კონტრაბანდული ნამუსი
არის რაღაც, რაც მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც. მაგალითად, რობინ ჰუდი უყვართ ინგლისელებს და არა მარტო ინგლისელებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა. და რა ხდება ჩვენთან?
საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუდიგორის გზას გაუყენა ხელისუფლება, რომელიც ბიზნესმენებს ფულს ადებინებდა და იმ დადებული ფულით ქალაქებს აშენებდა, ქვეყანას აშენებდა. თან ეს ფული რომ ამ ბიზნესმენებს არმად ჰქონდათ ნაშოვნი, ეს, წესით, ყველას კარგად უნდა სცოდნოდა. არა, უკვე იმ კონკრეტულ მომენტში შეიძლება ბევრი მათგანი უკვე სუფთადაც იქცეოდა, მაგრამ მათი ბიზნესი სწორედ ჩვენი ან, მინიმუმ, სახელმწიფოს გაყვლეფით იყო წამოწყებულ-განმტკიცებული. ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ისე გავიხსენოთ და, შესაბამისად, ვთქვათ კიდეც, როგორ წარიმართა პრივატიზაცია 90-იან წლებში? როგორ ჩაიგდეს ყველა შენობის პირველი სართული რაიკომებისა და ქალაქკომების, მერე უკვე გამგეობების ფუნქციონერებმა? ანდა უზარმაზარი ქარხნები იმდროინდელმა კომბინატორმა, „ცეხავიკმა“ დირექტორებმა, რომლებიც მერე ბიზნესმენებად მოგვევლინენ? მერე ყველა ეს ძაღლი და მამაძაღლი რა პრივილეგიებით სარგებლობდა მათსავით კომუნისტ შევარდნაძის ხელში? როგორ ისაკუთრებდნენ საერთო ქონებას და რას იხდიდნენ ბიუჯეტში? გასუქდნენ, გაძღნენ, შვილები ლამის კოსმოსში გაუშვეს სასწავლებლად და როცა მიხეილ სააკაშვილი მათ მიადგა, რომ ცოტა ქვეყნისთვის დაეხარჯათ იმ არმად ნაშოვნი ფულიდან, ამ გამძღარ ხალხზე მეტად ვინ ატყდა და ახმაურდა? ისევ ღარიბი და ღატაკი, არიქა, ბიზნესს ატერორებენო, ბიზნესი თავისუფლად ვერ სუნთქავსო.
დიახ, მხოლოდ საქართველოში თუ ატეხავს ღარიბი ჭყვიტინს, მდიდრებს ავიწროებენო. ატყდება სამგლე გოჭივით და გაუშვებს კიდეც იმ ხელისუფლებას და მერე, როცა მის მიერ მოყვანილი ხელისუფლება არც ტარიფებს გაუნახევრებს და არც ცხოვრებას შეუმსუბუქებს და პირიქით _ დაუმძიმებს, მოგიტრიალდება და არხეინად გეტყვის, რომ ბიზნესს მაინც არ ატერორებენ. ამას გეტყვის ამაყად და ყელმოღერებით. მერე რა, რომ პასუხი არ აქვს? რა მოიგო პირადად მან ამით? რა ბიზნესი აქვს თავად, რომელსაც ის ხელისუფლება ატერორებდა და აღარ ატერორებს ეს?
ის საერთოდ ცალკე თემაა, რომ ბიზნესს სწორედ ეს ხელისუფლება ატერორებს, არათუ ფულს აყრევინებს, წილებსაც ახევს ხალხს და ყველა ბერკეტსაც იყენებს საამისოდ.
ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ როგორც ვთქვი, დღევანდელი საქართველო ის ქვეყანაა, სადაც რობინ ჰუდს გაგუდავდნენ. არადა, მე-19 საუკუნეში ჩვენც გვყავდა არსენა ოძელაშვილი, რომელიც მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა.
დღევანდელი ღრუზინი არსენასაც გაგუდავდა რობინ ჰუდთან ერთად.
