ლაშა ხუსკივაძე: „ივანიშვილს ვაიძულებთ, ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყოს!“
„ქართული ოცნება“ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრე გახდა, ეს დიდი ხანია, ცნობილია. ყველამ ვიცით, რომ მორალური უპირატესობა მმართველ გუნდს, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, აღარ აქვს, თუმცა დღეს უკვე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ 7 ნოემბრიდან 13 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ მოქალაქეებს იგივე დღე 2020 წლის 8 ნოემბერს მოუწყო.
პანდემიის პირობებში ნოემბერში ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გაუშვა. პოლიციამ აქციის დაშლა პროტესტის მონაწილეების გამოჩენისთანავე რამდენიმე წუთში დაიწყო, ყოველგვარი გაფრთხილებისა და მოწოდების გარეშე.
მანამ, სანამ ხელისუფლება ლეგიტიმურობის ჩარჩოებიდან გამოვიდოდა, 8 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყვეს. გადაწყვეტილება ოპოზიციამ 20:00 საათზე გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
პარლამენტის წინ შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა წარმოადგინეს სამი მოთხოვნა, რასაც „ქართულ ოცნებას“ უყენებდნენ. მოთხოვნები „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წაიკითხა ოპოზიციური პარტიების ერთობის სახელით.
ეს სამი მოთხოვნა იყო:
- ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები;
- გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიები დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
- ყველა პოლიტპატიმარი უნდა განთავისუფლდეს.
ოპოზიცია და აქციის მონაწილეები უკან დახევას არ გეგმავენ.
რჩება თუ არა მათი მოთხოვნები უცვლელი? როგორ აპირებენ ისინი საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას და იმ შემთხვევაში, თუ სასურველი სცენარით ვერ განვითარდა მოვლენები, მოუწევს თუ არა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „თავისუფალი ზონის“ წევრ ლაშა ხუსკივაძეს ესაუბრა:
_ ლაშა, 8 ნოემბერს რუსთაველზე გამართული აქციის შემდეგ პროცესებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლა. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა არის თქვენი მიმდინარე მოთხოვნები, რის გამოც აპირებთ აქციების გაგრძელებას?
_ ამ დრომდე ოპოზიციამ არაერთგზის დააფიქსირა ერთსულოვანი მოთხოვნა, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და პროცესს გაუძღვეს ცესკოს დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც დაკომპლექტდება პრინციპული ადამიანებისგან და ექნება საზოგადოების მაღალი ნდობა. ამ მოთხოვნას ალტერნატივა ამ ეტაპზე არ გააჩნია და კომპრომისები არ განიხილება. თამარ ჟვანიამ ივანიშვილის დავალებით ხალხს ხმები მოპარა, არადა, პანდემიის შიშის მიუხედავად ელექტორატმა მოითხოვა ცვლილება, მოვიდა საარჩევნო უბანზე და ხმა მისცა ივანიშვილის წასვლას ხელისუფლებიდან. დიახ, დღეს ქვეყანას არ ჰყავს მთავრობა და არ ჰყავს მინისტრები, დღეს საქართველოს სათავეში ჰყავს მხოლოდ ერთი ოლიგარქი, რომელსაც არც ხალხის ჯანმრთელობა და არც საზოგადოების კეთილდღეობა არ აღელვებს. მისი მთავარი მიზანია, ყველა ხერხით დიდი ხნით შეინარჩუნოს ძალაუფლება და მზად არის, გზად შემხვედრ ნებისმიერ დაბრკოლებას უსასტიკესად გაუსწორდეს. მოიქცეს ისე, როგორც ეს 20 ივნისს გააკეთა, _ აბსოლუტურად მშვიდობიან პროტესტზე შეკრებილ ახალგაზრდებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დაუშინა წყლის ჭავლი, ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. და ამის შემდეგ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ივანიშვილს ხალხის ჯანმრთელობა ან პანდემია აწუხებს?! მისი მიზანი მხოლოდ ერთია _ ჩაახშოს პროტესტი და დარჩეს ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად.
_ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ირონიულად აკეთებდა აქცენტს აქციის მონაწილეების რაოდენობაზე. რაზე მიუთითებს ეს ფაქტი და როგორ აპირებთ საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას?
_ დასანანია და დასაძრახი ირაკლი კობახიძის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ახლანდელი წევრისა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან აქციაზე მყოფი ადამიანების თავების თვლა. ამ სტატუსის პოლიტიკოსს უნდა აღელვებდეს ერთი მოქალაქის აზრიც კი და ცდილობდეს მის მოსმენას. ის არ არის თანამედროვე სამყაროს შესაფერისი პოლიტიკოსი, ის არის ცინიკოსი და დესტრუქციული ადამიანი, რომელიც უფრო ბიძინა ივანიშვილის სიამოვნებაზე ღელავს, ვიდრე ქვეყნის განვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების ბედზე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც მის მთავარ ღირებულებას ოლიგარქი წარმოადგენს და მის მთავარ კომუნიკაციის ფორმას _ დაცინვა. ის დაშორდა რეალობას, უარი თქვა ღირებულებებსა და პრინციპებზე. თუმცა კობახიძეს მინდა ვუთხრა, რომ დღეს რუსთაველზე იდგა გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ის ყველაზე უარესს სცენარშიც კი ვერ წარმოიდგენდა. ამიტომ, ბატონო ირაკლი, დემონსტრაციაზე თავების თვლის ნაცვლად შეეცადეთ, დაარწმუნოთ ოლიგარქი დანიშნოს განმეორებითი არჩევნები და შეინარჩუნოთ შანსი, დარჩეთ პოლიტიკაში, ოღონდ ოპოზიციაში. თქვენ ქვეყანას აღარავინ განდობთ!
