მამა გურამ ოთხოზორია: „პრობლემები ჩვენი გაუნათლებლობის გამო გვექმნება!“

„შეუძლებელია, ადამიანმა არ სცოდოს, მაგრამ ტრაგედია ეს სულაც არ არის. ისე, იმასაც გააჩნია, ცოდვაში რას ვგულისხმობთ. ცოდვა აცდენაა. ამიტომ სანამ ფიზიკურ სხეულში ვართ, ნელ-ნელა, გამოცდილებით მივდივართ ნაკლები ცდომისკენ. მოდით, განვიხილოთ „ცოდვის“ სინონიმი „ნაკლი“. ნაკლი და ცოდვა, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, ნაკლისგან იწარმოება ნაკლებობა. შესაბამისად, თავისთავად ნაკლი არც არსებობს იმიტომ, რომ ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ნაკლია, ანუ ნაკლებია, ვიდრე უნაკლო. შესაბამისად, შინაგანად, ბუნებით, ანუ რისკენაც მივდივარ, ვარ უნაკლო, მაგრამ ჯერჯერობით სანამ არ ვარ დასრულებული, მაქვს ნაკლი, რაც ბუნებრივია იმიტომ, რომ ჯერ არ ვარ დასრულებული, მაგრამ როდესაც დავსრულდები, ნაკლისთვის ადგილი არ დარჩება.

ძველად გაღუნულ ლურსმანს ვასწორებდით ჩაქუჩით და რამდენჯერმე ვიყენებდით უკვე გამოყენებულს. გაღუნული რას ნიშნავს? _ იმას, რაც სწორი არ არის, თორემ მაშინ საიდან იცი, რომ გაღუნულია?!

მოკლედ, როდესაც ჩაქუჩს ურტყამ, ამით რას აკეთებ? _ ასწორებ, ანუ აკლებ სიმრუდეს. აქედან გამომდინარე, შენ, ადამიანს, რატომ გინდა, რომ დღესვე იყოს გასწორებული?!
ასე რომ, სულაც, არ არის დიდი ტრაგედია, ამჩნევდე, რომ მთლად სწორი, ანუ უნაკლო არ ხარ. სამაგიეროდ, უნდა გიხაროდეს, რომ მიდიხარ სისწორისკენ.

მაგალითად, ლეღვი სანამ არ დამწიფდება, არ იჭმევა, მაგრამ ერთ დღესაც მიხვალ და ტკბილია. მკვახე ბალსა და ტყემალს ვერც გაარჩევ ერთმანეთისგან, მაგრამ ტყემალი ტყემლად რჩება, ბალს კი ცოტა ხნის შემდეგ ჯერ სიწითლე შეეპარება, შემდეგ _ სირბილე და ბოლოს, _ სიტკბო იმიტომ, რომ ეს პროცესია.

თუ შენ მიწას ამუშავებ _ ხნავ, ბარავ, რატომ ელი, რომ უცებ გახვიდე ბოლოში?! ნუთუ, იმის გამო, რომ რასაც შენ ხატავ, ჯერ უსახურია და რაკი დაუსრულებელია, ცუდია?! ან თუ პირველივე დარტყმისთანავე დავითის ქანდაკება ვერ მიიღო მიქელნჯელომ, ამის გამო უნდა დამწუხრებულიყო?!
იქნებ, ის ტკბებოდა პროცესით იმიტომ, რომ დავითის ქანდაკება გამოსდიოდა?! რატომ გინდა, რომ დღესვე იყო სრული?!

არადა, უკვე სრული ხარ ღმერთში და ამას აუცილებლად მიაღწევ. ამიტომ ყოველდღე დატკბი ამ სისრულისკენ სვლით. ვერც ჩაქუჩის ერთი დარტყმით გაასწორებ ლურსმანს და მიქელანჯელომაც ბევრი იწვალა, რომ დავითი გამოსვლოდა, მაგრამ რამდენი სიხარული იყო იმ წვალებაში?!
მიქელანჯელოს სიტყვებია: „დავითს ქვისგან კი არ ვჭრიდი, არამედ, ვათავისუფლებდიო“. დავითი შიგნით ჰყავდა და სანამ ქვაში არ მიიღო, რაც შიგნით ჰყავდა, არ გაჩერდა.

