კახა გოგოლაშვილი: „ამომრჩეველი თუ ტყუილს ირჩევს, მაშინ ვეღარავინ დაეხმარება“

ირინა მაკარიძე

რამდენიმე დღის წინათ ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკომისიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებისკენ, წევრ სახელმწიფოებს კი ბიძინა ივანიშვილის დაუყოვნებლივი სანქცირებისკენ მოუწოდებს. დაახლოებით ანალოგიური შინაარსის რეზოლუცია რამდენიმე დღეში მიიღო გერმანიის ბუნდესტაგმაც.

დასავლეთის სანქციებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და საქართველოში შექმნილ ვითარებაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი:

_ ევროკავშირში უკვე დიდი ხანია არსებობდა შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო. არ არის ისე, რომ თითქოს ახლა, ამ არჩევნების წინ გააქტიურდნენ, თუმცა არჩევნები იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ მათ აშფოთებთ არჩევნები არ გაყალბდეს, არ იყოს ძალადობა, ადამიანების ნებაზე ზემოქმედება ისე, რომ ამით საქართველო კიდევ უფრო დაბლა ჩაეშვას დემოკრატიული მაჩვენებლის ნიშნულით.

_ მათ მოითხოვეს ბიძინა  ივანიშვილის სანქცირებაც, ამაზე რას იტყვით?

_ ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში უკვე ილუზიები აღარ აქვთ. ხედავენ, რომ შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არაფორმალური მმართველის არსებობის პირობებში. ყველას კარგად ესმის უკვე დასავლეთში, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის მითითებითა და მისი ხელმძღვანელობით ხდება ეს ანტიდემოკრატიული ქმედებები. სწორედ ამის გამო საქართველოს შეუჩერდა კანდიდატის სტატუსი, შეუჩერდა დახმარებები, შეიძლება შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ ისინი ხედავენ, ერთი მხრივ, დემოკრატიულ უკუსვლას, მეორე მხრივ, დასავლეთის დადანაშაულებას აბსურდულ ბრალდებებში, თითქოს „გლობალური ომის პარტია“ მართავს მთელ დასავლეთს. ასევე უკრაინაში რუსეთის ომთან მიმართებით შეიქმნა ისეთი ვითარება, რაც პრაქტიკულად რუსეთისადმი მხარდაჭერას ნიშნავს. მთავარი მოქმედი პირი კი ამ ყველაფერში არის ბიძინა ივანიშვილი.  ის უკვეთავს ამ პოლიტიკას, ამიტომ აფრთხილებენ და სთხოვენ ევროპარლამენტარები ევროკავშირის სტრუქტურებს, დაუწესონ მას სანქციები. ეს გაფრთხილებაც არის არჩევნების წინ ივანიშვილისთვის, რომ თუ არ უნდა სანქციები დაუწესდეს, ჯერ ერთი, არჩევნები ჩაატაროს ღიად და გამჭვირვალედ, მეორე _ თუ არჩევნებს წააგებს, არ გაართულოს მდგომარეობა  ისე, რომ ამას არ მოჰყვეს არასტაბილურობა საქართველოში.

_ რატომ იყო აუცილებელი ამ გაფრთხილების გაკეთება?

_ ეს გაფრთხილება რომ არ გაეკეთებინათ, შეიძლებოდა ეფიქრათ „ქართულ ოცნებაში“, რომ მათი ქმედებებით კმაყოფილები არიან და შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს პოლიტიკაო. ევროპელებმა კი დაანახეს, უკმაყოფილოები არიან და მკაცრ ზომებს მიიღებენ ამის გამო.

_ რას იტყვით ბუნდესტაგის რეზოლუციაზე?

_ გერმანია ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყანაა. თითქმის ანალოგიური რეზოლუცია მიიღო გერმანიის ბუნდესტაგმა, რაც დამატებითი წნეხია „ქართულ ოცნებაზე“, რომ მათ ეს არჩევნები არ გააყალბონ.

_ გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ელჩები სრულიად არადიპლომატიურ და ღია განცხადებებზე გადავიდნენ. რას იტყვით თუნდაც ევროკავშირის ელჩის განცხადებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან მკაფიო გახდა?

_ ბოლო დრომდევხედავდით, რომ ევროკავშირის ელჩი იყო ძალიან ფრთხილი და არასდროს საუბრობდა ასე პირდაპირი ტექსტებით ხელისუფლების შესახებ. როგორც ჩანს, ისინი დადგნენ ამ აუცილებლობის წინაშე, რომ საჭიროა ძალიან  მკაფიოდ დაანახონ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს მათი პოზიცია და უკმაყოფილება. ასევე ის, რომ არანაირი ილუზია აღარ გვქონდეს მომავალში, თუ ვთქვათ და „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ევროკავშირი გააგრძელებს ქვეყანასთან ჩვეულებრივ ურთიერთობას. ეს ურთიერთობები აუცილებლად გადაიხედება.

