ლია მუხაშავრია: „ღარიბაშვილის გაპრემიერება ივანიშვილის ბოღმიანი ნაბიჯია“

საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მეორედ მოსვლის ახალი სერია დაიწყო. მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრ გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა, მმართველმა გუნდმა დაჩქარებული წესით მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის დაბრუნება ოპონენტებისთვის იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ შექმილ კრიზისში აგრესიულ პოლიტიკას ირჩევს.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ამჯერად უკვე ხელისუფლების მიმართ მკაცრი და შეცვლილი რიტორიკით გამოეხმაურა დასავლეთი.

რა მოელის ღარიბაშვილის ხელში ნიკა მელიას? როგორ აისახება დასავლეთის გზავნილები ქვეყნის შიგნით არსებულ კრიზისზე? როგორ უნდა იმოქმედოს ამ მოცემულობაში ოპოზიციამ?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ წევრ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

_ რაზე მეტყველებს ასეთ პოლიტიკურ მოცემულობაში გიორგი გახარიას მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება?
_ პოზიტიურად უნდა შევაფასოთ გახარიას გადაწყვეტილება, რადგან ხელისუფლება რომ ყველაზე ნაკლებად აცნობიერებდა ღრმა კრიზისში ქვეყნის არსებობას, ეს თვალსაჩინო იყო მათი ქცევიდან, გადაწყვეტილებებიდან, განცხადებებიდან გამომდინარე და გახარიას გადადგომამ ეს გამოავლინა, მგონი, მათაც ცოტათი მაინც თვალი აუხილა. თუ ბოლომდე ვერ ხვდებიან, ის მაინც გააცნობიერეს, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული კრიზისია, რადგან ეს უდავო გარემოებაა, როცა პრემიერი გადადგება და მთავრობა აღარ ჰყავს ქვეყანას. ამიტომ ეს პოზიტიური მოვლენაა. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ გახარია ყველაზე უკეთ იყო ინფორმირებული და საღად აფასებდა შექმნილ ვითარებას, მან ამჯობინა წასულიყო და თავი გადაერჩინა, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ „ქართულ ოცნებას“ დიდი დღე არ უწერია და გახარიამ თავისი გადადგომით, შესაძლოა, ასევე ნაწილობრივ მოინანია 20 ივნისის დანაშაული, რაც ისტორიულად მას და მის შთამომავლებს, ალბათ, გაჰყვება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში არსებული ღრმა კრიზისი გახარიამ ყველაზე კარგად გააცნობიერა. მისი გადადგომის შემდეგ პრემიერობის კანდიდატად ღარიბაშვილი წარგვიდგინეს. მისი პრემიერობა ამ კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს?
_ რა თქმა უნდა. მეტიც: ცეცხლზე ნავთის დასხმაა, როდესაც ღარიბაშვილისნაირ ადამიანს დაასახელებ პრემიერობის კანდიდატად. დღეს შექმნილ ძალიან მძიმე ვითარებასა და კრიზისში, ამ სიტუაციიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელია გაცილებით უფრო დიპლომატიური, მოქნილი და მოაზროვნე პრემიერი, რომელიც ისეთ მთავრობას შემოგვთავაზებს, სადაც პროფესიონალები, ძალიან კვალლიფიციური ადამიანები იმუშავებენ, რადგან საითაც გავიხედავთ, ყველგან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, სახელმწიფოს საქმიანობის ყველა სფეროში. აქედან გამოსვლა კი ურთულესი ამოცანაა. ამ ვითარებაში ჭკვიანი ადამიანი პრემიერობას მაინცდამაინც არ დახარბდებოდა. ახლა პრემიერის წინაშე შეუძლებელი ამოცანებია გადასაწყვეტი. ის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს შექმნილ ვითარებას, ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ ასე სწრაფად, ხელაღებით ღარიბაშვილი შემოგვთავაზეს პრემიერად.
_ პრემიერობის კანდიდატად ღარიბაშვილის დასახელება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა და ის გადაწყვეტილებებს კულისებიდან იღებს?
