები.
_ რატომ არ იქნებით?
_ ვფიქრობ, რომ ზედმეტი სიფრთხილეა გამოჩენილი, თუმცა შეიძლება, ხუთი კილო კარტოფილის ფაქტორიც არის.
_ საერთოდ, აჭარაში საზოგადოებრივი განწყობა როგორია?
_ ხალხში ხელისუფლების მიმართ ძალიან ნეგატიური განწყობაა და არ ვიცი, ესენი არჩევნების მოგებას როგორ აპირებენ?! სიმართლე გითხრათ, დიდად არც მაღელვებს, „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს თუ წააგებს, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს ძალიან ფერადი ფერებით უყურებს, მაგრამ ასე არაა.
_ სხვათა შორის, თავდაპირველად ექსპერტებიც აღიარებდნენ, რომ კორონა „ოცნების“ მოკავშირედ იქცა და ამის წყალობით მმართველი გუნდის რეიტინგი გაიზარდა…
_ დიახ, ვერ დავმალავთ, რომ კორონას წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი იყო და ხელისუფლებას ხალხმაც დაუჭირა მხარი.
ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველომ მსოფლიო მასშტაბით კარგი შედეგიც აჩვენა, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, არ მგონია, რომ საზღვრების ჩაკეტვის გაგრძელება სწორი იყოს.
სოფლებში წარმოუდგენელი სიღარიბეა! სხვათა შორის, მერები თუ გამგებლები ცელოფნის პარკებით რომ დარბოდნენ და დახმარებას არიგებდნენ, დავცინოდი.
_ რატომ?
_ ერთხელ დახმარებას რომ დაარიგებ, ამით რა შეიცვალა? რა, ხალხს ახლა აღარ უჭირს თუ რა ხდება?! ეს საძაგელი პიარკამპანიაა და ახლაც ვიტყვი, როგორ შეიძლება, ქალაქის მერები ცელოფნებით დარბოდნენ და ხალხს საჭმელს ურიგებდნენ! სპეციალურად ამისთვის სოციალური დაცვის სამსახური არსებობს, რომელმაც ხალხს დამხარება უნდა მისცეს.
სხვათა შორის, ამას მხოლოდ მმართველი კი არა, სხვა პარტიებიც აკეთებენ, ანუ „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „პატრიოტთა ალიანსი“ ერთმანეთს პიარში ეჯიბრებოდა და ცელოფნის პარკებს არიგებდა, მაგრამ ახლა რატომ შეწყვიტეს? რა, ხალხი გაძღა?! პირიქით, სიტუაცია უფრო დამძიმდა!
შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ რამდენიმე თვეა, ჩემი ხელფასის ნახევარი დახმარებაზე მიდის _ ნაცნობებსა და სანათესავოს ზოგს 50 ლარს ვაძლევ, ზოგს _ 10-ს და ზოგსაც _ 20-ს. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია და ელემენტარულ საჭმელს ითხოვს!
_ ისე, აჭარაში კრიმინალი თავს როგორ „გრძნობს“?
_ ამ მხრივ ჩვენთან ნორმალური სიტუაციაა. ჩხუბი კი ხდება ხოლმე, მაგრამ მკვლელობის კი არა, ქურდობის შესახებაც კარგა ხანია, არ გამიგია!
_ რაც შეეხება პოლიტსიტუაციას, ყველაზე დიდი მხარდაჭერა რომელ პარტიას აქვს?
_ „ნაციონალებს“ თავიანთი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც მათ არ ღალატობს!
_ სხვა პარტიებს?
_ იმის თქმა, რომ „ლელოს“, „ოცნებას“ თუ „პატრიოტთა ალიანსს“ სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, ძნელია.
_ სხვათა შორის, „ოცნებამ“ უმეტეს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ძველი სახე წარადგინა. ამ მხრივ გამონაკლისი არც აჭარაა, სადაც მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი ანზორ ბოლქვაძეა. ამაზე ხალხს როგორი რეაქცია ჰქონდა?
_ ანზორ ბოლქვაძეს თავისი ამომრჩეველი ჰყავს. ჰოდა, ჩვენ რაც უნდა ნეგატიურად ვილაპარაკოთ, ეს კაცი თავის რეგიონში იმარჯვებს.
_ ეგებ, იმიტომ იმარჯვებს, რომ ადმინისტრაციული მხარდაჭერა აქვს?
_ სწორი არ იქნება, რომ თავი მოვიტყუოთ.
_ თავის მოტყუება რა შუაშია?
_ ხელისუფლების წარმომადგენელი ყოველთვის იმარჯვებს.
_ რატომ?
_ ხელისუფლების წარმომადგენელია და ადმინისტრაციული რესურსი ისეა ჩართული, რომ ამ ადამიანებს გამარჯვება არ უჭირთ!
თუ დააკვირდებით, ბოლო 30 წელიწადში საქართველოში არჩევნებით ერთი ხელისუფლებაც არ შეცვლილა, ანუ ხელისუფლების შეცვლას წინ ყოველთვის რაღაც მოვლენა უსწრებდა.