_ ეს რეალობა რა მოცემულობას ქმნის საქართველოსთვის არსებულ ვითარებაში?  

_ თუ კი დარჩება ეს ხელისუფლება, მაშინ გასაგებია, რომ ქვეყანას ელოდება ევროკავშირიდან მაქსიმალური იზოლაცია, ისევე როგორც შეერთებული შტატების მხრიდან, არანაირი დახმარება და ხელშეწყობა, გაუქმდება ყველა სახის შეღავათი. ვშიშობ, შეიძლება  თავისუფალი სავაჭრო რეჟიმიც გაუქმდეს, თუმცა ჯერ ამაზე ღიად არ უთქვამთ. შედეგად, ქვეყანას 30 წლის განმავლობაში რაც უკეთებია, ყველაფერი ძალას დაკარგავს. ახლა, როდესაც ქვეყანა ასე ახლოს არის ევროკავშირის წევრობასთან, ეს ყველაფერი დაიკარგება. ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას ამის შანსი არ ექნება.

_ ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ თავის წინასაარჩევნო გზავნილებში აცხადებს, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს, ეს წერია ყველა მის წინასაარჩევნო ბანერზე. რას იტყვით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაზე, მის გზავნილებზე და რამდენად შესაბამისობაშია ის ამ რეალობასთან?

_ ეს პირდაპირ მოტყუებაა ამომრჩევლის, რაც დამახასიათებელია არადემოკრატიული ქვეყნებისთვის. ასე იქცევიან ავტორიტარულ ქვეყნებში, ყველაფერს დაჰპირდებიან, ოღონდ ძალაუფლება მიიღონ, მაგრამ მერე აღარ შეასრულებენ და მორჩა. ახლა  მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს  მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მმართველ ძალას უჭერს მხარს, ეს გააცნობიეროს, რომ მათ ელემენტარულად ატყუებენ. ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენ უკვე გავაჩერეთ თქვენი ინტეგრაციის პროცესი და არავითარი წინსვლის შანსი აღარ გაქვთო და „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ კი, ჩვენ შევალთ, თანაც თავაწეულები და „ღირსებით“ და ა. შ. ეს არის აბსოლუტური ბლეფი. ამიტომ იქ, სადაც მომრჩეველს ატყუებენ, თავად ამომრჩეველია პასუხისმგებელი, მოტყუვდეს თუ არ მოტყუვდეს. თუ ტყუილს ირჩევს, მაშინ ვეღარავინ დაეხმარება.

_ გარდა ამისა, ხელისუფლების გზავნილები მიმართულია ადამიანის პირველყოფილ შიშებზე, რაც არის სიკვდილის, ომის შიში, ასევე იმაზე, რომ „ევროპა ტრადიციებს გვართმევს“, ამაზე რას იტყვით?

_ ჩვენ თუ ცივილიზებული ადამიანები ვართ, მაშინ პირველყოფილი შიშების მიხედვით გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, მაგრამ თუ მაინც მივიღეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის მზად არც ევროკავშირის წევრობისთვის და არც რაღაც უკეთესისთვის. დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი ცხოვრობს ავტორიტარული მმართველობის ქვეშ, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არაფრის შანსი არ აქვს, მოსახლეობის მცირე ნაწილი კი არის უსაშველოდ მდიდარი და უსაზღვროდ დიდ ძალაუფლებას ფლობს. ეს არის მოდელი, რომელსაც ჩვენ უნდა გავექცეთ ევროკავშირში შესვლით და კეთილდღეობის ის მოდელი მივიღოთ, რაც გათვლილია მოსახლეობაზე მთლიანად. თუ პირველყოფილ მდგომარეობაში ვართ ჩვენი ინდივიდების უმეტესობა და ადვილია მათით მანიპულირება, ესე იგი, ჩვენ, როგორც საზოგადოება არ ვართ მზად დემოკრატიული მმართველობისთვის და მოგვიწევს, ალბათ, კიდევ ასეთ ყოფაში დარჩენა, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობა, სადაც სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს, თავისუფალი მედია არ არსებობს, რომელიც გამოააშკარავებს დარღვევებს, დისკრიმინაციას, ექსპლუატაციას და ა. შ. აქ საუბარია იმაზე, როგორ საზოგადოებას ვქმნით. ამით ჩანს, არის თუ არა საზოგადოება მომწიფებული. მეორე საკითხია, არჩევნები ჩატარდება თუ არა სამართლიანად და იქნება თუ არა მანიპულირება, გაყალბება, ამომრჩევლის ნების შეზღუდვა. გარკვეული დარღვევები უკვე ხდება, ვხედავთ, რომ უცხოეთში არ გახსნეს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნები იმის შიშით, რომ ემიგრანტები ოპოზიციას მისცემდნენ ხმას. მანიპულირებას უკვე აქვს ადგილი, მაგრამ შეიძლება ჯერ ისეთი მასშტაბური არ არის, რაც არჩევნების დღეს იქნება. აქ უკვე დგას საზოგადოების მზაობის საკითხი, რამდენად შეძლებს იგი ამომრჩევლის არჩევანის დაცვას და გაყალბების აღკვეთას. როგორც ვხედავ, უკვე ძალიან აქტიურად აპირებს მოქალაქეებისა და მათ შორის ახალგაზრდების დიდი ნაწილი, დააკვირდეს არჩევნებს. იმედია, შეძლებენ, არ დაუშვან გაყალბება.   

_ გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას. ამ კონტექსტში გკითხავთ პრეზიდენტის როლსა და „ქართულ ქარტიაზეც“. როგორ აფასებთ ამ პროცესს? 

_ ნამდვილად დადებითად ვაფასებ ამ პროცესს. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს არჩევნებში, მათ აქვთ მზაობა, გაატარონ ის რეფორმები, რასაც ითხოვს ევროკავშირი, ყოველგვარი დემაგოგიის გარეშე, რაც „ქართული ოცნებისგან“ გვესმის, რომ თითქოს ჩვენს სუვერენიტეტში ერევიან და მსგავსი განცხადებები. ახლა აღმოაჩინეს, თურმე, რომ ევროპის ინტეგრაციის მეთოდიკა, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე მრავალი ათეული წელია, თურმე სუვერენიტეტში ჩარევას გულისხმობს და თურმე ეს უნდა შეაცვლევინონ და რაღაც სხვანაირად უნდა შევიდნენ ევროკავშირში. არა იმ გზით, რომლითაც შევიდა 28 სახელმწიფო ევროკავშირში, ჩვენ თურმე სხვანაირად უნდა შევიდეთ. ეს არის დემაგოგია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ოპოზიციას, მგონი, ამ საკითხში ძალიან ადეკვატურია. ამიტომ მგონია, რომ არანაირი პრობლემები არ უნდა იყოს მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება იმ რეფორმების გატარებას, რომელიც არ გაატარა წინა მთავრობამ, დავაგვიანეთ, რა თქმა უნდა, ჩამოვრჩით უკრაინას, მოლდოვას, მაგრამ შეგვიძლია უფრო ინტენსიურად ვიმუშაოთ ამის მერე და დავეწიოთ.

_ რაც შეეხება დისკუსიას, ახლა დაასახელონ თუ არა მომავალი კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი, თუ შემდეგ, ამის შესახებ რას იტყვით?

_ ეს საკითხი პოლიტიკურმა პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ. ვფიქრობ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, დაასახელებენ თუ არა ახლა პრემიერობის კანდიდატს. თუმცა დროის მოგების მიზნით სჯობს, თავად შეთანხმდნენ და მერე დრო აღარ დაკარგონ ამ მოლაპარაკებებზე. მაგრამ აუცილებელი არ არის ახლა ამის საჯაროდ გაცხადება, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორ მიიღებს ამას მოსახლეობა. დრო არის დარჩენილი ძალიან ცოტა და რომ არ მოეწონოს ამომრჩეველს დასახელებული გუნდი და ამის გამო არ მივიდეს არჩევნებზე? ეს რომ ყოფილიყო, ვთქვათ, ერთი თვით ადრე, გამოეკითხათ ხალხი და ასე აერჩიათ დროებითი მთავრობა ისე, რომ ხალხს მოსწონდეს, მაშინ სხვა საკითხია, მაგრამ ახლა, ერთი კვირით ადრე, ამის დასახელებამ შეიძლება ზიანი მოუტანოს პროცესს. 

_ გაჟღერდა მოსაზრება, რომ თვითონ სალომე ზურაბიშვილი იყოს პრემიერობის კანდიდატი…

_ სალომე პრეზიდენტია და მაშინ პრეზიდენტის პოსტიდან უნდა გადადგეს. არ ვიცით, ეს რამდენად კარგი იქნება, რადგან სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, მაინც დასჭირდება ქვეყანას არჩევნების შემდეგ. ამიტომ ესეც სარისკო გადაწყვეტილება იქნება.

_ როგორია თქვენი წინაასარჩევნო პროგნოზი?

_ გამოკითხვების მიხედვით, წესით, უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, მაგრამ არჩევნები ისეთი რამეა, ვერასდროს წინასწარ ვერ იტყვი დაზუსტებით, რა მოხდება. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს, რაც ახლა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველო არ ჩამორჩეს ევროპულ ინტეგრაციას და ევროპული ვექტორი არ დაკარგოს.