მამა ნაზარ ბასილაია: „დღე არ გავა, სამღვდელოებამ რამე სიშტერე არ გამოავლინოს საჯაროდ“
მამა ნაზარ ბასილაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რა გვიქნა გაზულუქებამ, დაუმსახურებელმა პატივმა და დიდებამ
ეკლესიის გაჯანსაღების დასაწყებად ყველაფერი კეთდება.
მალე, ჩვენივე დიდი მონდომებით:
1. მღვდლობა არ იქნება პატივი;
2. შეგვიწყდება დაფინანსება;
3. მღვდელი არ ისარგებლებს სახელმწიფო სამსახურების კეთილდღეობით და არც ერთ სტრუქტურაში უპირატესობით.
ძალაუფლების, ფინანსებისა და გავლენების შემცირების შემდეგ ეკლესიაში დარჩებიან ენთუზიაზმით და ქრისტეს დიდი სიყვარულით მოსული ადამიანები.
დღე არ გავა, სამღვდელოებამ რამე სიშტერე არ გამოავლინოს საჯაროდ. შემდეგ მიდის გათეთრების უსუსური კამპანია სლოგანებით: „ეკლესიას ებრძვიან!“
ვინ გვებრძვის? ჩვენვე ვებრძვით საკუთარ თავს…
გაუნათლებლობა, გაუმაძღრობა, განლაღება…
სასაცილო დღეში ვართ.
გავიხსენოთ მე-20 საუკუნის დასაწყისი. მაშინ გვყავდა წმინდა მოღვაწეები, რატომ? სწორედ მაშინ იყო დევნა!!!
ახლა იმდენად „ღრმა ქრისტიანები“ აღმოვჩნდით, თითოეულ სიუჟეტზე (რომელიც არ მოგვწონს) აჟიოტაჟს ვტეხთ, – ეს რა გვაკადრესო?!.
ქრისტე დაგვავიწყდა…
დაგვავიწყდა, რომ ქრისტიანობა დევნილთა რელიგიაა…
ჩვენ ჩვენი რწმენისთვის უპირატესობას ვითხოვთ საზოგადოებაში და ჩვენივე უსუსურობის გადასაფარავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას ვებღაუჭებით!!!
ქვეყანა ყოვლადწმიდა ქალწულს ჩავაბარეთ, ერი კი ხან ერთ, ხან – მეორე ბელადს…
ხოლო საკუთარი პასუხისმგებლობა სინდისთან ერთად მტკვარს გავატანეთ…“, – წერს მამა ნაზარ ბასილაია.