ირაკლი ღლონტი: „სააკაშვილის აქტიურობა რუსეთსა და მასთან მავნებლურ კოლაბორაციაში მყოფ პოლიტიკოსებს აშინებთ“
„მუშტი და იდაყვი უკვე დააკავეთ და თქვენ რომელი ორგანოთი უნდა წამოგწიონ წინ?! ღიმილიანი ვუყურებ ივანიშვილისა და სააკაშვილის ერთ პოლიტიკურ სიბრტყეში თანაბარმნიშვნელოვან ფიგურებად წარმოჩენის მორიგ მავნებლურ მცდელობას. ელემენტარულად არ ესმით, რომ ოლიგარქი არ უდრის რეფორმატორს და _ პირიქით.
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი სააკაშვილზე ავტორიტეტულ ლიდერებს ოპოზიციაში, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ჰყავს უანგარო და გულწრფელი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი.
ნუ დამიწყებთ ახლა გარჩევებს, ცოტ-ცოტა მხარდამჭერი ყველას გვყავს, მეც და თქვენცო, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების ჯამი სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობის, ალბათ, 1/30-ია.
გთხოვთ, ვკონცენტრირდეთ რუსეთის დამარცხებაზე. პრემიერი გახდება ის, ვისაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ამ ეტაპზე ეს მიხეილ სააკაშვილია! მომავალში შევეცადოთ, ვაჯობოთ მას, დავიმსახუროთ მაღალი ნდობა. ახლა შეეშვით კეკლუცს“, _ ეს განცხადება სოციალურ ქსელში ირაკლი ღლონტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გიგი უგულავამ საზოგადოებას მოუწოდა, _ მუშტი _ ბიძინას და იდაყვი _ მიშასო.
საერთოდ, „ევროსაქებისა“ და „ნაციონალების“ ბრძოლა ახლა არ დაწყებულა და, შესაბამისად, ამ თემაზე მსჯელობით ირაკლი ღლონტთან საუბრისას დრო არ დამიკარგავს. რესპონდენტთან იმის გარკვევას შევეცადე, სად არის და რას საქმიანობს იგი მას შემდეგ, რაც პარტია „კანონი და სამართალი“ დატოვა?
მოკლედ, გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი ღლონტთან:
_ ირაკლი, როგორ ხარ? ვიცი, რომ „ძალა ერთობაშიას“ გურიის მაჟორიტარობის შტაბში იმყოფები, მაგრამ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას რატომ ჩამოშორდი?
_ მოგესალმებით, ბოლო 8 წელია, აქტიური პოლიტიკური ცხოვრების მიღმა არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის იქ ვიყავი და ვარ, სადაც ჩემი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები გადის! შესაბამისად, არ მგონია, რომ კითხვა სწორადაა ფორმულირებული.
_ ნება მომეცი, კითხვა ისე დავსვა, როგორც მინდა…
_ აქტიური პოლიტიკის მიღმა არ ვარ, უბრალოდ, ამ დროისთვის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ გახლავართ, თუმცა საქართველოს აქტიური მოქალაქე და ოპოზიციონერი ვარ, რომელმაც, რიგი მიზეზების გამო, პარტიულ თანამდებობაზე, ასევე წევრობაზე უარი თქვა და ქვეყნის სამსახურში ამ სტატუსების გარეშე ისე ვდგავარ, როგორც შემიძლია!
საერთოდ, 2012 წლიდან, ანუ იმ დღიდან, როცა „ოცნება“ მოვიდა და მრავალს ეძინა, ეშინოდა ან ვაჭრობდა, ოპოზიციაში ვარ… დავაფუძნე პოლიტიკური პარტია, ვარ მრავალი პოლიტიკური აქციის ავტორი ან თანაავტორი, ბევრი მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პოლიტიკური ფორმატის მონაწილე, თითქმის ყველა საპროტესტო აქციის სპიკერი და ა. შ., თუმცა საკუთარ სამშობლოში მეტი ამბიცია მაქვს, ვიდრე თანამდებობაა.
ახლა მშობლიურ გურიაში ვარ, ჩემი ძმის, ჩემპიონის, მანუჩარ კვირკველიას გვერდით და მოვიგებთ არჩევნებს რუსეთის წინააღმდეგ, მოვიგებთ გურიისთვის, საქართველოსთვის!
