კონსტანტინე ფორჩხიძე: „ზუგდიდში ბანკის ძარცვას შესაძლოა, ტერაქტის კვალიფიკაცია მივცეთ!“

რამდენიმე დღის წინ საქართველოში გენიალური ამერიკული ფილმის, „როგორ მოვიპაროთ მილიონის“ რიმეიკის პრემიერა ვნახეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიღბიანი და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც კბილებამდე იყო შეიარაღებული, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ცენტრალურ ფილიალში შეიჭრა, უფრო სწორად, აუღელვებლად შევიდა, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და… არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. შესაძლოა, ეს მოთხოვნა ვინმეს თავიდან სასაცილოდაც არ ეყო და იმასაც ფიქრობდა, რომ ძალოვანი უწყებები თავხედ თავდამსხმელს „ხახამშრალს დატოვებდნენ“, მძევლებს გაათავისუფლებდნენ და დამნაშავესაც „ვირის აბანოში“ უკრავდნენ თავს, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ შვიდსაათიანი კრიმინალური დრამა იმით დამთავრდა, რომ სახელმწიფომ ბანკზე თავდამსხმელს 500 ათასი დოლარი ჩაუთვალა და ნიღბოსანიც უკვალოდ გაუჩინარდა. ამის მიუხედავად, ოფიციალური სტრუქტურებისა და შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდის სპეცოპერაციას წარმატებულად მიიჩნევენ და ამბობენ, მთავარია, არავინ მოკვდა და ჯანდაბას, 500 ათასი დოლარი სახელმწიფოსი კი არა, „საქართველოს ბანკის“ ფული იყოო.
მოკლედ, „ოცნება“ თვითკმაყოფილია. ამ დროს კი, ადამიანები, რომლებიც დამნაშავეების ბუნებას ზედმიწევნით კარგად იცნობენ და ამასთან, მსგავსი ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილებაც აქვთ, ამბობენ, რომ სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დამნაშავე გაიქცევა, არ შეიძლება, წარმატებულად ჩაითვალოს.
ეს კი არადა, უშიშროების თადარიგის ოფიცერი, სამეგრელოს სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი შეფი კონსტანტინე ფორჩხიძე, „ქრონიკა+“-სთან ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ზემოხსენებული სპეცოპერაცია პოლიციას კი არა, უშიშროების სამსახურს უნდა ჩაეტარებინა.

რას ნიშნავს ფულის დამუშავება? რატომ შეარჩია თავდამსხმელმა გასაძარცვად „საქართველოს ბანკის“ მაინცდამაინც ზუგდიდის ფილიალი? ის, რაც მოხდა, ჩვეულებრივი კრიმინალია თუ ტერორისტული აქტი? _ ამ დეტალების შესახებ „ქრონიკა+“-ს უშიშროების სტაჟიანი თანამშრომელი ექსკლუზიურად ესაუბრა:

_ კოტე, ზუგდიდში ბანკის ძარცვა ჩვეულებრივი კრიმინალია თუ მომხდარს შეიძლება, ტერაქტის კვალიფიკაცია მივცეთ?
_ დიახ, შეიძლება, ტერაქტის კვალიფიკაცია მივცეთ.
_ რატომ?
_ როცა მძევლად 43 ადამიანია აყვანილი და როცა საუბარი სახელმწიფოსგან ფულის გამოძალვაზეა, ეს ტერორისტული აქტია, აბა, რა არის?!
_ შს მინისტრის ცნობით, ნახევარი მილიონი დოლარი თავდამსხმელს სახელმწიფომ კი არა, „საქართველოს ბანკმა“ გადაუხადა…
_ ამას რა მნიშვნელობა აქვს? თავდამსხმელი ბანკს კი არა, სახელმწიფოს სთხოვდა, რომ 500 ათასი დოლარი გადაეხადა. ამიტომაც ის, რაც მოხდა, პირველ რიგში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კი იმ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც სპეცსამსახურების არეალშია მოქცეული და გამოძიებაც ყოველთვის მათი პრეროგატივაა.
