მამა პეტრე: „ღმერთმა კორონავირუსის განსაცდელი წარსაწყმედელად კი არა, რწმენაში გასაძლიერებლად მოგვივლინა!“
ქართველი ექიმების, განსაკუთრებით კი ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის თავდადების მიუხედავად, კორონავირუსმა საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში ამ ე. წ. მომაკვდინებელი ვირუსით რამდენიმე ადამიანი ერთბაშად დაინფიცირდა (ყველა მათგანს ან მოგზაურობის ისტორია აქვს, ან „კორონას“ რისკქვეყნიდან დაბრუნებულ თანამოქალაქესთან ჰქონდა კომუნიკაცია), ჩვენი უმაგრესი მედიკოსები აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და იმისთვის, რომ კორონავირუსმა არ წაგვლეკოს, საჭიროა, ელემენტარული ჰიგიენა დავიცვათ. ყველაფერ ამის პარალელურად, იმაზეც არ წყდება პოლემიკა, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ზიარების წესი უნდა შეცვალოს თუ არა? ამ თემაზე საკუთარი მოსაზრება აქვს მამა პეტრეს (კოლხი), ანუ ჩვენი რესპონდენტის თქმით, საეკლესიო რიტუალებისა და ადათ-წესების შეცვლა საჭირო არაა, რადგან ზიარების დროს ადამიანი ღმერთს მხოლოდ სულიერ კი არა, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც სთხოვს.
„ღმერთმა კორონავირუსის განსაცდელი კაცობრიობას წარსაწყმედელად კი არა, იმისთვის მოუვლინა, რომ რწმენაში გაძლიერდეს!“ _ ამბობს „ქრონიკა+“-სთან საუბრისას მამა პეტრე და იქვე დასძენს, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ანუ სასულიერო პირის განმარტებით, ზოგი ჭირი მარგებელი იმიტომაა, რომ ერმა, მინიმუმ, ხელების დაბანა ისწავლა! შეიძლება, ზოგს არ ესიამოვნოს, მაგრამ ფაქტია: ჩვენს ქვეყანაში ჰიგიენა, რბილად რომ ვთქვათ, დაბალ დონეზეა და კარგი იქნება, თუ კორონავირუსის შიშით მხოლოდ ხელების კი არა, ზოგადად, დაბანას ვისწავლით!
კიდევ ერთი საგანგაშო თემა, რომელზედაც მამა პეტრე ჩვენს გამოცემასთან ყურადღებას ამახვილებს, ბოლო დროს გახშირებული სისხლიანი ფემიციდის შემთხვევებია. ქმრების მიერ ცოლებზე ძალადობას მოძღვარი იმით ხსნის, რომ ოჯახები უსიყვარულოდ იქმნება და წყვილი ჯვარს მხოლოდ იმიტომ იწერს, რათა სოციალურ ქსელში ჯვრისწერაზე გადაღებული ფოტოები გამოფინოს ან, უკეთეს შემთხვევაში, მეზობელსა თუ ნათესავს თვალი აუხვიოს და არ ათქმევინოს, რა საწყალია, ვერ ოჯახდებაო. ანუ მამა პეტრეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ოჯახების შექმნას ხშირად ანგარება უდევს საფუძვლად. ცოლ-ქმარს თამაში მალე ბეზრდება და, საბოლოოდ, ოჯახური თანაცხოვრება ფატალურად მთავრდება.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს მამა პეტრესთან, რომლის წაკითხვაც მხოლოდ მორწმუნეებისა და ათეისტებისთვის კი არა, მათთვისაცაა რეკომენდებული, ვინც ეკლესიაში „მოდის გულისთვის“ დადის!
_ მამა პეტრე, ამ თემებზე ადრეც გვისაუბრია, მაგრამ ბოლო დროს ფემიციდის, ანუ ქმრების მიერ ცოლებზე ან ყოფილ ცოლებზე ძალადობის, უფრო კონკრეტულად, მკვლელობისა და დაჭრის ფაქტები გახშირდა. ამას გარდა, შვილები მშობლებზეც ძალადობენ. ყველაფერ ამას რით ხსნით?
_ კითხვის არსი მესმის, თუმცა კონკრეტული პასუხი არ არსებობს.
_ რატომ?