_ კულისებზე უფრო მგონია, რომ ივანიშვილი ახლა სუფლიორის ორმოში ზის და იქიდან კარნახობს, ვინ რა უნდა გააკეთოს. მაშინ, როცა სცენაზე მდგომ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ ნანახი არც სცენა და არც რეჟისორი. ამიტომ ის, რომ ასე უცაბედად მოხდა ღარიბაშვილის შემოთავაზება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის განკარგულებაა. გახარიას გადადგომამ ადამიანური გარემოება დამანახა, _ 18 თებერვალს, როცა ის გადადგა, ივანიშვილის დაბადების დღე იყო. ივანიშვილის დაბადების დღისთვის გახარიას მხრიდან ასეთი მოულოდნელი გადადგომის გადაწყვეტილება გარკვეული შურისძიებაა იმისთვის, რაც მას ცოდვის აღებისა და წარუმატებელი შრომისთვის შეხვდა „ქართული ოცნებისა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილისგან. ამიტომ ვთქვი, რომ გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, ნაწილობრივ, 20 ივნისის ამბების მონანიება იყო. რაც შეეხება ივანიშვილს, ის არსადაც არ წასულა. მას ძალიან სჭირდება, რომ დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს დაანახოს, თითქოს, წავიდა. იმდენად წავიდა პოლიტიკიდან, რომ გამოაცხადა, ტელეფონსაც არ ავიღებო. ამას ჩვენში არავინ იჯერებს და ჩვენზე უფრო გამოცდილი ანალიტიკოსები დაიჯერებენ? განსაკუთრებით გასული კვირის მოვლენებს თუ გავიხსენებთ. „ქართულ ოცნებაში“ ხომ შეეძლოთ, ერთი დღე მაინც დაეცადათ და არ გამოეცხადებინათ ზუსტად 1 საათში, რომ არ ვართ, ბატონო, გახარიას გადადგომით შეშინებულები და ძალიან მალე დავასახელებთ ახალ პრემიერსო. ე. ი. ასეთ ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასე იოლად ვერ უნდა იღებდეს ახალი პრემიერის შერჩევის გადაწყვეტილებას, თუ ამას ისინი მართლა თვითონ აკეთებენ. ერთი საღამო მაინც უნდა დაგჭირდეს ადამიანს, რომ რამდენიმე ვარიანტი მაინც გაიაზრო და საუკეთესო შეარჩიო გუნდთან ერთად. ეს, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ, ასეთი სულსწრაფობაც კი არის უტყუარი მტკიცებულება, რომ სუფლიორის ორმოში ზის ივანიშვილი და იქიდან დირიჟორის ჯოხსაც იქნევს და ყველა სიტყვასაც კარნახობს.
_ გახარიას ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილება და თქვენი თქმით, გარკვეული შურისძიება ივანიშვილის მიმართ ხომ არ ნიშნავს, რომ მას გარკვეული პოლიტიკური გეგმა შეიძლება ჰქონდეს? მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ მას ჰყავს საკუთარი პოლიტიკური გუნდი, როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოში.
_ მეც მქონდა ასეთი ვარაუდი, ვიდრე არ მოვისმინე ქალბატონი მაია ცქიტიშვილის წასვლის შესახებ. ჩემთვის და ალბათ, ყველასთვის აშკარა იყო, რომ ეს იყო ქალბატონი მაიას პირადი გადაწყვეტილება, თან იმ განცხადების ფონზე, რომელიც მან გააკეთა და თქვა, რომ 15 წელია იცნობს ღარიბაშვილს, ანუ ვივარაუდოთ, რომ ჩვენზე უკეთ იცის, რა ხისტი და მძიმე კაცია ის სათანამშრომლოდ. გარდა ამისა, ქალბატონ მაიას უკვე 5 პრემიერთან მოუსწრია უკვე თანამშრომლობა, ძალიან კარგად შეუძლია განჭვრიტოს, რა მოელის მას და მის სამინისტროს ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში. მისი წასვლა, პირიქით, მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, გახარია დღეს უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეც აღარ არის, რადგან მჯერა, რომ ადამიანზე ძალიან მძიმედ იმოქმედებდა 20 ივნისის მოვლენა, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა _ ეს ძალიან მძიმე ადამიანური ტრაგედიაა, რომელიც არ შეიძლება, გულზე დაღად არ დაგრჩეს. პატარა ქვეყანა ვართ, სადაც ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ეს ისეთი დანაშაულია, მერე რა, რომ სასამართლომ ამისთვის არაფერი მიუსაჯა და მერე რა, რომ ამისთვის კიდევ უფრო დააწინაურეს? ეს ძალიან ცინიკურ სიტუაციას ქმნის და უფრო მეტად ამძიმებს ალბათ გულის სიღრმეში ადამიანის დანაშაულის განცდას. არ მგონია, გახარიას ეს გრძნობა არ ჰქონოდა. ის არ იყო ისეთი ხისტი, როგორიც სხვები არიან, რომლებიც ყველანაირ აზრს ისხლეტენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ გახარიასგან მომავალში არ უნდა მოველოდოთ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას, რადგან მან ისეთი მძიმე განსაცდელები გადაიტანა და ასევე ისეთი მძიმე იარლიყით წავიდა, რომ ყველაზე მეტად ახლა მას სჭირდება, რაც შეიძლება შორს დაიჭიროს თავი პოლიტიკისგნ და საერთოდ ამ ქვეყნისგან. ვფიქრობ, რომ პირადად გახარიას, მის შვილებსა და შვილიშვილებსაც კი, ეს გაჰყვება ძალიან ცუდ ნიშნად მთელი ცხოვრება. მათ საქართველოში ასე იოლად გადაადგილება არ შეეძლებათ. ისინი ყოველთვის შეეცდებიან, შორს იყვნენ ამ ქვეყნისგან. მინახავს წინა დღეს გადამდგარი ძალიან ბევრი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი თბილისში, ვერაზე, სადაც ვცხოვრობდი და გამკვირვებია, რადგან ჩვენთან თანამდებობიდან წასვლა არ ხდება ისე, რომ მერე მობრუნდე და ღირსეულად დაიკავო უფრო მაღალი ადგილი. ჩემი აზრით, გახარია თვითონაც დანაშაულის განცდით წავიდა და თვალთხარიას რომ დაგიძახებს ხალხი, ეს ადამიანური ტრაგედიაა. ეს ისეთი დამღაა, რომელიც მას მთელი დარჩენილი ცხოვრება აიძულებს, პოლიტიკისკენ საერთოდ არ ქნას პირი. თანაც მისი გადადგომის თარიღი, ივანიშვილის დაბადების დღე და ის ვითარება, რომელშიც ეს გადაწყვეტილება მართლაც დამოუკიდებლად და ყველასთან შეუთანხმებლად მიიღო, სწორედ მაფიქრებინებს, რომ ის „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არასდროს გაეკარგება, თუმცა ვნახოთ. მგონი, ის აღარ აპირებს, ივანიშვილის რამე განკარგულება შეასრულოს და მომავალში მისი რამე თამაში ითამაშოს.
_ მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი ოფიციალურად დაიკავებს პრემიერის პოსტს, რა მოელის ნიკა მელიას, რა შესაძლო სცენარით განვითარდება მოვლენები?
_ ღარიბაშვილის ნაჩქარევად წინ წამოწევის ამბავმა მაფიქრებინა, _ ეს არის სწორედ, ივანიშვილის ბოღმიანი ნაბიჯი, რათა მელიას დაემუქროს და შეაშინოს. ეს სრულიად გაუაზრებლად არის გაკეთებული, მაგრამ მელიას დაპატიმრების საკითხი უკვე არც ივანიშვილის და არც ღარიბაშვილის საქმე აღარ გახლავთ, რადგან 19 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით გაჟღერებულმა ინფორმაციამ (რომელიც არ დადასტურდა) მაფიქრებინა, რომ პრემიერის გადადგომა არ არის მხოლოდ ჩემი, თქვენი და ამ ქვეყნის მოქალაქეების სადარდებელი. ამაზე ჩვენზე უფრო მეტად, ალბათ, დარდობენ ბრიუსელში, ვაშინგტონში, მოსკოვში, ანკარასა და სხვა დედაქალაქებში, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში რა მიმართულებით წავა პოლიტიკური ცხოვრება და მოვლენების განვითარება. ვფიქრობ, გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თამარ ჟვანია მიდის ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტიდან, უფრო მოდის ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან, რადგან ქართველმა ამომრჩეველმა გამოხატა ნება, _ მერე რა, რომ თქვენ ვიღაცების მანდატები აღიარეთ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვჯერა და ოპოზიციაც არ შედის პარლამენტში, _ ამ ფაქტორს საზოგადოების ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს. ყველა ოპოზიციური პარტია ისე გაერთიანდა, რაც ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მთელი ოპოზიციური ისტემბლიშმენტი და მათი ლიდერები იყვნენ და აპირებდნენ ფიზიკურად დაეცვათ მელია დაპატიმრებისგან. ეს არის ძალიან ცხადი სიგნალი დასავლეთისთვის და მათი რჩევები ოპოზიციის მისამართით ფუჭია: პარლამენტში შედით, იქ იდებატეთ, პოლიტიკური ოპოზიციის განსახორციელებლად პარლამენტია საუკეთესო ადგილიო. ახლა დასავლეთში დაინახეს, რომ საქმე მთლად ისე ვერ არის, როგორც ისინი