მარგველაშვილის ორმაგი სახე
ზოგიერთისთვის მის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ექსპრეზიდენტს ჩვეულებრივ „პლასტილინად“ მიიჩნევს და გაბედულებად არც იმას უთვლის, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ „ოცნებას“ გაემიჯნა. ის, რომ გიორგი მარგველაშვილი გონიერი და განათლებული ადამიანია, ცხადია, საკამათო არავისთვისაა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ მისი განცხადებები წინააღმდეგობრივია. ასე, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, ჯერ ვრცელი პოსტი გააშანშალა და განაცხადა, აქტიურ პოლიტიკას ვუბრუნდებიო და ისიც მიანიშნა, რომ შესაძლოა, ოპოზიციის იმ მაგიდის მუშაობაშიც ჩართულიყო, რომელიც ლეიბორისტების ოფისში იმართება ხოლმე, თუმცა, საბოლოოდ, გაირკვა, რომ ოპოზიციის ამ ფრთასთან არ დაჯდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ასეთი მოცემულობაა. მომავალში კი, თუ მოარულ ხმას დავუჯერებთ, შესაძლოა, „ლელოს“ სახედ მოგვევლინოს, თუმცა თავად ამ ინფორმაციასაც არ ადასტურებს.
ერთი სიტყვით, ვინ არის, რა კაცია და, ზოგადად, როგორ მოხვდა ქართულ პოლიტიკაში გიორგი მარგველაშვილი? _ „ქრონიკა+“ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, ერთგვარ, დოსიეს გთავაზობთ:
გიორგი მარგველაშვილის ხსენებაზე ადამიანების უმეტესეობას ის ახსენდება, რომ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, თავისუფალ დროს ქსოვით კლავდა ხოლმე, რომლის ამსახველი ფოტოც, თავის დროზე, ინტერნეტში გავრცელდა. როცა წინდას ქსოვდა, ბატონ მარგველაშვილს, ალბათ, აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ოდესმე პრეზიდენტი გახდებოდა. მაშინ ის მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის გარეგნობა და ლოგიკა მოერგო, მაგრამ ცხოვრებაში შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. ჰოდა, მოხდა ისე, რომ მარგველაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტად მოგვევლინა და ამაში ლომის წილი, რასაკვირველია, „ოცნებასა“ და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.
როგორი პრეზიდენტი იყო მარგველაშვილი? _ ამ კითხვაზე, შესაძლოა, ერთი რუსული ნათქვამის ქართული თარგმანი გაგვახსენდეს, არც ხორცია და არც _ თევზიო, თუმცა პრეზიდენტობისას მარგველაშვილი ცდილობდა, რომ დაჩაგრულების გვერდით დამდგარიყო და ისინი მორალურად გაემხნევებინა. ყოველ შემთხვევაში, როცა ფარული ჩანაწერების „ბუმი“ დაიწყო, მარგველაშვილმა განაცხადა:
„სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად, მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში“.
ერთი სიტყვით, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მარგველაშვილს მდიდარი სექსუალური ცხოვრება აქვს, თუმცა ბევრისთვის დღემდე ამოუხსნელია, თუ რას ნიშნავს ან როგორია „მდიდარი სექსუალური ცხოვრება“.
და სანამ მარგველაშვილის „მდიდარი სექსუალური ცხოვრების“ შესახებ შევიტყობდით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ სხვისი „ნიღბის მორგება“ უნდოდა, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა არაფრით გამორჩეული ფილოსოფოსი იყო, მომავალი პრეზიდენტი ოცნებობდა, რომ „უსუფაშვილის ჭკუა, ალასანიას ვიზუალი, ლევან გაჩეჩილაძის ჯიგარი, სააკაშვილის სიმაღლე და ბენდუქიძის ფული“ ჰქონოდა. ისე, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტები ამბობენ, თუ ადამიანი არსთაგამრიგეს ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის, რა უნდა, სურვილი აუცილებლად აუსრულდებაო. ჰოდა, მარგველაშვილსაც, როგორც ჩანს, ისე ძალიან, ძალიან უნდოდა, რომ უსუფაშვილს, ალასანიას, გაჩეჩილაძეს, სააკაშვილსა და ბენდუქიძეს დამსგავსებოდა, რომ ოცნება არამცთუ აუხდა, არამედ პოლიტიკის ოლიმპოზე ავიდა, ანუ პრეზიდენტი გახდა.