დიახ, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. იმ საქართველოში, რომლის პრემიერ-მინისტრი (კვირიკაშვილი) საჯაროდ იგინებოდა კეთილებს, მას არც მისი წინამორბედი (ღარიბაშვილი) ჩამორჩებოდა გინებაში; იმ საქართველოში, რომლის დედაქალაქის მერი გამოექანეთ და მთაწმინდიდან დამასკდითო, ასე მიმართავს ოპოზიციას. აი, სწორედ ამ ქვეყანაში 60 სული მწერალი, მეცნიერი და კულტურის მოღვაწე შეიკრიბა და ნიკა გვარამია დაგმო და ეს საპროტესტო წერილი, „კაკ ნი სტრანნა“, „რუსთავი 2-ს“ კი არა, „ტელეიმედს“ გაუგზავნა. ერთმა ჩემმა ენაკვიმატმა მეგობარმა იხუმრა, _ რავა, ნიკა გვარამია ნანა ლეჟავას სილიკონიანი ტუჩებით იგინება, საპროტესტო ნოტა „იმედში“ რომ გაგზავნესო?
კეთილებს იგინება პრემიერი, მერი გამოექანეთ და დამასკდითო! _ გაჰკივის და ამათ მეცნიერულ და კულტურულ ნაზ სმენას გვარამიას ბილწსიტყვაობა ხვდება! „ტელეიმედი“ კი დგას და იხსენებს, როგორ იყო ნიკა გვარამია ბებიაჩემის ქალიშვილობაში პროკურორი და განათლების მინისტრი.
მოქმედი მერი რომ თავის სასქესო ორგანოზე ეპატიჟება მთელ ოპოზიციას, ეგ არაფერი, კაცი, რომელიც გუშინწინ პრემიერი იყო და პარლამენტში დეპუტატებს კეთილების ტ…-ით ემუქრებოდა, ეგ არაფერი და გვარამია, ოდესღაც, დენიკინის დროს, ჩინოვნიკი და დღეს უკვე კერძო არხის დირექტორი რომ იგინება _ ეგ ფერი?
აგერ თვითონ გვარამიამ დადო პოსტი და გამოკითხვას ატარებს და 53% ეუბნება, ეთერში გინება არ მოსულაო.
ხომ გეუბნებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხალხს ხელისუფლება აგინებს, ხალხი გატრუნულია და როცა ვინმე ხელისუფლებას აგინებს, ისევ იმას ეუბნება, ეთერში გინება არ მოსულაო. არ მოსულა და იყავით მაგ დღეში, რომელშიც ხართ.
დიახ, საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ჩადის ერთ ქალაქში _ ჭიათურაში და ხალხს მიმართავს, _ ზესტაფონელებოო. დიახ, აი, ის რითმებთან მოპაექრე პოეტი და ალუჩა-ტყემლის გინეკოლოგი არჩილ თალაკვაძე ჭიათურაში იყო _ მერობის კანდიდატის წარსადგენად და ხალხს რიხით მოახსენა: „ძვირფასო ზესტაფონელებო“.
რომ შეახსენეს, ჭიათურაში ხარო, თავი უტიფრად იმართლა, აქედან ზესტაფონში მივდივართო. კი მაგრამ, იქიდან რომ ღორების ფერმაში ყოფილიყო წასასვლელი, ხალხისთვის ძვირფასო ღორებო უნდა ეძახა? ანდა „ზალაში“ რომაა და ტუალეტშია გასასვლელი, მოსაქმებას ზალაშივე იწყებს?
ამ არჩილ თალაკვაძეს სულ აერია ჟამანაკები, რაც გაქურდეს და სეიფი გამოუსუფთავეს. ვერ გავიგე, იმ სეიფში ბლომად ფული ჰქონდა შენახული თუ ცოტაოდენი ტვინი?
