კახეთში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ქშუტაშვილების საცხოვრებელ სახლში, წინასწარი ინფორმაციით, გაზმა გაჟონა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია. დაზიანებულია და ჩამონგრეულია ორსართულიანი სახლის ნაწილი.

„ისეთი საშინელი ხმა იყო, ახლოს მისვლაც კი შეუძლებელი გახდა. გაზი დაგროვდა. როგორც ჩანს, გაზის ონკანი ღია დარჩა“, – აცხადებს ქშუტაშვილების მეზობელი.

აფეთქებისას დაშავდა ოჯახის წევრი ქალბატონი, რომელიც ჯერ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ქალს სხეულის 45% აქვს დამწვარი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

„პაციენტს მთელ სხეულზე აღენიშნება დამწვრობა, სავარაუდოდ, 45%. იყო I,II,III ხარისხის დამწვრობაც კი, ამიტომ საჭიროდ ჩაითვალა პაციენტის გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა, ზოგადად, მძიმეა, თუმცა უიმედო არ არის“, განაცხადეს წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში.

სოფელ ბოდბისხევში მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მაკა მოსიაშვილი