კოტე კემულარია: „კალაძის ახლო გარემოცვაში დაჭერების სერია გაგრძელდება!“

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარია, „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში რამდენიმე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. აი, მაგალითად, ჩვენი რესპონდენტი ევროსაბჭოს ყოფილ გავლენიან დეპუტატ ლუკა ვოლონტეს საქმეს იხსენებს და იმის ალბათობას უშვებს, რომ განცხადებები, რომელსაც უცხოელი დიპლომატები ქართულ ოპოზიციასთან მიმართებით აკეთებენ, შესაძლოა, ანგარებით იყოს განპირობებული. ამას გარდა, კოტე კემულარია კიდევ ერთ ინფორმაციას ახმაურებს, რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, მამა-შვილ ამირან და ნიკა გამყრელიძეებს ეხება და შესაძლოა, იგი ბოლო დროს საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის ტრიგერიც აღმოჩნდეს.

_ ბატონო კოტე, როგორ ხართ?
_ კარგად!
_ ამ ქვეყანაში კარგად არავინაა და თქვენ კარგად როგორ ხართ?
_ ოპტიმისტური განწყობა მაქვს!
_ თქვენი ლიდერი, ბატონი ჭიჭინაძე, ლამის მეორედ მოსვლაზე საუბრობს და მაინც ოპტიმისტურად ხართ?
_ ველოდები, რომ დიდი ცვლილებები იქნება.
_ ცვლილებების იმედს რა გაძლევთ, კოტე ბატონო?
_ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს _ თითქმის 30 წელია, სულ ვიბრძვი და ყოველთვის შიგნით ვიყავი, ანუ პროცესებს სიღრმიდან ვიცნობ და, გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთ დასკვნამდე მივედი: ეროვნული ლიდერი ზვიად გამსახურდია, სამწუხაროდ, შიდა განხეთქილებასა და თავის მიერვე აღზევებულ არაკომპეტენტურ ადამიანებს ემსხვერპლა. ისიც ვიცით, შევარდნაძეს რა ბედი ეწია _ თავის მიერ მოყვანილმა საყრდენმა ფიგურებმა შეცვალეს, თანაც ე. წ. რევოლუციით.
რაც შეეხება სააკაშვილს, მისმა ფიგურებმაც მართვა ვერ შეძლეს და სააკაშვილის ხელისუფლებაც ამას შეეწირა. სხვათა შორის, მაშინ დაშვებულ შეცდომებსა და ძალადობაზე კითხვის ნიშნები არ მოხსნილა.
_ კი ბატონო, მაგრამ ყველაფერი ეს თქვენს ოპტიმიზმთან რა კავშირშია?
_ პირდაპირ ვთქვათ: ყველაფერი ეს მხოლოდ ხელისუფლებების ბრალი არ არის. ხელისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც საზოგადოებაა, ანუ ეს ჩვენი დიაგნოზიცაა.
_ შეიძლება, მაგრამ მახსოვს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე მეუბნებოდით, აი, ნახავთ, 31 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვლებაო, მაგრამ მას მერე სამი თვე გავიდა და ქვეყანას ისევ „ოცნება“ მართავს…
_ დიახ, ვამბობდი, ხელისუფლება შეიცვლება-მეთქი, მაგრამ თარიღი არ დამისახელებია.
_ ეს მახსოვს, მაგრამ „ოცნება“ მშვენივრად გრძნობს თავს და საპარლამენტო საბოტაჟის მოწყობას ოპოზიციას აბრალებს. მოკლედ, იმაზე რა მიანიშნებს, რომ ხელისუფლება იცვლება?
_ ადრეც მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ, რომ ყველაზე საინტერესოა არჩევნების შემდგომი პროცესი, რაც ბიძინას გაქრობით დაიწყო.
_ თქვენი აზრით, ივანიშვილი რეალურად გაქრა თუ ფორმალურად?
_ ბიძინას გაქრობა იმას ნიშნავს, რომ გადაალაგა.
_ რა გადაალაგა?
_ ივანიშვილმა, რაღაცნაირად, ფინანსური კორპორაცია ჩამოაყალიბა, რაც „ოცნება“ არ გახლავთ. იგივე კალაძეზეც შეტევა ამიტომაა _ მთელი უშიშროება იქ ზის და ქალაქის მთავრობის წევრი, ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დაუჭირეს. როგორც ხმა გამოდის, კალაძის ახლო გარემოცვაში ეს დაჭერების სერია გაგრძელდება. ლაპარაკია, რომ კორუფციის თემაზე კალაძის პირველ მოადგილესა და მთავარ საყრდენ ხმალაძესაც უტევენ.