სხვათა შორის, იმაზე, თუ ვის უნდა განეხორციელებინა მძევალთა განთავისუფლების ოპერაცია, ჩემი შეხედულება მაქვს, ანუ მთავარი წარმმართველი ძალა პოლიცია კი არა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ უბრალო მძარცველზე არ იყო საუბარი.
_ რას გულისხმობ?
_ თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელს სამხედრო ფორმა ეცვა და სამხედრო შეიარაღებით იყო აღჭურვილი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს „სინაგლეა“, ანუ თავდამსხმელი თავხედურად იქცეოდა და სახელმწიფო სტრუქტურების, სამხედრო ფორმისა და შეიარაღებული ძალების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდა. ყველაფერ ამას პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
ისე, მე თუ მკითხავთ, თავდამსხმელს ბანკიდან ფულის აღებაზე არც უფიქრია.
_ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ თავდამსხმელს ფული „საქართველოს ბანკმა“ მისცა, ე. ი., სახელმწიფომ საკუთარი უფლება ვერ შეასრულა და კომპანია ვერ დაიცვა?
_ მნიშვნელობა არ აქვს, ეს ფული ვინ გადაიხადა. მთავარი ისაა, რომ თავდამსხმელმა ფული ბანკის ხელმძღვანელობისგან კი არა, სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალური წარმომადგენლებისგან მიიღო. ამიტომაც ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომელიც გამოძიებული და დამნაშავე უმკაცრესად დასჯილი უნდა იქნეს!
_ მოკლედ, თავდამსხმელს სამხედრო ფორმა სპეციალურად ეცვა?
_ რა თქმა უნდა. ის კარგად მომზადებული, წინასწარ შედგენილი სცენარით მოქმედებდა და აღჭურვილი იყო. სხვათა შორის, ამ თავდასხმაში ბევრი პრობლემური საკითხია, რაც შესაძლოა, უშუალოდ თავდამსხმელთანაც იყოს დაკავშირებული…
აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ მეეჭვება, ნამდვილი ხელყუმბარა ჰქონოდა.
_ ეჭვი რატომ გეპარება?
_ პრაქტიკულად, შეუძლებელია, რომ ადამიანს ყუმბარა რვა საათი ეჭიროს და ხელიდან ხელში გადაჰქონდეს. ნაომარი ვარ, ყუმბარა მჭერია, გამომიყენებია კიდეც და ამიტომაც ვიცი, რასაც ვამბობ.
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ყველა კითხვას გამოძიებამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ კიდევ უფრო ბევრი კითხვა გაჩნდება, თან ეს პასუხგაუცემელი კითხვები ანალოგიური დანაშაულების განვითარებას ბიძგს მისცემს, ანუ ყველაფერ ამას შესაძლოა, დომინოს ეფექტი ჰქონდეს.
თუ გავრცელებული ვიდეოკადრებით ვიმსჯელებთ, თავდამსხმელს სამხედრო საქმესთან შესაძლოა, გარკვეული შემხებლობა ჰქონდეს და თუ ეს დადასტურდა, მაშინ იმ ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი დგება, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ წინმსწრები ინფორმაცია ჰქონოდათ და დროულად არათუ გამოევლინათ, აღეკვეთათ კიდეც.
_ კოტე, როგორც უშიშროების თადარიგის ოფიცერი, რას ფიქრობთ _ თავდამსხმელი რიგითი სამხედროა თუ სპეცმომზადება აქვს გავლილი?
_ სპეცრაზმელს უფრო ჰგავს.
_ ამას რის საფუძველზე ამბობ?
_ რიგითი სამხედრო ასეთ დანაშაულს არ სჩადის. თავდამსხმელი იმ ჯგუფის ადამიანებს უფრო განეკუთვნებოდა, რომლებიც სპეცრაზმის წევრები არიან. შეიძლება, ის ყოფილი თანამშრომელი ან დაქირავებულია, თუმცა ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს.
