მამუკა გვაძაბია: „ქართული ოცნება“ ტყუილად ზეიმობს ტრამპის გამარჯვებას“
შორენა მარსაგიშვილი
რატომ უხარია „ქართულ ოცნებას“ ტრამპის გამარჯვება? შეიცვლება თუ არა აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? რა აქვს ჩვენს ქვეყანას ახლა მთავარი საზრუნავი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება დამოუკიდებელი ექსპერტი, მამუკა გვაძაბია:
_ ბატონო მამუკა, „ქართული ოცნება“ და რუსეთუმე ქართველები ტრამპის გამარჯვებით აღფრთოვანებულები არიან. თავად რუსები დიდად არ არიან გახარებულები. თქვენი აზრით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვლება რამე საქართველოში?
_ როდესაც ტრამპი პირველად აირჩიეს პრეზიდენტად, მაშინ ასეთი თამამი პროგნოზი გავაკეთე, რომ ტრამპი ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის შეიძლება ტრამპლინი გახდეს-მეთქი. ეს, რა თქმა უნდა, ლირიკული გადახვევა იყო. მსოფლიო პოლიტიკა და ჩვენი რეგიონი ისე არის აწეწილი ეს ბოლო წლებია, რომ აქ გამორიცხული და მოულოდნელი არაფერია. ამ მღვრიე წყალში, ხელისუფლება პრაგმატული და ეროვნული რომ გყავდეს, საკმაოდ მსუყე თევზის დაჭერა შეიძლება. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს კურსი შეიცვალოს. როცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ ვთქვი, რომ უცხო ქვეყნიდან შემოსული კაპიტალი ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტირების შეცვლას-მეთქი. ორიენტირი შეიცვალა კი არა, საერთოდ ზურგი აქციეს დასავლეთს. სიტყვით ორბანს და ფიცოს ჩაეხუტებიან, მაგრამ სინამდვილეში რუსულ საქმეს აკეთებენ.
_ ორბანიც და ფიცოც რუსეთი არიან და ამას არც მალავენ.
_ საქმეში ჩახედული ექსპერტები აცხადებენ, რომ ვიქტორ ორბანი არის პირდაპირ ФСБ-ს გადაბირებული პიროვნება. ეს ბევრჯერ ითქვა ხმამაღლა და არ არის ახალი ამბავი. ამ წრეში ტრიალმა საქართველო გაურკვეველ ვითარებაში ჩააყენა. პირადად ჩემთვის ყველაფერი გარკვეულია და არ მესმის იმ ხალხის, ვინც ამ ხელისუფლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცა. გეოპოლიტიკურად ისეთი ვითარება იქმნება, რომ აქ არაფერი გამორიცხული არ არის. ხელისუფლება არაფერს აკეთებს საქართველოსთვის.
ახლა რაც შეეხება ტრამპის არჩევას: ყველას ეცოდენება, რომ მეორე მსოფლიო ომამდე აშშ-ის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა იყო სულ სხვა. მათთვის მთავარი იყო ამერიკა, ამერიკის კონტინენტი და მოკავშირეები. ევროპისკენ ძალიან იშვიათად იხედებოდნენ. მეორე მსოფლიო ომმა ისეთი მოცემულობა შექმნა მსოფლიოში, რომ აშშ იძულებული იყო, ევროპისკენ გაეხედა. იმის შემდეგ 70 წელზე მეტია, ამერიკა არის ქოლგა ევროპისთვის. ევროპა ამას მიეჩვია და ეროვნული შემოსავლიდან 2%-საც კი არ იხდის თავდაცვაზე. ნატოს წევრები არიან და 1%-ს იხდიან. ამ თვალსაზრისით ტრამპი არის მართალი. ის ამბობს, რომ ამერიკის იმედზე არ უნდა იყვნენ ევროპის ქვეყნები, მათაც უნდა გამოიღონ ხელი და შექმნან თავდაცვის სისტემები. ვგულისხმობ ისეთი სისტემებს, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას რომ აღუდგება