დიახ, გურიაში, ჩემს ხალხთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვუჭერ მხარს და იმ კაცის გვერდით ვდგავარ, ვისაც გულწრფელად ვენდობი და მეიმედება. ეს ადამიანი ჩემი მეგობარი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველიაა.
მიმაჩნია, რომ მანუჩარი ყველაზე სასურველი და საიმედო კანდიდატია, ვიდრე გურიას ოდესმე ჰყოლია!
სხვათა შორის, ის მთელი გურიის კანდიდატია და არა _ მხოლოდ „ძალა ერთობაშიას“ ბლოკის. ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები, რაც ჩვენს ხალხთან მასთან ერთად დავდივარ და მანუჩარისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას ვხედავ.
გურიაში, რომელიც ერთ დროს ნამდვილად სიცოცხლის სამოსახლო იყო, ახლა სიდუხჭირემ, სიღარიბემ, დაუცველობამ და უსამართლობამ ფესვები გაიდგა და ამის აღკვეთა ისეთ კაცს შეუძლია, ვინც ბრძოლის, შრომისა და გამარჯვების ფასი იცის.
_ ისე, როგორც გარედან მაყურებელი, როგორ ფიქრობ, ხალხი ხელისუფლების შესაცვლელად, უფრო სწორად, იმისთვის მზადაა, რომ ხელისუფლებაში ახალი ან, თუნდაც, ყოფილი მმართველი პარტია დააბრუნოს?
_ ამ კითხვაზე შემიძლია, დამაჯერებლად გიპასუხოთ: დიახ, ჩვენს ხალხს ცვლილება საფუძვლიანად სურს და სწორ არჩევანს აკეთებს!
აქ საუბარი ერთი რომელიმე პარტიისადმი ერთპიროვნულ ნდობაზე არაა, ხალხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტთა ერთიანობა სწორად მიიღო და სწორად დაინახა, რომ ქვეყანაში კოალიციური მართვის დამკვიდრება უალტერნატივოა. ეს მეტი დემოკრატიაა და ცხადია, ამის ალტერნატივას ვერ ვხედავ!
ეს ქვეყანა ერთ ოლიგარქს ან რომელიმე ერთ პარტიას არ ეკუთვნის! ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა როგორც პრობლემების დაძლევაში, ისე ქვეყნის აღმშენებლობაში.
8-წლიანი მართვის პირობებში, თუკი ამას შეიძლება მართვა ვუწოდოთ, ხალხმა სახელმწიფო ინსტიტუციების მიზანმიმართული განადგურება და ჩამოშლა ნახა, ამასთან, ოკუპანტი ქვეყნისადმი საკუთარი ხელისუფლების უსუსურობა და „დაწოლის“ პოლიტიკა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და იმასაც ყოველდღიურად ვხედავდით, როგორ ძლიერდებოდა კრიმინალური სამყაროს გავლენები, კორუფცია და ნეპოტიზმი.
სამწუხაროდ, „ჩადებებიც“ გრძელდებოდა, პოლიტიკური წნეხიც და ზეწოლაც, რომელსაც ჩემი მეგობრის, ბაჩანა შენგელიას დედის, ღირსეული პედაგოგისა და ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ თვალწინვე მოგვიკლეს გიგა ოთხოზორია, მოგვტაცეს და მერე, ჩვენი ძმის _ არჩილ ტატუნაშვილის დასახიჩრებული გვამის დაბრუნება გვახვეწნინეს.
მოკლედ, ხალხი ბრმა არ არის! ხალხმა ნახა, რომ ოლიგარქია საშიშია და ქვეყნის მომავალს სპობს!
ისე, 2012 წელს ცვლილებები აშკარა იყო, თუმცა ვაი, რომ ამით რუსულმა ძალამ ისარგებლა და ე. წ. ქართულმა ოცნებამ ჩემს ხალხს პატრიოტულ ძალად შეასაღა თავი.
საერთოდ, ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა მაინც ვიტყვი, ზემოთქმულის გარდა, „ოცნების“ მიმართ კიდევ რა პრეტენზია მაქვს: ესაა ინსტიტუციების მიზანმიმართული ნგრევა, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, მოსახლეობის დაუცველობა, ზეწოლა თავისუფალ, განსაკუთრებით კი საკუთარი აზრის მქონე საჯარო მოსამსახურეებზე, ისედაც კრიზისში მყოფი სასამართლოს სრული განადგურება, ზეწოლა და ტერორი თავისუფალ სიტყვასა და მედიაზე, შანტაჟი პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე და რაც მთავარია, ქვეყნისა და ჩემი ხალხის ისტორიული საგარეო არჩვანის იგნორირება და ბნელი, რუსული სივრცისკენ სწრაფვა!