_ დავუშვათ, თავდამსხმელი ყოფილი ან მოქმედი სპეცრაზმელია, მაგრამ აქვე ჩნდება მეორე კითხვა, _ მაინცდამაინც წარმატებული ბანკის რეგიონული ოფისი რატომ აირჩია?
_ ამის ახსნა მარტივია _ იმ ტერიტორიას კარგად იცნობს. სხვათა შორის, იმ ჩანაწერში, რომელშიც სამხარეო პოლიციის უფროსი ელაპარაკება, თავდამსხმელს აშკარად აქცენტი ეტყობა და ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ იმ მიდამოს კარგად იცნობს. შესაბამისად, იმის ვარაუდი, კვალი სად უნდა მოიძებნოს, შესაძლებელია.
თავდამსხმელმა მძევლები ისეთ ადგილას მიიყვანა და ჩამოყარა, სადაც ტყეა, მაგრამ გამოდის, რომ იქაურობას ხუთი თითივით იცნობს.
ისე, ოთხი წელი სამეგრელოს რეგიონში სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი ვიყავი და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს სპონტანური კი არა, კარგად დაგეგმილი და მომზადებული პოლიტიკური აქტი იყო! მეტიც, ამ საქმეში ფული მეორეხარისხოვნად მიმაჩნია.
_ იმით, რაც გააკეთა, თავდამსხმელს რისი ხაზგასმა და დემონსტრირება უნდოდა?
_ ალბათ, ხელისუფლებისა და იმ სტრუქტურების უუნარობის ხაზგასმა უნდოდა.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ დღევანდელი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები პროფესიონალიზმისგან ძალიან შორს არიან, რის შესახებაც არაერთხელ ხმამაღლა მითქვამს. სისტემა, პრაქტიკულად, არ მუშაობს და მორღვეულია. სისტემაში მხოლოდ სტრუქტურებს კი არა, ოპერატიულ საქმიანობასაც ვგულისხმობ, ანუ ოპერატიული საქმიანობა მიგდებულია და წარმოდგენა არავის აქვს, ეს როგორ უნდა აწარმოოს!
_ კოტე, რა ამის პასუხია და კორონის გამო ბანკში ნებისმიერ შემსვლელს სიცხეს უზომავენ. ეს „ტიპი“ კი ნიღბითა და „კალაშნიკოვით“ შეიარაღებული (შემთხვევითი, ალბათ, არც „კალაშნიკოვია“) ბანკში ისე შედის, რომ ყურადღებას არავინ აქცევს. ამას რით ხსნი?
_ ეს ადამიანი უპრობლემოდ მხოლოდ ბანკში კი არ შევიდა, მთელ ქალაქში გადაადგილდებოდა. საერთოდ, წარმოდგენა რომ გქონდეს, გეტყვი, ბანკი სად მდებარეობს _ ზვიად გამსახურდიას გამზირზე, სუს-ის შენობის გვერდით. მერიაც იქვეა. ამიტომაც ეს ტერიტორია პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. ამ დროს, ჩაფხუტჩამოფარებული ადამიანი ბანკში ისე შედის, რომ ვერავინ ამჩნევს…
_ სხვათა შორის, ზუსტად იმ დღეს, როცა მძარცველი ბანკს დაესხა, ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ დიდი შეკრება უნდა გამართულიყო, ანუ ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბანკის ძარცვა ენმ-ის აქციას მიზანმიმართულად დაამთხვიეს?
_ ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველა ვერსია დასაშვებია…
_ ასეა თუ ისე, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სახელმწიფომ შეიარაღებული მძარცველის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნახევარი მილიონი მიუტანა, რის შემდეგაც ნიღბოსანი ისე გაუჩინარდა, რომ არავინ იცის, მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ…
_ ჯერ კიდევ გასარკვევია, ფული მისცეს თუ არა.