_ საზოგადოების ყველა ფენაში აგრესიის დონე იმდენად დიდი და არაადეკატურია, რომ იმის გათვალისწინება, რა დროს რა მოხდება, შეუძლებელია! ზოგადად, მხოლოდ სოციალური ფონი კი არა, ოჯახის წევრების ურთიერთობაც იმდენად მძიმეა, ყოველ დილით, როცა გვეღვიძება, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს ეკითხება, _ ვინ იქნება შემდეგი?
_ ანუ ძალადობის საბაბი მძიმე სოციალური ფონია?
_ არა მარტო.
_ აბა, კიდევ რა?
_ ადამიანის გაუწონასწორებელი მდგომარეობა და შინაგანი წინააღმდეგობა, ანუ ადამიანები ხშირად საკუთარ თავს არ უტყდებიან, რომ შინაგან ბრძოლებს გადიან. საბოლოოდ, ყველაფერი ეს აგრესიაში იზრდება და, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს აზარალებენ!
კიდევ ერთი რამაა აუცილებლად ხაზგასასმელი.
_ რა?
_ ნებისმიერი ოჯახი ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ოჯახების, დაახლოებით, 20% ეკლესიაში ჯვრის აყრის თხოვნით მოდის!
_ რატომ?
_ როგორც ყოველთვის, თქვენთან ინტერვიუში, ახლაც ძალიან გულწრფელი ვიქნები და პირდაპირ ვიტყვი: სულ მგონია, რომ საქართველოში ოჯახების უმეტესობა გარკვეული ინტერესის მიზნით იქმნება.
_ დააკონკრეტეთ: „გარკვეულ ინტერესში“ ფინანსურ და მატერიალურ ინტერესს გულისხმობთ?
_ არა მხოლოდ, ანუ ვიღაცას უნდა, რომ გათხოვილი ან ცოლიანი ერქვას! ამ მიზნით ოჯახის შექმნა შეიძლება, სხვა რაღაცების დასამალად გამოსავალი ჰგონიათ. ადამიანმა ბედნიერება თუ უბედურება, შეიძლება, რამდენიმე თვე ითამაშოს, მაგრამ მთელი ცხოვრება ვერ ითამაშებს, მით უმეტეს, როცა აღმსარებელი არაა. სხვათა შორის, ზოგი ოჯახს იმის გამოც ქმნის, რომ ეშინია, შინაბერა არ დაუძახონ, ანუ ისევ მუშაობს სტერეოტიპი _ „რას იტყვის ხალხი?“
ერთი სიტყვით, ჯვრის აყრის მოთხოვნისას უამრავი ფაქტორი არსებობს. შეიძლება, საზოგადოება ძალიან გაღიზიანდეს, მაგრამ მიხარია, რომ ამის თქმის საშუალება მეძლევა _ ხშირად ჯვარს იმის გამოც იწერენ, რომ ფოტოები გადაიღონ და შემდეგ ის სოციალურ ქსელში განათავსონ. სინამდვილეში წყვილების 90%-ს გააზრებულიც არ აქვს, რა არის მეუღლეობა, ჯვრისწერის საიდუმლოება და ლოცვები როგორ უნდა მოისმინოს.
_ ეს ხომ ფარისევლობაა, მამა პეტრე?
_ ცხადია, მეც ამას ვამბობ! დღეს ფარისევლობა ისეა მოჭარბებული, რომ შედეგსაც ვიმკით!
ზოგადად, ჯვრისწერა სიყვარულის გვირგვინია, მაგრამ, უმეტესად, ჯვარს ისე იწერენ და ოჯახსაც ისე ქმნიან, რომ ქალსა და ვაჟს ერთმანეთის მიმართ სიყვარული კი არა, მხოლოდ ანგარება აქვს! ანგარება მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა კი არა, ბევრი რამეა! ჯვრისწერიდან იმის ნახევარსაც ვერ იღებენ, რისი იმედიც აქვთ. ამიტომ თამაში ბეზრდებათ ან საყვარელს იჩენენ, ან, უარეს შემთხვევაში, ერთმანეთს კლავენ.
_ მაშასადამე, სალომე ზურაბიშვილს სიმართლე უთქვამს, როცა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშისას განაცხადა, ერი დეპრესიაშიაო?
