ლელა ჯეჯელავა: „ქართულ პოლიტიკაში გავრილოვის აჩრდილი დადის!“
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი საპროკურორო და მართლმსაჯულების სისტემები.
„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენების გამო. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომელიც შედეგად მოიტანს დაძაბული ვითარების მეტ ესკალაციასა და ძალადობას.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ ერთგულება, მართლმსაჯულებისა და საპროკურორო სისტემების პოლიტიკური მიკერძოებისგან განთავისუფლების გზით.
ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან, როგორც მოკავშირესთან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს“, _ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც მიმდინარე წლის 19 თებერვლით თარიღდება.
ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით ქართველი ექსპერტები და ანალიტიკოსებიც შეშფოთებული არიან.
აი, მაგალითად, „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა, მიიჩნევს, რომ „ქარნი ხორშაკი და წყალნი მავნებელნი“ გველის. ამასთან, „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი ვარაუდობს, რომ შემდეგი, ვინც შესაძლოა, „ოცნების“ შიდა დაპირისპირებას შეეწიროს, თბილისის მერი კახა კალაძე იქნება.
„მოკლედ, რა გველის? როგორც ცურტაველი იტყოდა: ქარნი ხორშაკი და წყალნი მავნებელნი (ცხადია პოლიტიკური) და პრემიერი დღემოკლედ ცხორებული (პოლიტიკურად), თუკი ჩვენ არ დავმღიერდებით…
შემდეგი გაჩერება _ კალაძე! ფრთხილად, კარები იკეტება! სათითაოდ გამოდით, კარში არავინ მოყვეთ. კედელზე მიწოლაც არ შეიძლება, გვირაბში არ აღმოჩნდეთ!.. კეთილი სიზმრები“, _ დაწერა ლელა ჯეჯელავამ სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
საერთოდ, „ოცნებას“ „მეორედმოსვლები“ უყვარს, რასაც „კახელების კარტელის“ ხელმეორედ აღზევების მცდელობაც ადასტურებს, თუმცა საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ ეს აღზევება დღენაკლული იქნება და ძალაუფლებას მხოლოდ „კახელების კლანი“ კი არა, თავად „ოცნებაც“ მალე დაემშვიდობება.
ისე, პოლიტიკაში სიმბოლოები ძალიან მნიშვნელოვანია. ჰოდა, ალბათ, ისიც სიმბოლურია, რომ ივანიშვილის გუნდის მმართველობის სათავეებთან ღარიბაშვილი იდგა და ამ გუნდის პოლიტიკურ რეკვიემსაც სწორედ ეს ადამიანი შეასრულებს…
სხვათა შორის, გულწრფელები თუ ვიქნებით, ის ქართული ანდაზა უნდა გავიხსენოთ, თაგვმა კატა რომ გამოთხარა. დიახ, „ოცნებამ“ თავად „გაიჩალიჩა“ _ „გავრილოვის ღამე“ გაიხსენა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიაზე შტურმი ხელახლა მიიტანა. მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ლელა ჯეჯელავა „ყველაზე უგუნურს“ უწოდებს. სხვათა შორის, ჩვენი რესპონდენტი ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მელიას თემა გააქტიურდებოდა, საჯაროდ აცხადებდა, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური პროცესები განვითარდებოდა, რომელიც ეკლესიას მიებმებოდა და ეს პროგნოზი გამართლდა, ანუ პრემიერი ხდება ღარიბაშვილი, რომელიც საპატრიარქოსთან დაახლოებულად მიიჩნევა და რომელიც ე. წ. ნაციონალურ იდეებზე თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს, რომ თავად ეროვნულ ღირებულებებს იცავს, ოპოზიცია კი _ არც მეტი, არც ნაკლები _ დასავლეთის აგენტურაა. ყველაფერი ეს კი, პირდაპირ თუ ირიბად, რუსული სცენარის შთაბეჭდილებას ქმნის. ყოველ შემთხვევაში, ჩრდილოეთის მმართველი იქაურ ოპოზიციას დასავლეთისგან მართულად მიიჩნევს.