სხვათა შორის, ამ ამპლუაში მარგველაშვილს ჟურნალისტებმა „იდეალური პოლიტიკოსის“ მისეული ფორმულა გაახსენეს, თუმცა „მარგველამ“ ეს ოცნება „იუმორისტულ პასაჟად“ მონათლა და განაცხადა:
„ამ იუმორისტულ პასაჟში ხაზის გასმას ვცდილობდი, რომ ვიყავი სერიოზულ კონფრონტაციაში რეჟიმთან და ვცდილობდი, ხაზი გამესვა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს აქვთ ძალიან კარგი ადამიანური თვისებები, ხოლო მაშინ, ვინც მთავრობაში იყო _ რეალურად, მათი თვისებები იყო არაფრისმთქმელი იმიტომ, რომ არც სიმაღლეა არაფრისმთქმელი ადამიანზე, ფული ხომ საერთოდ არაფრისმთქმელია. ეს კონტრასტი მინდოდა მეჩვენებინა მაშინ… „იდეალური პოლიტიკოსის“ დასახასიათებლად ამგვარი ფორმულა სპონტანურად დავსახე _ მახვილი სიტყვებით, საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის გაღვივების მიზნით“.
წეღანდელი თქმისა არ იყოს, ბევრია ისეთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მარგველაშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. ამ მხრივ კი ყველაზე თვალში საცემი ის ამბავია, როცა მარგველაშვილი ავლაბრის აწ უკვე ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში შევიდა, ანუ, თავის დროზე, ამ რეზიდენციას „მიწაში დებდა“, მერე კი, როგორც იტყვიან, „პლასტინკა ამოატრიალა“.
„კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე მე წამოვაყენე წინადადება, რომ ეს იყოს უნივერსიტეტი; შემდეგ ვესაუბრე განათლების მინისტრს, ქალბატონ თამარს და ჩვენ ჩამოვყალიბდით შეხედულებაზე, რომ ეს უნდა იყოს ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი წლიდან გაიხსნება. ეს არის უაღრესად საინტერესო პროექტი, რომელიც საქართველოს მართლა მაღალი ხარისხის განათლებას მოუტანს და მე მიხარია, რომ ის ფული, რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა ასეთ ფეშენებელურ შენობაზე _ პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მოხმარდება ქართველ სტუდენტობას და ქართულ განათლებას“, _ აცხადებდა მარგველაშვილი პრეზიდენტობის პირველ დღეებში, თუმცა მალევე ამ რეზიდენციაში იდებს ბინას.
ზოგადად, მიიჩნევა, რომ მარგველაშვილის პოლიტიკური მსოფლმხედველობა დასავლურია. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ ერთმა პიროვნებამ, რომელსაც სპეცსამსახურებთან გარკვეული შეხება აქვს, მითხრა, მარგველაშვილი „ოცნებაში“ ამერიკელებმა შეუშვესო. ამასთან, ამ ადამიანმა ვინმე დენი კუნინიც ახსენა და დასძინა, სწორედ ეს პიროვნებაა, ვინც ვაშინგტონიდან პროდასავლელ ქართველ პოლიტიკოსებს“ „კრიშავსო“. სხვათა შორის, ის ცნობაც არსებობს, რომ ამ კუნინს ურთიერთობა აქვს ლევან ვასაძესთანაც. ვასაძე კი, თავის მხრივ, მარგველაშვილის ბავშვობის მეგობარია. მეტიც, ნათელ-მირონობაც აკავშირებთ _ მარგველაშვილი ვასაძის ერთ-ერთი შვილის ნათლიაა და ამის თაობაზე ვასაძემ კონკრეტულ ინტერვიუში თავად განაცხადა.
2013 წელს, როცა მარგველაშვილი უკვე პრეზიდენტი იყო და ბიძინა ივანიშვილი პრემიერობიდან გადადგა, კულუარებში ითქვა, რომ ამ პოსტზე მეოთხე პრეზიდენტი ვასაძეს გაუწევდა ლობირებას, თუმცა თავად მარგველაშვილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და თქვა:
„ჩემი და ლევან ვასაძის ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრობა არანაირად არ არის დაკავშირებული ლევანის პრემიერად დასახელებასთან. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ნამდვილად არ ყოფილა პრემიერ-მინისტრად ლევან ვასაძის კანდიდატურაზე საუბარი. მე და ლევანი წავედით ჩვენი ბავშვობის მეგობართან, მეუფე შიოსთან სენაკში, სადაც სკოლის გახსნაში მე და ლევანი ვეხმარებით, ლევანი ფინანსურად, მე კი _ ჩემი გამოცდილებით. ახლა, რადგან მეუფე შიოსთან წავედით, მცდელობა იმისა, ამ ფაქტიდან რამენაირად გამოადნონ, პრემიერობა განიხილებაო, ცოტა რთული კომბინაციაა“.