_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვინ რა თქვა, მაგრამ ამ ნათქვამს ვეთანხმები!
_ ე. ი., თქვენ, როგორც სასულიერო პირი, აცხადებთ, რომ ერი დეპრესიაშია?
_ მოგეხსენებათ, ურთიერთობა ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს, მათ შორის, ემიგრაციასთან და გულახდილად რომ გითხრათ, ცხოვრებით კმაყოფილი და ბედნიერი ადამიანი იშვიათად შემხვედრია!
_ ამ დეპრესიას კი, ალბათ, კორონავირუსის პანიკაც ამძაფრებს, არა?
_ რა თქმა უნდა, თუმცა არ მგონია, ეს პანიკა იმასთან იყოს კავშირში, რომ მამაკაცები მეუღლეებს კლავენ! ეს ტრაგედიები ადრეც ხდებოდა და, ამ მხრივ, სამწუხაროდ, მხოლოდ წლევანდელი წელი არაა გამონაკლისი!
_ მამამ პეტრე, ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ, ანუ ფემიციდი ასე გავრცელებული არასოდეს ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, კომუნისტების დროს, ქმრები საკუთარი შვილების დედებს ასე ქათმებივით არ ხოცავდნენ. მსგავსი თითო-ოროლა ტრაგედია შესაძლოა, მაშინაც ხდებოდა, მაგრამ ალბათ, არ ხმაურდებოდა…
_ დიახ, ყველაფერი ეს ერთმანეთს სერიალივით მიეწყო.
არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ, ხორავას ქუჩის მკვლელობამდე, ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში თანაკლასელმა თანაკლასელი დაჭრა და ამის შემდეგ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ თბილისში კი არა, საქართველოს ყველა კუთხეში სკოლის მოსაწავლეები ერთმანეთს ცივი იარაღით ჭრიდნენ.
_ საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ ნეგატივის გაზრდაში გარკვეული როლი მედიასაც მიუძღვის?
_ ცხადია. ყველაფერ ამას ერთგვარი პიარი უკეთდება და ადამიანების წახალისება ხდება! შესაბამისად, მისთვის, ვისაც აგრესია აქვს დაგროვილი, მეორე ნახევრის მოკვლა თითქოს გამოსავალია, მაგრამ ეს ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ვერასოდეს გამოსწორდება!
აი, მაგალითად, ამას წინათ, თუ არ ვცდები, ჭიათურაში, ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ამ ფაქტს გამვლელებიც შეესწრნენ. ძალადობის მსხვერპლმა ქალბატონმა კი ერთ-ერთ მაღაზიას შეაფარა თავი.
_ ცემა რა მოსატანია, როცა ორი დღის წინ ხაშურში ყოფილმა ქმარმა ცოლი შუა ქუჩაში დაჭრა!
_ მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ოჯახების უმეტესობა ძალადობას განიცდის!
_ სამწუხაროდ, ბევრი ქალი მალავს, რომ ძალადობის მსხვერპლია.
_ დიახ, სამწუხაროდ, ასეა. ძალადობის მსხვერპლი ჩუმად იმიტომაა, რომ იმაზე ფიქრობს, მეზობლები და ნათესავები რას იტყვიან.
მეზობელებისა და ნათესავების შეხედულების მიხედვით არავინ უნდა იცხოვროს და საკუთარი შვილების მომავალი არ დაამახინჯოს!
_ მამა პეტრე, ეკლესია ამ ძალადობის, მინიმუმ, პრევენციისთვის რას აკეთებს?
_ ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ეკლესია ძალადობას არ ახალისებს! პირიქით, უწმინდესს არასოდეს უქადაგია, ცოლი არ გიყვარდეს და პატივი არ სცეო.
სხვათა შორის, პავლე მოციქულიც ამას გვასწავლის და სახარებაც, რომ ქმარმა ცოლი ისე უნდა შეიყვაროს, როგორც ქრისტემ ეკლესია შეიყვარა!
_ მომიტევეთ, მაგრამ, თავის დროზე, პატრიარქმა ცოლებს ისიც მოუწოდა, ქმრებს ფეხები უნდა დაბანოთო. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ფემიციდის ერთგვარი წახალისებაა.
