ლაშა ხუსკივაძე: „მოძრაობა საქართველოსთვის“ რეჟიმს ვუცხადებთ სრულ დაუმორჩილებლობას!
„მოძრაობა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ლაშა ხუსკივაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგს უკვე ორ თვეზე მეტია, საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის შენობასთან აპროტესტებს.
ხუსკივაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ წაგვართვა არჩევნები, წაგვართვა ბრძოლის ყველა იურიდიული მექანიზმი, დაგვრჩა მხოლოდ ერთადერთი გზა და ეს არის ქუჩის პროტესტი.
ბრძოლის რა მეთოდებს მიმართავს „მოძრაობა საქართველოსთვის“? როგორია მისი სამოქმედო ტაქტიკა? რა შემთხვევაში შეიძლება დასთანხმდეს ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „მოძრაობა საქართველოსთვის“ დამფუძნებელ ლაშა ხუსკივაძეს ესაუბრა:
_ რა არის „მოძრაობა საქართველოსთვის“ მთავარი მიზანი?
_ „მოძრაობა საქართველოსთვის“ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე. მოძრაობის შექმნა სწორედ მოპარული არჩევნების შედეგებმა განაპირობა. ჩვენი მოძრაობის ყველა წევრი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობა, ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ცესკოს დღევანდელი ადმინისტრაციის დახმარებით ხალხს მოჰპარა ხმა, მათ გაუუქმა არჩევნის თავისუფლება და წაართვა ბრძოლის ყველა იურიდიული მექანიზმი. სწორედ ამიტომ „მოძრაობამ საქართველოსთვის“ იკისრა რეჟიმის წინააღმდეგ ფლაგმანის პასუხისმგებლობა და დავიწყეთ 24-საათიანი ქუჩის პროტესტი ხელახალი არჩევნების ჩატარების, ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილებისა და პოლიტპატიმრების განთვისუფლების მოთხოვნით, გავშალეთ კარვები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში და რეგიონულ ცენტრებში, დემონსტრაციულად ვარღვევთ არალეგიტიმური მთავრობის მიერ ანტიკონსტიტუციურ შეზღუდვებს და რეჟიმს ვუცხადებთ სრულ დაუმორჩილებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მას შედეგ, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ წაგვართვა არჩევნები, წაგვართვა ბრძოლის ყველა იურიდიული მექანიზმი, დაგვრჩა მხოლოდ ერთადერთი გზა და ეს გზა არის ქუჩის პროტესტი. თუ საქართველოს მოქალაქეს უნდა, დაიცვას საკუთარი ღირსება, თავმოყვარეობა და თავისუფლება, ჩვენ მათ ვუხსნით საპროტესტო კერებს, სადაც ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, მათ შეეძლებათ მივიდნენ ამ სივრცეებში და თქვან საკუთარი სათქმელი. ჩვენი მოძრაობის დევიზია: არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს, ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. მოძრაობა საქართველოსთვის არის იდეალისტების ერთობა, რომელიც საზოგადოებას ჰპირდება უკომპრომისო ბრძოლას საქართველოსთვის!
_ თქვენ, როგორც სამოქალაქო აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მუდმივად აფიქსირებდით პროტესტს. რატომ მიიჩნიეთ საჭიროდ ორგანიზაციის დაფუძნება?
_ არავისთვის არის ახალი, რომ მე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი ვარ, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ ბრძოლის ეს გზა ამერჩია. ჩვენი მოძრაობა იმიტომ არის უნიკალური, რომ ის აერთიანებს როგორც სხვადასხვა პარტიული ნიშნის მქონე ინდივიდებს, ასევე სრულიად უპარტიო ადამიანებს. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, მიმაჩნია, რომ საერთო იდეის ირგვლივ გაერთანებული ადამიანები რაც უფრო მრავალფეროვან ფრონტს გავხსნით რეჟიმის წინააღმდეგ, მით უფრო მალე დადგება შედეგი. შედეგი კი იქნება საქართველოს განთვისუფლება საბჭოთა აზროვნების მქონე ე. წ. პოლიტიკოსებისგან.
_ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში კონკრეტულ ინციდენტს, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტმა ირაკლი ფანგანმა ნაგავი დააყარა. რამდენად მისაღებია პროტესტის ეს ფორმა? თქვენი აზრით, შეილახა თუ არა ამ ქმედებით დეპუტატის ღირსება?
_ ორი აზრი არ არსებობს, რომ ძალიან ცუდი საყურებელია, როდესაც ადამიანს თავზე ნაგავს აყრიან, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნულმა დეპუტატმა უღალატა თავისი ამომრჩევლის ნებას, მან არ შეასრულა ხალხის დაკვეთა და შეეცადა, ლეგიტიმაცია მიეცა გაყალბებული არჩევნებისთვის. მე და ჩემი მეგობრები პირველები ვიყავით, რომლებმაც ირაკლი ფანგანს უპირობოდ დავუჭირეთ მხარი და მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოვითხოვეთ. ჩვენ ირაკლი ფანგანის მხარადასაჭერად შეგნებულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი და პარლამენტის შენობიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მასშტაბური მსვლელობა მოვაწყვეთ. სწორედ ჩვენი და სხვა სამოქალაქო აქტივისტებისა თუ ჯგუფების დამსახურებით, ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია და დღეს ირაკლი ფანგანი თავისუფალია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ცუდია ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა, თუმცა ეს იყო გაბრაზებული მოქალაქის პროტესტის ფორმა, რომელიც განაპირობა კონკრეტული დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლისთვის ღალატმა.
_ „მოძრაობა საქართველოსთვის“ გამოიყენებს თუ არა პროტესტის რადიკალურ ფორმებს და რა შემთხვევაში მოგიწევთ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა?
_ ამ შემთხვევაში მართლა არ მესმის, რა არის რადიკალიზმი. ხელისუფლებამ სწორედ რადიკალიზმს მიმართა მაშინ, როდესაც ხალხს მოპარა ნება, შეურაცხყო საქართველოს მოქალაქის ღირსება და თავმოყვარეობა. თავს არ მოვიკატუნებ და ვიტყვი, რომ, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არჩევნების გაყალბება უცხო ხილი ნამდვილად არ არის, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ხელისუფლებამ არა მხოლოდ არჩევნები გააყალბა, არამედ შეცვალა გამარჯვებული. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მსგავსი რამ არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქე არ შეეგუება იმას, რომ რაიმე მანკიერში ვიყოთ მისაბაძნი. ჩვენ არ დავუშვებთ, ფეოდალ ივანიშვილს შერჩეს ეს დიდი დანაშაული, რომელიც ვინმე პიროვნების მიმართ კი არა, საქართველოს _ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე თამარ ჟვანიას ხელით ჩაიდინა. ჩვენ გვეგონა, რომ საქართველომ უკან მოიტოვა მძიმე წარსული, სადაც ადამიანის ჩაგვრა ჩვეულებრივ მოვლენად იყო აღქმული. თურმე, ვცდებოდით. ამიტომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, კონსტიტუციის სრული დაცვით, მშვიდობიანად მოვახდინოთ ცვლილებების იძულება და ის გარემო, რომელიც ივანიშვილმა დანერგა, უკან მოვიტოვოთ.
_ ოპოზიციური სპექტრი უკვე რამდენიმე თვეა, ბოიკოტის რეჟიმზეა. რამდენად მომგებიანია მათი ეს პოზიცია და ქუჩაში დარჩენას რა კონკრეტული შედეგი შეიძლება ჰქონდეს?
_ ბოიკოტი არის პროტესტის ფორმა, რასაც ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და მეტიც: ამის ერთ-ერთი ინიციატორები ვიყავით. ივანიშვილმა თავისი საქმიანობის პერიოდში გვაჩვენა, რომ თეთრი ხელთათმანებით მის წინააღმდეგ ბრძოლა მარცხს ნიშნავს. დღევანდელ სიტუაციაში ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოიკოტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ამომრჩევლის დაკვეთაა და ის აუცილებლად შესასრულებელია. როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების უზურპაციის შემდეგ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს. ივანიშვილმა იკადრა ის, რაც კადაფსაც კი არ უკადრებია _ ადამიანების მოსყიდვითა და დაშინებით დაწყებული, მათი დატყვევებით დამთავრებული.
