ლეილა თიღლიაური: „83 წლის მოხუცი უდანაშაულოდ შეიწირეს!“
2019 წლის 20 ნოემბერს დმანისის რაიონში 29 წლის გელა ოსეფაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
აღნიშნულ საქმეზე დააკავეს 83 წლის ავთანდილ მოსეშვილი, რომელიც ფსიქიკურად არაჯანსაღად ცნეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მან 8 თვე გაატარა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი სახლში გამოუშვეს, სადაც იგი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.
მსჯავრდებულის რძალი ლეილა თიღლიაური „ქრონიკა+“-სთან ჰყვება, რომ მის მამამთილს ფსიქიკური პრობლემები არასდროს ჰქონია. მისივე თქმით, მათ ადვოკატი მამამთილის ციხიდან განთავისუფლებას შეჰპირდა, რის გამოც მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობა გააყალბა.
„ქრონიკა+“ აღნიშნული თემის შესახებ ლეილა თაღლიაურს ესაუბრა:
_ ჩემს მამამთილს გარედან სროლის ხმა შემოესმა, სახლში მარტო იყო, გარეთ თოფით გავიდა, გაისროლა, თან დაუყვირა, _ რა ხდებაო?! რის შემდეგაც სახლში შებრუნდა და დაიძინა. დილის ათ საათზე რაიონის პოლიცია დაადგა თავზე და იმ მკვლელობისთვის დაიჭირა, რომელიც მას არ ჩაუდენია. პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი მამამთილი გამოიყენეს, ისე უნდოდათ მოეწყოთ, თითქოს მისი თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა ახალგაზრდის სიცოცხლე. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, მისი უდანაშაულობა სამართლებრივი გზით დაგვემტკიცებინა. ამისთვის ჩემს ნაცნობს დავუკავშირდი, რომელმაც ადვოკატთან დამაკვალიანა. ჩემი ნაცნობი თაღლითი აღმოჩნდა. ამ ქალის სახელს, ჯერჯერობით, შეგნებულად არ ვასახელებ. მოკლედ, ამ ნაცნობმა ადვოკატ იასონ ბესელიას დამაკავშირა, რომელმაც მითხრა, რომ სინამდვილეში ჩემი მამამთილი უდანაშაულო იყო და ციხიდან მის გამოყვანას შეძლებდა, ამისთვის კი ფსიქიატრის ცნობა არის საჭირო, რომ თქვენი მამამთილი ფსიქიკურად შეურაცხადი არისო. მან ეს ყალბი ცნობა გააკეთა, რის საფუძველზეც ჩემი მამამთილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შემდეგ ადვოკატი გვპირდებოდა, რომ 2-3 თვეში ჩემი მამამთილი ფსიქიატრიულს დატოვებდა და, შესაბამისად, სასჯელიდან განთავისუფლდებოდა.
_ თქვენი თქმით, თქვენი მამამთილის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობა ადვოკატმა გააყალბა? ამას რით ადასტურებთ?
_ ჩემს მამამთილს არასდროს ჰქონია ფსიქიკური პრობლემები და, შესაბამისად, ფსიქიატრიულშიც არ დასჭირვებია არასდროს მკურნალობა. ადვოკატმა ეს ცნობა სწორედ იმიტომ გააყალბა, რომ ჩვენ მისი ნდობა გვქონოდა და მას კი კუთვნილი თანხა აეღო.
_ ბოლოს როდის შეხვდით ადვოკატს და რას გპასუხობთ ის?
_ ადვოკატი კონტაქტზე აღარ გამოდის, ვურეკავთ და ზარებს არ პასუხობს. კონკრეტული კითხვები მაქვს მასთან: რატომ გააყალბა ცნობა, თითქოს ჩემი მამამთილი ფსიქიკურად შეურაცხადი იყო?! რატომ შეგვპირდა, რომ უდანაშაულო ადამიანის განთავისუფლებას შეძლებდა?! რატომ არ მიიყვანა ეს საქმე ბოლომდე?!
_ რას გეგმავთ?
