კლასგარეშე საკითხავი ერთგულებაზე
ახლა, როდესაც დამოკლეს მახვილივით გვკიდია სალომეს გაპრეზიდენტების საფრთხე, თავისთავად ცხადია, თავს გვახსენებს შეცდომა, რომელიც თავის დროზე დაუშვა მიხეილ სააკაშვილმა. არ ვიცი, შეიძლება მიხეილის გარეშეც მოსდგომოდა მისი „არგო“ კოლხეთის ნაპირს, მაგრამ ფაქტია, რომ ის საქართველოში ჩამოიყვანა და ზარზეიმით საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა სწორედ მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და წელიწად-ნახევარში გაუყენა კიდეც იპოდრომის გზას. ეს შეცდომა, ამ ბოლო პერიოდშიც, საჯაროდ აღიარა. მიუხედავად ამისა, საკმარისია, ლაითადაც კი დატუქსო მიშა სალომეს _ ამ ფრანგული ბიჟუტეღიის ბაჯაღლო _ ოქროდ შემოსაღებისთვის, რომ უმალ მურიან „ტრუბაში“ გაგაძვრენს მისი ფანი ქალბატონების ერთი ნაწილი.
ამ ერთი თვის წინათ ფესიბუკზედ ხუმრობით ვიკითხე: ამ მიშას, კაცო, ხან საპონიზა რომ „სროკავენ“, ხან „ვენოკიზა“ და ხანაც სუშიზა, ზრდილობის გულიზა 2 წელი მაინც დავუმატოთ ამ სალომეს ჩამოყვანისთვის-მეთქი. თან მივაყოლე სამი სმაილი _ ყურებამდე გადახეული პირის და 32 კბილის. კბილების გადმოყრამ არ მიშველა, შემომივარდნენ და კინაღამ წელები დამაყრევინეს. ერთმა ქალბატონმა ლექცია ჩამიტარა საქართველოს უახლეს წარსულზე, აი, იმ ამბებზე, ჩემი სტატიებიდან რომ იგებდა და დღეს რომ აქეთ მე მიყვება უკუღმა…
ესაო და ისაო, სალომეს ჩამოთრევა რა მიშას ბრალია, არ გახსოვთ, მაშინ რა ხდებოდა, ჟვანიას ჩამოყვანილია ეგაო, ჟვანიამ დანიშნა მინისტრადო. კორექტულად მოვახსენე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი შეხვდა და სწორედ მიხეილ სააკაშვილმა ამცნო ქვეყანას სალომეს ჩამოყვანა და ისიც, რომ ეს მისი იდეა იყო. იდეა რომც ზურაბ ჟვანიასი ყოფილიყო, ვინ გამოდის მიხეილ სააკაშვილი? კარტოფილის მომყვანი მარგველაშვილი, რომელსაც არაფერს ეკითხებიან? მეტიც, მაშინ მინისტრებს პრეზიდენტი ნიშნავდა და რა გამოდის, ჟვანია ისე უნიშნავდა მინისტრებს, არც ეკითხებოდა? მიუხედავად ამ არგუმენტებისა, კიდევ გიტევენ და მზად არიან, ჩუსტი გაიძრონ და გთხლიშონ. ასე ესმით მათ ერთგულება, „აპრავონ“ ისიც კი, რაზეც თავად მიხეილ სააკაშვილი იხდის ბოდიშს. ეს განმეორდა იმდენჯერ, რამდენჯერაც კი რაიმე ფორმით ვახსენე სააკაშვილის პასუხისმგებლობა სალომესთან დაკავშირებით.
სულ ბოლოს ეკა ხერხეულიძის გვერდზე განვუტევე კინაღამ სული. ეკა ხერხეულიძემ გამოაქვეყნა ამონარიდი 1992 წლის ჟურნალ „ივერიიდან“, რომელსაც ჯანრი კაშია რედაქტორობდა და სარედაქციო საბჭოში იყო სალომე ქართველი _ სალომე ზურაბიშვილი. ამ ამონარიდში გულს აგირევს და რწყევას დაგაწყებინებს პირველივე წინადადება: „ზვიად გამსახურდიას ანტიკომუნისტობა ისეთივე მონაჭორია, როგორც მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში „წვალება“ და საპატიმროში „ტანჯვა“.
აი, ამ სალომე ქართველს ვირჩევთ დღეს და კიდევ იმ სალომე ქართველს, რომელიც 1992 წლის 7 იანვარს წერდა: „ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი, დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა. ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელ ოპოზიციას _ დიდი მადლობა“.
