კოტე ფორჩხიძე: „დღეს საქართველო უცხოური სპეცსამსახურების პოლიგონია!“
მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. კერძოდ, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამასთან, შსს-მ საზოგადოებას ამცნო, რომ აღნიშნული ჰაკერული შეტევა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების უკანონოდ დაუფლების მიზნით, პირველ სექტემბერს განხორციელდა.
მომხდარს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა ანტიჰუმანურ აქტად და საქართველოს დაშინების მორიგ მცდელობად შეაფასა.
მართალია, ღიად არავის უთქვამს, რომ ლუგარზე იერიში შესაძლოა, რუსმა ჰაკერებმა მიიტანეს, მაგრამ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ყველაფერ ამის კვალი სწორედ ჩრდილოეთამდე მიდიოდეს.
რატომ გაჩნდა ასეთი ეჭვი? _ დავიწყოთ იმით, რომ ლუგარზე ჰაკერულ თავდასხმამდე არცთუ დიდი ხნით ადრე პუტინის ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, მოწამლეს, რომელიც სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
ოფიციალური კრემლი ნავალნის მოწამვლასთან არათუ კავშირს უარყოფს, არამედ იმასაც ამბობს, რომ რუსეთიდან გერმანიაში გამგზავრების დროს ნავალნი მოწამლული არ იყო. მეტიც: რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო „რიასთან“ აღნიშნა, მომწამვლელი „ნოვიჩოკი“, რომლის მსგავსი ნივთიერებაც ნავალნის ორგანიზმში აღმოჩნდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ მზადდება და ასეთი ქიმიური ნივთიერებები აშშ-დან საქართველოს ლაბორატორიაშია ჩატანილიო.
შვიტკინის ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა და მას მუქარა და პოლიტიკური დემარში უწოდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, სავსებით შესაძლებელია, ნავალნის მოწამვლასა და ლუგარზე ჰაკერულ შეტევას შორის გარკვეული კავშირი არსებობდეს, მით უმეტეს, კრემლს ლუგარის ლაბორატორია, როგორც იტყვიან, ყელზე ადგას და ამ სტრატეგიულ და უმნიშვნელოვანეს ობიექტზე დეზინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს ხოლმე.
მოკლედ, რატომ აღიზიანებს პუტინის ადმინისტრაციას ლუგარის ლაბორატორია? _ „ქრონიკა+“ უსაფრთხოების ექსპერტს, სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან კონსტანტინე ფორჩხიძეს ესაუბრა:
_ ბატონო კოტე, არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში რუსული გავლენები შესაძლოა, გაძლიერდეს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ რამდენიმე დღის წინ ლუგარის ლაბორატორიაზე ერთგვარი კიბერშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც ჰაკერებმა ცალკეული მასალები მოიპარეს. მართალია, ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ამ ჰაკერული ქურდობის კვალი, დიდი ალბათობით, ჩრდილოეთამდე მიდის. მოკლედ, თქვენი აზრით, რუსები ლუგარში რას ეძებენ?
_ იმით დავიწყოთ, თუ რა არის ლუგარის ლაბორატორიის მთავარი დანიშნულება.
_ კი ბატონო, გისმენთ…
_ ამ ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება დაავადებათა პრევენციაა, რაც კორონაპანდემიის დროსაც გამოჩნდა. ამერიკელებმა ეს ლაბორატორია საქართველოში სწორედ ამ მიზნითაც გახსნეს. სხვათა შორის, ვერ ვიტყვით, რომ ლუგარის ლაბორატორია მხოლოდ ერთი მთავრობის დამსახურებით გვაქვს, ანუ ეს ლაბორატორია საქართველოს სამი _ დღევანდელი, წინა და შევარდნაძის _ ხელისუფლების დროს, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა.
_ ეს როგორ?
_ თავის დროზე, იდეა გაჩნდა, მერე ამ იდეის განხორციელება დაიწყო, ბოლოს კი ლაბორატორია ექსპლოატაციაში შევიდა. ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ლუგარის ლაბორატორია მხოლოდ ერთი შენობაა. მას ექვემდებარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული დაავადებათა კონტროლის ცენტრები.
ერთი სიტყვით, ლუგარის ლაბორატორიის გახსნა, თავისთავად, წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მით უმეტეს, რომ ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიური სამსახური, პრაქტიკულად, არ ჰქონდა _ 90-იან წლებში მისი ინფრასტრუქტურა განადგურდა და ჩვენი ამერიკელი მეგობრები დაგვეხმარნენ, რომ დღეს ასეთი მშვენიერი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება გვქონდეს, რომელიც მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მიმართულებით კი არ მუშაობს, ანუ გარკვეული დაავადებების პრევენციას კი არ ახდენს, არამედ მეცნიერებსაც ზრდის.