რაც შეეხება გახარიას, ის ძალიან სუსტია და ფიგურები პარლამენტშიც არ ჰყავს. კობახიძე ვინცაა და რაცაა თავისი ოხანაშვილიებითა და მათიკაშვილებით, ისედაც ვიცით.
მოკლედ, იმის საპასუხოდ, რომ „ოცნება“ ისევ ხელისუფლებაშია, გეტყვით, რომ ივანიშვილმა სულ სხვა რამ დატოვა.
_ შეიძლება, მაგრამ ვიდრე ამ თემას განვავრცობთ, მითხარით, კალაძეს, გახარიასა და იგივე კობახიძეს ვინ ებრძვის, ანუ ივანიშვილმა თავის ნაცვლად ვინ დატოვა?
_ ფინანსური კორპორაცია.
_ კერძოდ?
_ „საქართველოს ბანკი“ და მასთან აფილირებული კაპიტალი, ასევე ე. წ. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი. ის, რომ ბიძინა „საქართველოს ბანკთანაა“ დაკავშირებული, საიდუმლოს არ წარმოადგენს, თუმცა 2018 წელს ორად გაყო.
_ ანუ?
_ თუ გახსოვთ, პარლამენტში, თავის დროზე, სწორედ დავით ჭიჭინაძემ დასვა საკითხი, ბანკები არაპროფილურ საქმიანობას ეწევიან და იგივე „საქართველოს ბანკს“ სკოლები, ელექტროსადგურები, ჰესები და, მოკლედ, ყველაფერი აქვს.
_ დიახ, ეს ცნობილია, მაგრამ ვერ ვხვდები, „საქართველოს ბანკი“ კალაძეს როგორ ებრძვის ან მის გარემოცვას როგორ დაიჭერს?
_ მთელი ქონება „საქართველოს ბანკშია“ თავმოყრილი.
_ მერე?
_ ძველი ნათქვამი გაიხსენეთ, _ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო, ანუ ვისაც ფული აქვს, ის არჩევნებსაც შეუკვეთავს და დაჭერებსაც. ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ასე ფიქრობს.
_ ე. ი., დღეს ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი „საქართველოს ბანკია“, რომლის საშუალებითაც ძალოვნებს მართავს, ძალოვნების დახმარებით კი „ოცნების“ ფეისებს ძირავს?
_ დიახ, სქემა სწორად გაიგეთ. აი, მაგალითად, ასეთივე ფინანსური ჯგუფია „საპარტნიორო ფონდი“, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და რომელსაც საგანელიძე მართავს. „საპარტნიორო ფონდში“ რკინიგზა და სხვა უამრავი სახელმწიფო კომპანია შედის. ეს ჯგუფიც ბიძინასთანაა დაკავშირებული, მაგრამ დაამცრო, გააკოტრა და თითქმის მილიარდიან ზარალამდე მიიყვანა. მეორე ჯგუფის რაპორტები ქართულად მიუწვდომელია, მაგრამ ინგლისურად რომ ნახოთ, მისი შემოსავალი, ანუ მოგება, 2 მილიარდ სამასი მილიონია. ახლა მიხვდით, ფული სად იქაჩება?
გახსოვთ, კალიგულა რას ამბობდა?
_ რას?
_ ნეტავ, რომს ერთი თავი ჰქონდესო, ანუ თავების მოჭრა მობეზრდა.
_ ე. ი. ივანიშვილი „ოცნებას“ თავებს აჭრის?
_ ყველაფერს, რაც საქართველოში მოქმედებს, ივანიშვილი თავებს აჭრის და ერთ დიდ თავს ქმნის. ამით საკუთარი თავი დაცული ჰგონია, მაგრამ საქმე ის არის, რომ კალიგულას ისტორია წაკითხული არ აქვს.
_ და ურჩევთ, რომ წაიკითხოს?
_ დიახ, მხოლოდ კალიგულას წაკითხვას კი არ ვურჩევ, ძველ ებრაულ შეგონებასაც გავახსენებ: კვერცხები ერთ კალათაში არასოდეს ჩადო!
_ ბატონო კოტე, სქემა, რომელზედაც საუბრობთ, ხელისუფლების შეცვლის ტრიგერია?
_ დიახ, აუცილებლად, ანუ ამას შიდა წინააღმდეგობა აქვს, რაც ოპოზიციას ამოცანას უადვილებს.
_ როგორ?