_ არავითარ შემთხვევაში! იმასაც გააჩნია, პატრიარქის ამ ქადაგებას როგორ გავიგებთ.
_ როგორ უნდა გავიგოთ?
_ ქმრებს ფეხი დაბანეთო, რა, იმას ნიშნავს, რომ ქმარი ვალდებულია, ცოლი მოკლას?
_ ცხადია, ასე არაა, მაგრამ მამა პეტრე, ისიც ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების სერიოზული დეფიციტია და ადამიანების უმეტესობას მოსმენილიდან აზრის გამოტანა უჭირს!
_ ჰოდა, თუ ადამიანებს აღქმის უნარის პრობლემა აქვთ, რა მნიშვნელობა აქვს, პატრიარქი რას იტყვის?!
სხვათა შორის, უწმინდესმა ოჯახების სიმყარისთვის ბევრი რამ თქვა. აი, მაგალითად, ოჯახის სიწმინდის დღეც დააწესა, მაგრამ, ჩემი აზრით, ბევრმა ესეც ვერ გაიაზრა, თუ რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღე!
_ პირადად თქვენ ოჯახის სიწმინდის დღე როგორ გესმით?
_ პატრიარქის ეს მოწოდება ოჯახის სიმტკიცეს, გამყარებასა და, რა თქმა უნდა, სიყვარულით აგებულ ურთიერთობას ნიშნავს, მაგრამ საზოგადოების უმეტესობამ ისე გაიგო, რომ ამ დღეს, სხვების დასანახად, რუსთაველზე ხელიხელჩაკიდებულმა და ჩოხაში გამოწყობილმა უნდა გაიაროს და მასკარადი მოაწყოს! საღამოს კი, მეუღლეებიდან ერთ-ერთი, მნიშვნელობა არ აქვს, ცოლი თუ ქმარი, სხვასთან, ანუ საყვარელთან მიდის და დროს ატარებს!
ერთი სიტყვით, უნდა გავაანალიზოთ, რომ ოჯახის შექმნა მხოლოდ ჯვრისწერა და ბავშვების გაჩენა არაა! პირველ რიგში ის უნდა გვახსოვდეს, როცა ბავშვებს ვაჩენთ, ვალდებულნი მათ წინაშე ვართ და ჩვენს შვილებს, მინიმუმ, ფსიქიკა არ უნდა შევურყიოთ, კომპლექსები არ უნდა ჩამოვუყალიბოთ და მომავალ მოძალადეებად არ გავზარდოთ! ბავშვების სარკე ოჯახია, შესაბამისად, ისინი ზუსტად ისე ცხოვრობენ, რასაც ოჯახში ხედავენ! ყოველ შემთხვევაში, აგრესიასა და ძალადობას გულში იმარხავენ და არავინ იცის, ყველაფერი ეს როდის ამოხეთქავს!
ყველაფერ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ოჯახების შექმნის პროცესს აუცილებლად ეკლესია უნდა აკონტროლებდეს!
_ და ეს როგორ უნდა მოხდეს?
_ წყვილს რამდენად უყვარს ერთმანეთი და რამდენად მზადაა, რომ ჯვარი დაიწეროს და ოჯახი შექმნას!
ანგარებით და ხელოვნურად შექმნილი ოჯახები ყოველთვის დანგრევისთვისაა განწირული და, უარეს შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლოა, ფატალურადაც დამთავრდეს! დღეს სწორედ ამის შედეგს ვიმკით!
_ მამა პეტრე, საუბრის თემას ოდნავ შევცვლი და ისევ კორონავირუსის პანიკას დავუბრუნდები. თქვენი აზრით, ადამიანი, რომელსაც პანიკა აქვს, სუსტია?
_ რა თქმა უნდა!
_ ისეთი მორწმუნე ერი, როგორიც ჩვენ ვართ, პანიკამ რატომ მოიცვა?
_ აქედანაც ჩანს, რომ ჩვენი მორწმუნეობა შირმა, ფარისევლური და ფასადურია! ადამიანს, რომელსაც ღმერთის სწამს, როგორ შეიძლება, ნებისმიერი ტიპის ვირუსის ეშინოდეს?