ლუგარის ლაბორატორია სტრატეგიული ობიექტია და ამიტომაც იმთავითვე სახელმწიფოს ხელშია _ თავიდან, როცა ექსპლოატაციაში შევიდა, შსს-ს ექვემდებარებოდა, მერე სამოქალაქო რელსებზე გადავიდა, თუმცა სახელმწიფოს კონტროლი არასოდეს მოუდუნებია და ეს იმაზე მეტყველებს, რომ იგი მნიშვნელოვანი ობიექტია.
ლუგარის ლაბორატორიაში ვირუსული შტამები, ასევე შესაბამისი ანტიდოტები ინახება. ყველაფერი კი იმისთვისაა საჭირო, რომ დანაშაულის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და პრევენცია ხდება. ამ კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია და გასაკვირი არაა, რომ მისი არსებობა რუსეთს აღიზიანებს.
_ გასაკვირი რატომ არაა?
_ რუსეთმა, ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის დროს, კერძოდ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მუშაობა დაიწყო ბაქტერიოლოგიური, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაზე. ყველა ეს იარაღი ჰიბრიდული ომის დროს უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
_ საბჭოთა კავშირის დროს ხელოვნური ვირუსებიც ხომ არ გამოჰყავდათ?
_ არა. საერთოდ, ხელოვნური ვირუსი არ არსებობს, ანუ ნებისმიერი ვირუსი ბუნებრივია და ის ბუნებაში არსებობს, თუმცა გარკვეულ მუტაციას განიცდის და ვირუსს იმიტომ სწავლობენ, რომ შტამი შექმნან, რომელიც ამ ვირუსს დაამარცხებს.
_ ეს გასაგებია, მაგრამ ვერ ვხვდები, ამ თემას ლუგარის ლაბორატორიის კონტექსტში რატომ ეხებით, ბატონო კოტე?
_ ლუგარის ლაბორატორიაში სწორედ ასეთი სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს.
_ ამ კვლევებში ცუდი ხომ არაფერია?
_ რა თქმა უნდა, არა. პირიქით, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სამსახური არ არსებობს, ლუგარის ლაბორატორია წინგადადგმული ნაბიჯია.
ისე, იცით, ზესახელმწიფოები ბაქტერიოლოგიურ იარაღს რა მიზნით ქმნიან ხოლმე?
_ არა, არ ვიცი…
_ სხვა ქვეყნებში რომ გაიტანონ, ანუ ბაქტერიოლოგიური იარაღი ე. წ. ცივი ომის ერთ-ერთი არსენალია.
_ საინტერესოა, მაგრამ ისევ ლუგარის ლაბორატორიას დავუბრუნდეთ, სადაც, პირდაპირ თუ ირიბად, ამერიკული ინტერესიცაა, ანუ თუ დადასტურდა, რომ ლუგარზე შეტევა რუსმა ჰაკერებმა მიიტანეს, ე. ი., კრემლმა „ცივი ომი“ საქართველოს კი არა, თეთრ სახლს გამოუცხადა?
_ დიახ, ეს ინტერესების გადაკვეთაა. საერთოდ, დღეს საქართველო უცხოური სპეცსამსახურების პოლიგონია.
_ ეს რა შუაშია?
_ როცა ვამბობთ, რომ ლუგარში გარკვეული შტამები ინახება, მასზე შესაბამისი ორგანოების მხრიდან მუდმივი ოპერატიული მეთვალყურეობა უნდა ვრცელდებოდეს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორია სამოქალაქო ობიექტია, მის უსაფრთხოებას, როგორც შიგნით, ასევე გარეთაც, სპეციალური ოპერატიული სამსახურები უნდა უზრუნველყოფდნენ.
რუსეთსა და ჩვენს მეზობელ სხვა დიდ ქვეყნებსაც თავი დავანებოთ. სწორედ აქედან გამომდინარე, ლუგარის ლაბორატორია მხოლოდ დიდი სიკეთის კი არა, შეიძლება, დიდი საფრთხის მომტანიც იყოს!
_ სხვათა შორის, ვიდრე ლუგარის ლაბორატორიაზე ჰაკერული შეტევა განხორციელდებოდა, რუსეთში ოპოზიციონერი ნავალნი მოწამლეს, თუმცა კრემლი ირწმუნება, რომ იმ დროს, როცა გერმანიაში სამკურნალოდ წაიყვანეს, ნავალნი მოწამლული არ იყო…
_ დიახ, კრემლმა მინიშნება საქართველოზე გააკეთა.