აი, ეს ჯაბა-სიგუა-კიტოვანის ფანი ქალი ჩამოგვიყვანა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრად. იქ, ეკა ხერხეულიძის გვერდზედ, სევდიანად ვიკითხე, _ რატომ ეგონა მიხეილს, რომ ზვიადის მტერი სალომე მას და საქართველოს უერთგულებდა? სადაც იყო, იქიდან ნაკლებ ზიანს გვაყენებდა, აქ რომ არ გადმოეყვანა-მეთქი?
ამის თქმა და შტურმი ერთი იყო, ცალკე პირადში ურცხვად და ცალკე ღიად, ცხადია, ბევრად კორექტულად. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვკითხულობდი, არ გამოვრიცხავ, რომ არაკორექტულ, უხამს გამოხდომებს გვერდის პატრონი შლიდა.
ძირითადად რამდენიმე არგუმენტი იყო.
„არ იცოდაო“, _ ამ არგუმენტით უვიცად გამოჰყავთ სააკაშვილი. ე. ი. არაფერი სცოდნია… და რაც მთავარია, როცა მინისტრებს ნიშნავდა, არც არაფერს არკვევდა და კითხულობდა…
სხვები ბევრად შორს მიდიან და პირდაპირ ამართლებენ, რომ მაშინ ასე იყო საჭირო! რომ მიშამ გადასარევად იცოდა, რასაც აკეთებდა და ეს ჩვენ არ ვიცით, თურმე.
მაგ ლოგიკით აგერ ივანიშვილიც გეტყვის, რომ ახლა მისი არჩევაა საჭირო. ერთ-ერთი „გამპრავებლის“ „გაპრავებით“, თურმე, იმიტომ დანიშნა, რომ მტერი ახლოს ჰყოლოდა და თურმე, სააკაშვილი წარმატებით იყენებდა საქართველოს მტრებს საქართველოსთვის. იმას ვერავინ გიხსნის, რატომ უნდა გყავდეს მტრები და მოღალატეები მინისტრებად და ვერც იმას, რა მამალი კურდღელი დაიჭირა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოს მოღალატეების გვერდში დგომით და კონკრეტულად მაინც რაში გამოიყენა თუნდაც სალომე ზურაბიშვილი?
იქით ერთმა „იუბკიანმა“ სოკრატემ ისკუპა, _ ჩვენ სწორი ანალიზი გვიჭირს, რადგან წვდომა არ გვაქვს იმ ინფორმაციასთან, რის გამოც დაინიშნაო. არ ვიცით ის გარემოებები, არც ის, რა მოტივაცია ჰქონდა მიშას მისი დანიშვნისას და რა ამაზე დიდი უბედურება ავიცილეთო.
მართალია ეს სოკრატე „იუბკაში“… ეგებ, ჩვენი საგრეო საქმეთა მინისტრობა თვით პუტინს უნდოდა და მიშამ სალომკა დანიშნა და პუტინი აგვაცილა…
რეალურად ამ ყველაფერმა დამაყენა ხასიათზე, რომ კიდევ ერთხელ ალალად გესაუბროთ ჩემს შეხედულებაზე ღალატსა და ერთგულებასთან დაკავშირებით.
ყველაფრისა და ყოველივეს „გამპრავებლებს“ ასე ესმით ერთგულება _ თუ მხარს უჭერ და ვინმეს ერთგული ხარ, უნდა დადგე და ყველაფერი „უპრავო“, „გასაპრავებელიც“ და „გაუპრავებელიც“. და თუ მის დასაცავად შავზე არ ამბობ, რომ თეთრია, უბრალოდ, მოღალატე ხარ.
მთელი ჩვენი უბედურების სათავე ისაა, რომ არეული გვაქვს სწორედ ეს სათავე _ რა არის ღალატი და რა არის ერთგულება პოლიტიკაში მაშინ, როდესაც საქმე ეხება შენს ქვეყანას და სამშობლოს.
არადა, შეხედეთ, ყველაფერი რა მარტივია. შენ შეიძლება ერთგული იყო ლიდერისა და ერთ მშვენიერ დღეს მასთან ერთად აღმოჩნდე მოღალატე შენი მშობელი ქვეყნის.
ავიღოთ, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე. თუ მას ერთგულებდი და მის ერთგულებაზე ხელს არ აიღებდი, არ განეშორებოდი მას, როცა ის შეეკვრებოდა პუტინს შენი სამშობლოს წინააღმდეგ, იქნებოდი თუ არა შენც მასთან ერთად მოღალატე ქვეყნის ინტერესების?