_ შს მინისტრმა დაადასტურა, რომ მძარცველის მოთხოვნა შესრულდა, ანუ 500 ათასი დოლარი მისცეს…
_ თქმა ერთია, მაგრამ…
_ სხვათა შორის, მძევლების თქმით, თავდამსხმელს არ შეუმოწმებია, ფული ნაღდი იყო თუ არა…
_ როგორ უნდა შეემოწმებინა? ცალ ხელში „ლიმონკა“ ეჭირა, მეორეში _ ავტომატი ან რომც დაეთვალიერებინა, როგორ უნდა განესაზღვრა, კუპიურები ნამდვილი იყო თუ არა?
_ სპეცსამსახურს განა, არ შეეძლო, ჩანთაში, რომლითაც ფული მისცეს, „ჯიპიარის“ სისტემა ჩაემონტაჟებინა და თავდამსხმელის კვალს ბოლომდე გაჰყოლოდა?
_ საერთოდ, ასეთ დროს ფული მუშავდება.
_ ანუ?
_ ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურს ფულზე სპეციალური ნივთიერება „დააქვს“ და ამასთან, თითოეულ კუპიურაზე შესაბამისი წარწერა კეთდება, თუმცა ყველაფერ ამას დიდი დრო სჭირდება. ნახევარი მილიონი დოლარის 7 საათში დამუშავება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს, როგორც ჩანს, თავდამსხმელმა იცოდა, ანუ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ის კარგად მომზადებულია. სამწუხაროდ, მოწოდების სიმაღლეზე მომლაპარაკებლები ვერ იყვნენ.
_ მომლაპარაკებლებს რა უნდა გაეკეთებინათ?
_ დრო კიდევ უნდა გაეჭიმათ და ფული ასე უცებ არ უნდა მიეცათ…
_ კოტე, იმ ინფორმაციისა და კადრების თანახმად, რაც გავრცელდა, როგორი შთაბეჭდილება შეგექმნა _ მძევლებს შორის თავდამსხმელს შესაძლოა, თანამზრახველი ან თანამზრახველები ჰყოლოდა?
_ შანსი არაა, რომ ასეთი დიდი ოპერაცია თანამზრახველების გარეშე განხორციელდეს! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თანამზრახველი იმისთვის მაინც უნდოდა, რომ ტყიდან, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა, გადაადგილებულიყო, ანუ იქ ან ცხენი ელოდებოდა, ან _ მანქანა…
მოკლედ, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ თანამზრახველი შიგნითაც ჰყავდა, თან ისე იქცეოდა, როგორც მაღალი პროფესიონალი.
საერთოდ, ცნობილია, რომ მძევლების აყვანის დროს ე. წ. სტოკჰოლმის სინდრომი ვითარდება, რაც იმას გულისხმობს, რომ მძევლები თავდამსხმელის მიმართ კეთილად განეწყობიან. ამ ადამიანს აღელვება და ზედმეტი ფორიაქი არ ეტყობოდა. ეს დეტალები მის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს…
_ ერთ-ერთი მძევლის მონათხრობით, თავდამსხმელი ხელს ზედმეტად არაფერს კიდებდა და წყალსაც კი მხოლოდ საკუთარი ბოთლიდან სვამდა…
_ რა თქმა უნდა… ნაკლებ პროფესიონალიზმს უფრო პოლიციის ქმედებებში ვხედავ! წეღანდელი თქმისა არ იყოს, ეს სპეცოპერაცია პოლიციას არ უნდა ჩაეტარებინა…
_ შეიძლება, მაგრამ ხელისუფლება სპეცოპერაციის შედეგით კმაყოფილია, ანუ აცხადებს, ყველა მძევალი ცოცხალი გადარჩა და თავდამსხმელს ათი მილიონიც რომ მოეთხოვა, ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ვერ გავწირავდითო…
_ ოპერაცია წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როცა დამნაშავეს დაიჭერენ, სასამართლოს წარუდგენენ და ფულს ბოლომდე ამოიღებენ…
_ კოტე, შენი არ ვიცი და, ზუგდიდის ამბებმა, რატომღაც, ლაფანყურის მოვლენები გამახსენა, ანუ ამ ორ ფაქტს შორის პარალელის გავლება, შეიძლება, გადამეტებულია, მაგრამ 2012 წლის არეჩევნების წინ ლაფანყურის „ბომბი“ გასკდა, ახლა კი _ ზუგდიდის. შესაბამისად, ბანკის ძარცვას პოლიტიკური შეფერილობა ხომ არ აქვს?
