ლაშა ხუსკივაძე: „ლექსო იქნება საქართველოს დიდი გამარჯვების სიმბოლო“
ლექსოსთვის _ სწორედ ამ ადამიანის ირგვლივ გაერთიანდა დღეს საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი. ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მოძალადეები რელიგიისა და ქრისტეს სახელით უმოწყალოდ გაუსწორდნენ. 11 ივლისს კი მოძალადეების მიერ სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი გარდაიცვალა.
ლექსომ გამოააშკარავა „ქართული ოცნება“ და დაგვანახა, რომ ხელისუფლება მორალისგან სრულად დაცლილია, ის ძალაუფლების შესანარჩუნებლად გარდაცვლილს მეორეჯერ კლავს ბინძური პროპაგანდით.
დღეს კი როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა და ჯანსაღი პროტესტი ლექსოსთვის, სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის, შვილების უკეთესი მომავალისთვის. ამ პროტესტის სათავეში კი, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ჟურნალისტები დგანან.
რით დასრულდება ეს ბრძოლა? რატომ გაწირა 5 ივლისს ხელისუფლებამ ჟურნალისტები, მშვიდობიანი მოქალაქეები? რა როლი აქვს დღეს თითოეული მოქალაქის რუსთაველზე დგომას?
აღნიშნულ თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში „მოძრაობა საქართველოსთვის“ დამფუძნებელ ლაშა ხუსკივაძეს ესაუბრა:
_ ლაშა, რატომ არ დაიცვა ხელისუფლებამ 5 ივლისს ჟურნალისტები და მშვიდობიანი მოქალაქეები?
_ყველაფერს ქრონოლოგიურად უნდა მივყვეთ: 5 ივლისს დაანონსებული იყო „ღირსების მარში“, რომელიც უნდა გაემართა უმცირესობის წარმომადგენლებს. მე შესაძლოა, როგორც პიროვნებას, მაქვს ჩემი შეხედულება ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეხედულება ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვინაიდან და რადგანაც, ამ ადამიანების უფლებებს იცავს კანონი, იგი, თავის მხრივ, უნდა დაიცვას სახელმწიფომ. უმცირესობის წარმომადგენლები იძულებულები არიან, ჩემნაირ აქტიურ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს გვთხოვონ დაცვა, რადგან სახელმწიფო არ დგას მოწოდების სიმაღლეზე. სახელმწიფო რომ იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, ამ ადამიანების უფლებებს უნდა იცავდეს. რაც შეეხება 5 ივლისს, ჩვენ ვნახეთ, რომ 5 ივლისი მოაწყო ველური ადამიანების ერთობამ, რომლის მსხვერპლიც გახდა ლექსო ლაშქარავა. მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისს „ღირსების მარში“ არ ჩატარებულა და უმცირესობის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოსულა ქუჩაში, ჩვენ ვნახეთ ძალიან დიდი აგრესია იმ ბარბაროსების, რომელიც გააერთიანა ირაკლი ღარიბაშვილმა და საპატრიარქოს ნაწილმა.
_ თქვენ ახსენეთ საპატრიარქოს ნაწილი, ამ პროცესებში საპატრიარქოს სრულად არ აქვს პასუხისმგებლობა?