_ უბრალო კანონზომიერებაა, რომ ყველაფერ ამას შიდა კრიზისი მოჰყვება. ხომ ხვდებით, რომ ბრძოლა ახლა იწყება და ეს „ოცნებას“ ძალიან დაასუსტებს, გააშიშვლებს და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის საკითხი დაისმება.
_ გამორიცხული არაფერია, მაგრამ „ოცნების“ შიდა ომი შესაძლოა, ორი წელიც გაგრძელდეს და ეს საზოგადოებისთვის რა შეღავათია?
_ ამდენ ხანს ვერ გაგრძელდება.
_ რატომ?
_ „ოცნების“ შიდა წინააღმდეგობა ძალიან მწვავეა, რაც იქამდე მიგვიყვანს, რომ ყველაფერ ამას პოლიტიკურ სახეს გაერთიანებული ოპოზიცია მისცემს, რომელიც ბოიკოტის ფორმატს დღემდე ინარჩუნებს და 2021 წლის ბოლომდე, ჩემი აზრით, ახალი არჩევნები დაინიშნება!
_ ბატონო კოტე, გსმენიათ იმ კულუარულ ვერსიაზე, რომ ოპოზიცია თანახმაა, ბოიკოტი ერთი პირობით შეწყვიტოს _ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს, რომლის თანახმადაც, ახალი არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაინიშნება, თვითმმართველობის არჩევნები კი 2022-ში ჩატარდება?
_ ეს, ჯერჯერობით, მონახაზია.
_ ანუ მიდასტურებთ, რომ ზემოხსენებულ სქემას ოპოზიცია განიხილავს?
_ დიახ, მონახაზი არსებობს და, სხვათა შორის, რეალისტურია, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს და ახალი საპარლამენტო არჩევნები წელს ჩატარდეს, თუმცა ამაზე ხელისუფლებაში ლაპარაკი ჯერ არავის სურს, მაგრამ თუ ის კრიზისი, რომელზედაც წეღან ვსაუბრობდი, ძალიან გამწვავდება, მაშინ ხელისუფლება ამაზეც დასთანხმდება და ეს გამოსავალი იქნება.
_ ისე, კრიზისი „ოცნებას“ მხოლოდ პარტიის შიგნით კი არა, საკანონმდებლო ორგანოშიც აქვს, ანუ კონსტიტუციის უგულებელყოფაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მინიმუმ, რეგლამენტის დარღვევაა, დეპუტატებს უფლებამოსილებას რომ არ უხსნის.
_ ცხადია, ეს კონსტიტუციის დარღვევაა.
_ მოკლედ, ხელისუფლებას კანონები ფეხზე კიდია, ოპოზიცია კი დათბობას ელოდება, საპროტესტო აქციები რომ განაახლოს და აქედან გამომდინარე, ვერ ვიგებ, პირადად თქვენი ოპტიმიზმი რას ეფუძნება?
_ ვითარება, ცხადია, რთულია! საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც პარლამენტში დეპუტატები ძალადობით ჰყავთ! კონსტიტუციაში გვიწერია, რომ დეპუტატს შეუძლია, განცხადება დაწეროს და პარლამენტიდან გავიდეს, თან ყურადღება მიაქციეთ, რომ პარლამენტმა ეს განცხადება მხოლოდ ცნობად უნდა მიიღოს, რადგან დეპუტატობაზე უარის თქმა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ამ ადამიანების განცხადებები პარლამენტმა ცნობადაც არ მიიღო…
_ „ოცნება“ თავს იმართლებს, დეპუტატებს უფლებამოსილებას იმიტომ არ ვუხსნით, რომ ოპოზიცია საბოტაჟს აწყობს და მინდა, ქართული პარლამენტარიზმი გადავარჩინოო.
_ საბოტაჟი რა შუაშია? ყველაფერი ეს ტერმინებით თამაშია. ჯერ სალომე ზურაბიშვილი გამოიყვანეს, სახელმწიფოს ასე აწყობსო. უძველესი ტერმინია, როცა მიზანშეწონილობა კანონიერებაზე მაღლა დგება, მაშინ კანონიერება კვდება და ამ ვითარებას კანონიერების საფლავი ჰქვია. ძველი ბერძნები ამბობდნენ, ქვეყნიერება რომც დაიქცეს, კანონი უნდა აღსრულდესო.
ისე, დემოკრატიას ოპოზიციამ კი არა, თვითონ კობახიძემ და მდინარაძემ ასეთი არჩევნების ჩატარებით გამოუთხარეს ძირი! იმასაც მიხვდებიან, რომ ამით მხოლოდ ბიძინა კი არა, საკუთარი თავებიც დაასამარეს!