ეს ჭიათურაში მიმართავს ზესტაფონელებს და ის, კახი კალაძე, იქ, ზუგდიდში მეგრელებს ეპრანჭება, ნახევრად მეგრელი ვარო. მაინც, რა არის ეს არჩევნები… რაღას არ გაგაკეთებინებს. დაწყებული ხიბულას ტალახის ზელვით, დამთავრებული ამგვარი კეკლუცით. არადა, თქვენ წარმოიდგინეთ, რა „ჟერტვაზე“ წავიდა ბატონი ბიძინი? კაცი, რომელიც ლებედს აფინანსებდა და როდიონოვს ედგა გვერდით, ახლა ზვიადის ნაკვალევს დასტირის და გაიძახის, ხიბულაში მუზეუმი უნდა გავხსნათო.
ჯერ ერთი, რა უბედურებაა მუზეუმის გახსნა იმ წყეულ ადგილას, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს? ვინმემ გახსნა მუზეუმი წიწამურში? მუზეუმი იხსნება იქ, სადაც იბადება, სადაც მოღვაწეობს გმირი და არა იქ, სადაც ვერაგულად კლავენ მას! ან რომ დადიხარ და ატალახებ მინდორ-ველებს, ის ზვიად გამსახურდია რომ ცოცხალი დარჩენილიყო და ვერ დაემხოთ, როგორ ფიქრობთ, ეგრე გაილაღებდით, ბატონო ბიძინა? ასწლიანი ხეები კი არა, ვინ იცის, 3-ლარიანი ცოცხიც ვერ გეტარებინათ საჩხერის ბაზრიდან ჭორების ვილაში.
დიახ, ბიძინა ბატონო, თქვენი ყველას წარმატება და კარიერული წინსვლა პირდაპირი თუ ირიბი რეზულტატია სწორედ მაგ ზვიად გამსახურდიას დამხობისა და ვერაგული მკვლელობის. ზვიად გამსახურდიას რომ როგორმე ძალაუფლება შეენარჩუნებინა, ვერც კომუნისტური რევანში განხორციელდებოდა და ვერც თქვენ და თქვენისთანები იპარპაშებდით. ალბათ ამიტომაცაა თქვენთვის ხიბულა ასე ძვირფასი… თორემ ყველა ადამიანისთვის, ვინც ზვიად გამსახურდიას იდეების მიმდევარი იყო და არის, ეგ ხიბულა პრეზიდენტის ვერაგული მკვლელობის ადგილია და მეტი არაფერი.
მართლაც და რა ამაზრზენი იყო ამ ჩვენი პუტჩისტების ნახვა ზვიად გამსახურდიას საიუბილეო დღეებში! ყველა იდგა და ურცხვად ზვიადისტობდა!
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ზვიად გამსახურდიას სიდიდეც და სიდიადეც ამ ჩია, უტიფარი ვიგინდარების ფონზე. რა სასაცილო იყო ყველა, ვინც თავფეხიანად გასვრილია ამ დიადი კაცის დამხობაში და დღეს ნიანგის ცრემლებს ყრის. დაწყებული პრეზიდენტით, გაგრძელებული დღევანდელი პოლიტელიტით და დამთავრებული რიგითი პუტჩისტებით, მაშინაც რომ პუსტა-პუსტები ეყარნენ და დღესაც რომ ეგრე ყრიან და კვნესიან. გაყიდეს სამშობლო და ხეირიც ვერ ნახეს. დღეს, ყველა ესენი, ყელმოღერებული საუბრობენ ზვიად გამსახურდიას ღვაწლსა და როლზე.
„ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა“, _ ამას ურცხვად ამბობდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი! დიახ, სწორედ ის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, თავის დროზე, სალომე ქართველის ფსევდონიმით გაალმასებული ებრძოდა ზვიად გამსახურდიას! სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, იქ ეწეოდა მის დისკრედიტაციას!
ამ ბოლო ხანებში გრუზინებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტად აირჩიეს „სადაც არ უნდა გათხარო“, საღლიცინო მიეცათ _ უკრაინელები პრეზიდენტად კლოუნს ირჩევენო.