_ არ მინდა, საპატრიარქო გავრიო ამ ყველაფერში, რადგან დარწმუნებული ვარ, იქაც არიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც სწორად ფიქრობენ და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. უამრავის ჩამოთვლა შეგვიძლია. არცთუ ისე მცირე მოძღვრების რაოდენობაა საპატრიარქოში, რომლებიც ჯანსაღად აზროვნებენ, რასაც ვერ ვიტყვით ხელისუფლების წარმომადგენლებზე, სადაც უკლებლივ ყველა, გამონაკლისის გარეშე, საპარლამენტო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება, ყველა არის ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე. რაც მათი განცხადებებით დადასტურდა 5 ივლისის შემდეგ. არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, მათგან განსხვავებულად ფიქრობენ, მაგრამ საჯაროდ ვერ აფიქსირებენ პოზიციას. ეს მათი სისუსტეა და მეტყველებს იმაზე, რომ მათი ადგილი არ არის ქვეყნის მმართველ ორგანოებში. ჩემი, როგორც მოძრაობა „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის დადასტურებული ვარაუდი არის ის, რომ ეს ვანდალიზმი და აგრესია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან არ იყო პრაიდის წინააღმდეგ მიმართული, ეს ატარებდა პოლიტიკურ კონტენტს და სწორედ ჩვენი მოძრაობის მიერ გაშლილი კარვები იყო ხელისუფლების, მათ შორის, საპატრიარქოსთვის ნერვების მომშლელი. ეს ჩანდა მთავრობისა და მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებში. ყველას გვახსოვს, როგორი ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენი მოძრაობის წინააღმდეგ. დიახ, ეს ოპერაცია დაიგეგმა კრემლში, საქართველოს ხელისუფლების წახალისებით კი შეასრულა საპატრიარქოსთან დაახლოებულმა ჯგუფებმა, რომელიც მიზნად ისახავდა „მოძრაობა საქართველოსთვის“ საპროტესტო კარვების დარბევასა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შურისძიებას იმ პროფესიონალიზმისთვის, რასაც თქვენ, ჟურნალისტები ახორციელებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია პოლიტიკური პროტესტისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. თქვენ, ჟურნალისტებს, არ გაპატიეს მაღალი პროფესიონალიზმი და მთავრობის კრიტიკა. ჩვენ კი, რომლებიც არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებსა და უსამართლობას, ვიბრძვით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, _ ეს არ გვაპატიეს. ეს იყო ამ ვანდალიზმის მთავარი საფუძველი. მათ კი ეს ყველაფერი შეფუთეს ისე, რომ თითქოს ქართველობის წართმევის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მე მინდა, მათ ვუთხრა, რომ: ქართველობა არ არის ის, რასაც თქვენ სჩადიხართ. ქართველობა არ იყო თქვენი საქციელი 5 ივლისს, არც ის არის, როცა ერთ ადამიანს 20 ურტყამს, ეკლესია არ ქადაგებს ძალადობას. ქართველობა არის ის, რომ ჩვენ ყველა ადამიანის ცხოვრებას უნდა ვცეთ პატივი. თქვენ ღმერთთან თქვენი საქციელით საერთო არაფერი გაქვთ, თქვენ და წვეროსანი დამნაშავეები, რომლებიც მღვდლებად ასაღებენ თავს, ცხოვრების ამ წესით ღმერთთან ვერ მიხვალთ. ამ ადამიანებს, რომლებიც 5 ივლისს ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ აქტივისტებზე, ღმერთთან საერთო არაფერი აქვთ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა: ეკლესიის იმ ნაწილმა, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, უნდა დააყენოს საკითხი მოძალადეების კანონის წინაშე პასუხისგებისა, ასევე რელიგიურ ნაწილშიც უნდა აგონ პასუხი.
_ ეს სადამსჯელო ოპერაცია ტრაგედიით და ჩვენი კოლეგის გარდაცვალებით დასრულდა. ახლა ხელისუფლება გარდაცვლილის დისკრედიტაციას უტიფრად ცდილობს და ამ გზით პასუხისმგებლობის აცილება უნდა. ამჯერადაც „გაუვა“ „ოცნებას“, თავი აარიდოს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?