_ კერძოდ?
_ აი, მაგალითად, გამსახურდიას სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, შევარდნაძის დროს _ „ვარდების რევოლუცია“, სააკაშვილის წასვლაზე კი „ციხის კადრებმა“ იმოქმედა, ანუ თუ რამე ისეთი მოვლენა არ მოხდა, რაც რეჟიმის შეცვლას ხელს შეუწყობს, ყოველთვის ხელისუფლება გაიმარჯვებს!
აი, თუნდაც, ცესკო-ს შეხედეთ, სადაც ხელისუფლების მიმდევრები ყოველთვის არიან და არვინ იცის, ისინი რას აკეთებენ.
მოკლედ, თუ რამე ისეთი მოვლენა არ მოხდა, როგორიც, მაგალითად, „ციხის კადრები“ იყო, არ მგონია, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯერა და, ალბათ, ყველა პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი ასე ფიქრობს!
_ აი, მაგალითად, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ისეთი საშინელი მოვლენა არაა, რომელიც „ოცნებას“ შეცვლის?
_ არ მგონია.
_ რატომ?
_ თუ დააკვირდებით, ოჯახი იმას, რასაც ოპოზიციურად განწყობილი მედია ამბობს, ეწინააღმდეგება.
_ შეიძლება, მაგრამ ეს მკვლელობა მხოლოდ ერთი ოჯახის კი არა, უკვე ქვეყნის ტრაგედიაა. ჰოდა, ბატონო მერაბ, ნუთუ, არ გაქვთ განცდა, რომ თქვენი შვილი, რომელიც ქუჩაში გადის, დაუცველია?
_ ასეთი განცდა, კი ბატონო, მაქვს, მაგრამ „შაქარაშვილის საქმე“ გირგვლიანის დონის თემა არაა.
მესმის, თქვენ რასაც მეკითხებით, მაგრამ მე იმას გეუბნებით, რასაც შაქარაშვილის ამბავზე ხალხი ლაპარაკობს.
_ ე. ი., ბატონო მერაბ, იმას მეუბნებით, რომ ხალხს „ოცნების“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა უნდა?
_ ხალხს უნდა თუ არა, ეს სხვა თემაა.
_ სხვა თემა რატომაა?
_ „ოცნება“ სახელისუფლებო პარტიაა და ყველა ვარიანტში გაიმარჯვებს.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ, ბატონო მერაბ?
_ დარწმუნებული იმიტომ ვარ, რომ საქართველოში ისეთი მოვლენა არ მომხდარა, რაც ხელისუფლებას დააზარალებდა!
_ წეღან მითხარით, სოფლებში ხალხი შიმშილობსო და ამაზე მეტი „მოვლენა“ რაღა უნდა იყოს?
_ დიახ, ხალხი ნამდვილად შიმშილობს, მაგრამ ჩემზე კარგად იცით, არჩევნები როგორ ტარდება.
_ როგორ ტარდება?
_ რაც შეიძლება, ბევრი კოორდინატორი.
_ ანუ „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს?
_ ჩვენ რაც უნდა პათეტიკურად ვილაპარაკოთ, რეალობა ასეთია _ თითო სოფელში, მინიმუმ, 100 კორდინატორი იქნება, თითოეულს ხელფასი 150-დან 200 ლარამდე ექნება და ყველას მისცემენ დავალებას, რომ თითომ, მინიმუმ, ათი მხარდამჭერი უნდა მოიყვანოს.
მოკლედ, ეს კოორდინატორები და აქტივისტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ათ-ათი მხარდამჭერი მიიყვანონ. ახლა, წარმოიდგინეთ, თითო სოფელში 20 და 30 კოორდინატორი და მათ მიერ მიყვანილი მხადამჭერების რაოდენობა საკმაოდ ბევრი იქნება.
_ ანუ, თქვენი ინფორმაციით, კოორდინატორის ჯამაგირი 150 ლარია?
_ დიახ, 150-დან იწყება და 200 ლარამდე ადის. ზოგჯერ ფულს მრავალშვილიან ოჯახებსაც უხდიან და არჩევნები ასე ტარდება.
_ ეს ხომ მოსყიდვაა?
_ რა თქმა უნდა, მოსყიდვაა, მაგრამ ამას ყველა პარტია აკეთებს! აბსოლუტურად ყველა კანონდამრღვევია! ტელევიზიით „გვაბოლებენ“, მოსყიდვა არ შეიძლებაო, თორემ ამომრჩეველს ყველა ყიდულობს, მით უმეტეს, როცა ამომრჩეველს უჭირს!
_ ბატონო მერაბ, რვა წლის წინ, როცა ემიგრაციიდან დაბრუნდით, ერთი წუთით თუ მაინც უშვებდით, რომ ისეთ საქართველოში მოგიწევდათ ცხოვრება, როგორზეც ახლა მელაპარაკებით?
_ არავითარ შემთხვევაში!