_ მოკლედ, ეს ორი ინციდენტი და აგრეთვე ისიც, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველების ღამურების ქურდობის ბრალდებით დაკავება ერთ კონტექსტში ხომ არ უნდა განვიხილოთ?
_ ეს ჩვეულებრივი ზღაპარია! ყველაფერ ამას პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს და იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენს სახელმწიფოზე ზეგავლენა მოახდინონ!
დიახ, ეს პოლიტიკური შეტევაა, რომელსაც ჰობრიდული ომის გარკვეული ელემენტები ახლავს.
_ ქართულმა სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, რომ ეს შეტევა მოიგერიოს?
_ არაფერი.
_ ანუ უმოქმედოდ უნდა ვიყოთ?
_ ლუგარის მსგავსი ლაბორატორია აზერბაიჯანშიც არსებობს.
_ უკაცრავად, ეს ჩემს კითხვასთან რა კავშირშია?
_ აზერბაიჯანში არსებულ ლუგარის მსგავსს ლაბორატორიაზე რუსეთი ხმას არ იღებს, რადგან აზერბაიჯანის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავისი სტრატეგიული კურსი და მიმართულება შეიცვალა, ანუ პროდასავლურ ინტერესებს აღარ გამოხატავს და იმისთვისაც აღარ იღვწის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.
ისე, ლუგარის ლაბორატორიის დანიშნულება მხოლოდ სამედიცინოა, ანუ საქართველო ის ქვეყანა არაა, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე ბაქტერიოლოგიური ან ბიოლოგიური იარაღის წარმოებას დაიწყებს. ეს ისეთი ბოდვაა, რომელიც არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს მოუვა თავში.
საერთოდ, ბაქტერიოლოგიური და ბიოლოგიური ირაღის წარმოებაზე კონტროლს მხოლოდ დიდი ქვეყნები კი არა, გაეროც ახორციელებს.
_ ერთი სიტყვით, რუსეთი საქართველოზე და, ამ შემთხვევაში, ლუგარზე იერიშს იმიტომ ახორციელებს, რომ პროდასავლურ კურსზე უარი გვათქმევინოს?
_ რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მიზანია.
წარმოგიდგენიათ, ამ პანდემიის დროს ლუგარის ლაბორატორია რომ არ გვქონოდა, რა დაგვემართებოდა?
_ რა?
_ ზუსტად ისეთ ქაოსში შევიდოდით, როგორშიც 90-იან წლებში ვიყავით, როცა ეპიდემიოლოგიური სამსახურები, პრაქტიკულად, აღარ გვქონდა…
ის, რომ დღეს საქართველოში პანდემიის კუთხით ისეთი მდგომარეობა არაა, როგორიც სხვა ქვეყნებში და მწვანე ზონად ვრჩებით, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიის კი არა, იმ ექიმების დამსახურებაცაა, რომლებსაც საზოგადოებამ „სამი მუშკეტერი“ უწოდა.
_ მწვანე ზონა აღარ ვართ, ბატონო კოტე…
_ დიახ, მაგრამ ჩვენთან კორონავირუსის ფართო გავრცელება მაინც არ მოხდება…
_ ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველო რუსული სპეცსამსახურების შეტევის ობიექტია?
_ ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა. საერთოდ, ამ კუთხით რუსეთს თავისი ინტერესები დეკლარირებული აქვს და ამაში ახალი არაფერია…
რუსეთს უნდა, რომ საქართველოში თუნდაც ეპიდემიოლოგიური კუთხით ქაოსი იყოს.
_ რატომ?
_ იქ, სადაც ქაოსია, კრემლი თავის ინტერესებს უფრო ადვილად ატარებს. ეს მხოლოდ სპეცსამსახურისთვის კი არა, ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მარტივი ფორმულაა.
სხვათა შორის, რუსეთს მხოლოდ აშშ კი არა, ყველაფერი ამერიკული და ისიც აღიზიანებს, რაც ამერიკელების მიერაა შექმნილი. კრემლს ასეთი დამოკიდებულება ევროპის მიმართ არ აქვს.
_ ამას რით ხსნით, ბატონო კოტე?
_ რუსეთის სტრატეგიული მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატებია და ეს თავდაცვის იმ დოქტრინაშიც პირდაპირ უწერია, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღო.