2014 წელს, ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ქართული მედია მარგველაშვილ-ვასაძის ფარულ პოლიტიკურ კავშირზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდება. ამ დროს მარგველაშვილისა და „ოცნების“ გზები უკვე საბოლოოდ გაყოფილია და აი, სწორედ მაშინ ითქვა, რომ ვასაძემ, შესაძლოა, პარტია შექმნას, რომელიც მარგველაშვილის დასაყრდენი იქნებაო.
„ვასაძეს დიდი გავლენები აქვს, ფართო კავშირები და საკმარისი ფული, რომ ბიზნესმენისა და რაინდის შემდეგ, პოლიტიკოსიც გახდეს. დიდი ხანია, პოლიტიკაში მის შემოსვლაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ლევან ვასაძე თადარიგს დაიჭერს და მისი პოლიტიკური პროექტი, როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილის დასაყრდენი გახდება. ლევანი ნამდვილად დაჩრდილავს ნინო ბურჯანაძეს _ პრორუსულ ორბიტაზე ის ახალი ფიგურა იქნება“, _ ესაა ამონარიდი ერთ-ერთ ქართულ გამოცემაში 2014 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელშიც ნინო ბურჯანაძეც არის ნახსენები.
ზოგადად, ყველას, ვინც ბოლო წლების ქართულ პოლიტიკას აქტიურად ადევნებს თვალს, კარგად ახსოვს, რომ მარგველაშვილის პოლიტიკური დებიუტი სწორედ ბურჯანაძის „რეჟისორობით“ შედგა _ ვიდრე პარტიას შექმნიდა, პარლამენტის ექსთავმჯდომარემ, „ნაციონალებისგან“ გამიჯვნის შემდეგ, ფონდი დააფუძნა, რომელსაც „დემოკრატიული განვითარების ფონდი“ ერქვა და რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, 2013 წლის საპრეზიდენტო კამპანია რომ „გახურდა“, ითქვა, რომ მარგველაშვილი, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული, „ოცნების“ სახე იყო, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი კოალიციის მთავრობაში განათლების მინისტრის პოსტი მიიღო, ფორმალურად ისევ ე. წ. ბურჯანაძის ფონდის თავმჯდომარედ ითვლებოდა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის კიდევ ერთი მეგობარი ირაკლი კაკაბაძეა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა.
„გიო ძალიან მიყვარს. ბავშვობაში, 1982-1985 წლებში, ღამღამობით, თავზე ქალის „ჩულქებს“ ვიცვამდით, გარეთ გავდიოდით და კედლებზე ვაწერდით: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ ასეთი ტერორისტული ჯგუფი შევქმენით _ „შავჩულქიანებს“ გვეძახდნენ. სანამ პაციფისტები გავხდებოდით, ერთი ასეთი საყვარელი თამაში გვქონდა: გიორგის სახლი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასადილოს წინ იყო. მეგობარს ტირის თოფი ვთხოვეთ, ვუსაფრდებოდით და სასადილოდან გამოსულ დიდსაჯდომიან „კაგებეშნიკებს“ ვესროდით. ერთი-ორჯერ დაგვიჭირეს, მაგრამ გადავრჩით“, _ იხსენებდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი კაკაბაძე და იქვე დასძენდა, იმის ასახსნელად, თუ რატომ გადაწყვიტა მარგველაშვილმა სააკაშვილის მიერ აშენებულ სასახლეში „გამაგრება“, არისტოტელეს მეტაფიზიკის წაკითხვა მომიწევსო.
საერთოდ, ამბობენ, ფილოსოფოსები უცნაური ადამიანები არიანო. ეს, შესაძლოა, ერთგვარი სტერეოტიპია, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი მართლაც უცნაური პოლიტიკური მოღვაწეა. აბა, უცნაური რომ არ იყოს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა განათლების უწყებას ხელმძღვანელობდა, ხომ არ იტყოდა, პლასტილინივით ადამიანი ვარო?