ჩვენც, ადამიანებს, შიგნით გვყავს ჩვენი სისრულე, ჩვენი კაცი – ქრისტე! პროექტი გვაქვს, მაგრამ ის პროექტი ჯერ ნახაზია და მოდით, ყოველდღიურად მიიღე სიამოვნება, ჯერ ააშენე საძირკველი, ამოიყვანე კედლები, მოაპირკეთე ფასადი, ჩამოკიდე ჭაღი, დადგი სავარძლები, ტახტი და ბოლოს, ჩამოჯექი იმ შენს სახლში. დღესვე თუ არ ხარ იმ სასახლის დედოფალი და მეფე, ამას განიცდი?!“ _ ამ სიტყვების ავტორი მოძღვარი გურამ ოთხოზორიაა, რომელსაც „ქრონიკა+“ იმის შესახებ ესაუბრა, თუ რატომ მძლავრობს მორწმუნე ადამიანებში აგრესია.

_ მამა გურამ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მრევლის რაოდენობა იზრდება, პარალელურად, ძალადობაც მატულობს. მორწმუნეები მოძალადეები რატომ ხდებიან?

_ საუბარი იქიდან უნდა დავიწყოთ, თუ რა მოხდა 90-იან წლებში.

_ რა მოხდა?

_ როცა საბჭოთა სივრცეს გამოვეყავით, იდეოლოგია გჭირდებოდა, რომლითაც ერთიანობას შევინარჩუნებდით. ყველაფერი ეს ძალიან უცბად მოხდა და, როგორც იტყვიან, ფიქრისთვის დროც კი არ გქვონდა.
წარმოიდგინეთ, 70 წლის განმავლობაში თაობები _ მეც და, საერთოდ, ყველა ათეიზმით იყო გაჟღენთილი, რაც ნორმა გახლდათ და ამ დროს ახალი რეალობის წინაშე დავდექით. ასეთ დროს ჩვენი ქვაკუთხედი, რომელზედაც დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა დამდგარიყო, ბუნებრივია, ჩვენი წინაპრების მართლმადიდებლური მრწამსი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, წინაპრების წყვეტა ძალიან დიდი იყო.

_ ანუ?

_ წინაპრების მართლმადიდებლურ მრწამსთან წყვეტა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში კი არ დაიწყო, არამედ, დასრულდა.

_ რას გულისხმობთ, მამა გურამ?

_ რევოლუცია უკვე არსებული ურწმუნოებისა და ათეიზმის შედეგი იყო.

_ დიდი ოქტომბრის რევოლუციას გულისხმობთ, არა?

_ დიახ. სხვათა შორის, რევოლუციონერებიდან ძალიან ბევრი, სტალინიდან დაწყებული, ქართველი გახლდათ და ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ათეიზმი უკვე პიკზე იყო ასული.

_ ისე, მხოლოდ სტალინს კი არა, თითქმის ყველა რევოლუციონერს განათლება სასულიერო სემინარიაში ჰქონდა მიღებული.

_ რამდენიმე წლის წინ გორში სტალინის სახლ-მუზეუმში ვიყავი და მისი ჩანაწერებიდან ციტატა ამოვიწერე: იმის გამო, რომ სისასტიკე და უსამართლობა იყო გამეფებული, სემინარია პროტესტის ნიშნად დავტოვე და მარქსისტი გავხდი, რადგან სიმართლე მარქსიზმში მეძებნაო.
მოკლედ, 200 წელია, რუსეთის შემოტევაა. მანამდე კი, ბიზანტიის დაცემის შემდეგ, ჩვენს ევროპულ განათლებას მოვწყდით. ევროპაში სახარება მე-15-16 საუკუნეებში ითარგმნა. ჩვენ კი რელიგიურ ცოდნას მოვწყდით, ჯერ თურქებსა და სპარსელებთან ბრძოლაში ვიყავით. შემდეგ, ჯერ მეფის რუსეთმა შეგვიშალა ხელი, მერე კი 70-წლიანმა ათეიზმმა ყველაფერი საერთოდ გადაშალა. მართალია, ხსოვნა არსებობდა, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ხსოვნა ხსოვნადვე დარჩა!
მოკლედ, რღვევა მოხდა.

_ რისი რღვევა?

_ იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მიზანი ქრისტე ყოფილიყო და ეკლესია, სიცოცხლეს ესაზრდოებინა, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დროშა და იდეოლოგია გამოვიყენეთ. როცა ქრისტეს ერი ერთიანობის დროშად იყენებს აი, სწორედ აქ ხდება დარღვევა, ანუ შიგნით გარდაქმნა არ მოხდა და სხვა სისტემას ვუპირისპირდებით _ ევროპას, საბჭოთა კავშირსა და მართლმადიდებლობაში ათეიზმის იდეოლოგია გადმოდის.

_ უფრო კონკრეტულად?

_ როგორც საბჭოთა კავშირი იყო ჩაკეტილი სისტემა და უცხოურ იდეოლოგიას უპირისპირდებოდა, კაპიტალისტები ცუდები არიანო და მტრებიო, ზუსტად იგივე გადმოდის ახლა ეკლესიაში.
იმის ნაცვლად, რომ ქრისტიანობა ღია საზოგადოება იყოს და თავისი რწმენით, ცხოვრებით, სიყვარულითა და სიხარულით ყველას აუწყებდეს, ჩავიკეტეთ და ყველაფერ უცხოს გამოვლენის მიმართ აგრესიულები გავხდით, რათა ეს მოდელი გადაგვრეჩინა.
შიგნით ქრისტე რწმენით არაა მიღებული…

_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ როგორც ვიცი, კანიბალიზმში მსჯავრდადებულის მოძღვარი ხართ. ჰოდა, ამიხსენით: მორწმუნე ადამიანი, რომელიც მუდამ პირჯვარს იწერს და ყოველ წუთს ღმერთს ახსენებს, აგრესიული რატომ ხდება და ძალადობის სურვილი რატომ უჩნდება?

_ ვანო, ქრისტიანობა საიდან იწყება?

_ საიდან?

_ მონა ღვთისა, ვთქვათ, იოანე ან გურამი ნათელს იღებს, ანუ საუბარია შინაგან ნათელზე და მკვდრეთით აღდგება.
ჩვენთან კი ბავშვის მონათვლა ტრადიციითა და ინერციით ხდება _ ბავშვებს ისე ნთლავენ, რომ საერთოდ აზრზე არ არიან. გასაგებია, რომ მამებმა ეს დაუშვეს, მაგრამ იმის გამო, რომ ეკლესია იყო ნათელღებული და ეს ბავშვზეც გადადიოდა. დღეს კი რა ხდება?

_ რა ხდება?

_ ნათლისღების დროს ბავშვზე ნათელი არ გადადის, ანუ მართლმადიდებელი კი არის, მაგრამ ნათლობის შემდეგ მასში ცვლილება არ ხდება _ ინერციით ინათლება და სინამვდილეში, ისევ წარმართია!
ამიტომაც საქართველოში 80 პროცენტი ნომინალურად მართლმადიდებელია _ ნათლისღების საიდუმლო აღსრულებულია, მაგრამ ცხოვრება წარმართულია იმიტომ, რომ წეღანდელი თქმისა არ იყოს, შინაგანი ცვლილება არ მომხდარა და გარეგანი ცხოვრებაც არ გვაქვს.
ერთი სიტყვით, დიდი სინანული გვჭირდება, რათა ნათელი მოვიდეს!
ბოროტება თითოეულ ჩვენგანში უნდა მოისპოს! თუკი ქრისტეს ჯვარცმის ბოროტება ჩემში არ მოისპო, ანუ მკვდრეთით თუ არ აღვდექი, როგორ შევძლებ, რომ ბოროტება სხვა ადამიანებში ჩავკლა? _ ეს აბსურდია და ეს პროცესი კრახით დამთავრდება! ამის გაკეთება დიდმა იმპერიებმაც ვერ შეძლეს.
გვინდა, რომ საქართველო აღორძინებული და ძლიერი იყოს, მაგრამ ამას ვერ ვაღწევთ, რაგან ნათელი არ გვაქვს. ამიტომაც ფიზიკურ აგრესიაზე გადავდივართ, რაც არასწორია, ანუ მიუხედავად იმისა, რომ სიკეთეც გვინდა და პატრიოტიზმიც, უარესს შედეგს ვიღებთ!

_ მამა გურამ, ნათელი როგორ უნდა მივიღოთ, ანუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ იგივე ბავშვებს მოდის გამო არ ვნათლავდეთ.