მოკლედ, სიტყვა რომ აღარ გაგვიგრძელდეს, გთავაზობთ ინტერვიუს ლელა ჯეჯელავასთან, რომელიც ბევრ საინტერესო მინიშნებას აკეთებს:
_ ქალბატონო ლელა, მართალია, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა და საქმე პრემიერის გადადგომამდეც მივიდა, მაგრამ მაინც მოსამართლის განაჩენი შევაფასოთ, ანუ ამით „ოცნება“ დიქტატურის დამყარებას შეეცადა?
_ შეიძლება, დიქტატურის დამყარების მცდელობა იყო და ვინმეს ასეთი განზრახვაც ჰქონდა, მაგრამ არ მგონია, რომ ეს დიქტატურის დამყარების შესაძლებლობას იძლეოდეს, ანუ მელიას მიმართ, ცხადია, პოლიტიკური დევნაა და ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციონერის პოლიტიკური დევნა გასაგებია, თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერ ამით „ოცნებამ“ პოლიტიკური დევნა საკუთარ თავს დაუწესა.
_ რატომ?
_ მელიას დაპატიმრება ყველაზე უგუნური და არარაციონალური გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც ხელისუფლებას შეეძლო! საერთოდ, „გავრილოვის საქმის“ განახლება „ოცნებისთვის“ ყველაზე წამგებიანია.
_ არ მგონია, ასე იყოს. ყოველ შემთხვევაში, „ოცნება“ ამტკიცებს, გავრილოვი საქართველოში ელენე ხოშტარიამ ჩამოიყვანაო…
_ იმ პროტოკოლზე, რომელიც გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმასა და მისთვის წითელი ხალიჩის დაფენას ითვალისწინებდა, ხოშტარიას არ მოუწერია ხელი. ეს პროტოკოლი გავრილოვის ჩამოსვლამდე კარგა ხნით ადრე იყო გაწერილი და მასზე ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი. კობახიძე საქართველოში იმ ადამიანს, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული, ვერ შემოუშვებდა და ამით კანონის დამრღვევი თავად ვერ გახდებოდა. მოკლედ, დღეს საინტერესო აღარავისთვისაა, ხელისუფლება რას ამბობს, რადგან ის ყველა გონივრულ ზღვარს გასცდა.
ამასთან, მომსახურების ზონიდან თავად სახელმწიფოც გასულია, რადგან ამ ქვეყანას იმის ნიშანწყალი აღარ ეტყობა, რომ სახელმწფოა!
ყველაფერ აქედან გამომდინარე, „ოცნებისთვის“ გავრილოვის საქართველოში ვიზიტი ის შავი ლაქაა, რომელსაც ვერასოდეს ჩამოირეცხავს და ისტორიაში თუ რამით შევა, სწორედ ეს ფაქტი იქნება!
ამ საქმის მაშინ განახლება, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ცდილობდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე დაეთანხმებინა, თვალსაჩინოს ხდის, რომ თავად ხელისუფლება არაა დაინტერესებული, პოლიტიკური პროცესი პოლიტიკურ კალაპოტში გადავიდეს, ანუ პროცესის ქუჩაში დარჩენას და მისთვის უფრო მძაფრი ფორმის მიცემას „ოცნება“ უბიძგებს.
ისე, სანამ ხელისუფლება ამ „ბრძნულ“ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ოპოზიციურ ფლანგზე საკმაო დაბნეულობა შეინიშნებოდა და ისეთი პროცესი ვითარდებოდა, რომელიც ოპოზიციის მდგომარეობასა და რენომეს მაინცდამაინც კარგად არ წარმოაჩენდა.
_ რას გულისხმობთ, ქალბატონო ლელა?
_ თითქოს ერთიანობა იშლებოდა და ოპოზიცია ერთმანეთში „საქმეს არკვევდა“, ანუ პოლიტიკური პროცესი, პრაქტიკულად, პარალიზებული იყო. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია ქვეყანაში სრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნიდა. „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებამ კი ოპოზიციას იმის საშუალება მისცა, რომ მთელი ენერგიის კონსოლიდირება შეძლოს და პოლიტიკური პროცესიც უკვე საკუთარი დღის წესრიგით წარმართოს!