გაანძრიეთ კისერზე გამობმული გოგრები და გამოიტანეთ დასკვნა _ რა ყოფილა მთავარი, ლიდერის ერთგულება და ჩაყოლა სამარესა შინა და სამშობლოს ღალატში თუ პირიქით _ სამშობლოს ერთგულება და ამის გამო იმ ლიდერების ღალატი? ახლა, ვიღაც ტვინმარჯვემ ისე არ გაიგოს, თითქოს ეს საუბარი იქით მიმყავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთგულება სამშობლოს ღალატია. ეს ასე არაა, მაგრამ თუ ადამიანი ფხიზლად არ იქნები ლიდერის მიმართ და თუ არ აწონ-დაწონი მის ყოველ ქმედებას თუ საქციელს და ბრმად მიჰყვები, დიდი შანსია, მასთან ერთად შეცდე და მეტიც, მასთან ერთად გახდე მოღალატე.
საერთოდ, პოლიტიკაში წარმატებას მიაღწიეს იმ მეფეებმა თუ ლიდერებმა, რომლებიც შურისძიებაზე ამაღლდნენ, მიუტევეს, აპატიეს ღალატი და შეცდომები სხვებს. ოღონდ აქ არის ერთი დიდი ოღონდ!
ისინი პატიობდნენ მის ღალატს, პირადად მის მიმართ მტრობას და არა სხვის ღალატსა და სხვის მტრობას. მით უფრო _ სამშობლოსას! საერთოდ, როდესაც ვინმეს პატიებაზე ლაპარაკს ვიწყებთ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს _ პატიების უფლება აქვს მას, ვის წინააღმდეგაცაა ჩადენილი ეს საქციელი და სხვის მაგიერ ვინმეს პატიება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუ მთლად უზნეო არა. ახლაც ხშირად არაერთზე ისმის, ვაპატიოთ ამ დანაშაულის ჩადენაო… მაგალითსაც იშველიებენ _ ხან, აი, ოლღა გურამიშვილმა მოითხოვა, სიკვდილით არ დასაჯოთ ილიას მკვლელებიო. ვინც ამას ტლიკინებს, ავიწყდებათ, რომ ოლღა გურამიშვილმა საკუთარი მეუღლის მკვლელების შეწყალება ითხოვა და არა სხვისი ქმრების მკვლელების!
და ახლა, ვნახოთ, რა გააკეთა სააკაშვილმა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა? ვის აპატია და ვის _ არა? მან აპატია ზვიად გამსახურდიას მტრებსა და მოღალატეებს… მერე კი, ვინც პირადად მას უღალატა და მტრობა გაუწია, რატომღაც, მათ მიმართ არ გამოუჩენია ეს სულგრძელობა და მე თუ მკითხავთ, სწორედ ეს იყო მისი მთავარი შეცდომა და სწორედ ამ მთავარი შეცდომის ერთ-ერთი ქვეპუნქტია სალომე ზურაბიშვილის აქ ჩამოყვანა მინისტრად.
ეპატიებინა პირადი მტრებისთვის და ნუ აპატიებდა ზვიად გამსახურდიას მტრებს. დრომ ხომ გადასარევად აჩვენა ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს გავრცელებული ფრთიანი თქმა, _ გამსახურდიამ ერს „პრაიავიტელი“ გადაასხა და გამოჩნდა, ვინ ვინ არისო. ხომ გამოჩნდა და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ვისაც კი ზვიად გამსახურდია აგენტს ეძახდა, ყველა მართლა აგენტი ყოფილა? ხომ აღმოჩნდა, რომ მთელი ის პროცესები კრემლის აგორებული იყო და ეს ყველა, უბრალოდ, იმ დიდი ღალატის რიგითი, ნომრიანი მოღალატეები ეყარნენ? ხომ აღმოჩნდა, რომ ვინც ზვიადს უღალატა ან უმტრო, ავტომატურად უღალატა და უმტრო მაშინ სამშობლოს?
გეკითხებით, რა უნდოდა ხელისუფლებაში გოგა ხაინდრავას, რომელიც ჯაბა იოსელიანისვე სიტყვებით, გაქცეულ ხალხს გამოუდგა და ცეცხლი გაუხსნა მეტეხის ტაძართან? რა უნდოდა ხელისუფლებაში ბევრ იმ პირს, ვისაც ხელები ჰქონდა გასვრილი თანამოძმის სისხლში? რა უნდოდა ხელისუფლებაში იმ ვაჟბატონს, ვისაც განსვენებული ვალერია ნოვოდვორსკაია თმებით ჰყავდა ნათრევი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ნოვოდვორსკაია მხარს უჭერდა უკვე დამხობილ ზვიად გამსახურდიას?
რატომ ჩათვალა ეს ხალხი, ვინც მაშინ სამშობლოს უღალატა და რუსულ სცენარში ითამაშა მთელი გზნებით და ექსტაზით, რომ ახლა დიდი პატრიოტი გახდებოდა, იგივეს არ გაიმეორებდა და არ უღალატებდა თუნდაც პირადად მას _ მიხეილ სააკაშვილს?
მართლა საინტერესოა, რა ეგონა, რომ ზვიადს უღალატეს და მას არ უღალატებდნენ? ვერ გაუბედავდნენ? ვერ შეჰკადრებდნენ თუ ვერ გამოაპარებდნენ? გაუბედეს კიდეც, შეჰკადრეს კიდეც და გამოაპარეს კიდეც. ბევრ მათგანს ახლა ეძახიან მოღალატეს.
მე კიდევ მეცინება… მეცინება ყველა X-ზე, ვინც Y მაშინ არ ჩათვალა სამშობლოს მოღალატედ, როცა მან ზვიად გამსახურდიას დამხობაში _ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ოპერაციაში _ მიიღო მონაწილეობა და ეს Y მერე ჩათვალა ერის მოღალატედ, როცა ამ Y-მა ძ-ს პარტია გაუყო და მჭადი მოუტეხა.
მკითხველს, ვგონებ, არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, ვინ X-ია, ვინ Y და ვინ, კიდევ, _ ძ…
საერთოდ, გონიერი ადამიანი თვითონ ღალატების დიფერენცირებასაც ახდენს და ყველა ღალატს ერთ ქვაბში არ ხრაკავს. ასე სახელი ერთი აქვთ ღალატი, ერთგულება, მაგრამ ცოლის ღალატი სხვა რამეა და სამშობლოს ღალატი _ სხვა; კიდევ სხვაა პარტიის ღალატი და არც პარტიის ღალატია სამშობლოს ღალატი აუცილებლად. პირიქით, შეიძლება სწორედ პარტიისა და ლიდერის ღალატმა გიხსნას კიდეც სამშობლოს ღალატისგან.
მე, მაგალითად, ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერიამაც, უგულავამაც, ბაქრაძემაც უღალატეს მიხეილ სააკაშვილსაც და პარტიასაც… მაგრამ მე არ ვიცი, უღალატეს თუ არა მათ სამშობლოს.
აი, ვინც 1992 წლის სისხლიან გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა, ზუსტად ვიცი _ დრომ აჩვენა და დაამტკიცა, რომ მათ სამშობლო თხასავით გაჰყიდეს!
და როდესაც ვსაუბრობთ ლუსტრაციაზე, მის აუცილებლობაზე და იმაზე რატომ ვერ მოხერხდა, რომ მონაცემები გატანილი იყო და ა. შ. ვიცი ერთი რამ: აგერ გვქონდა საჯარო ლუსტრაცია _ ჩვენ თვალწინ მოხდა ყველაფერი! არქივებში ქექვა და დენიკინამდე და ნადეჟდა კრუპსკაიას ბიკინამდე ჩასვლა არავის არაფერში სჭირდებოდა, ამომწურავად უნდა შეფასებულიყო 1992 წლის სისხლიანი პუტჩი, დარქმეოდა ყველაფერს თავისი სახელი და იმ პირებს, რომელთაც ან იარაღით ხელში მიიღეს მონაწილეობა იმ გადატრიალებაში, ან თავისი ბოდვებით ნიადაგი შეუმზადეს იმ სისხლისღვრას, სამუდამოდ უნდა აკრძალვოდათ პოლიტიკური საქმიანობაც, საჯარო სამსახურში მუშაობაც. აი, ეგ იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური და საღი ლუსტრაციაც და ფილტრაციაც, თორემ სუკ-ის არქივებში ქექვა და იქიდან ბებიაჩემის კლასელებზე და პარალელურ კლასელებზე ცნობების ამოყრა ვის რა ზებრად და პინგვინად უნდოდა?
ახლა, ამ გადმოსახედიდან მაინც წარმოიდგინეთ, ეს რომ სააკაშვილს გაეკეთებინა, რა უცებ გასუფთავდებოდა პოლიტიკური ასპარეზი? არ ქნა და ვინ წააგო?
რეზო შატაკიშვილი