_ ამისთვის მოწოდებაა საჭირო.

_ რა მოწოდება?

_ ჩვენი _ ეკლესიის, მღვდელმსახურებისა და უფრო მაღალი იერარქების, ანუ როგორც ებრაელ ხალხში ხდებოდა, როცა მტერი მოდიოდა, ამას მღვდელმთავრები გრძნობდნენ და თავზე არც ნაცარს იყრიდნენ და არც თავს იმართლდებდნენ, აი, ჩვენ მაგრები ვართო. პირიქით.

_ პირიქით რა?

_ ერემია წინასაწარმეტყველი ხაროში იმის გამო ჩააგდეს, რომ წინასწარმეტყველებდა, ტაძარი დაინგრევაო. მღვდელმთავრებმა ვერ გაუგეს, მაგრამ მართლაც, ისე მოხდა, როგორც იწინასწარმეტყველა. ის ამბობდა, ღმერთმა მიწა ადამიანს მისცა, რადგან წმინდა მიწა კი არა, ადამიანია.
თუ ადამიანებში ცოცხალი რწმენა არ იქნება, მაშინ ეს ტაძარი განულდებაო და ასეც მოხდა.
მოკლედ, სხვებს კი არ უნდა დავაბრალოთ, მტრები გარედან მოდიან, საქართველო იტანჯება და ეკლესიას ებრძვიანო. რომც ებრძოლონ, თუ ეკლესია თავის ადგილზეა, პირიქით, ის დამარცხდება, ვინც ებრძვის, რადგან ეკლესია ქრისტეს სხეულია.
იმ პრობლემებს უნდა ჩავუღრმავდეთ, რომლებიც ქრისტეში კი არა, ჩვენში ადამიანურადაა. დიახ, სინანული გვჭირდება!
ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ პრობლემები ჩვენი გაუნათლებლობის გამო გვექმნება!
საერთოდ, ნახეთ, რამდენჯერ მოხდა _ ჯერ წმინდა ნინო შემოვიდა, მერე _ ასურელი მამები.

_ ამით რისი თქმა გინდათ?

_ განახლებაა საჭირო.
ის ქვეყანა, რომელსაც ახლა შევნატრით, დავით აღმაშენებელს ხმლით კი არ შეუქმნია.

_ აბა, რით შექმნა?

_ ცნობიერებით, თორემ ხმალი სახელმწიფოს როგორ შექმნის?
მოკლედ, ვთქვათ, რომ პრობლემა ჩვენშია და როცა ნამდვილი სინანული გვექნება და სულიერი ფერიცვალება მოხდება, ჩვენი მდგომარეობაც აი, სწორედ მაშინ შეიცვლება!

_ მამა გურამ, ეგებ, პრობლემა ისაცაა, რომ მართლმადიდებლობას ქართველობასთან ვაიგივებთ. სინამდვილეში კი რელიგიას ეროვნება არ აქვს.

_ წეღან ხომ ვთქვით, რომ მართლმადიდებლობა იდეოლოგიად ვაქციეთ-მეთქი.

_ დიახ, თქვით…

_ პირველი არის ქართველი ერი. ამ დროს კი ახალ რეალობაში ვართ…
ქრისტე მიწიერი არ არის და ყველასთვის, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს _ ქართველი იქნება თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნათელი იყოს.
იცით, აბო თბილელი მუსლიმანობიდან ქრისტეს რჯულზე რატომ მოიქცა?

_ რატომ?

_ ნერსე ერისთავს გამოჰყვა და მისი ცხოვრება რომ ნახა, მოიქცა. ვერაფერი ძალა, თუ ჩვენ გარშემო ურწმუნოება და ათეიზმი იქნება, ადამიანს ვერ მოაქცევს!
მოკლედ, პირველი ეროვნულობა კი არა, ქრისტეს სხეულად გარდაქმნაა და ამ შემთხვევაში, ადამიანის ეთნოსს მნიშვნელობა არ აქვს _ რუსია, ებრაელია თუ სომეხი.
თუ ქრისტეს ჯვარცმულ სხეულს ვაჩვენებთ, ჩვენთან ცხოვრება სხვებსაც მოუნდებათ…

_ ბოლოს, მამა გურამ, თუ დავაკვირდებით, მრევლმა ქართველი წმინდანდების შესახებ არაფერი იცის, სამაგიეროდ, რუსი წმინდანები ერთობ პოპულარულები არიან. ამას რით ხსნით?