ხედავენ თავიანთი ოფისებიდან ან თავიანთი ქვეყნის გამოცდილებიდან. მათ დაინახეს, რომ ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული ვითარებაა და განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღება იმ გამოცილდილების გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს. ეს გამოცდილება საკმაოდ უნიკალურია, დაჩაგრული ქვეყნის, რომელმაც ახლა დამოუკიდებლობა მოიოპოვა, მაგრამ მთლად კარგად არ იცის, რა გზას დაადგეს. ასეთ ვითარებაში, ჩვენი აშკარად გამოხატული ნება, რომ ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ყველასთვის ანგარიშგასაწევია. ამიტომ ახლა კეთილს ინებებენ ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზსა და სხვაგანაც შეეცდებიან, ანგარიში გაუწიონ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, მოსაზრებებს და იქიდან შიშველი ინსტრუქციები არ გამოგვიგზავნონ. ასევე ეცდებიან, რომ აქ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და სამოქალაქო ომისკენ (ძალიან არ მინდა, ეს სიტყვა ვიხმარო) მიმავალ ნაბიჯებს, რომელსაც აშკარად ხელისუფლება დგამს, ხელი შეუშალონ. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მხოლოდ ჩვენი ინტერესი არ არის, არამედ ეს არის ძალიან ბევრი ჩვენი კეთილისმყოფელის ინტერესი, რაც ძალიან სასარგებლოა მთლიანად ქვეყნისთვის. ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ როცა კერძო კონფლიქტია ორ ადამიანს შორის, იქ მოსამართლე გააჩინოს და კონფლიქტი ჩააქროს, ხელისუფლება კი პირიქით _ საზოგადოების უკიდურესს პოლარიზაციას ახდენს, ქვეყანას ყოფს ორ ნაწილად და ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს. აბა, სხვა რა არის ასეთი განცხადებები: „დაგამთავრებთ და გაგაქრობთ“, თან ამას თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომელსაც ერთი ბრძანებით შეუძლია ტანკების, ქვემეხებისა და თვითმფრინავების გამოყვანა, ეს ხომ სიძულვილის ენაზე გაცილებით მძიმე განცხადებებია. როცა უმაღლესი თანამდებობის პირები ისე, რომ მელიასთვის განაჩენი არც იყო გამოტანილი, ამბობდნენ, მელია გადატრიალების ორგანიზატორია და შტურმით იღებდა პარლამენტსო, _ სულ რომ არ ყოფილიყო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების დადგენილება, მათი ეს განცხადებები უკვე პოლიტიკური დევნის აშკარა ნიშანი იყო. ამ ხალხს თავგზა აქვს დაკარგული და წონასწორობიდან არის გამოსული. ასეთი ხელისუფლების ხელში ქვეყნის დატოვება არა მხოლოდ მოქალაქეებისთვისაა საშიში და სახიფათო. გავიხსენოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები, რომელმაც რეგიონული წონასწორობა დაარღვია, მისი ქმედებები აზერბაიჯანთან მიმართებით, დავითგარეჯის შესახებ განცხადებები, _ იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესაქმნელად იყოს მიმართული და რეგიონულ წონასწორობას ხელი შეუწყოს, სრულიად საპირისპიროდ იქცევა. ასეთ ვითარებაში ეს ემთხვევა ჩვენი ოპოზიციის განსაზღვრულ დამოკიდებულებას და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან სერიოზული ინტერესის საგანია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, _ ამის ყველა ნიშანი სახეზეა. ამიტომ მგონია, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმე ბოლო წვეთი, კატალიზატორი იყო ფიალაში და ეს უგუნურება ასე არ დაუმთავრდება „ქართულ ოცნებას“. მან სრულად გაიხადა ტანსაცმელი და აბსოლუტურად შიშველია. ეს შიშველი „ქართული ოცნება“ ძალიან საშიშია საკუთარი თავისთვის, ამ ქვეყნისთვის და, საერთოდ, სამყაროსთვის.
_ ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიცვალა დასავლეთის რიტორიკა გასულ კვირას. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად“. ეს პოზიციები უფრო მეტად გვაახლოვებს თუ არა რიგგარეშე არჩევნებთან და ამ პროცესებში რა უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ?