_ პირველ რიგში, მინდა, ლექსოს ოჯახს მივუსამძიმრო! ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ლექსო იქნება იმ დიდი გამარჯვების სიმბოლო, რომელიც საქართველოს ელოდება წინ. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ 5 ივლისი საზოგადოებრივ კონფლიქტად მონათლოს, თუმცა ამას შეეწირა ადამიანი, თქვენი კოლეგა. მე მას კარგად ვიცნობდი, იგი თითქმის 9 თვის განმავლობაში მომიტინგეებთან ერთად ათენებდა და აღამებდა თავისი იარაღით, რასაც ვიდეოკამერა ჰქვია. ამ ადამიანთან ჩვენ ვალში ვართ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მისი მკვლელები დაუსჯელები არ დარჩნენ. რაც შეეხება სხვა ჟურნალისტებს, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და სოლიდარობას გიცხადებთ. იმ ბრძოლის გზაზე, რომელიც აირჩიეთ, ჩემი როგორც რიგითი ჯარისკაცის მხარდაჭერა გექნებათ. მე ვუერთდები თქვენს მოთხოვნას, რომ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს. ასევე უნდა დაისაჯოს ვახტანგ გომელაური, რომელმაც ვერ უზრუნველყო ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი აქტივისტების დაცვა. ეს არის საზოგადოების პროგრესული, გონებაგახსნილი ადამიანების მოთხოვნა, ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. დიახ, ჩვენ გვაკლია გამარჯვებები. ჩვენი ხალხი რაღაცნაირად შეეგუა მარცხს, ნიჰილიზმმა დაისადგურა, მაგრამ ეს ბრძოლა არის ჩვენი მოსაგები, ყველამ ერთმანეთს უნდა შევძახოთ, ერთმანეთს ამოვუდგეთ გვერდით და ეს ბრძოლა მივიყვანოთ გამარჯვებამდე, რადგან ქვეყანა სულს ღაფავს. თუ ჩვენ ეს ბრძოლაც წავაგეთ, ამ ქვეყანას მომავალი აღარ ექნება. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე ჩავბარდეთ რუსეთს, დავკარგოთ ჩვენი ძლივს მოპოვებული დამოუკიდებლობა. ამის წინააღმდეგ კი ერთადერთი მექანიზმი არსებობს _ გაერთიანება და ბრძოლა.
_ აღნიშნეთ, რომ გამარჯვებები გვაკლია, მე ბევრჯერ ჩამიწერია ინტერვიუ თქვენთან და ხშირად ახსენებთ ფრაზას: „ბრძოლა გამარჯვებამდე“. საბოლოო ჯამში, დღემდე ყველა პროცესიდან გამარჯვებული „ქართული ოცნება“ რჩება. რა გაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს იქნება ბრძოლა ლექსოსთვის, რომელიც გამარჯვებამდე მივა?
_ დიახ, ჩვენ გვაკლია დიდი საერთო გამარჯვება, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასტუმრება მართვის სადაავებიდან. ჩვენ ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. მე დარწმუნებული ვარ, ლექსო ამაყი იქნება, რადგან მან, ისე როგორც ვერავინ სხვამ, დაგვანახა „ქართული ოცნების“ რეალური სახე. ლექსომ დაგვანახა, რისი მკადრებელია და რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მე ძალიან ამაყი ვარ, როცა ტრიბუნაზე ვხედავ არა საკუთარ თავს, როგორ გასული წლებისა და თვეების განმავლობაში, არამედ ჟურნალისტებს, რომლებიც გამწარებულები არიან და ბრძოლა გამოუცხადეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. მეამაყება, რომ ვხედავ თქვენს თვალებში ანთებულ ნაპერწკალს. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ამ ბრძოლაში ლექსომ ითამაშა გადამწყვეტი როლი. მე მესმის, რომ ეს სიტყვები მის ოჯახს ვერ ანუგეშებს, მაგრამ ამას თუ შევხედავთ სახელმწიფოებრივად და ისე, რომ ეს ყოფილა ლექსოს ხვედრი, დარწმუნებული ვარ, მისი ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ლექსო აღარ ეყოლებათ გვერდით, ძალიან იამაყებს თავისი შვილის თავგანწირვით. ლექსო, როცა ამ ბარბაროსებმა სცემეს, იცავდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, თავის კოლეგებს, ებრძოდა უსამართლობასა და რუსულ პროპაგანდას, სწორედ ამას შეეწირა იგი. სამწუხაროდ, მის მეგობარს ვერ ვუწოდებ თავს, ეს პატივი არ მაქვს, მაგრამ როგორც უბრალო ნაცნობი და ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი, მეამაყება, რომ ლექსო იქნება ამ ბრძოლის სათავეში და ამ ბრძოლის სიმბოლო.