_ პრობლემა ისაა, რომ რუსული გავლენებისგან განთავისუფლებულები არ ვართ.
90-იან წლებში, კერძოდ, 1990 წელს, მოსკოვში ალექსანდრე ნენი მოკლეს.

_ ალექსანდრე ნენი ვინ იყო?

_ უაღრესად განათლებული ცნობილი მღვდელი გახლდათ. მისი მკვლელობის შემდეგ რუსეთი ნენის განმანათლებლობის გზით არ წავიდა.

ნენის სიკვდილი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენთანაც უფრო მკაცრი მართლმადიდებლობა შემოვიდა რუსული აქცენტებით.

კარგად მახსოვს, 90-იან წლებში საქართველოში ისეთი უმკაცრესი ასკეტური მართლმადიდებლობა იყო, რომ გაყინულ ტაძრებში მრევლი მუხლისჩოქებზე იდგა, ანუ განათლება უკან დარჩა და ყველაფერი ჩაიკეტა.

შესაბამისად, იმის დომინირება მოხდა, რომ მართლმადიდებლობა მკურნალების რელიგიაა. არადა, ქრისტიანობა სპონტანური სიცოცხლეა და არა _ დაზეპირებული ცნებები.
აი, სწორედ ამ გავლენებისგან უნდა გავთავისუფლდეთ.
საერთოდ, ქართველში სილაღე ბუნებითაა. ბოლოს და ბოლოს, „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანა ვართ და სწორედ ეს გვჭირდება!

საერთოდ, მამების სწავლებით, ღმერთი თავის თავში უსასრულო შესაძლებლობებითაა მიუწვდომელი, ჩვენ კი არარაობისგან ვართ შექმნილნი. ჩვენ ღმერთმა მოგვისურვა. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ღმერთზე, ვინც ჩვენამდე იყო, ყველაფერი ვიცოდეთ. რა იყო ღმერთის სურვილი, როდესაც ადამიანს თავის ხატად ქმნიდა (ყველაფერი დანარჩენი ადამიანისთვის შეიქმნა)? _ რომ ყოფილიყო ღმერთის სისავსის, სიკეთის მიმღები, მაგრამ ეს სიკეთე რომ ნამდვილი იყოს, მე უნდა მქონდეს მისი მიღების შესაძლებლობა, ანუ მექანიკურად, რობოტივით კი არ უნდა ვიღებდე, არამედ, ჩემი ნებით, მოსურნებით და აი, ეს არის ნამდვილი სიკეთე.

და რატომაა კერპი ცუდი, ანუ რატომ გვიშლის ხელს? _ ღმერთს აქვს აურაცხელი შესაძლებლობა, შენ კი ადამიანი ხარ, ღვთის ხატი, ანუ გაქვს უნარი, უსასრულოდ მიემსგავსო მას და შეიცნო, მაგრამ მაინც ღმერთის ერთ სახეს აკერპებ, მაგალითად, აღიარებ, როგორც ყოვლად ძლიერს ან ყოვლად მოწყალეს ან მატერიაში სიკეთის მომცემს. ასეთ შემთხვევაში, რჩები ბავშვობაში და არ ვითარდები.
ებრაელები წარმართებს „გოებს“ უწოდებდნენ და აქედან მოდის სიტყვა „გოიმიც“. „გოი“ იყო ის, ვინც ჯადოვდებოდა ღმერთის ერთი რომელიმე მატერიალური გამოვლინებით, მაგალითად, მზით, მთვარით… როდესაც რაღაც ერთი კონკრეტულის იქით ვერ მაღლდები, რათა ის სრულყოფილი ერთი დაინახო, რომელშიც უსასრულო მრავალფეროვნება და შესაძლებლობებია, ვერ გაიზრდები და განღმრთობის უნარსაც დაკარგავ. გამდინარე უნდა იყო, რომ უფრო და უფრო მეტი შეიცნო, რათა ღმერთამდე ამაღლდე. კერპი ერთ ადგილას გაჩერებაა. კი არ მიდიხარ, არამედ, კერპდები: მაგრდები მიწაზე, აშენებ სახლს, იცავ თავს, რითაც გამოეყოფი იმ სრულყოფილსა და მრავალფეროვან ერთს, ამიტომაც ბიბლიაში, „ახალ აღთქმაშიც“, მორწმუნეები იწოდებიან მომთაბარეებად, მესაქონლეებად, მწყემსებად. მწყემსი მიჰყვება ცხვარს, რომელიც მოიძოვს ერთ ადგილს და შემდეგ გადადის ახალი საძოვრებისკენ. შესაბამისად, მწყემსი ვერასდროს ააშენებს სახლს, ამიტომ ცხოვრობს კარავში, დროებით თავშესაფარში, რომელსაც აკეცავს და სხვაგან წაიღებს, ვინაიდან მან იცის, რომ იმ სანახებს ცხვრები მალე მოიძოვენ და სხვაგან წავლენ. რა არის „ცხვრები“? _ ჩვენი აზრები, ფიქრები, მოდრეკილებები, რომლებიც ძოვენ, ანუ მატერიით იკვებებიან, მაგრამ რომ მოიბალახებს, ჩემმა გონებამ ახალი საძოვარი უნდა იპოვოს.