ეს რომ მცოდნოდა, საქართველოში არასოდეს დავბრუნდებოდი!
_ მოკლედ, ემიგრაციიდან დაბრუნებას ნანობთ?
_ რა თქმა უნდა, ვნანობ!
სხვათა შორის, მე იმ რამდენიმე ადამიანის ავანგარდში ვიყავი, ვინც რეჟიმი შეცვალა, მაგრამ სანაცვლოდ ის მივიღე, რომ წინა რეჟიმის ხალხი ისევ ხელისუფლებაშია. იმ ადამიანებმა კი, ვინც თანამებრძოლებად მიმაჩნდნენ, საკუთარი ბედნიერების აწყობა და თავიანთი ბიუჯეტის გამდიდრება დაიწყეს…
ქვეყანაში საშინელი მექრთამეობა და „ატკატებია“. აი, მაგალითად, ერთ მაგალითს გეტყვით: სოფლებში წყლის რეაბილიტაცია, ასე ვთქვათ, ჩაატარეს. ამ სოფლებში წყალი არ იყო, მილიონობით ლარი გადაიხადეს, მაგრამ წყალი ისევ არაა!
_ ეს ქობულეთის რაიონის სოფლებში მოხდა?
_ დიახ. ახალი მილები გაიყვანეს, მაგრამ ხალხს წყალი ისევ არ აქვს! ყველაზე ცუდი კი, იცით, რა არის?
_ რა?
_ ყველაფერი ეს ნასესხები ფულით კეთდება _ ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი უკვე რამდენიმე მილიარდამდე ავიდა.
ჰოდა, ამ ნასესხები ფულით არ ჯობია, რამე წარმოება რომ შექმნან და ამით მოგებული ფულით რაღაცები მერე გააკეთონ!
_ ისე, წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავთ, ბატონო მერაბ?
_ არ დაგიმალავთ: შემოთავაზება თითქმის ყველა პარტიიდან მაქვს, მაგრამ იმ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც ახლაა, ჩემს ადგილს ვერ ვხედავ!
_ რატომ ვერ ხედავთ?
_ უნდა გავიდე და ამომრჩეველი მოვატყუო. ეს კი არ მინდა. ამიტომ არჩევნებში მონაწილეობას, ალბათ, არ მივიღებ!
_ სხვათა შორის, ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი „ნიუსი“ ისაა, რომ რიჟვაძის მამა აჭარაში სპორტსმენებისგან „ზონდერჯგუფებს“ ქმნის. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
_ როცა ემიგრაციიდან დავბრუნდი, ინიციატივით გამოვედი, რომ ყველა დაჯგუფება, რომელიც სააკაშვილის დროს არსებობდა, სამაგალითოდ დასჯილიყო. ეს პრეცედენტი და მაგალითი იქნებოდა, რომ საქართველოში „ზონდერჯგუფების“ შექმნას ვეღარავინ გაბედავდა!
_ ანუ ამით ადასტურებთ, რომ რიჟვაძის მამა „ზონდერჯგუფებს“ მართლა ქმნის?
_ არა.
_ აბა?
_ ეს თბილისიდან აგორებულია.
_ თბილისი რა შუაშია?
_ ბათუმში ვცხოვრობ და ჩვენთან „ზონდერჯგუფები“ არაა.
_ თქვენ შეიძლება, არ იცით, მაგრამ ფაქტია: თავად ის სპორტსმენები ლაპარაკობენ, რომელთაც „ზონდერობას“ სთავაზობდნენ.
_ ვერ გეტყვით… ეტყობა, რაღაც გამომრჩა.
სხვათა შორის, მთავრობის თავმჯდომარეს ფონდი აქვს და ხალხი მეც გამიგზავნია, თუმცა ამ ფონდიდან თანხის გაცემა მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული.
_ აბა, კიდევ ვისზეა დამოკიდებული?
_ ჯანდაცვის მინისტრის წერილსა და ფორმა 100-ს ითხოვენ, ანუ ადამიანს რაღაც გამოუვალი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს. ეს ტიპური ხულიგნური ამბავი იყო, რომელიც უნდათ, რომ პოლიტიკურში გადაზარდონ!
თუ ხელისუფლება სადმე დააშავებს, შანსი არაა, რომ დავინდო, მაგრამ თუ ოპოზიცია დააშავებს და ამის პოლიტიკურში გადატანას შეეცდება, მასაც არ დავინდობ! ჩემი ტრენდი ისაა, რომ სიმართლე უნდა ვილაპარაკო!
_ მოკლედ, ბატონო მერაბ, თქვენი ოცნებები დაიმსხვრა?
_ ჩემი ოცნებები კი არ დაიმსხვრა, აფეთქდა და დაინგრა, მაგრამ მებრძოლი კაცი ვარ და მომავლის იმედი მაქვს. ჰოდა, მაინც, ვიბრძოლებ, რომ ჩემს შვილს ევროპული ხედვისა და დონის საქართველო დავუტოვო და არა ისეთი კლანური, როგორიც დღესაა!
გიორგი აბაშიძე