არ შემიძლია ე. წ. ხელისუფლებას ვაპატიო, რომ მის უგუნურებას, უსუსურობასა და მავნებლობას ჩემი ბევრი თანამოქალაქე, იგივე ოთხოზორია, ტატუნაშვილი, მაჩალიკაშვილი, შეეწირა!
მე არ ვაპირებ, შევეგუო ხელისუფლების უპასუხისმგებლობას 1 700 000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტის მიმართ! ასევე არ ვპატიობ ივანიშვილის რეჟიმს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესა და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მიზანმიმართულად გაუარესებულ კავშირს. „ოცნებას“ ამის უფლება არ ჰქონდა, თუმცა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ზუსტი განწყობა მაიმედებს _ მათ იციან, რომ კავშირების ნგრევის მხარეს ხელისუფლება დგას და არა _ ჩვენი ხალხი.
ბევრჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ერთადერთი ტერიტორია, რომელიც დაცული და უზრუნველყოფილია, ეს ოლიგარქის პირადი სივრცე, მისი ფლორა და ფაუნაა! დანარჩენი საქართველო კი მზრუნველობის მიღმაა დარჩენილი და ჩემი ხალხი ტოტალურ უმუშევრობას, სოციალურ უსამართლობასა და კრიზისს განიცდის!
_ სხვათა შორის, შენზე სულ დადიოდა ხმა, რომ ფარული „ნაცი“ იყავი. მას შემდეგ, რაც „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის გვერდით გამოჩნდი, ეს ხმა უფრო გამყარდა. ირაკლი, მართლა, „ფარული ნაცი“ ხარ?
_ თქვენგან ამ შეკითხვას არ ველოდი!
_ რატომ?
_ პატივისცემით გიპასუხებთ, რომ ჩემი ხედვები, დამოკიდებულებები და აზრები არასოდეს დამიმალავს!
მე თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი შვილი ვარ და საერთოდ გაუგებარია, „ფარული ნაცი“ რას ნიშნავს? დამალული და დაფარული არაფერი მაქვს, მათ შორის, არც ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ვუყურებ, როგორც პარტნიორს რუსეთთან ბრძოლაში და თუ ახლა გურიაში ჩემი მეგობრის, მანუჩარ კვირკველიას გვერდით ვარ, ეს ამ პარტიასთან ჩემს მეტ კავშირს არ ნიშნავს!
სხვათა შორის, მანუჩარი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არაა, ანუ ის „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, გაერთიანებული ოპოზიციის _ „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატია და ამ ბლოკში დამოუკიდებელ პარტია „პროგრესი და თავისუფლებით“ არის გაერთიანებული.
ისე, თუ საკუთარ თავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დავინახავ, მერწმუნეთ, დასამალი არაფერი მექნება, ამაზე განცხადებას საჯაროდ გავაკეთებ. მანამდე კი ყველას მოვუწოდებ, უსაფუძვლო ეჭვები და ჭორები შეწყვიტონ! მე იქ ვარ, სადაც ვარ, ვარ თამამად, ღიად და დაუფარავად.
_ კეთილი, მაგრამ პრემიერობის კანდიდატობაზე პრეტენზია მართლა გქონდა? ანუ ფიქრობ, რომ ამ ქვეყნის მართვა რეალურად შეგიძლია?
_ მიმაჩნია, რომ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა და ჩემი აგურის დადება აქტიურად შემიძლია, მაგრამ პრემირ-მინისტრობაზე ამბიცია არსად გამიცხადებია. ასე რომ, ესეც ჭორია და გავაქარწყლოთ: თუ ამისთვის მზად ვიქნები, ამაზეც განცხადებას საჯაროდ გავაკეთებ.
პრემიერი ის ლიდერი უნდა იყოს, რომელსაც ყველაზე მეტი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს. სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ ამაზე ფიქრი ნაადრევია. ახლა მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებები და ამ პოლიტიკურ პროცესში აქტიური მონაწილეობაა.
აი, პრემიერ-მინისტრისა და სხვა თანამდებობებსაც ქართველი ხალხი განკარგავს, როგორც კი უზურპირებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს!