დიახ, მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება ასეთი რამ, თვითონ სალომე ზურაბიშვილი ჰყავდეთ არჩეული პრეზიდენტად, „პლავკიანი“ მოდელი მერად და ზელინსკის კომიკოსობაზე იღლიცინონ…
მათი რჩეული სალომე ზურაბიშვილი კი ისეთ მადაზეა, ნუ იტყვით. აგერ საელჩოებს სთხოვს, საელჩოს შენობებში ჩემი სურათი დაკიდეთო, აი, ეს, ლურჯი პიჯაკი რომ მაცვიაო.
ფრიად მამაცი ქალბატონია ჩვენი პრეზიდენტი, თორემ სურათის დაკიდებას როგორ მოსთხოვდა ხალხს, რომელიც დროშას ვერ კიდებს, წითელს მწვანისგან ვერ არჩევს, ჭიათურას _ ზესტაფონისგან?
საქართველო ესაა ქვეყანა, სადაც ადამიანი საფლავს ითხრის და ცოცხლად დამარხვას აპირებს _ იმიტომ, რომ წლებია, სამართალს ვერ მიაგნო ამ ქვეყანაში! საბრალო ბერიკაცი ამტკიცებს, რომ მეზობელმა გაძარცვა, ის მეზობელი აღიარებს, რომ ამ კაცის ნივთები მათთანაა. ეს მეზობლები უტიფრად უმტკიცებენ ბერიკაცს, უმტკიცებენ ქვეყანას, რომ კი არ მოპარეს, თურმე, ნუ იტყვით და, უნახავენ… ამ ბერიკაცს კი სამართლის ძებნაში კაი ხანია, გულიც გაუცვდა და რკინის ქალამნებიც.
საქართველო ესაა ქვეყანა, სადაც პროკურორს (ვინმე სანდრო გიორგაშვილი) შეუძლია დასცინოს ბერიკაცსაც და წამყვანი ტელეარხის („რუსთავი 2“) ჟურნალისტსაც. რომ დაურეკავენ, აგდებით უთხრას, _ არ ვიცი, ვინ ხართ, ტელეფონით ჩანაწერს არ ვაკეთებო. სამსახურში მობრძანდითო. ჟურნალისტი ვინაობას რომ დაუკონკრეტებს და ეტყვის, _ ხომ არ მოგატყუებთო? პროკურორი ისე პასუხობს ჟურნალისტს, როგორც ჰამლეტი _ ჰორაციოს: „ბევრი რამ ხდება ამ ქვეყანაზე“.
და ტელეფონს უთიშავს და რომ ურეკავენ, უტიფრად უდასტურებს, _ დიახ, ტელეფონი გაგითიშეთო და ისევ უთიშავს. მიდის ჟურნალისტი ოფისში და არ ხვდება. ჟურნალისტს ეუბნებიან, რომ პროკურორი ოფისში არაა, შვებულებაშია და ოპერაციას იკეთებს.
ესაა ქვეყანა, სადაც ვიღაც პროკურორს შეუძლია, ადამიანი ისე გაამწაროს, თავის ცოცხლად დამარხვა გადააწყვეტინოს და შემდეგ როცა პასუხს მოსთხოვენ, ასე თავხედურად და უტიფრად მოიქცეს!
ეს რა გასაკვირია იმ ქვეყანაში, სადაც 13 ივნისის ტრაგედია მოხდა, არაერთი ადამიანი შეეწირა ტრაგედიას და ძეგლს უდგამენ გადარჩენილ ბეჰემოთს. თუ მაინცდამაინც ცხოველის ძეგლი უნდა დაგედგათ, თეთრი ლომის ბოკვერ შუმბას ძეგლი დაგედგათ! მაგრამ შუმბა ხომ თქვენ მოკალით… ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ… საქართველო ესაა ქვეყანა, სადაც ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე ძეგლს ბეჰემოთს უდგამენ! იმ ზვიად გამსახურდიას იუბილეზე, რომელსაც ვითომ ცხარე ცრემლით დასტირიან!
ესაა ქვეყანა, სადაც ნამუსი კონტრაბანდაა!
რეზო შატაკიშვილი