_ ძალიან რთული ვითარებაა. ერთი მხრივ, არ მჯერა, რომ ხელისუფლების მხარეს ლიდერებს ეყოფათ გონიერება, ზუსტად აღიქვან და დროულად ჰქონდეთ რეაგირება იმ შეტყობინებებსა და გზავნილებზე, რაც მოვიდა გასულ კვირას. ეს დრო, რომელიც მათ ჭკუაზე მოსაყვანად არის საჭირო, ძალიან სახიფათო პერიოდი გამოდის. ამ დროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქცენტი უნდა გავაკეთოთ ოპოზიციაზე, რომელიც ახლა კი არის ერთ მუშტად შეკრული, მაგრამ მაინცდამაინც მკაფიოდ ვერ გვეუბნება, რას მოიმოქმედებს. გახარიას გადადგომამ გეომეტრიული პროგრესიით დააჩქარა ხელახალი არჩევნების საკითხი, რადგან ახლა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც ძალიან ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და ამგვარად საშველი დაგვადგეს. ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი, ვიდრე ხელახალი არჩევნების საკითხი გადაწყდება და დაიწყება, სახიფათოა, ამიტომ ძალიან მინდა, რომ ოპოზიციას აღმოაჩნდეს საკმარისი გონიერება, შორსმჭვრეტელობა და ყველაზე ნაკლებად წამოეგოს პროვოკაციებზე. ასევე ნაკლებად გამოიყენონ რაიმე ძალადობასთან დაკავშირებული ქმედება. მეტიც: ახლა ოპოზიცია უნდა იყოს მონოლითური, იმდენად, რომ ფორმალურადაც ერთი საარჩევნო სუბიექტისა და კოალიციის სახელით გამოვიდეს არჩევნებზე. ოპოზიციას უკვე მკაფიო სია უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, რომელიც საუკეთესო კანდიდატებით იქნება დაკომლექტებული და კიდევ უფრო შორსაც უნდა წავიდეს _ ჩრდილოვანი მთავრობაც უნდა ჰყავდეს, რომელიც ასევე საუკეთესო კანდიდატებით დაკომპლექტდება, რომ საზოგადოებას დაანახოს, რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა მას ხმა და რატომ უნდა დაუჭიროს ძალიან დიდი უმრავლესობით მხარი. მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ ეყოლება მომხრეები ან მოსყიდულები ან დაშინებულები. ამის გაკეთება ძალიან რთულია, როდესაც ნერვები ყველას უკიდურესად დაძაბული, დაჭიმული აქვს და მელია ფიზიკურად არის დასაცავი, მაგრამ ეს მაინც გასაკეთებელია. რაც უფრო შორს წავა ამ საქმეში ოპოზიცია, მით უფრო დიდია მისი გამარჯვებისა და უფრო მეტი რიცხვით პარლამენტში ადგილების დაკავების შანსი.
_ საუბრის ბოლოს, რამეს ხომ არ დაამატებდით?
_ გულში ვლოცულობ, ახლა მართლა ვართ იმ სიტუაციაში, როცა იმის იმედად დავრჩით, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, ეს ძალიან მძიმე განცდაა. 1988 წლიდან მოყოლებული, ყველა აქციასა და მანიფესტაციაში ვმონაწილეობდი, სტუდენტი ვიყავი მაშინ და ამ ყველაფერმა ჩემ თვალწინ ჩაიარა. ამ ხნის მანძილზე იმდენი უგუნურება ვნახე, ძალიან გული მტკივა. ჩვენ უზარმაზარი შანსი გვქონდა, ნახტომები გაგვეკეთებინა ქვეყნის, სახელმწიფოს განვითარების ყველა მიმართულებით, _ ეს შანსი ხელიდან გავუშვით. ქვეყანა დაცარიელდა. ახლა სოფელში ვცხოვრობ და თქვენ რომ აქ გაიაროთ, ნახავთ, რომ სამიდან ორი სახლი დაკეტილია, ქვეყანა ადამიანებისგანაა დაცლილი და ეს მიწა, სამოთხის ნაწილი, ადამიანებისთვის საუკეთესო საცხოვრისია! ეს ხომ ანომალიაა, რომ ამ ქვეყნის შვილები მას ტოვებენ და მიდიან სადღაც უბედურებაში, რომ ორი კაპიკი იშოვონ. ახლა, საერთოდ, უზარმაზარი, გლობალური, დედამიწის ოდენა ცვლილებები ხდება და ჩვენ თუ ვერ ავუღეთ ალღო მოვლენებს და სწორად ვერ ვიმოქმედეთ, დიდი შანსი გვაქვს, საერთოდ გავქრეთ. ამის ძალიან მეშინია და მინდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს. ამიტომ ვთქვი და პირველი ეს გამახსენდა, _ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ და იქნებ, ღვთისმშობელმა გვიშველოს და გადაგვარჩინოს, თორემ ვინც უნდა გვიშველოს, პირიქით _ უბედურება მოაქვს.

ნენე ინჯგია