პროტესტი არ შეწყდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. ამ პოზიციაზეა დღეს ყველა, ვინც აქციაზე დგას.
_ პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა ყოველდღიურად ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, მასშტაბური აქციები ვირუსის გავრცელებას ხელს შეუწყობს. გრძნობთ თუ არა ამ ნაწილში პასუხისმგებლობას? ხელისუფლება მუდმივად აპელირებს ამ თემაზე, რომ ოპოზიცია ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს. რას უპასუხებდით მათ?
_ მერწმუნეთ, რომ ხალხს ივანიშვილის უფრო ეშინია, ვიდრე _ კორონა ვირუსის. რაც შეეხება მთავრობის უნიათობით პანდემიის უმართაობით გამოწვული შემთხვევების მატებას და აღნიშნულის ოპოზიციისთვის გადაბრალებას, ეს ივანიშვილის ხელწერაა და 8 წელია, ჩვენ ყოველდღიურად გვესმის, რომ ყოველი წარუმატებლობის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობაა. ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ მართა პანდემია, პირველი ტალღისას უმკაცრესი ზომების მიღებისა და ეკონომიკის დასამარების მიუხედავად, მთავრობა მეორე ტალღისთვის ვერ მოემზადა. ვერ გაზარდა საწოლფონდი, ვერ მოიმარაგა გრიპის სეზონური ვაქცინა, ვერ გადაამზადა სამედიცინო პერსონალი და ვერ დააგროვა ვირუსის მართვის საერთაშორისო გამოცდილება.
_ ოპოზიციური სპექტრი აცხადებს, რომ ივანიშვილმა არჩევნებზე სპეცოპერაცია ჩაატარა და ხალხის ხმები მოიპარა. რატომ ვერ შეძელით ხალხის ხმების დაცვა არჩევნების დღეს?
_ ქართველმა ხალხმა კალმით და ბიულეტენით საარჩევნო ურნებთან ბიძინა ივანიშვილი ერთხელ უკვე გაისტუმრა ქვეყნის მთავრობიდან. თუმცა მთავარი გამყალბებლის, ხმების ქურდის, სისხლის სამართლის დამნაშავე თამარ ჟვანიას მეშვეობით ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ერი, მოიპარა მათი არჩევანი და აიძულა ის, ქუჩაში გამოსულიყო. ჩვენ ქართველი ხალხის ხმებს პრინციპულად დავიცავთ. არ დავუშვებთ ოლიგარქის თავნებობას და ხელისუფლების უზურპაციას.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუცია სურს, რომ თქვენი მიზანი რევოლუციური სცენარის განხორციელებაა. რას უპასუხებდით მათ ამ განცხადებას?
_ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ რევოლუციას არ აწყობს პოლიტპარტიები, რევოლუციას აწყობს ხალხი. გასაგებია, რომ მათ ეშინიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და ეს საფუძვლიანი შიშია, თუმცა ამ შემთხვევაში მათ უნდა ეშინოდეთ გაბრაზებული ხალხის ნების, რომელსაც მოჰპარეს არჩევანი და წაართვეს ხმა. ჩვენი პარტია არის ხალხის გვერდით, იქნება ეს მისი ამომრჩეველი თუ სხვა პარტიის, ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება ხალხის ნებაა.
_ რა როლი აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და მისი ჩამოსვლა საქართველოში იქნება თუ არა მომგებიანი პოლიტიკური თვალსაზრისით?
_ ჩვენი პარტიის ყველა წევრის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილიც მოქმედებს ხალხის ნების მიხედვით. ამის დასტურია მის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ როდესაც მას ხალხი მოიხმობს, ის მზად არის, მაშინვე დაბრუნდეს სამშობლოში და ჩაერთოს საქართველოს ივანიშვილისგან განთავისუფლების ისტორიულ პროცესში. დიახ, ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგანაც აქ და ახლა წყდება ქვეყნის მომავალი, საით წავა ჩვენი ქვეყანა, ვის გაიხდის მის ერთგულ საგარეო პარტნიორად, იქნება ეს ივანიშვილის გამომგზავნი რუსეთი თუ ქართველი ხალხის არჩევანი _ დასავლეთი. საქართველოს ყველა მოქალაქე ხმამაღლა უნდა აპროტესტებდეს ოკუპაციას და მთავრობის წევრებს არ უნდა ეშინოდეთ მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის კრიტიკა, ისე როგორც ეს დღეს ხდება. ყველა ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუსაზღვრელია და მისი რესურსები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.
_ თუ ოპოზიციისთვის სასურველი სცენარით ვერ განვითარდა მოვლენები და ხელისუფლებამ არ შეასრულა თქვენი მოთხოვნები, აპირებთ თუ არა, პარტიას მოუწოდოთ პარლამენტში შესვლისკენ?
_ ჩვენ გამოვრიცხავთ მოვლენების სხვაგვარ განვითარებას. ოპოზიცია უპრეცედენტო ერთობით, თანმიმდევრული ნაბიჯებითა და ხალხის დაკვეთით მიიყვანს ამ ბრძოლას ბოლომდე. ჩვენ ყველა მშვიდობიანი მექანიზმის გამოყენებით ვაიძულებთ ივანიშვილსა და მის უპრინციპო პოლიტიკოსებს დაჰყვნენ ხალხის ნებას, გაუსწორონ სიმართლეს თვალი და დაიწყონ ხელისუფლების გადაბარების პროცესი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ შემთხვევაში მათ ექნებათ შანსი, დარჩნენ პოლიტიკაში, გადაინაცვლონ ოპოზიციაში და მოემზადონ მომდევნო არჩევნებისთვის.
ნენე ინჯგია