როცა პარლამენტარი გეუბნება, პარლამენტარობა არ მინდა და პარლამენტიდან გავდივარო, მაგრამ შენ უარს ეუბნები, ეს, როგორც გითხარით, კონსტიტუციის დარღვევაა და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სტუდენტებს რა ვუთხრა, ეს რა პრეცედენტია, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობ-მეთქი? ამის მერე იმაზე ლაპარაკიც აღარ ღირს, რომ ჩვენ სამართლებრივი და კონსტიტუციური სახელმწიფო ვართ!
_ „ოცნებას“ ზურგს ისიც ხომ არ უმაგრებს, რომ დასავლეთი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს?
_ ყოველგვარი შელამაზების გარეშე ის დასავლეთი, რომელიც განცხადებებს აკეთებს, ბრჭყალებში ჩავსვათ.
_ რატომ?
_ აშშ-ში ჯერ დაულაგებელი სიტუაციაა, ანუ ამერიკული ტრადიციით, ახალ ხელისუფლებას ასი დღე ეძლევა.
რაც შეეხება ევროპას, აგერ, ლუკა ვოლონტე, რომელიც იტალიის დეპუტატი და ევროსაბჭოში უმრავლესობის ყოფილი თავმჯდომარე იყო, იმიტომ დაიჭირეს, რომ ევროსაბჭოში აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების საკითხის მიჩქმალვისთვის 500 ათასი დოლარი აიღო. ჰოდა, ახლა ამ ევროსაბჭოს განცხადებებზე ვისაუბროთ?!
მოკლედ, სადღაც რაღაცები დალპა და ძალიან შეშფოთებულნი არიან! ევროსაბჭოში ლუკა ვოლონტეს საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნა და 14 დეპუტატს შენობაში შესვლა სიკვდილამდე აეკრძალა. სხვათა შორის, ამ 14 დეპუტატს შორის გერმანელებიც არიან და ბელგიელებიც…
_ უკაცრავად, ყველაფერი ეს ჩვენთან რა კავშირშია?
_ სადღაც ფული აიღეს, რომ რაღაც განცხადებები გაკეთდეს.
_ ე. ი., იმის თქმა გინდათ, რომ „ოცნება“ ევროპელ დიპლომატებს, რომლებიც ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, ფულს უხდის?
_ ამას არ ვამტკიცებ, ამას ევროსაბჭო ამბობს. მილანის სასამართლომ ლუკა ვოლონტეს, რომელიც ამხელა თანამდებობის პირი იყო, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და მეტი რაღა უნდა ითქვას? რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა და ამას თანამედროვე ევროპის ყველაზე დიდი სკანდალი დაარქვეს!
ერთი სიტყვით, ამ დროში ვცხოვრობთ და თუნდაც კარლ ჰარცერის მოწოდება, პარლამენტში უნდა შეხვიდეთო, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. შეიძლება, ამით დიპლომატიურ ეთიკას ვარღვევ, მაგრამ ჩემს შინაურ საქმეში რატომ ერევი? მე სად შევალ და სად _ არა, ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს, თანაც ამდენი „შედი, შედი, შედი“ რა უბედურებაა? _ პარლამენტი ხომ საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოა და პარლამენტარები როგორმე თავად გადაწყვეტენ, შევიდნენ თუ არა! ყველაფერი ეს ჩაწყობილია და ორკესტრირება ხდება _ ევროსაბჭოში წავიდნენ, იქიდან რაღაც განცხადებები ჩამოიტანეს და აფრიალებენ, აი, ნახეთ ისინი რას ამბობენო.
სხვათა შორის, ლუკა ვოლონტეს ოთხი საკონსულტაციო ფირმა ემსახურებოდა, სადაც 12 მილიონია ჩარიცხული! ეს ჩვენმა მოსახლეობამაც უნდა იცოდეს!
_ მოკლედ, ამერიკული ე. წ. ასი დღე აპრილისთვის ამოიწურება. ამასობაში სიტუაცია, ალბათ, ევროპაშიც დალაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზაფხულის მეორე დეკადაში გარკვეული ცვლილებები საქართველოშიც მოხდება?
_ დიახ, დიახ… ჩემი ოპტიმისტური განწყობაც ამას უკავშირდება.
_ ჩავაზუსტოთ: აპრილში შესაძლოა, „ოცნებამ“ უკან დაიხიოს და ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს?
_ დიახ, მე ასე ვფიქრობ.
_ თუ ახალი არჩევნები დაინიშნება, რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკური ველი ისევ ორპოლუსიანი აღარ იქნება და ე. წ. ახალგაზრდა პარტიებს, მაგალითად, „ტრიბუნას“, გამარჯვების შანსი მოგეცემათ?