ჩვენ ვართ მოხეტიალეები… არ ვართ აქაურები და აი, ესაა გზაში ყოფნა, ე. ი., კერპებისგან განთავისუფლება. ამდენად, მიწათმოქმედი კერპთაყვანისმცემელია იმიტომ, რომ ერთ ადგილს ემსახურება. ამის სიმბოლოა ეგვიპტე, ებრაელები კი მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდნენ. ამიტომ ერთად არც კი ჭამდნენ.

ეგვიპტელები ნილოსის გასწვრივ სახლობდნენ. მყარი სტრუქტურა ჰქონდათ შექმნილი და ესაა, სწორედ, კერპი – წრეზე ტრიალებ და გარღვევა ვერ ხდება; იბადები, იზრდები, მრავლდები, ბერდები, კვდები. აი, ეს წრე გაარღვია მოსემ, როდესაც კვერთხი გადააგდო, რომელიც გველად იქცა. ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავიხსენებ: როდესაც მოსე ღმერთს ეკითხება, რა ვუთხრა ებრაელებს, ვინ გამომგზავნა მათთან, ჩვენამდე მოსულ კლასიკურ თარგმანებში წერია: მე ვარ, რომელიც ვარ და ის გაგზავნის; ქრისტეც იმავეს იმეორებს: მე ვარ! მაგრამ ორიგინალში სხვანაირად წერია: მე ვიქნები ის, რომელიც ვიქნები. რას ნიშნავს ეს? რომ მე ვარ უსასრულო შესაძლებლობა, ანუ მე ვხდები ის, ვინც მინდა, რომ ვიყო, ეს კი დაუსრულებელი გზაა და არა გაყინული – ვარ! რაც ადამიანში ბიოლოგიურია: დაბადება, ზრდა, ჭამა, გამრავლება, თუნდაც, კარიერა – საშუალებებია. მიზანი სულ სხვაა – იმ ერთისკენ სვლა. როგორ ვიცხოვროთ არათუ ადამიანმა, ცხოველმაც იცის, მაგრამ მთავარი კითხვაა: რისთვის ვიცხოვრო? თუ ადამიანი კერპებში ჩაიკეტება, მაშინ მას დაენგრევა ისიც, რაც აქვს და იმიტომაც ისჯებოდნენ ძალიან მკაცრად კერპთაყვანისმცემლობის გამო, რომ მატერიას არ მოეჯადოებინა ადამიანი.

როდესაც ადამიანი ინერციით აზროვნებს, ის მისიაზე არ ფიქრობს – აგერაა ხილული, ლამაზი სამყარო, სავსე უამრავი სიამოვნების წყაროთი, მაგრამ რატომაა ეს საშიში? იმიტომ, რომ ამის ბოლო სიკვდილია. როდესაც ფიზიკური სხეული მოკვდება და შიდა სხეული, რაც მატერიის მიღმაა, აშენებული არაა, რა რჩება?! ჯოჯოხეთი! იმიტომაც მოგვცა ღმერთმა მეორე მცნება, რომ არ გვშთანთქას მატერიამ და არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მისიაა მუდმივი გზა უსასრულო შესაძლებლობების გავლით იმ ერთისკენ, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველაფერს.

ვანო პავლიაშვილი