ეკლესია და ღმერთი, ცხადია, მედიკამენტებსა და მკურნალობას არ გამორიცხავს, მაგრამ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითომ მორწმუნეების მხრიდან ხდება, არიქა, კორონავირუსი ბოლოს მოგვიღებსო, მხოლოდ ჩვენს მცირედმორწმუნეობას კი არა, ურწმუნოებას უსვამს ხაზს!
_ სხვათა შორის, ცნობილია, რომ პატრიარქი ეფრემი ქოლერამ იმსხვერპლა. ასე რომ, კორონავირუსის შიში, თუნდაც მორწმუნეებისთვის, მგონი, მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოს.
_ ჩვენ დაზღვეულნი არაფრისგან ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რწმენა უნდა შეგვერყეს და უიმედობასა თუ სასოწარკვეთას უნდა მივეცეთ, პირიქით!
_ კერძოდ?
_ სახარებიდან ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 12 წლის განმავლობაში დედაკაცი უმძიმესი სენით _ სისხლდენით იყო დაავადებული, მაგრამ ქრისტეს რომ მიუახლოვდა და მის პერანგს შეეხო, განიკურნა. ქრისტემ მოციქულებს ჰკითხა, _ ვინ შემეხოო? უპასუხეს, _ მოძღვარო, შენ გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებს და რა ვიცით, ვინ შეგეხოო. ქრისტემ ისევ იკითხა, _ სხვანაირი შეხება ვიგრძენი და რწმენით ვინ შემეხოო? ეს დედაკაცი შეშინებული მიუტრიალდა, თითქოს რამე დააშავა და უთხრა, _ მე შეგეხეთო. ქრისტემ უპასუხა, _ შენმა სარწმუნოებამ და რწმენამ გადაგარჩინა და გიხსნაო!
_ ანუ, მამა პეტრე, იმ აზრისკენ იხრებით, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო ზიარების წესი არ უნდა შეიცვალოს და ბარძიმი მრევლმა კვლავ ერთი კოვზიდან უნდა მიიღოს, არა?
_ ამაზე ჩემი პასუხი მაქვს.
_ და ეს პასუხი როგორია?
_ როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის და ზიარებას, ანუ ქრისტეს სისხლსა და ხორცს იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავის წიაღში ქრისტეს უშვებს. თუ მოზიარე ადამიანი სვამს კითხვას, _ არ შეიძლება, ზიარებაზე ჩემი კოვზით მივიდეო? ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ზიარება სამკურნალო და ჭეშმარიტებასთან ზიარების აქტი არ არის.
მოკლედ, ასეთი ადამიანისთვის ზიარება ფარისევლობა, რაღაც პროცესია, რომელიც თავისი პატივმოყვარეობისა თუ რელიგიური წარმოდგენების გამო უნდა გაიაროს და აქედან გამომდინარე, თანახმაა, რელიგიური წეს-ჩვეულებებიც უარყოს და სიახლეები შემოიტანოს!
ჩვენ იმისთვის ვეზიარებით, რომ განვიკურნოთ და ზიარების შემდეგ ვამბობთ კიდეც, _ საკურნებლად სულისა და ხორცისაო. ამ ნათქვამის საპასუხოდ, მაზიარებელი ეუბნება, _ სადიდებლად უფლისაო.
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ თუ რწმენა არ გვექნება, რომ ზიარების შემდეგ უკეთესად ვიქნებით, მაშინ ზიარებასა და, ასევე, ზიარების რიგში დგომას რა აზრი აქვს?
დიახ, ზიარების დროს ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ღმერთს ჩვენი მხოლოდ სულიერი კი არა, ხორციელი განკურნებაც შეუძლია!
_ მამა პეტრე, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ურთიერთობა ბევრ ადამიანთან გაქვთ. პირდაპირ გკითხავთ და პირდაპირ მიპასუხეთ: როგორც ადამიანს, კორონავირუსის არ გეშინიათ?
_ სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ საბერძნეთიდან დავბრუნდი, სადაც ემიგრაციას შევხვდი, მათ შორის, იტალიიდან ჩამოსულ ქართველებსაც… საჯარო გამოსვლები მქონდა და კორონავირუსზე აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, იქაც იყო, მაგრამ ჩვენს ემიგრანტებსაც ვუთხარი და ახლაც გავიმეორებ:
ქრისტე გვეუბნება, შენს თავზე თმის ღერიც კი დათვლილია და შემთხვევით არაფერი მოხდებაო.