_ საბოლოოდ, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც აქციებზე თავებს ითვლის. რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი თუნდაც ერთი ადამიანის გარეთ გამოსვლა ლექსოსთვის, ჩვენი მომავლისთვის?
_ ხელისუფლება თავების თვლას მიჩვეულია. მე ვხედავდი მთავრობის პროპაგანდისტული არხის დრონს, რომელიც ძალიან შორიდან იღებდა, რომ შორი ხედით ეჩვენებინა არეალი და ამ გზით მცირე მასშტაბის გამოჩენილიყო აქცია. ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ რუსთაველის გამზირზე იმდენი ამაყი, თავაწეული ადამიანი იდგა, რომ ხელისუფლებას აღარ ეცალა თავების თვლისთვის. საზოგადოებას არ სჭირდება იმის თქმა, თუ რატომ არის რუსთაველის გამზირზე ჩვენი ერთად ყოფნა საჭირო, მაგრამ მე მაინც ვეტყვი მკითხველს, რომ ჩვენი ერთად ყოფნა დღეს საჭიროა, რადგან შემდეგი არ იყოს ნებისმიერი ჩვენგანი, რომ ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს ადამიანებზე ძალადობა, ჩაგვრა, გაყალბებული კადრებითა და 90 წელს მიღწეული პატრიარქით მანიპულირება, თითქოს აქციებზე მის დასჯას ითხოვენ. არა, ბატონო პრემიერო, ჩვენ პატრიარქის დასჯას არ ვითხოვთ, ჩვენ ყველა დამნაშავის დასჯას ვითხოვთ, ვისაც ლექსოს მკვლელობასა და ჟურნალისტებზე ძალადობაში მიუძღვის წვლილი. ამ ნაწილში უნდა ვახსენო მირანდა ბაღათურია, რომელზეც სასულიერო პირები ძალადობდნენ. ეს ძალადობა, რომ ვეღარ გაბედოს ხელისუფლებამ, ამიტომაც არის საჭრო, რომ რუსთაველის გამზირზე იდგეს ძალიან ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეებში იდგა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. მინდა საზოგადოებას ვუთხრა: იცით, რატომ ვართ იმ ადამიანებზე უკეთესი, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობდა? იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არსებობს ცალკეული ავტორიტეტი, რომელსაც მონურ მორჩილებაში მივყვებით, ჩვენთვის არსებობს ერთადერთო ავტორიტეტი, რომელსაც დავემონებით კიდეც, ეს არის საქართველო. დიახ, ჩვენ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველები და ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს, რომელშიც არ შედის ძალადობა ეკლესიის სახელით და არ შედის ისეთი მთავრობის ყოლა, რომელიც მოძალადეებს აუნთებს მწვანე შუქს. ამიტომ უნდა გამოვიდეს ბევრი ადამიანი რუსთაველის გამზირზე და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ ქვეყანაში ის, რაც ჩვენ გვწყვეტს ცივილიზებულ საზოგადოებას, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს. „ქართულ ოცნებას“ სურს, მუდმივ ტერორში ვიცხოვროთ, დაგვიტოვოს ერთადერთი გზა, რომელიც იქნება რუსეთი, _ ამის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ და მჯერა, ჩვენს საზოგადოებას ამის ახსნა არ სჭირდება, მაგრამ ამის ართქმა ჩემგან დანაშაული იქნებოდა. დიახ, ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ერთიანობა არის საჭირო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. კიდევ ერთხელ ყველა ჟურნალისტს გიცხადებთ სოლიდარობას, ჩემს მხარდაჭერასა და გვერდით დგომას გიდასტურებთ.
ნენე ინჯგია