მოკლედ, ნებისმიერ ობიექტში, რომელიც საქართველოში აშშ-ისგანაა ვიზირებული, კრემლი საფრთხეს ხედავს!
_ ამ მოცემულობაში, საქართველოს ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?
_ რა უნდა გააკეთოს და იგივე ლუგარის ლაბორატორია არათუ უნდა დაიცვას, არამედ მის განვითარებაზეც იზრუნოს.
_ ისე, ბატონო კოტე, ისიც რუსული ნარატივი ხომ არაა, ვიღაცები რომ ამტკიცებენ, კორონა არ არსებობსო?
_ რა სისულელეა! კორონა არსებობს და მისი არებობა თავად რუსეთმაც გამოსცადა, სადაც პანდემიას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა _ თუ არ მეშლება, რუსეთი იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც კორონის მსხვერპლი გაცილებით მაღალია.
სხვათა შორის, რუსეთში ჩემი ახლობლები ცხოვრობენ, რომელთაც ეს ვირუსი გადაიტანეს და როგორ შეიძლება, ვინმემ თქვას, კორონა არ არსებობსო?
მოკლედ, კორონის არარსებობაზე საუბარი ჩვეულებრივი რუსული ნარატივია. კორონა რომ არ არსებობდეს, მაშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიას რატომ გამოაცხადებდა?
_ კრემლს კორონის უგულებელყოფა რაში აწყობს?
_ როცა კორონის არსებობას უგულებელყოფს, ამით რუსეთი ქაოსს ქმნის. მას სტაბილური კავკასია არ აწყობს და არც შეიძლება, აწყობდეს, რადგან კავკასიის ნაწილი, ჩრდილოეთ კავკასიის სახით, მის ტერიტორიაზეა. ის კონტაქტი კი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას სამხრეთ კავკასიასთან აქვს, კრემლისთვის საფრთხეა.
_ ის, რომ რუსეთი, თუნდაც კორონის საბაბით საქართველოში ქაოსის შექმნას ცდილობს, წესით, ჩვენმა მთავრობამაც უნდა იცოდეს, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ იმ დროს, როცა საქართველოს საჰაერო თუ სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილია, რუსი ტურისტები ჩვენს ქვეყანაში მაინც თავისუფლად შემოდიან. ტვირთებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ თქვენი ვერსიით, „ოცნებამ“ რუს ტურისტებს საზღვარი რატომ არ ჩაუკეტა?
_ თუ კეტავ, საზღვარი აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან უნდა ჩაკეტო.
არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი ერთ ფრაზას, რომელიც სპეცსამსახურებისთვისაა დამახასიათებელი: არსებობს ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს ორი მეგობარი სპეცსამსახური!
_ ეს რას ნიშნავს?
_ იმ დროს, როცა საზღვარი ღია და მოშიშვლებული გაქვს, დაზღვეული არ ხარ, რომ ვირუსი კი არა, რამე ისეთი გავრცელდეს, რაც შეიძლება, ისე იქნას განხილული, როგორც ეკონომიკური დივერსია.
მოკლედ, ყველაფერი ვირუსამდე არ უნდა დავიყვანოთ.
_ მაშასადამე, რუსეთისგან საფრთხე, სხვადასხვა კუთხით, რეალურია, არა?
_ რა თქმა უნდა, რეალურია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობელია და ყველაზე დიდი საზღვარი სწორედ მასთან გვაქვს.
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ თუ საზღვარი თურქეთთან დავკეტეთ, მაშინ რუსეთსა და ყველა იმ ქვეყანასთანაც უნდა დავკეტოთ, საიდანაც შესაძლოა, საფრთხე გვემუქრებოდეს.
_ ანუ რუსეთიდან ტურისტების შემოშვება ხელისუფლების შეცდომაა?
_ დიახ. ვირუსის გადამტანი სატვირთო მანქანები კი არა, ადამიანები არიან!
სხვათა შორის, ამას წინათ, დასავლეთ საქართველოში ვიყავი და ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ვნახე, რაც ძალიან გამიკვირდა. ეს ნორმალური ნამდვილად არაა!
მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, შეიძლება, რუსეთთან კეთილმეზობლობა მინდოდეს, მაგრამ მე, როგორც ყოფილ სპეცსამსახურელმა, ვიცი, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან ჩვენს ქვეყანას არაფერი უნდა აკავშირებდეს. თუ რუსეთის სპეცსამსახურებთან რამე გვაკავშირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ინტერესებს უგულებელვყოფთ!
გიორგი აბაშიძე