ეს ამბავი კი ასე მოხდა: ერთ-ერთი პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანმა „მარგველას“, რომელიც იმხანად განათლებისა და მეცნიერების მინისტრობასთან ერთად, ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებდა, წინამორბედებზე ჩამოუგდო სიტყვა და ჰკითხა, _ იმ კაბინეტში, სადაც ადრე „ნაციონალები“ ისხდნენ, რატომ არაფერი შეცვალეთო? „მარგველამ“ ფილოსოფიურად გაიღიმა და განაცხადა:
„პლასტილინივით ადამიანი ვარ _ სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას რომ იღებს. კაბინეტშიც მხოლოდ საქართველოს დროშა დავდე, რომელიც მე-200 სკოლის ბავშვებმა მაჩუქეს და კიდევ _ დედა ენა“.
ასე იქცა გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ „კლიჩკად“ „პლასტილინა“, თუმცა რუსი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სტატიაში, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთანავე გამოქვეყნდა, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
სამაგიეროდ, რუსული საიტი Polittech.org იხსენებს, რომ, თავის დროზე, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ტურისტულ გიდად მუშაობდა. სტატიაში „ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილის წარმატების ისტორია _ ტურისტული გიდიდან ქვეყნის პრეზიდენტამდე“, ნათქვამია:
„გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს თბილისში დაიბადა. მამამისი, თეიმურაზ მარგველაშვილი, ინჟინერი იყო, დედა, მზეანა გომელაური კი _ ფსიქოლოგი. გიორგი მარგველაშვილმა თბილისის ის სკოლა დაამთავრა, სადაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც სწავლობდა. იგი ასევე სწავლობდა რუსულ სკოლაში სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ. როგორც მარგველაშვილმა თავად აღიარა, სკოლაში სამოსანი იყო, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში წარჩინებით სწავლობდა. 1992 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა ფილოსოფიის სპეციალობით. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი. 1992-1994 წლებში გიორგი მარგველაშვილი ტურისტულ კომპანია „კაუკასუს ტრეველში“ გიდად მუშაობდა. 1993 წელს იყო საქართველოს კულტურის ლაბორატორიისა და მარგინალური მდგომარეობის კვლევის ფსიქოლოგიის ლაბორატორიის უმცროსი სპეციალისტი. 1993-1996 წლებში სწავლა გააგრძელა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (პრაღა, ჩეხეთი) და მოსკოვში ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1994-1995 წლებში იყო მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი კომპანია „ბიზნეს დღიურებში“. 1996-დან 2000-წლამდე კითხულობდა ლექციებს თბილისის „თავისუფალ უნივერსიტეტში“ თემაზე _ „კულტურის აზრი და კომუნიკაციის ისტორია“. 1998 წელს თბილისში გამოიცა წიგნი: „წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების სახელმძღვანელო“, რომლის თანაავტორიც, ამერიკელ ჯოზეფ ტაბარტთან ერთად, გიორგი მარგველაშვილია. წიგნი მკითხველს ასწავლის ელექტორატის თავისებურებებს ტრადიციულ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ასევე განიხილავს დასავლური სტილის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების ტექნოლოგიების გამოყენებას ქართულ რეალობაში. „იმედი გვაქვს, ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში“, _ წერია წიგნის წინასიტყვაობაში. მარგველაშვილი მაშინ 29 წლის იყო, თუმცა არაა გამორიცხული, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სწორედ თავისივე წიგნს იყენებდა.
1995-2000 წლებში გიორგი მუშაობდა სპეციალისტად აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI). 2003 წლის ნოემბერში მხარს უჭერდა „ვარდების რევოლუციას“, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი. ავტორიტარიზმის გამო სააკაშვილის კრიტიკა მალევე დაიწყო. მათი გზები 2007 წლის აქციის დარბევისა და 2008 წლის ომის შემდეგ საბოლოოდ გაიყარა. 2000-2012 წლებში მარგველაშვილი პარალელურად მუშაობდა ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2000-2006 და 2010-2012 წლებში იყო ინსტიტუტის რექტორიც. 2006-2010 წლებში კი _ ამ ინსტიტუტის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი“.
2013 წელს რუსი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ზემოხსენებულ სტატიაში ხაზგასმით ისიც აღნიშნულია, რომ დსთ-ის მასშტაბით, გიორგი მარგველაშვილი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია, ანუ იმ დროს, როცა პრეზიდენტი გახდა, ის მხოლოდ 44 წლის იყო.