_ როგორ შეაფასებთ „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლას? თქვენი გადმოსახედიდან, რამ განაპირობა მათი ეს ქმედება?
_ მას შემდეგ, რაც ელისაშვილი-იოსელიანის გუნდმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენთვის არც ეს პარტია და არც ეს ადამიანები პოლიტიკურად აღარ არსებობენ. მათ ამ გადაწყვეტილებით საკუთარ პერსონებს პოლიტიკური ხარაკირი გაუკეთეს და ამაზე პასუხისმგებლები მხოლოდ ისინი არიან. არ მგონია, ელისაშვილი ისეთი გულუბრყვილო იყოს, მართლა სჯეროდეს, რომ ხელში რაიმე სახის მემორანდუმი უკავია. ეს იყო შეგნებული ღალატი სოლიდური დივიდენდის სანაცვლოდ. ჩვენი ბრძოლა პერსპექტივაში ემსახურება იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში მოღალატეების ეპოქა დასრულდეს. გპირდებით, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ!
_ გასაგებია ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ქუჩაში პროტესტით გამოხატავთ და კარვებიც გაქვთ გაშლილი, თუმცა ხალხის მასობრივი თავშეყრა არ გვინახავს. რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში, _ ოპოზიციის ნდობა უჭირს თუ არ სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა?
_ დიახ, ჩვენ უკვე 2 თვეზე მეტია, კარვების ქალაქები გვაქვს გაშლილი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საპროტესტო ფონი შენარჩუნებულია. ვერ დაგეთანხმებით, რომ ხალხი ქუჩაში მასობრივად არ გამოდის. ჩვენ ვნახეთ 9 ნოემბრის მასშტაბური აქცია, ყოველდღიურად ვუყურებთ საპროტესტო აქციებს საქართველოს უამრავ ქალაქში, ჩვენ ვხედავთ, თუ რა ხდება ჩხოროწყუში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სისტემის მიერ ბავშვების ჩაგვრას აპროტესტებს და ქალაქის მერის გადადგომას მოითხოვს. ალბათ მკითხავთ, თუ რა შეიცვლება ერთი პატარა ქალაქის მერის გადადგომით და ლეგიტიმურიც იქნება თქვენი კითხვა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ დიახ, ამით მაგალითს მივცემთ ადამიანებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს იქნება დასაწყისი!
_ როგორია „მოძრაობა საქართველოსთვის“ სამოქმედო გეგმა? რას აპირებთ უახლოეს მომავალში?
_ ამ კითხვაზე ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: „მოძრაობა საქართველოსთვის“ იქნება იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს ჩაგრავს ხელისუფლება, სადაც საქართველოს მოქალაქეს უჭირს, სადაც საფრთხე ექმნება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობასა და თავისუფლებას.
_ რა შემთხვევაში დასთანხმდება ხელისულფება ვადამდელ არჩევნებს?
_ არ განვიხილავთ არც ერთ სხვა ვარიაციას, გარდა ხელახალი არჩევნებისა. მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები სახელისუფლებო ტრიბუნებიდან დავარცხნილი ფრაზებით გვესაუბრებიან, მათ მოუწევთ უზურპირებული ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ამის განმაპირობებელი იქნება იმ ადამიანების სიმრავლე, რომლებიც არ ეგუებიან ხელისუფლების მიერ მათთვის ხმის მოპარვას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ომახიანად გაიძახის, არჩევნები არ გაყალბებულაო, ჩვენ ვნახეთ ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, როგორიცაა ISFED-ი, რომელმაც ხელახალი გადათვლის პირობებში 8%-იანი აცდენა გამოავლინა.
ნენე ინჯგია