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ 20 ივნისის საქმეზე სხვა პოლიტიკოსებიც არიან ბრალდებულები, თუმცა „ოცნებამ“ მაინცდამაინც ნიკა მელია „ჩაიხვია“ და მისგან, გულახდილად რომ ვთქვათ, გმირი შექმნა…
_ დიახ, ჯერჯერობით ასე ჩანს…
_ ანუ ხელისუფლებას მელიას წინა პლანზე წამოწევა აწყობდა?
_ ნიკა მელია ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ანუ პირველი პირი გახდა. შესაბამისად, სამიზნედაც ყველაზე წონიანი პოლიტიკოსი შეარჩიეს.
_ კი ბატონო, მაგრამ მელიას მაშინ არაფერი უთხრეს, როცა სამაჯური მოიხსნა და ახლა რა „ეტაკათ“, ანუ ივანიშვილის გუნდი ხომ არ მოქმედებს პრინციპით _ ოღონდ მიშა არა და, ჯანდაბას, გმირი ნებისმიერი სხვა ვინმე იყოსო?
_ შეიძლება, „ოცნება“ ფიქრობს, რომ ნიკა მელიასგან ამ ფორმით გმირის შექმნით ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის ფაქტორს შეასუსტებს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მარტივად შესაძლებელია. ასე რომ, თუ გათვლა ამაზე აქვს, „ოცნება“, რასაკვირველია, ცდება.
_ ისე, ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ იმ 12 ახალი სახიდან, რომელიც მელიამ საზოგადოებას არცთუ დიდი ხნის წინათ წარუდგინა, ორი თუ სამი „ქოცყოფილია“. შესაბამისად, ისიც ითქვა, რომ ამ ორი-სამიდან ზოგი უჩა მამაცაშვილის კადრია. ყველაფერი ეს რამის ტრიგერი ხომ არაა და ერთგვარი ფაზლი იკვრება?
_ კლასიკური გაგებით „ნაცი“ არც თავად ნიკა მელიაა. იგი არც „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელია, ამიტომ ის ისე პოზიციონირებს, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, რომელსაც უნდა, რომ გარშემო მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები კი არა, ისინიც შემოიკრიბოს, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ მხარს არასოდეს უჭერდნენ. ცალკე საკითხია, ყველაფერი ეს გამოვა თუ არა, მაგრამ ფაქტია: მელია მხოლოდ ისე კი არ პოზიციონირებს, როგორც „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, არამედ სურს, რომ გამაერთიანებელი იყოს და „ნაცმოძრაობა“ წარსულის მძიმე ტვირთისგან გაათავისუფლოს.
„ნაცმოძრაობაში“ ყოფილი „ქოცების“ გამოჩენა სწორედ ამით აიხსნება, მაგრამ თუკი თქვენს მოსაზრებას გავყვებით და ვიტყვით, რომ ხელისუფლება მელიასგან გმირს ხელოვნურად ქმნის, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დივიდენდით მთელმა ხელისუფლებამ კი არა, შეიძლება, გარკვეულმა შტომ ისარგებლოს. აი, მაგალითად, „ოცნების“ ე. წ. კობახიძის ჯგუფი ყველაფერ ამით წაგებული დარჩება.
_ რატომ?
_ „გავრილოვის ღამესთან“ ყველაზე მეტად კობახიძეა ასოცირებული და ნიკა მელიას დაჭერაც, რასაკვირველია, მის ნეგატიურ აქტივში წავა.
_ „ეს სპექტაკლი როდის დასრულდება?“ _ ამ რიტორიკულ კითხვას მხოლოდ მოქალაქეები კი არა, პოლიტიკური აქტორებიც სვამენ. ადამიანების ნაწილს რატომ უჩნდებათ განცდა, რომ ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, სპექტაკლია?
_ სასამართლო პროცესმა, სადაც ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდეს, სპექტაკლზე მეტად ცირკი გამახსენა! საერთოდ, სპექტაკლს გარკვეული დრამატურგია სჭირდება. ეს კი, უბრალოდ, სანახაობაა და მეტი არაფერი!
_ ამ მოვლენებს ბევრი რუსულ სცენარადაც განიხილავს, ანუ ის მოხდება, რაც 90-იანი წლების ბოლოს რუსეთში ვიხილეთ, როცა პუტინმა ყველასა და ყველაფერზე კონტროლი დაამყარა. ამ ვერსიას იზიარებთ?