წინ, რომელიც ყველას საფრთხეს უქმნის. საერთოდ, ევროპაზე თავისი ჰეგემონია რომ გაავრცელოს რუსეთმა, ამით აშშ-ს დიდი არაფერი დააკლდება. გლობალური კუთხით თუ არ შევხედავთ, იქით არიან თავისთვის მყუდროდ. ყველამ კარგად ვიცით ამერიკელების მენტალიტეტი. ამერიკელს ის უფრო აინტერესებს, ბენზინი რა ეღირება შტატებში, ვიდრე რა ხდება უკრაინასა და საქართველოში. ეს ასეა და აქედან გამომდინარე მოქმედებს ყველა პრეზიდენტი. ეს პოპულისტი პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა მეორედ სათავეში. წლების წინ პირველი ვადით არჩეული ტრამპი ფინეთში მოდიოდა მოლაპარაკებებზე და იქ იკითხა, ფინეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოაო? იმდენად არ იყო მისთვის ეს ამბავი საინტერესო. რა მოხდება მომავალში, ძნელი სათქმელია. არაფერს გამოვრიცხავ. ის დანამდვილებით ვიცი, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს ხელისუფლება უკვე შეცვლილია.
_ რანაირად არის შეცვლილი?
_ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა ოპოზიციას მისცა ნდობის მანდატი. ამას იმაზე საუბარი არ უნდა, ვინ ვისი მომხრეა. ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, კარგს არაფერს ველოდები ამ ქვეყანაში. ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, როგორი ხელისუფლება ეყოლება ქვეყანას. ძალიან მკაფიოდ უნდა დავინახოთ ევროპელი პოლიტიკოსების ფაცი-ფუცი მას შემდეგ, რაც აშკარად დაინახეს მათ წინაშე არსებული საფრთხეები. ეს საფრთხე ევროპამ მას შემდეგ დაინახა, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ზოგიერთმა სამხედრო ბიუჯეტი გაზარდა და ა. შ.
_ ზემოთ თქვენ თქვით, რომ აშშ არის ევროპის ქოლგაო და ამ ეტაპზე უკრაინა ასრულებს ევროპის ქოლგის როლს. უკრაინელები თავისი სიმტკიცით და თავგანწირვით იცავენ არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ მთელ ევროპას.
_ რა თქმა უნდა. ტრამპის გამარჯვების შემდეგ ალაპარაკდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შესაძლოა, ევროპული ძალები ჩადგნენ. უკრაინამ უნიკალური შანსი მისცა ევროპას. ძალიან ბევრ უკრაინელს ვიცნობ და ვიცი მათი ხასიათი. ეს არის ძალიან მედგარი ხალხი და აბსოლუტურად განსხვავდებიან რუსებისგან. დღეს თუ რამეზე დგას ევროპის უსაფრთხოება, დგას უკრაინის თავგანწირვაზე. უკრაინა რომ დაცემულიყო, რუსეთის შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა ევროპის ქვეყნები. ზოგიერთი ნატოს ქვეყანა სულ არ აამოქმედებდა ნატოს მეხუთე მუხლს. არსებულმა რეალობამ გამოაფხიზლა ევროპა. ტრამპიც გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს ევროპას და მას ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები. უკრაინამ მოიტანა ის ამბავი, რომ სქართველოს მიეცა ევროკავშირში გაწევრიანების შანსი. კანდიდატის სტატუსი მივიღეთ! ამას ვერც კი წარმოვიდგენდით. გაყალბებული არჩევნების გამო ამას ვკარგავთ და ძალიან მიკვირს, რანაირად უჭერს მხარს ჩვენი მოსახლეობის ნაწილი კიდევ ამ ხელისუფლებას?
_ ტრამპზე რატომ ამყარებენ მეოცნებეები და მერუსეთეები ასეთ დიდ იმედს?