_ უკაცრავად, ეს იმ კითხვასთან, რომელიც დაგისვით, რა კავშირშია?
_ თუ უფალმა ის იცის, რომ ჩემს თავზე თმის ღერები დათვლილია, ანუ ჩემი სიცოცხლე უფალზეა დამოკიდებული და მასზე ვარ მინდობილი, რა მნიშვნელობა აქვს, კორონავირუსი მომიღებს ბოლოს თუ ავტოკატასტროფაში მოვყვები?
ჩემთვის მთავარი და ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ ღვთის შიში არ გამიქრეს და ღმერთი არ დავკარგო!
_ ეს მესმის, მაგრამ ჰიგიენის ელემენტარული პირობები ხომ უნდა დავიცვათ?
_ მოდით, ასე ვთქვათ: ზოგი ჭირი მარგებელია!
_ ანუ?
_ ერმა, მინიმუმ, ხელის დაბანა დაიწყო!
სხვათა შორის, წლების განმავლობაში პატრიარქმა ჰიგიენაზე არაერთხელ იქადაგა. როგორ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერზე მიგითითოს და გიკარნახოს, თუ როგორ უნდა იცხოვრო?! როგორ შეიძლება, შენმა არაჰიგიენურობამ შენ გვერდით მყოფი ადამიანი შეაწუხოს? მინიმუმ, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენ გვერდით ყოფნა სხვას არ ეუხერხულებოდეს! კორონავირუსი იქით იყოს და, ადამიანმა თავის მოვლა უნდა ისწავლოს!
_ ე. ი., ეკლესიების დეზინფექცია საჭირო არაა?
_ არავითარ შემთხვევაში!
ეკლესიების გაწმენდა მარხვით, ზიარებით, ლოცვითა და ნაკურთხი წყლით ხდება. ნაკურთხ წყალზე მეტი ძალა ერთ ქიმიურ წამალსაც არ გააჩნია! თუ ამის რწმენა არ გვაქვს და ვითხოვთ, რომ ეკლესიებში დეზინფექცია ჩავატაროთ, მაშინ ასეთმა ადამიანებმა ეკლესიებში სიარული შეწყვიტონ, მუზეუმებში იარონ და ფოტოები იქ გადაიღონ!
_ მამა პეტრე, ჩვენი ქვეყანა ამ განსაცდელს გაუძლებს?
_ ეს განსაცდელი იმისთვისაცაა, რომ რწმენაში გავძლიერდეთ!
_ და გავძლიერდებით?
_ აუცილებლად! ის, ვინც რწმენაშია, განსაცდელის დროს უფრო მყარდება და ძლიერდება! ასე იყო, მაგალითად, რომის იმპერიის დროს, როცა მართლმადიდებლობა იდევნებოდა _ მაშინ მართლმადიდებლობას უფრო მეტი ადამიანი შეემატა, ვიდრე _ სხვა დროს!
ღმერთმა ეს განსაცდელი კაცობრიობას წარსაწყმედელად კი არა, იმისთვის მოუვლინა, რომ რწმენაში გაძლიერდეს!
მაცხოვარი სახარებაში გვეუბნება, თუ მარცვლისოდენა რწმენა გექნება, მთას რომ უთხრა, გადადექი, გადადგებაო.
მოკლედ, თუ იმის რწმენა არ გვაქვს, რომ ღმერთის გვჯეროდეს, მაშინ ეკლესიაში ვივლით თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ანუ შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი შეიცვლება!
_ ისე, მამა პეტრე, საბერძნეთიდან რომ დაბრუნდით, აეროპორტში კორონავირუსზე თუ შეგამოწმეს?
_ დიახ, შემამოწმეს, მაგრამ არაფერი აღმომაჩნდა.
თუ ვინმეს რამე სიმპტომი აღმოაჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, შერცხვეს და ღმერთს მიენდოს, ღმერთო, შენ მიშველეო. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერმა ადამიანმა მედიკოსებს უნდა მიმართოს, რათა საფრთხეში მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, გარშემომყოფებიც არ ჩააგდოს!
გიორგი აბაშიძე