_ არა, ვერ ვიტყვი, რომ ასე მოხდება. ისე, ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან არაფერი განმეორდება, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წავა და მოსახვევებში შესაძლოა, ისეთი განვითარება მიიღოს, რასაც არავინ ელოდება. ამიტომაც, ვფიქრობ, ოპოზიციასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და იმაზეც უნდა კონცენტრირდეს, რომ პრობლემები არ დაუშვას, რადგან ერთი შეცდომაც კი, შესაძლოა, ოპოზიციისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს!
_ ოპოზიციამ ასეთი რა შეცდომა უნდა დაუშვას, რომელიც შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს?
_ ასეთი შეცდომა ბევრია. აი, მაგალითად, ის, რომ ოპოზიციამ წინასწარი განწყობა შექმნა, ნიკა მელიას ვერავინ დაიჭერსო.
_ მართალია, მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება შსს-მ გადადო, მაგრამ ფაქტია _ განაჩენი გამოტანილია.
_ დიახ, მაგრამ ოპოზიცია ამბობს, მელიას არავის გავატანო.
_ ანუ, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ? სხვათა შორის, ამ თემას ორივე მხარე ახსენებს…
_ ჰოდა, მეც საუბარი სწორედ აქეთკენ მიმყავს _ ამ წუთას ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისთვის საფუძველი არ არსებობს და ოპოზიციამ ისეთი მოლოდინი არ უნდა გააჩინოს, რომელიც რეალობისგან შორს იქნება. ამიტომაც ვამბობ, რომ ოპოზიციას ძალიან დიდი ყურადღების მობილიზება და დაკვირვება სჭირდება, რომ შეცდომები არ დაუშვას და საკუთარი პირობების მძევალი არ გახდეს!
_ გეთანხმებით, რომ დაფიქრება აუცილებელია, მაგრამ ასეთი კულუარული სცენარი განვიხილოთ: „ოცნება“ ჩიხშია და ვადამდელის დასანიშნად საბაბს ეძებს. ჰოდა, მიდის 2007 წლის გეგმით _ სააკაშვილის მსგავსად, არბევს აქციას და მერე, ვადამდელს ნიშნავს…
_ გამორიცხვა არაფრის შეიძლება, მით უმეტეს, მელიას სასამართლოს შემდეგ, მით უფრო, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ყველაზე არაგონივრული და „ოცნებისთვის“ არაკომფორტულია.
_ თუ ზემოხსენებული ფარული სცენარი არსებობს, ე. ი. სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვისაც კომფორტულია და ოპოზიციისთვისაც, ანუ ვადამდელი არჩევნებით ოპოზიცია იმას მიიღებს, რასაც ითხოვს, „ოცნება“ კი მართვის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდება, ამოისუნთქავს და მერე რა, თუკი ყველაფერ ამას ერთი-ორი მომიტინგის დაშავება მოჰყვება…
_ არ მინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს, მერე რა, თუ ერთი-ორი დაშავდებაო.
_ ხალხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მე და თქვენ კი არა, როგორც წესი, პოლიტიკურ ელიტას აქვს ხოლმე. ისე, დღეს მაკო გომური თუ 20 ივნისის სხვა დაშავებულები აღარავის ახსოვს. ესეც ხომ ფაქტია, ქალბატონო ლელა?
_ რასაკვირველია, მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, რომ ახლა ქართულ პოლიტიკაში გავრილოვის აჩრდილი დადის და ასეთ დროს როგორ შეიძლება, მაკო გომური არ გვახსოვდეს?
ისე, პოლიტიკური ლიდერები, ხელისუფლებიდან იქნებიან თუ ოპოზიციიდან, საბოლოო ჯამში, იმას მიიღებენ, რა პასუხისმგებლობასაც ქვეყნის წინაშე აიღებენ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაფერი ეს იმ კორიდას არ უნდა დაემსგავსოს, სადაც მოსახლეობა მაყურებელია! თუ ეს მოვლენები პოლიტიკური პროცესის ჩარჩოებს გასცდა და პოლიტიკური ძიძგილაობის სახე მიიღო, ადამიანები დიდხანს აღარ მოტყუვდებიან!