_ „ნაციონალების“ დროს არაერთი ცუდი მოხდა. ქონებების ჩამორთმევასა და ადამიანის სხვა უფლებების დარღვევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აგერ, ახლა გახდა ცნობილი, რომ, თურმე, დავითგარეჯის მიწები გაიყიდა. ირაკლი, შენ, როგორც იურისტს, ამაზე რა აზრი გაქვს?
_ კარგი და ცუდი ყველა ხელისუფლების დროს იყო და, ცხადია, გამონაკლისი არც „ნაციონალური მოძრაობაა“. უბრალოდ, ამ ძალის მმართველობის დროს ქართულმა სახელმწიფომ ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო და ამის არაღიარება უმადურობა იქნება.
ისე, ადამიანისა და საკუთრების უფლებების ხელყოფაზე უარი არც მოქმედ ხელისუფლებას უთქვამს.
_ რას გულისხმობ?
_ ამის შესახებ იცით და მეტს აღარ განვავრცობ…
რაც შეეხება დავითგარეჯის მიწებს, ამ საკითხს განსხვავებულად ვხედავ, ვიდრე ოპოზიციიდან ან ხელისუფლებიდან ჩემი კოლეგები ხედავენ.
_ მაინც, როგორ ხედავ?
_ ვიდრე დავითგარეჯაში შექმნილ უკიდურეს მძიმე სიტუაცაზე ვისაუბრებთ, მინიშნებას მოგცემთ.
_ რაზე?
_ ყველაფრის მიზეზი „ქართული ოცნების“, რუსეთისა და ირანის ხელისუფლებების ნახევრად ფარულ კავშირებში უნდა ვეძებოთ.
_ ანუ?
_ მეზობელი აზერბაიჯანი თავს ვერასოდეს გაიმართლებს, მაგრამ ახლა ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს ქვეყანა კედელთან მიაყენეს და 31 ოქტომბრიდან აღნიშნული მწვავე საკითხი სამუდამოდ დაიხურება.
დავითგარეჯა ჩვენი საგანძურია და ეს თითოეულმა აზერბაიჯანელმა იცის… მოკლედ, „ქართული ოცნების“ დამარცხებას დაველოდოთ და ეს პრობლემაც, გარწმუნებთ, რამდენიმე თვეში ამოიწურება.
_ ისე, უნდა გაუქმებულიყო თუ არა სამშობლოს ღალატის მუხლი?
_ იმაზე მძიმე და საშიში, ვიდრე საკუთარი ქვეყნისა და ერის ღალატია, რა უნდა იყოს?!
სამშობლოს ღალატი საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია! ისე, ხშირად ხატავენ, რომ საქართველოში კანონმდებლობაში პრობლემებია, რაც ზუსტი არაა, ანუ კანონის აღსრულების მექანიზმებში პრობლემებია და უმჯობესია, ყველა ამის წინააღმდეგ ვკონცენტრირდეთ.
_ ირაკლი, ვთქვათ, ისე მოხდა, რომ „ოცნებამ“ დემოკრატიის ყველა პრინციპი დაარღვია და ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩა, ასეთ შემთხვევაში რას პროგნოზირებ?
_ საქართველოში ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ წასვლა ბევრმა სცადა, მაგრამ ვერავინ შეძლო და ცხადია, ვერც „ქართული ოცნება“ შეძლებს.
ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა ისედაც კოჭლადმყოფი დემოკრატია, მაგრამ დამაჯერებლად მსურს გითხრათ, რომ 31 ოქტომბრიდან ეს დასრულდება და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობა და განმტკიცება დაიწყება.
ზედმეტი ფილოსოფია საჭირო არაა, მე ვიცი, რა სურს ჩემს ხალხს _ ეს „ქართულ ოცნებასთან“ განშორებაა და ამის წინააღმდეგ, მერწმუნეთ, ვერავითარი ძალა ვერ წავა!
_ საერთოდ, იზიარებ თუ არა მოსაზრებას, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო არჩევნები უნდა გადაიდოს?
_ ჩემი მიზანი და ინტერესი ჩემი ხალხის უსაფრთხოებაა, თუმცა უკვე გვიანია ამაზე საუბარი.
_ რატომ?
_ 2 კვირაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ისე, ვწუხვარ, რომ ამ სენით გვეთამაშებიან და ცდილობენ, პანდემია საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ.
_ ასეთი ეჭვი ბევრს აქვს, ანუ ირაკლი, შენც გეჩვენება, რომ პანდემიას ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს?
_ კი არ მეჩვენება, დარწმუნებული ვარ!
სხვათა შორის, ამ სიტუაციას ხალხი უკვე ღიმილით უყურებს.