_ თუ იმ ბატალიებს გავითვალისწინებთ, რაც მოხდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას ბევრ რამეზე აეხილა თვალი და კოალიციური მთავრობისადმი მისი დამოკიდებულება კიდევ უფრო განმტკიცდა.
საერთოდ, მთავარი მოთხოვნა სწორედ კოალიციური მთავრობა იყო, რაც „ენ-დი-აის“ გამოკითხვითაც დასტურდება _ მოსახლეობის 76% ამბობს, რომ კოალიციური მთავრობაა საჭირო.
მოკლედ, ხალხს აღარ უნდა, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი პარტია იყოს.
ეს დამატებითი არგუმენტია, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, ანუ ვიმედოვნებ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და რეალისტური საშუალება პატარა პარტიებსაც მიეცემათ!
_ ნებისმიერ არჩევნებს ფული უნდა. დღეს კი ფული აქვს „ოცნებას“, უფრო კონკრეტულად, ივანიშვილს. ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ოპოზიცია ფულს საიდან მოიზიდავს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ქვეყნაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ბიზნესიც სულს ღაფავს?
_ ალბათ, იცით, რომ ფანლაიზინგი, ანუ შემოწირულობა არსებობს, რითიც ყველა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-სა და ევროპაშიც, პარტიები არსებობენ.
_ დიახ, ეს ვიცი, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და არ მგონია, ვინმეს სურვილი გაუჩნდეს, ოპოზიციას ფული შესწიროს…
_ „ოცნება“ ბიზნესს, რომელსაც ფული აქვს, სუს-ის მეშვეობით აშინებდა, რომ ოპოზიციასთან არ ესაუბრა, მაგრამ შიგნით ისეთი ამბავი მზადდება, რომ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ.
_ მაინც, რას გავიგებთ?
_ მაგალითად, როგორ აღმოჩნდა მილიარდები ერთი ჯგუფის ხელში. თქვენი მონა-მორჩილი ახლა ყველაფერ ამას სწავლობს, ჩემთან ერთად ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობს და ხალხი მალე გაიგებს, ეს ქვეყანა წლების განმავლობაში როგორ ღატაკდებოდა და ახლა ეს ფული სადაა თავმოყრილი!
_ არ გეშინიათ, ბატონო კოტე?
_ 30 წელია, არ მეშინია და შიშს ახლა ვერ ვისწავლი!
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ…
_ გმადლობთ…
სხვათა შორის, ერთსაც გეტყვით: ამირან და ნიკა გამყრელიძეების აღზევება შემთხვევითი არაა.
_ ანუ?
_ ყველგან, სადაც ეს მილიარდების ტრიალი ვნახე, ბატონი ნიკა გამყრელიძეა.
_ ამით რისი თქმა გინდათ?
_ მას შემდეგ, რაც ნიკა გამყრელიძის შეპასუხება მოხდა, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, სადაც „ევექსიც“ შედიოდა, გააუქმეს და აღარ არსებობს. ის „საქართველოს კაპიტალს“ შეუერთეს, რომლის ლიდერიც ნიკა გამყრელიძეა.
ამირან გამყრელიძე კი საკოორდინაციო საბჭოშია და გადაწყვეტილებებს იღებს, ანუ რატომ არიან ეს ბატონები ღმერთისგან დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით თუ ეს უნარები ახლა აღმოაჩნდათ, რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას ბიძინა ივანიშვილთან, ამის შესახებ ყველა ინფორმაციას ნელ-ნელა მოგაწვდით.
_ ძალიან სკანდალურ რამეს ამბობთ…
_ დიახ, ძალიან სკანდალური ინფორმაციაა და ვიმეორებ: საზოგადოებას ყველაფერს ფაქტებითა და ციფრებით მივაწვდით!
ისე, რომ იცოდეთ, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ლონდონის ბირჟაზეა, მაგრამ 2020-ის დეკემბრის მონაცემებით, ამ ჯგუფის აქციების ფასი 69%-ით დაეცა, რაც წარმოუდგენელია.
საკითხავია, როცა ჯანდაცვის მიმწოდებელი ამხელა ქსელია, რა მოხდა, აქციების ფასი რატომ დაეცა?
_ თქვენ რა ეჭვი გაქვთ, რატომ დაეცა?
_ ამაზე ეტაპობრივად გიპასუხებთ!
_ კარგი, დაველოდებით, რას გამოაქვეყნებთ… წარმატებებს გისურვებთ, ბატონო კოტე!

გიორგი აბაშიძე