_ ამათი იდეოლოგია ხომ ოჯახური ღირებულებებია. ქოცებზე ნაკლებად ვის უყვარს ნეტავ თავისი ოჯახი საქართველოში. პირჯვარს იწერენ, დღეში ათჯერ ახსენებენ უფალს და ათი მცნებიდან ორიც კი არ იციან. ასეთი ფსევდოღირებულებების მატარებელი ხალხი გვეუბნება, რომ იცავს ტრადიციებსა და ღირებულებებს. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით ერთ ამბავს, ეს პატრიარქს აქვს ნათქვამი: _ ივანიშვილი ეკლესიას ისე უყურებს, როგორც ქვების წყობას და არანაირი მორწმუნე არ არის. მას, უბრალოდ, სჭირდება, ეკლესიების მშენებლობაში ფული ჩადოს.
ამერიკაში გაიმარჯვა ევანგელისტურმა ტალღამ, მაგრამ იქაც არიან პოპულისტები და მათ მისცეს ტრამპს ხმა.
_ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამერიკელებს დემოკრატების უნიათობაც ყელში ჰქონდათ ამოსული.
_ ასეა. ტრამპმა საერთო ამომრჩევლების ხმების მხოლოდ 20% მიიღო. არჩევნებზე რომ მოსულიყო დემოკრატების ყველა ამომრჩეველი, ტრამპი არჩევნებს ვერ მოიგებდა. დემოკრატების ბევრი მომხრე არ მივიდა არჩევნებზე. შგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპმა კი არ მოიგო არჩევნები, არამედ დემოკრატებმა წააგეს. ახლა ყველაფერს რესპუბლიკელები აკონტროლებენ და ეს არის სერიოზული განაცხადი. იმის იმედი მაქვს, რომ თანამდებობებზე ძალიან ღირსეული ადამიანები უნდა დაინიშნონ. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მოიაზრება მარკ რუბეო, „პენტაგონის“ ხელმძღვანელად _ მაიკ პომპეო. მათ ანტირუსული განწყობა აქვთ. პომპეო საქართველოში ტრამპის პირველი ვადის დროსაც იყო და გვახსოვს, რასაც ამბობდა ანაკლიის პორტის პროექტზე. „ქოცებმა“ ანაკლიის პროექტი აიღეს და პირდაპირ ჯიბეში ჩაუდეს ჩინეთს. ჩინეთი არის ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგე. ამერიკა ჩინეთს მოიაზრებს მთავარ მტრად და პირველი ტალღა იქნება ჩინეთის წინააღმდეგ. როცა ჩინეთის განეიტრალებაზე მიდგება საქმე, მაშინ რუსეთის დასუსტებას აღარ მოისურვებს ამერიკა. დასუსტებულ რუსეთს თუ ვინმე მიიერთებს, ეს, პირველ რიგში, იქნება ჩინეთი. აშშ-ს ეს არ უნდა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ რუსეთს ხელფეხი გაეხსნება, ძალიან ცდება. რაღაც ვაჭრობა დაიწყება. ტრამპს ექნება საუბარი ცალკე ზელენსკისთან და ცალკე _ პუტინთან.
_ დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ 6 ნოემბერს სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის დახმარება აღუთქვა.
_ ახლა 6 მილიარდის იარაღის მიწოდებაზეა საუბარი, როემლიც უკვე გადაწყვეტილია. ყველას არ უნდა რუსეთის უცაბედი დაშლა. დარწმუნებული ვარ, ამ ომს უკრაინა მოიგებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო იოლად დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.
ტყუილად ზეიმობენ ტრამპის გამარჯვებას. რისი იმედი აქვთ? ევროკავშირის სამიტზე კობახიძე პატარა ბავშვივით დააყენეს კუთხეში. მის მაგივრად მე შემრცხვა. იმედიანად ვარ განწყობილი. „ქოცების“ ჟრიამული ტრამპის გამარჯვებაზე არის უაზრო, თავის ამომრჩეველზეა გათვლილი. წარმოაჩენენ იმას, რომ აი, ტრამპიც ჩვენსავით აზროვნებს და ღირებულებებს იცავსო.