_ როცა ასეთი ამბავი არჩევნების წინა პერიოდში ხდება, ყოველთვის პოლიტიკური შეფერილობა აქვს, თუმცა იმაზე საუბარი, ყველაფერი რომელ მხარემდე მივა, ძალიან ადრეა.
_ რატომ?
_ ამ დეტალებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება, როცა დამნაშავეს დააკავებენ და სასამართლოს წინაშე წარადგენენ.
_ გჯერა, რომ დამნაშავეს დააკავებენ?
_ დიდი ეჭვი მეპარება…
_ ისე, ქართულ შეიარაღებულ ძალებში რუსული „კალაშნიკოვი“ არის?
_ დიახ, არის.
_ ჰოდა, რაკი საქმეში „კალაშნიკოვი“ ფიგურირებს, შეგვიძლია თუ არა დავუშვათ ვერსია, რომ ბანკის ძარცვის კვალი უცხო ქვეყნის, მაგალითად, რუსეთის სპეცსამსახურებამდე მივიდეს?
_ ამის გამორციხვაც არ შეიძლება, მით უმეტეს, დამნაშავე ვერტმფრენს ითხოვდა, ანუ საქართველოს საზღვრის გადალახვას ფიქრობდა. საქართველო-თურქეთის საზღვარს ვერ გადალახავდა. შესაბამისად, რუსეთის ან ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საზღვარი უნდა გადაელახა, სადაც რუსი სამხედროები დგანან. ამ ე. წ. საზღვრის გადალახვა სპეცსამსახურების დაუხმარებლად შეუძლებელია.
_ კოტე, საუბრის დასაწყისში ახსენე და სხვებიც ფიქრობენ, რომ ის, რაც ზუგდიდში მოხდა, კრიმინალს წაახალისებს. დამისაბუთე და ამიხსენი, ასე რატომ ფიქრობ?
_ დიახ, როგორც ვთქვი, ამას დომინოს ეფექტი ექნება. ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი დასავლური ქვეყანა დამნაშავეების მოთხოვნების შესრულებაზე, როგორც წესი, მკაცრ უარს ამბობს ხოლმე. მოლაპარაკებას მხოლოდ იმიტომ აწარმოებენ, რომ სპეცოპერაციის ჩასატარებლად დრო მოიგონ.
სხვათა შორის, ტერირისტებთან მოლაპარაკებებს თავად რუსეთიც არ აწარმოებს ხოლმე!
_ გასაგებია, რომ ტელემედიას სპეცრაზმელთა განლაგება და გადაადგილება „ლაივ რეჟიმით“ არ უნდა ეჩვენებინა, მაგრამ მძევალი, რომელმაც საზოგადოებას თავდამსხმელის მოთხოვნები შეატყობინა, პირდაპირ ეთერში უნდა გაეყვანა თუ არა?
_ თავდამსხმელი პირდაპირ პოლიციაში არ დარეკავდა და არ იტყოდა, ნახევარი მილიონი მომეცითო. ამიტომ მას ვიღაც სჭირდებოდა, ვინც მის მოთხოვნებს გაახმოვანებდა. მედიის გარეშე ხელისუფლებისთვის ხმა როგორ უნდა მიეწვდინა? თავდამსხმელს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სჭირდებოდა, რომელთან დასაკავშირებლადაც მძევლები გამოიყენა. ეს ჩვეულებრივი ამბავია.