ამიტომაც ვამბობ, რომ ახლა ოპოზიციას „შესაძლებლობების ფანჯარა“ აქვს, რომელიც სწორად უნდა გამოიყენოს და ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას, რომელიც ქვეყანას არ დააზიანებს!
_ ვაღიაროთ, რომ ოპოზიცია ოდიოზური ფიგურებითაა სავსე და აი, ამ ადამიანებმა ქვეყნის არდამზიანებელი პოლიტიკური დღის წესრიგი როგორ უნდა შექმნან?
_ ამ წუთას ვმკითხაობთ.
_ ანუ?
_ თუ ოპოზიცია ასეთ დღის წესრიგს ვერ შექმნის, მაშინ ბუნებრივია, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგება! არ ვიცი, ოპოზიცია ამ ტიპის წინააღმდეგობისთვის მზად არის თუ არა.
_ ისე, როცა მელიას საქმის სასამართლო მოსმენა დაიწყო, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვა გაავრცელა და ივანიშვილს დაემუქრა, დაბადების დღეზე მელიას დაჭერის საჩუქარს ვერ მიიღებო. თუ ბოლო 8 წელს გადავხედავთ, კრიტიკულ მომენტში სააკაშვილი ჩნდება და პროცესები სულ სხვანაირ კალაპოტში გადადის ხოლმე. ამაში რამე „ძაღლის თავი“ ხომ არაა დამარხული?
_ ვინმე ფიქრობს, რომ ნიკა მელია, „ნაცმოძრაობა“ და საერთოდ, ეს პროცესი სააკაშვილისგან დისტანცირებულია?
_ ასე არ ვფიქრობ, თუმცა დიდი ხანია, ხმა დადის, რომ „ნაცმოძრაობაში“ მელიას, მერბაიშვილის, სააკაშვილის დაჯგუფებები არსებობს. იმასაც ამბობენ, რომ ექსმმართველ პარტიაში, სალომე სამადაშვილისა და თინა ბოკუჩავას სახით, დასაყრდენი გრიგოლ ვაშაძემაც დატოვა…
_ ესეც მარჩიელობაა, თუმცა ფაქტია: „ნაცმოძრაობა“, თავმჯდომარე ვინც უნდა იყოს, სააკაშვილისგან დისტანცირებული არაა, თუმცა იმ მოვლენებზე, რაც ახლა ვითარდება, მას პასუხისმგებლობა არ აქვს.
_ აბა, ვის აქვს?
_ მელიას.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეა და იმედს ვიტოვებ, ძალიან გონივრულად აქვს ყველა ის შედეგი დანახული, რაც შესაძლოა, ამ პროცესებს მოჰყვეს. დიახ, ვიმედოვნებ, რომ მელია ლიდერის პოზიციების შენარჩუნებას შეძლებს.
_ ისე, ქალბატონო ლელა, ოპოზიციამ, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობამ“, შეცდომა ხომ არ დაუშვა, როცა ხელისუფლებასთან რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკების დროს სააკაშვილის საკითხი არ დააყენა და მისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭება არ მოითხოვა?
_ სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია.
_ რას გულისხმობთ?
_ რამენაირად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რომ ვასოცირდებოდე, აუცილებლად მოვინდომებდი, რომ მოლაპარაკების საგანი პარტიის ლიდერისთვის პოლიტიკური დევნის მოხსნა და მისი საქართველოში დაბრუნება გამხდარიყო. მით უმეტეს, რომ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელზედაც „ნაციონალური მოძრაობა“ ელექტორალურად თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული.
სხვათა შორის, ამ საკითხის არდაყენება სამართლიანიც არ მგონია, ანუ არ მესმის, ყველა რატომ ცდილობს, რომ სააკაშვილის ფაქტორს რაღაცნაირად გვერდი აუაროს და „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის მთელი ტვირთი მხოლოდ მას აჰკიდოს?
ამის რეალური მიზეზი არ ვიცი, თუმცა პირადად ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რამენაირად აფილირებული რომ ვიყო, სააკაშვილისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებას აუცილებად მოვითხოვდი…
_ წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო ლელა!
გიორგი აბაშიძე