_ ამ ეტაპზე საბერძნეთში ვიმყოფები და აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში, ამასობაში სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა იქნება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს, რომ გარდაცვლილს ჩემი მამამთილის თოფიდან არ მოხვედრია ტყვია. გარდა ამისა, დამოუკიდებელ ექსპერტებსაც დავიქირავებ. აუცილებლად მოვთხოვ პასუხს თაღლითობის გამო ჩემს ნაცნობსაც და ადვოკატ იასონ ბესელიასაც. სრული აბსურდია ის, რომ ჩემი მამამთილი მკვლელი იყო. 83 წლის მოხუცი უდანაშაულოდ შეიწირეს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გამოიყენეს. ჩვენ ყველაფრის გამოძიებას თავიდან ვიწყებთ.
„ქრონიკა+“ ამ საკითხის შესახებ ადვოკატ იასონ ბესელიას დაუკავშირდა:
_ თითქოს ის, რომ მე კავშირზე არ ვარ, ტყუილია. არასდროს არავის ვემალები. გამორიცხულია, ვინმეს დავემალო. მუდმივად კონტაქტზე ვარ, როგორც მობილურზე, ასევე viber -ზე, Messenger -სა და WhatsApp -ზე. ასე რომ, ქალბატონ ლეილას განცხადება, თითქოს მე კავშირს თავს ვარიდებ, ტყუილია.
რაც შეეხება ცნობის გაყალბებას, ცნობა კი არ გავაყალბე, ეს ექპერტიზა გამოძიებამ ჩაატარა პროკურორის შუამდგომლობით და დადგინდა, რომ ბატონი ავთო იყო ფსიქიკურად დაავადებული, რაც, რა თქმა უნდა, იცის მისმა რძალმა, ქალბატონმა ლეილამ. წინასწარ არავითარ პირობას ვიძლევი. კაცი მკვლელობის საქმეზე იყო დაჭერილი, შესაბამისად, მე არანაირ პირობას არ მივცემდი, რომ ბრალდებულს 2-3 თვეში გამოვიყვანდი. ვინაიდან ავთანდილ მოსეშვილი ფსიქიკურად დაავადებული იყო, ქუტირის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში მოათავსეს და 4 წლით იძულებითი მკურნალობა შეუფარდეს. ამის შემდეგ იმის მიხედვით, თუ როგორ წავიდოდა მისი მკურნალობის საკითხი, (თუ აგრესიული არ იქნებოდა), მისი დროზე ადრე გამოყვანა შეგვეძლებოდა. სახელმწიფოს ინტერესი არ არის, რომ სრულად 4 წელი გაატაროს ასეთ შემთხვევაში მსჯავრდებულმა ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში. სახელმწიფოსთვის მთავარია, რომ ის არ იყოს აგრესიული და ანალოგიური დანაშაული არ ჩაიდინოს. ეს კი დამოკიდებულია ექიმებზე, მკურნალობის მსვლელობაზე. მე რეალურად მიმაჩნდა, რომ 2-3 წელიწადში შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოყვანა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ავთანდილ მოსეშვილს შესაბამისი პირობები ექნებოდა. უფრო კონკრეტულად კი: იმ სოფელში ვეღარ გაჩერდებოდა, მისთვის საცხოვრებელი ადგილი უნდა მოგვეძებნა; მის შვილსა და ყოფილ რძალს ვეუბნებოდი, რომ ეს გაეთვალისწინებინათ და მისთვის ასევე მომვლელი ეპოვათ. ბატონ ავთანდილს ჰყავდა და, მაგრამ რძალს სასტიკად არ უნდოდა, დასთან ყოფილიყო იგი, თუმცა ეს ავთანდილის შვილის გადასაწყვეტი იყო. ანუ ავთანდილ მოსეშვილს სჭირდებოდა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ შესაბამისი პირობები. მისი შვილი და ყოფილი რძალი საბერძნეთში ცხოვრობენ და ეს თემაც მათი მოსაგვარებელი იყო.
რაც შეეხება საქმის სამართლებრივ მხარეს, ამოღებულია თოფი და გასროლილი მასრა, თან იყო 9-მილიმეტრიანი „კატრეჩი“. გარდაცვლილის სხეულიდან ამოიღეს ტყვია და დასკვნა ამ დრომდე არ არის. ამ საქმის პროკურორი რუსთავში ლევან ჯალაღონიაა. მასაც გარკვეული პერიოდის წინ შევეხმიანე და მიპასუხა, რომ, ჯერჯერობით, არ არის ექპერტიზის დასკვნა.
ნენე ინჯგია