ცოტა ხნის წინ სამმა მოქალაქემ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას ტესტირების ჩატარების მიზნით მიმართა, გაიარეს რეგისტრაცია, თუმცა დიდი რიგი იყო და ტესტირებას ვერ დაელოდნენ. საღამოს ერთ-ერთ მოქალაქეს კლინიკიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ კოვიდ-19-ის მატარებელია.
ახლა დასკვნები თავად გამოიტანეთ, _ კაცმა, რომელმაც შეავსო საბუთები და არ ჩაუტარებია ტესტირება, შეტყობინება მიიღო, რომ ინფექციის მატარებელია.
მოკლედ, ვერც პანდემიის გამოყენება და ვერც სხვა რესურსი ვერ გადაწონის ქართველი ხალხის პროტესტს ამ ხელისუფლების მიმართ. ამიტომ ოლიგარქს ვურჩევ, ხალხს დანებდეს და ის დააბრუნოს, რაც ხალხის საკუთრებაა.
_ გასაგებია, რომ „ოცნება“ ცუდია, მაგრამ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის მუხტი აქვს?
_ ოპოზიცია და ხალხი ახლა ერთ მხარეს დგას, ცალკე აღებული ოპოზიცია არ არის ხელისუფლების ცვლილების მხარეს, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ჩვენი მიზანი ხალხის დაკვეთის აღსრულებაა!
ოპოზიცია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქათველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ძალაუფლება დაიბრუნოს და გარწმუნებთ, ამის მუხტიც გვაქვს, ძალაც და საკმარისი რესურსიც.
_ შენი აზრით, ამ არჩევნებზე არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა გადამწყვეტი?
_ მიხეილ სააკაშვილი, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სტატუსს ატარებს ყველაზე დიდი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის წამყვანი ლიდერია, ცხადია, მის მონაწილეობას მნიშვნელოვანი როლი აქვს.
მეტიც, ამ ადამიანს პერსონალურად ენდობა და მხარს უჭერს ასობით ათასი მოქალაქე და არ მეგულება საქართველოში პოლიტიკოსი, ვისაც ამ გულმხურვალე მომხრეების მეათედი რაოდენობის ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს.
ერთადერთი, ვისაც სააკაშვილის აქტიურობა აშინებს, ეს რუსეთი და რუსეთთან მავნებლურ კოლაბორაციაში მყოფი პოლიტიკოსები არიან! სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მათ ოპოზიციაში აქა-იქ გავლენა აქვთ, მაგრამ ესეც გადაივლის.
_ ისე, ივანიშვილთან სათქმელი რა გაქვს?
_ ნახვამდის!
_ წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: უახლოეს მომავალში რომელიმე ახალ პარტიაში ხომ არ გიხილავთ?
_ ახლა ამაზე არ ვფიქრობ… ისე, შემოთავაზება ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიიდან, მათ შორის, პროპორციულ სიაში ადგილზეც მქონდა, მაგრამ, გარკვეული გადაწყვეტილებების გამო, თავშეკავება ვარჩიე.
მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩემთვის მთავარი მიზანი ქვეყნის განთავისუფლება და უზურპირებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნებაა.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ პარტია და პარტიული თანამდებობა აუცილებელი არაა საიმისოდ, რომ ხალხისა და ქვეყნის სამსახურში იყო!
მოკლედ, 31 ოქტომბერს, ჩვენ მხოლოდ არჩევნები კი არა, ბევრად შინაარსიანი და ეროვნული ღონისძიება უნდა ჩავატაროთ!
დიახ, ყველანი ერთად, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმს ჩავატარებთ, სადაც საბოლოოდ დავადგენთ, რა სურს საქართველოს ნამდვილ მეპატრონეს, ქართველ ხალხს _ ნგრევა თუ შენება!
31 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, საკადრისი პასუხი გავცეთ გადამგდებ დაჯგუფებას და მთელ მსოფლიოს დავანახვოთ, რომ საქართველოში მშვიდობისა და კეთილდღეობის დაუძინებელი მტერი _ ოკუპანტი და მისდამი მორჩილებაში მყოფი კოლაბორაციული წარმონაქმნები ფეხს ვერასდროს მოიკიდებენ!
31 ოქტომბერს შედგება ღირსების მორიგი საყოველთაო აქტი!
წინ დიდი გამარჯვება გველის, წინ მომავალი და იმედია!
გიორგი აბაშიძე