„მარგველაშვილი იზიარებს სააკაშვილის აშშ-ისა და დასავლეთ ევროპასთან დაახლოების პოლიტიკას. ასევე მხარს უჭერს საქართველოს კულტურულ დამოუკიდებლობას და ქართული ენის განვითარებას. საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობის მხარდაჭერისა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოსვლის პარალელურად, იგი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას“, _ წერდა, თავის დროზე, რუსული მედია, რომელიც იმასაც მიუთითებდა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ერთ-ერთ რუსულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა.
კიდევ რამდენიმე დეტალი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის აპოლიტიკური დოსიედან:
ქსოვის გარდა ცხოველებიც უყვარს და არც ნადირობაზე ამბობს უარს. ასევე ცნობილია, რომ ის ფეხბურთის გულშემატკივარია და იყო დრო, როცა ტელევიზიით ფეხბურთის მატჩებს კახა კალაძესთან ერთად უყურებდა. მაშინ მარგველაშვილი და კალაძე ერთმანეთს მეგობრებს ეძახდნენ.
2000-იან წლებში მარგველაშვილმა სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც პრეზიდენტი რომ არ გამხდარიყო, ალბათ, არავის გაახსენდებოდა, მაგრამ რადგან ქვეყნის მთავარსარდალი გახდა, თან „მშობლიურ“ „ოცნებას“ (ნიშანდობლივია, რომ მარგველაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არასოდეს ყოფილა) ზურგი აქცია, „შავმა პიარმაც“ არ დააყოვნა და სწორედ ზემოხსენებული სტატია აუფრიალეს, თუმცა ჟურნალ „დრო მშვიდობისაში“ გამოქვეყნებული წერილი „ოცნებასთან“ ასოცირებულმა მედიამ კი არა, ინტერნეტპორტალმა „ზონა ნიუსმა“ ამოქექა.
„ივანიშვილის მიერ დასმულმა მარიონეტმა, წლების წინათ, ქართველ ერს „მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა“. ის ქართველ ერს ჩლუნგადაც მოიხსენიებს“, _ წერდა, თავის დროზე, „ზონა ნიუსი“, რომელმაც საზოგადოებას მარგველაშვილის ათეული წლის წინათ გამოქვეყნებული ვრცელი წერილიდან ამონარიდებიც შესთავაზა:
„ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება… მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო… დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე.
ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება _ აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი სახე…
ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის „პამპულობას“ თამაშობს. ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს…
რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: „არა უშავს“, „მაპატიე, რა“, „არ მინდოდა“ და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი… მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი „ჟილკობით“ იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს „ჟილკობა“ დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…“
კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც გიორგი მარგველაშვილთანაა ასოცირებული, განათლების მინისტრად მის მოღვაწეობას უკავშირდება: მომავალმა პრეზიდენტმა ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, აწგანსვენებული კახა ბენდუქიძე, კანონის დარღვევაში ამხილა, რასაც იმ დროისთვის ბენდუქიძის ფონდის მფლობელობაში არსებული „თავისუფალი უნივერისტეტისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება მოყვა, რამაც მოსახლეობის ნაწილის სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.
პარალელურად, „ნაცმოძრაობამ“ გიორგი მარგველაშვილს პოპულიზმში დასდო ბრალი. საქმე ეხებოდა 650 ათასი მოსწავლისთვის წიგნების უფასოდ დარიგებას. ამ გადაწყვეტილებამ გამომცემლობების უკმაყოფილებაც გამოიწვია, რომლებმაც განაცხადეს, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივა მათ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა.
ყველაფერ ამის მიუხედავად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა: დავით ბაქრაძემ, რომელიც მაშინ, ჯერ კიდევ, „ნაციონალი“ იყო, ხმების მხოლოდ 21,72% მიიღო, ბურჯანაძემ _ 10,18%, მარგველაშვილს კი ამომრჩევლთა 62,11%-მა დაუჭირა მხარი.
შეცვლის თუ არა რამეს მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება? _ ამაზე მკითხაობა არ ღირს, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მარგველაშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, ქვეყნის განვითარებაზე კვალი ვერ დატოვა, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მეოთხე პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნებას ვულკანის ეფექტი არ ექნება!
გიორგი აბაშიძე