_ შენი დაკვირვებით, სახელმწიფოს ნახევარი მილიონი რომ არ მიეტანა, თავდამსხმელი მძევლებს მართლა დახოცავდა?
_ კი, დახოცავდა.
_ თუ დახოცვა უნდოდა, მაშინ მძევლების ნახევარზე მეტი რატომ გაათავისუფლა (ცნობილია, რომ თავიდან 43 ადამიანი დაატყვევა, თუმცა უმეტესობა ეტაპობრივად გამოუშვა) ან ხაჭაპურს რატომღა სთავაზობდა?
_ მერე რა?! ეს ჩვეულებრივი ტაქტიკაა… წეღანაც ვთქვი, რომ თავდამსხმელი არ ნერვიულობდა. როცა ადამიანი არ ნერვიულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულია. ეს ადამიანიც მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული კი არა, კარგად მომზადებულიც იყო _ იმ რეგიონის ოპერატიული ვითარება, სადაც მძევლები აიყვანა, ძალიან კარგად ჰქონდა შესწავლილი და შესაძლოა, ისიც იცოდა, მძევლებად ვინ აჰყავდა! ბოლოს კი ისეთი ადამიანები დაიტოვა, რომლებსაც ხელისუფლებასთან გარკვეული კავშირი და ურთიერთობა ჰქონდათ.
_ ვის გულისხმობ, კოტე?
_ მაგალითად, გამგებლის თუ მერის ბიძაშვილს.
_ ამ მსჯელობაში ვერ გამოგყვები, რადგან ადამიანები, რომლებიც მძევლებად აიყვანა, იმ დროს ბანკში შემთხვევით მოხვდნენ…
_ შემთხვევით არაფერი ხდება… ამიტომაც ყველაფერი გამოძიებისა და კვლევის საგანია.
დიახ, თითოეული დეტალი უნდა იყოს განხილული და ასევე ყველა მძევალი შესწავლილი. მინიმუმ, ის უნდა დადგინდეს, ამ მძევლების კავშირები ვინ არიან და ზუსტად იმ დროს ბანკში რატომ აღმოჩნდნენ. შესაძლოა, ზოგიერთი იმ ადგილას იმ დროს წინასწარ შეთანხმებულად აღმოჩნდა…
სხვათა შორის, თავდამსხმელს მძევლებად ისეთები სჭირდებოდა, რომლებიც წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ.
საერთოდ, როცა მძევლად იყვანენ, ყველას ერთნაირი რეაქცია არ აქვს.
_ ანუ?
_ ასეთ დროს ზოგი აგრესიულია, ზოგი ჩუმადაა, ზოგის ნებელობა ეცემა და სხვანაირად იქცევა, თუმცა ასეთ დეტალებს სპეცსამსახურების გარდა არავინ აქცევს ყურადღებას. ისე, თუ დააკვირდი, გაქცევა ერთ მძევალსაც არ უცდია, ანუ ამიტომაც ვამბობ, რომ თავდამსხმელმა ისეთი მძევლები შეარჩია, რომლებიც წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ.
_ ბოლოს, კოტე, გჯერა, რომ ეს საქმე გაიხსნება და ოდესმე გავიგებთ, რეალურად რა მოხდა?
_ ეს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა თუ ასეთი საქმე ცხელ კვალზე არ იხსნება, მერე მისი გახსნა ძალიან ძნელია.
_ რატომ?
_ წეღანდელი თქმისა არ იყოს, არ მგონია, ძალოვნებს ფულის შესაბამისი დამუშავება მოესწროთ და გამტაცებლისთვის ისე მიეცათ, არადა, ამ შემთხვევაში ფული ერთადერთი კვალია, რომელიც საქმის გახსნის მთავარ იარაღად იქცევა…

გიორგი აბაშიძე